ერთი შეხედვითაც მიხვდებით მის დიდებულებას, როდესაც მასთან სასაუბროდ ჯდები, რომ ის ალექსანდრე და გარსევან ჭავჭავაძეების პირდაპირი შთამომავალია. ამ დამოკიდებულებით და განწყობით გააგრძელა მან საზოგადოებაშიც და შემოქმედებაშიც ცხოვრება. ქართველი რეჟისორის, 60-იანი წლების კინოს ერთ-ერთი ლიდერისა და ეროვნული კინოკლა­სიკის შედევრად აღიარებული ფილმის "დიდი მწვანე ველის" ავტორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. "კვირის პალიტრა" უერთდება მილოცვებს და ჯანმრთელობას, მხნეობასა­ და სიკეთეს უსურვებს. როცა ვკითხეთ, ამ გადმოსახედიდან როგორ გამოიყურება თქვენი ასაკი-მეთქი, გაეცინა და მიპასუხა: - რა გითხრათ, აბა? ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ფიზიკურად ისე ვერ ვარ, როგორც ვიყავი ახალგაზრდობაში, თორემ დანარჩენი თითქმის არაფერი იცვლება, ყველაფერი ისევე მინდა, როგორც ადრე მინდოდა. ყოველთვის, რასაც განიცდი ამ ცხოვრებაში, ცდილობ ის განახორციელო ეკრანზე. შესაძლებელია ეს განცდა იყოს წარმოსახვა,­ ფიქრი, სიზმარი, რაც გინდა ყველაფერი.­ ვფიქრობ, ადამიანი დაბრკოლებისა და წინაღობის გარეშე, ვერ მიაღწევს ვერაფერს. ეს დაბრკოლება უნდა გადალახო. ასე იყო არა მარტო "დიდ მწვანე ველზე", ასე იყო "მიხაზეც",„"არდადეგებზეც", "ცხელი ზაფხულის სამ დღეზეც", აბსოლუტურად ყველა ფილმზე. ახლაც იგივე განმეორდა­. ერთი წელიწადი გაჩერებული ვიყავი და როგორც იქნა, ძლივს დავასრულე ახალი ფილმი„"ტერცო მონდო". ყველა ფილმი,­ რომელზეც მუშაობ, ძვირფასია. რა გამოდის­, სხვა ამბავია... ზოგჯერ აღწევ რაღაცას, ზოგჯერ ვერა, მაგრამ ყველაფრის მთქმელია დრო - თუ დროს უძლებს ფილმი, ე.ი. საჭირო ყოფილა შენი შრომა. ქართველებს შეგვიძლია ჩვენ თვითონ­ ვიყოთ ამ ქვეყნის პატრონები. ამის ნაცვლად, ბრძოლაში ვერევით და ლამის ნადირებად ვიქცეთ. ყველაფერ ამას კი შემდეგ დიდი სინანული მოჰყვება. თუ ადამიანი ხარ, თუ კულტურა გაქვს, ეროვნული თვითშეგნება, არ შეიძლება სინანულმა­ არ შეგიპყროს. აი ამაზეა ჩემი ახალი ფილმიც - სიხარულზე, ნიჭიერებაზე, მხეცობაზე, ნადირივით ქცევაზე, უკულტურობასა და სინანულზე. - მრავალი ათეული წელია, რაც ჩვენთან ქაოსია... ასეთ დროს როგორ ახერხებთ იყოთ გაწონასწორებული? - ნებისმიერი ცოცხალი არსება საკუთარი ინტერესების ხორცშესხმას ესწრაფვის. სწორედ ამაშია წარმატების მარტივი ფილოსოფია: როდესაც პიროვნებას საზოგადოებასთან აქვს კულტურაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ეს საფუძველია იმისა, რომ ურთიერთობა იყოს ჰარმონიული.¬თუ საზოგადოებასთან ურთიერთობისას პიროვნება მხოლოდ საკუთარი სურვილების ახდენას შეეცდება, მას ჰარმონიული ცხოვრება არ უწერია. იგივეა ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთობაშიც. ცივილიზებული­ სახელმწიფო მხოლოდ ისეთ ნიადაგზე ყალიბდება, სადაც ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა. ამ ურთიერთობაში სახელმწიფო ხელმძღვანელობს იმ საუკუნეობრივი კულტურით, რომელიც ამავე სახელმწიფოს მიწაზე შეიქმნა. შესაბამისად, უცხო კულტურებიც საზოგადოებაში მხოლოდ საკუთარი კულტურის გათვალისწინებით ვრცელდება. ისევე, როგორც განათლებული კაცი გრძნობს, როდის უფრო სწორია მისი მოქმედება, განათლებული პოლიტიკოსებიც ასევე შეიგრძნობენ კულტურაზე დაფუძნებული ურთიერთობების აუცილებლობას. მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობას განათლების არა გაეგება, რაც საზოგადოებასთან ჰარმონიულ ურთიერთობაში უშლის ხელს. საქართველომ, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, 1918-1921 წლებში სწორი ნაბიჯი გადადგა. ეს იყო პირველი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ. ჩვენ უაღრესად ინდივიდუალისტი ერი ვართ და ხშირად უპასუხისმგებლოც. თითქმის უკანასკნელი 200 წელი სხვისი კანონით ვცხოვრობდით. დღემდე ვერ გამოვედით იქიდან, რაც იყო წინა 200 წელიწადში. ახალი კანონი რომ შეიქმნეს, გვყავს სანდო ადამიანები? ჯერჯერობით ჩვენ ერში, იმ განათლებით, რომელიც იყო და ჯერ ვერ გარდაიქმნა მაღალი კლასის განათლებად­, ვერ შექმნა ასეთი ადამიანი. აქედან გამომდინარე უწყვეტად ვკამათობთ და ეს უპასუხისმგებლობა იმ ბრძოლაში გადადის, რასაც საბოლოოდ კულტურის ნაკლებობამდე მივყავართ. ის, რაც დღეს ხდება, შეიძლება დიდ კრიზისში გადაიზარდოს. ოპოზიციას გამოჰყავს რამდენიმე ათასი კაცი და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, რომელიც სხვა პრინციპებს უჭერს მხარს, რომ გამოვიდეს და მათ დაუპირისპირდეს,­ ეს რას მოიტანს?! ეს ხომ რევოლუცი­ის საფუძველია? მაშინვე შემოვლენ ძლიერი ქვეყნები და ისევე დავკარგავთ ტერიტორიებს, როგორც დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. პოლიტიკური მონობა განათლების უქონლობის შედეგია. შენ უნდა იყო ჭეშმარიტების მაძიებელი და არა ვიღაცის იდეის გამტარებელი. დაპირისპირებამ, რომელიც ახლა საქართველოშია, შეიძლება უაღრესად მძიმე სიტუაცია შექმნას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედება უნდა იყოს ფიქრზე დაფუძნებული და არა მხოლოდ და მხოლოდ ძალაზე და არამოაზროვნე ადამიანების გადაწყვეტილებაზე. ორივე მხარე ამბობს, მე მინდა ევროპისკენო! და ამ დროს ებრძვიან ერთმანეთს. ამან შეიძლება უმძიმესი მდგომარეობა მოიტანოს, თუკი ჩვენ ოდესმე გვიჭირდა, ყოველთვის ასე ხდებოდა - შიდა დაპირისპირებას მოჰყვებოდა ხოლმე ძლიერი ძალის გარედან გააქტიურება. ეს უნდა გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკაში უნდა ყოფნა. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც პოლიტიკაში ვყოფილვარ ოდესმე, უბრალოდ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მჯერა, რომ გამოსავალი მოლაპარაკებაშია. ადამიანური კულტურა, რომელიც ყოველთვის დამყარებული იყო ზნეობაზე, განათლებაზე, ქრისტიანულ ურთიერთობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და ა.შ. დღეს ისეთი დარტყმის ქვეშ არის, როგორ უნდა გაუძლოს ამას ადამიანმა, არ ვიცი... მე მინდა გუშინდელი თბილისი ვნახო, რომ ჩემი თბილისი ისევ "სიხარულის სახლად" იქცეს, რომ თბილისელი იყოს ის, ვისაც სიხარულის მოტანა შეუძლია სხვისთვის. მე მინდა განათლება, სიკეთე, კულტურა, მიმტევებლობა, ყველაფერი ეს იყოს ის საფუძველი, რითაც დღეს თბილისი და საერთოდ, საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩემი აზრით, განათლების დაბალმა დონემ გამოიწვია ის, რომ პოლიტიკაში ბევრი უცოდინარი ადამიანი მოვიდა, რომელთაც მხოლოდ ქვეყნის მართვა სურთ, მაგრამ როგორ მართონ, არ იციან. ვფიქრობ, პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არც ქვეყნის მართვა იციან და არც საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩვენთან კი ლამის ბავშვები­ იწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას ისე, რომ ამ საქმისა არაფერი გაეგებათ. როცა არ იცი, როგორ უნდა აშენო, ღირებულს ვერაფერს ააშენებ. - ალბათ როგორც ყველა ადამიანს, თქვენც გაქვთ ნატვრა? - არავინ იცის, ის, რასაც აკეთებ, გარკვეული დროის შემდეგ საზოგადოე­ბის­თვის დასამახსოვრებელი იქნება თუ არა. ბედნიერი ვიქნები თუ არ დაივიწყებენ ჩემს ფილმებს. და კიდევ ვინატრებდი: ქართველებმა აღარ ვიჩხუბოთ, ერთმანეთის დარდი გავიზიაროთ და სიხარულით გავიხაროთ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენვე უნდა დავალაგოთ. რუსუდან შაიშმელაშვილი