"სტალინი ლოჟიდან გადიოდა, ნატო გაჰყოლია და ჩურჩულით უთხოვია, ჩემი და დამნაშავე არ არის და დაგვეხმარეთო" - კირა ანდრონიკაშვილი მამიდებზე და კარიერაზე
ქართველი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი აღიარებულია ქართული კინოს მშვენებად, რომელიც მაყურებელს მისი შესრულებული როლების გარდა, არისტოკრატული სილამაზითაც ახსოვს. "მტრედები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "მოლანდება", "სინემა", "თამუნია", "ჩვენი ჯერია, ბიჭებო!" იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც მსახიობი მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა. კირა ანდრონიკაშვილის მოგონებები ქართული კინოლეგენდის ნატო ვაჩნაძის შესახებ არაერთ სატელევიზიო გადაცემასა თუ ბეჭდურ მედიაში ყოფილა, თუმცა მისი ნაამბობი მამიდების შესახებ კვლავ საზოგადოებისთვის აღფრთოვანების საგანია. ამჯერად კირა ანდრონიკაშვილი "კვირის პალიტრას" მამიდებისა და ბავშვობის წლების შესახებ უამბობს.
მოულოდნელი საჩუქარი პატარა ბიჭს
- მახარაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, სოლოლაკში, პატარა აივანი ჰქონდა ჩვენს სახლს, რომელიც ქუჩაზე გადიოდა. სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ნათლიამ პიანინოს საყიდელი ფული მაჩუქა, პატარა ლამაზ ჩანთაში ვინახავდი. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამი-ოთხი წელია გასული და ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა. გაგებული მქონდა, რომ ბავშვები მოწყალებას ითხოვდნენ. სახლის აივანზე ხშირად გავდიოდი, ერთხელაც ვხედავ პატარა ბიჭს, დგას და მღერის. უცებ ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც პიანინოს ფულს ვინახავდი, კიბე ჩავირბინე და გავუწოდე. მახსოვს იმ ბიჭის ბედნიერი სახე, ჩაიკრა გულში ჩანთა და წავიდა. ეს ამბავი დედაჩემისთვის არ მითქვამს, მაგრამ როცა გაიგო, არ გამიბრაზდა, შენ ძალიან დიდსულოვანი საქციელი ჩაიდინე და არ გვინდა პიანინოო.
ჩემი ბავშვობის მოგონებებში ძალიან დიდი ადგილი უკავიათ მამიდებს - კირა ანდრონიკაშვილს (მის პატივსაცემად დამარქვეს კირა) და ნატო ვაჩნაძეს. კირა ანდრონიკაშვილი მსახიობი იყო, მისი პირველი და უმნიშვნელოვანესი როლია ფილმში "ელისო". მეუღლე ზუსტად "ელისოს" გადაღებებზე გაიცნო. სამწუხაროდ, კირას სევდიანი ისტორია აქვს - ის გადაასახლეს და სამშობლოს მოღალატეების ცოლებთან ერთად მოათავსეს. მიზეზი მისი ქმარი იყო, რუსი მწერალი ბორის პილნიაკი. მან სტალინს მისწერა წერილი პოეტ და მწერალ ბორის პასტერნაკის შესახებ. ამიტომაც დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო კირა გადაასახლეს. როდესაც კირაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი მეორე მამიდა - ქართული კინოს ვარსკვლავი, სილამაზით სახელგანთქმული ნატო ვაჩნაძე. ნატოს სამი ბიჭი ჰყავდა და მე მისთვის ქალიშვილივით ვიყავი, მეოთხე შვილივით. კირა რომ გადაასახლეს, მას შემდეგ მოსკოვში საქართველოს დღეები ჩატარდა. 1937 წელია, რეპრესიების პერიოდი. ნატო ვალდებული იყო ჩასულიყო. არისტოკრატული წარმომავლობის ქართველი მსახიობები ნატო ვაჩნაძე, თამარ ჭავჭავაძე და თამარ ციციშვილი ერთ ლოჟაში ბრძანდებოდნენ, როდესაც სტალინი შესულა მათ სანახავად და უთქვამს, ამდენი თავადის ქალიო... როდესაც სტალინი გადიოდა ლოჟიდან, ნატო გაჰყოლია და ჩურჩულით უთხოვია, ჩემი და დამნაშავე არ არის და დაგვეხმარეთო. მისი თხოვნის შემდეგ კირა მალევე გამოუშვეს.
ბოლო შეხვედრა ნატო ვაჩნაძესთან
- ნატო ვაჩნაძის დაღუპვის ამბავი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი შოკი იყო. ის 1953 წლის 14 ივნისს მოსკოვიდან მოფრინავდა, თავის დაბადების დღეზე თბილისში ჩამოსვლა რომ მოესწრო. ჭექა-ქუხილის გამო თვითმფრინავი თბილისმა არ მიიღო, ამიტომ სოხუმისკენ გაფრინდა. იქაც ცუდი ამინდი დახვდათ და პილოტმა გეზი სამეგრელოსკენ აიღო, სადაც უკვე საწვავი აღარ ეყო და ცაში აფეთქდა. მაშინ ბევრი ადამიანი დაიღუპა. როდესაც ფილმ "სინემას" გადაღებაზე ვიყავი სამეგრელოში, იქაურმა მოხუცებმა დაგვპატიჟეს და უცებ ერთი მათგანი ამბობს, აქ დაიღუპა ნატო ვაჩნაძე, გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდაო. უხმოდ გავყევი მოხუცს. ჩაის პლანტაციებში მიმიყვანა და მიამბო, როგორ ჩამოვარდა მის თვალწინ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი.
ნატოს გარდაცვალებამდე ჩემს მეხსიერებას ასეთი რამ შემორჩა: მოსკოვში გამგზავრებამდე ჩვენთან მოვიდა ხელში იასამნებით. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ. შემდეგ თქვა, დაღლილი ვარ და ცოტა ხანს დავისვენებო. დედამ დამიძახა, შეხედე შენს ლამაზ მამიდას და დაიმახსოვრეო. მართლაც, არისტოკრატული სილამაზე ჰქონდა ნატოს, შევიხედე ოთახში, ნათურის მბჟუტავ განათებაში ულამაზესი იყო, განაბული ვუცქერდი. ეს მახსოვს როგორც მისტიკური დღე - კოპლებიანი კაბა ეცვა, რომელიც ძალიან მიყვარდა, და სულ იმ კაბაში მახსენდება. თურმე ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. სახლიდან გასვლისას დაგვემშვიდობა და თქვა, ჩემს დაბადების დღეზე, 14-ში თქვენთან ვარ, თბილისშიო. ეკრანმა სათანადოდ ვერ აღბეჭდა ნატოს სილამაზე, მისი მოიისფრო თვალები, რომელიც საოცრად ანათებდა.
ფილმი "მთვარის მოტაცება"
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძაბულის პერსონაჟი, ფილმიდან "მთვარის მოტაცება". რეჟისორი თამაზ მელიავა იყო და ქართული კინოს კორიფეებთან ერთად მომიწია გადასაღებ მოედანზე ყოფნამ - ეროსი მანჯგალაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურა ქაფიანიძე. მაშინ 27 წლის ვიყავი. მთებში, აფხაზეთში მიმდინარეობდა გადაღება. ანაკლიაში ვცხოვრობდით. დიდი სცენების გადაღების დროს, როგორიც იყო მარულა, გადასაღებ მოედანზე როგორც კი გამოვჩნდებოდი, ზურა ქაფიანიძე დამინახავდა და იწყებდა შეძახილს, კირილე მოვიდა, კირილე მოვიდა, მივესალმოთო და 300 კაცი მე მიყურებდა. ხუმრობდა ხოლმე ასე, მაგრამ მე ვბრაზდებოდი. ერთხელ ძალიან სერიოზულად დაველაპარაკე, უცხო ხალხში ნუ მეძახი კირილეს-მეთქი, ბოლოს გავებუტე. ერთ დღესაც, როდესაც გადაღებიდან თბილისში დაბრუნებამ მოგვიწია, "იაკ 40"-ში ჩავსხედით და მოვფრინავთ სოხუმიდან თბილისისკენ. ნატო რომ ცაში დაიღუპა, მთელი ცხოვრება ეს მახსოვდა. მოვფრინავთ და უცებ პილოტმა გამოაცხადა, დაზიანდა თვითმფრინავი და მაგრად ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთსო. შიშმა იმდენად ამიტანა, სულ დამავიწყდა, ზურა ქაფიანიძეზე გაბრაზებული რომ ვიყავი, და ვეუბნები, კირილე დამიძახე და რაც გინდა, ოღონდ ხელი მაგრად ჩამჭიდე-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით ფოთში თბილისის ნაცვლად. ზურა საოცრად განათლებული იყო, ძალიან რომანტიკული და ლირიკული ადამიანი.
ჩემთვის საოცნებო როლი მაინც ქართულ ფილმს უკავშირდება, სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმში "იავნანა" ქეთოს დედის როლს, არ მიწყინოს ნატა მურვანიძემ, რომელიც ძალიან ნიჭიერი მსახიობია და არაჩვეულებრივად ასრულებს ამ როლს, მაგრამ "იავნანაში" დედის პერსონაჟი ჩემი საოცნებო როლია. ისე კი, არაფერს ვნატრობ გარდა ჯანმრთელობისა. ქალისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი დედობაა. ახალგაზრდა გავხდი დედა, 18 წლის ასაკში. მერე, პირველი შვილიშვილი რომ გამიჩნდა, მეგონა, ჩემი შვილი იყო. ახლა უკვე დიდი შვილიშვილები მყავს.