„საკუთარ თავთან დარჩენა ყველაზე დიდი „წამალია“
"ახლა შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიური პერიოდი მაქვს. ყოველთვის ვმუშაობდი, მაგრამ დედის გარდაცვალების გამო რთული სულიერი მდგომარეობა მქონდა...", - ამბობს მომღერალი დავით კენჭიაშვილი და დასძენს, რომ ბედნიერია იმ კონცერტით, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა. ამ დღემ დაარწმუნა, რომ სცენაზე უნდა დაბრუნებულიყო. დარბაზიდან უდიდესი ემოცია, გულწრფელი სიყვარული მიიღო, რაც იმის დასტურია, რომ მსმენელს ძალიან მონატრებია.
- დაბადების თარიღი...
- 1985 წელის 7 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მფრინავი. მამა სამხედრო პირია, 4 ომი აქვს გამოვლილი, მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ვიცოდი, მიდიოდა ომში, ჩამოჰყავდა დაჭრილები, მინდოდა მამას, ჩემს სამშობლოს რაღაცით დავხმარებოდი. ძალიან მიყვარდა სიმაღლეზე ყოფნა. ხეზე ავდიოდი და იქ ვუსმენდი ჰამლეტ გონაშვილის, ლელა თათარაიძის, გოგი ცაბაძის სიმღერებს, იმ ნაძვის ხეზე ჩემი სამყარო მქონდა და ვფიქრობდი, რომ ცაში სიმღერ-სიმღერით უნდა მეფრინა. ფრენის სურვილი დღესაც მაქვს, აქტიურად ვმუშაობ, ფრენის ლიცენზია რომ ავიღო.
- ჩემზე ამბობენ...
- კარგი ადამიანიაო. როგორც ყველას, მეც მაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, მაგრამ გული სინათლით მაქვს სავსე, უბოროტო და ჰუმანური ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- არაფერს შევცვლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო მაშინ, როდესაც ლელა თათარაიძის "შენმა სურვილმა დამლია" შევასრულე, მსმენელმა შემიყვარა. აქედან დაიწყო ჩემი განვითარება. სხვათა შორის, სამწუხარო პრემიერა მქონდა - პაპა მყავდა გარდაცვლილი, პანაშვიდები გვქონდა, მე მანქანაში ვიჯექი და ჩემი სიმღერის პრემიერას ასე მოვუსმინე. მაშინ ჩემში დიდი მწუხარებისა და დიდი სიხარულის ორი ძლიერი ემოცია ერთდროულად მძვინვარებდა, საოცარი, შერეული განცდა იყო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ოჯახს. დედა და მამა ორივე მღეროდა, მათი ხელშეწყობით ვდგავარ დღეს სცენაზე. ჩემი და ყოველთვის იყო ჩემი დიდი გულშემატკივარი, თათია დღესაც უდიდეს მოტივაციას მაძლევს. ასევე, მეგობრების მხარში დგომა, ნდობა სულ მაძლიერებდა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ჩემთვის ძვირფასი ადამიანები კარგად არიან. ხელოვნება ჩემი ნაწილია, რომელიც თავისებურად მაბედნიერებს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ღიმილი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ძაღლების სასტუმრო მქონდეს, ქუჩის ძაღლებს იქ გადავიყვანდი და მათზე ვიზრუნებდი. მყავს გერმანული ნაგაზი ტობი, რომელთან ერთადაც წლებია ვცხოვრობ. ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერზე რეაქცია მაქვს - ხის მოჭრაზე, ჩაგვრაზე, უსამართლობაზე, ცხოველის ცუდად მოპყრობაზე...
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ადამიანების მხარში დგომა შემიძლია. ერთ დროს მეც დამიდგნენ გვერდში და ვიცი, ეს რას ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება. რაც მთავარია, ამის კეთება ძალიან მსიამოვნებს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ბევრი რამ. ხელოვან ადამიანს რაღაც ხან კარგად გამოგდის, ხან - არა, ეს "არ გამოსვლა" გეხმარება შედეგის მიღწევაში. მარცხი თუ არ განიცადე, გამარჯვება მძაფრ სიხარულს ვერ მოგიტანს.
- პატიება...
- მიჭირს. როდესაც ადამიანებთან ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, რთულია, მქონდეს ის განწყობა, რაც მანამდე მქონდა.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ტყუილს. ტყუილი ანგრევს ურთიერთობას, ნდობას აქრობს.
- სიყვარული ეს არის...
- სამყარო. ამ გრძნობის გარეშე არაფერი ხდება, ადამიანებმა რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიონ, რამდენიც არ უნდა იშოვონ, მაინც სიყვარულს დაეძებენ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- 10-12 წლის ვიქნებოდი. დედამ მე და ჩემი და ქობულეთში დასასვენებლად წაგვიყვანა, მაშინ პირველად ვნახე ზღვა და იქ გავიცანი გოგონა, ნატა, რომელიც თავის დედიკოსთან ერთად ისვენებდა. ის გოგო შემიყვარდა, დღეს ამას რომ ვამბობ, მეცინება, მაგრამ ეს იყო ყველაზე სუფთა სიყვარული, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ჩემი გრძნობა იმდენად გულწრფელი იყო, მასთან დაშორების შემდეგ 6 თვე ცუდად ვიყავი, სულ ნატაზე ვფიქრობდი, ეს სიყვარული სულ მემახსოვრება.
- ახლა შეყვარებული....
- არ ვარ.
- ურთიერთობის დაწყების სურვილი რომ გაგიჩნდეთ, როგორი უნდა იყოს ის ადამიანი?
- ისეთი თუ იქნება, რომელსაც მე, როგორც მომღერალი არ ვეცოდინები, ვფიქრობ, ურთიერთობაში მეტი გულწრფელობა იქნება.
- კარგ ხასიათზე შეუძლია დამაყენოს...
- ჩემი დღე მუსიკით იწყება. დილით ბილ ევანსს ვუსმენ, შუადღეს - მაილზ დეივისს, უზომოდ მიყვარს გოგი ცაბაძე.
- მაკვირვებს...
- ბოროტი ადამიანი. ჩვენ არ შეგვიქმნია ერთმანეთი, შეგვქმნა ძალამ, რომელსაც ღმერთს ვეძახით. ხომ შეგვიძლია, ერთმანეთს ბედნიერება მივანიჭოთ?
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ცხოვრებამ ისე გამომწვრთნა, სისუსტეები, რომელიც ერთ დროს მქონდა, წარსულში დარჩა, ეს ჩემდა უნებურად მოხდა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ვცდილობ, ის ადგილი დავტოვო. იმდენად დიდი უხერხულობა მექმნება, აღარ ვიცი, სად დავიმალო. ამავე დროს მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ვუყვარვარ და ცდილობენ, მასიამოვნონ. სადაც ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ, ჩემთვის ის ადგილია ყველაზე მეტად კომფორტული.
- როდესაც ქუჩაში მსმენელი გეუბნებათ, რომ უყვარხართ, ფოტოს გადაღებას გთხოვთ, უხერხულობას გრძნობთ?
- ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ, ეს გულწრფელობაა, რომელიც სტიმულს მაძლევს. "ამდენი ხანი დაკარგული რატომ იყავი?", "ჩვენ გელოდებოდით", - ბევრი ასეთი ფრაზა მოვისმინე, რამაც გამაბედნიერა, ეს პასუხისმგებლობაც არის...
- ბოლოს ვიტირე...
- როდესაც დედა გარდაიცვალა, დაკრძალვამდე, ბოლო საღამოს დედას თეონა ქუმსიაშვილის "იორო" ვუმღერე... ეს სიმღერა ორ ადამიანთან მაკავშირებს, თეოსთან, რომელიც თავის შვილებთან ერთად დაიღუპა და დედასთან, რომელიც ამ სიმღერით გავაცილე. ჩემს კომპოზიციებზე დედა არასდროს მეუბნებოდა კარგია ან ცუდია, "იორო" იყო ერთადერთი, რომელზეც მითხრა, ეს ძალიან კარგია. დაკრძალვის შემდეგ ის საღამო ფრაგმენტებად მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი. გამთენიისას 4 საათზე გამეღვიძა, ხმამაღლა ვყვიროდი: დედა, დედა, დედა!!! მას შემდეგ აღარ მიტირია.
- ბოდიში, ასეთი მძიმე ეპიზოდი რომ გაგახსენებინეთ. რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში, ყველაზე მეტად რა გეხმარებათ?
- განმარტოება მშველის, საკუთარ თავთან დარჩენა ყველაზე დიდი "წამალია".
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- მაგალითად, კაფეში რომ ვიჯდე, სხვა მაგიდასთან მჯდომმა გოგომ სულ რომ ხელი დამიქნიოს, ვერ გადავჯდები (იცინის), არ ვიცი, ურთიერთობა საიდან დავიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელური ვარ, ყველა ქალის მიმართ მოკრძალება მაქვს.
- ვუფრთხილდები...
- მეგობრებს, მათი მხარდაჭერით მოვედი დღემდე და არ შეიძლება, არ დავუფასო. ოჯახის წევრებზე აღარ მაქვს საუბარი, ოჯახი ჩემთვის სიწმინდეა და მათთვის ყოველთვის ამოღებული ხმალი ვიქნები.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- მამამ მითხრა, შენ ჩემი ბიოლოგიური შვილი ხარ, მაგრამ იცოდე, ჩვენს ოჯახს აღარ ეკუთვნი, შენ ეკუთვნი შენს სამშობლოს, შენი ქვეყნის სიკეთისთვის, წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთეო და მეც ვაკეთებ ჩემებურად, როგორც შემიძლია. მამა ამბობდა, ომსაც თავისი კანონები აქვსო. აფხაზეთის ომში რომ იბრძოდა, იქ დაჭრილი და სასიკვდილოდ განწირული მტერიც კი ჰყავს გადარჩენილი. უგონო მდგომარეობაში მყოფი აუყვანია, კარავში დაუწვენია, წყალი საკვები მიუწოდებია. ამ დამოკიდებულებას იმ ადამიანზე უდიდესი გავლენა მოუხდენია. მამას ომში ნათლული მოუკლეს, ძალიან ბევრი სტრესი გამოიარა, იყო დაჭრილი, ერთხელ კონტუზიით ჩამოიყვანეს.
- დაბოლოს გეტყვით...
- ხშირად გამოვხატოთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ამ ინტერვიუს დამწყები ხელოვანები თუ წაიკითხავენ, ვეტყვი, მხოლოდ და მხოლოდ წინ უნდა იაროთ, ბულინგმა არ შეგაშინოთ! ეს არის ძალიან რთული, მძიმე და საპასუხისმგებლო გზა. მადლობა ჩემს მსმენელებს გულწრფელი აღიარებისთვის, სიყვარულისთვის, ეს უდიდესი გამარჯვებაა, მიყვარხართ!
თამუნა კვინიკაძე