ვერონელი „სინათლის მხატვარი“ - კვირის პალიტრა

ვერონელი „სინათლის მხატვარი“

მის შემოქმედებაში ფერთა სიმსუბუქე და უჩვეულო იდუმალება იგრძნობა... სოფია ვარაზი ძალიან საინტერესო მხატვარია, რომელმაც ქალაქის ხმაურს სოფლის სიმყუდროვე არჩია და თბილისიდან კახეთში, სოფელ ვერონაში გადასახლდა. ჩემი ნახატების შთაგონება ზეციდან მოდის, ზეცა კი ყოველთვის ნათელიაო, ამბობს ცნობილი მხატვრის, ავთო ვარაზის მემკვიდრე, რომელსაც მრავალ საჭირბოროტო თემაზე ვესაუბრეთ:

- ბედის მადლობელი ვარ, რომ ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ხელოვნება უყვარდათ და აფასებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ავთო ვარაზის შემოქმედება მიყვარს, ჩვენი ნახატები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: მისი სტიქია პოპარტი, ნატიურმორტი და პორტრეტი იყო, მე კი - გრაფიკოსი ვარ და სულ სხვა სტილში ვმუშაობ.

რამდენიმე წლის წინ თელავისკენ მიმავალ გზაზე უცნაური იტალიური ტოპონიმი წავიკითხე, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტეთ, ამ სოფელში გადაგვეხვია. მალე მივხვდი, რომ ვერონაში ცხოვრება ჩემი ბედისწერა იყო. ეს მშვენიერი სოფელი გახდა ჩემი სახლი. არც ქალაქის ხმაური მაწუხებს, არც გაუთავებელი საცობები და სტრესი. ასეთი გარემო ჩემს შემოქმედებაზეც დადებითად აისახა. ვერონაში ულამაზესი ბუნებაა, რომელიც თავისთავად გიქმნის განწყობას, დახატო, წაიკითხო ან მუსიკას მოუსმინო.

images-1743367185.jpg

- რატომ იცლება სოფლები?..

- კარგად მესმის იმ ხალხისა: სამსახურის შოვნა ადგილზე თითქმის შეუძლებელია. ქალების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. ახალგაზრდობა სოფელში თითქმის აღარ დარჩა, ბავშვი კი თითებზე ჩამოსათვლელია, ზოგჯერ მიკვირს კიდეც, რომ დავინახავ. აქაურობა სახელმწიფოს ძალიან მიტოვებული ჰყავს. მიუხედავად იმისა, ვერონას მთის სოფლის სტატუსი აქვს, ეს ბევრს ვერაფერს ცვლის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თითქოს ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ სოფლისთვის გამოყოფილი თანხა იმდენად მიზერულია, რომ მთავარი პრობლემების მოგვარებასაც ვერ ჰყოფნის. ასეთივე მდგომარეობაა თითქმის ყველა სოფელში. ვერონას გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ თოვლის დროს ან წვიმების სეზონზე აქაურობა გაუვალი ხდება. მეც რამდენჯერმე მომიწია მანქანის დატოვებამ და სახლამდე კილომეტრების გავლა. ჩემი პროფესიის წყალობით ერთადერთი სტრესი, რომელიც ჩემთვის აქ ცხოვრებას ახლავს, უგზოობაა. არ იფიქროთ, რომ ეს ასფალტს მიჩვეული ქალაქელის ჭირვეულობაა. აქაურებიც წვალობენ: მესაქონლეობას ეწევიან, დილიდან დაღამებამდე უწევთ საქონლის მწყემსვა და კოჭებამდე ტალახში სიარული. ცოდვაა ეს ხალხი! ორიოდე წლის წინ დიდთოვლობაზე ჩავიკეტეთ, პროდუქტებისთვისაც ვერ მივდიოდით მეზობელ გომბორში, რადგან ვერონაში მაღაზია არა გვაქვს. ჩემს მეუღლეს თანასოფლელებთან ერთად მოუწია ფეხით წასვლამ და უკან ექვსი საათის შემდეგ დაბ­რუნდა - ლამის ცოცხალ-მკვდარი. მაშინ, როცა გომბორი სულ რაღაც 5 კილომეტრშია და მანქანით იქამდე მისვლას რამდენიმე წუთი ჰყოფნის!

განცხადება განცხადებაზე შეგვაქვს საგარეჯოს მერიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთვის ათწლეულების მერე თუ მოიცლიან! ახალგაზრდა ამ პირობებში როგორ უნდა გაჩერდეს? შედეგიც სახეზეა: სულ 20 კომლამდეა აქ დარჩენილი და ეს ხალხიც ტოვებს სოფელს. აქ მათთვის არაფერია - არც გართობა, არც სამუშაო და არც პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე, საავადმყოფოსა და აფთიაქზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვერონას თავი დავანებოთ, ეს არც გომბორში აქვთ, რომელიც დიდი სოფელია და აქაურ ცენტრად მიიჩნევა. თქვენ წარმოიდგინეთ და, სსრკ-ის დროს გომბორში საბჭოთა ჯარი რომ იდგა, იმ პერიოდს­ შენატრიან! რატომ? - სამუშაოც ჰქონდათ, კინოთაეტრიც, აფთიაქიც, კლინიკაც და სამშობიაროც... რატომ უნდა მისტიროდნენ ადამიანები იმ დროს და რატომ არ შეუძლია ხელისუფლებას ახლაც იგივე გააკეთოს, მით უმეტეს, რომ ვერონა უნიკალური სოფელია ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალით: ამ ადგილებს უძველესი ისტორია აქვს, აქაურები ხშირად პოულობენ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, აქვე, მთაზე მე-5 საუკუნის ციხის ნანგრევებია... მე კი ვცდილობ, სოფელი გამოვაცოცხლო. საოჯახო სასტუმროც გავაკეთე, ადგილობრივ პროდუქტებს უცხოელები სიამოვნებით ყიდულობენ, მაგრამ ისეთი საშინელი გზაა, რომ სულ ბოდიშების მოხდა მიწევს! ელემენტარული პირობების უქონლობა და უმუშევრობა - აი, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სოფლები იცლება! ამის გამო ისედაც გადატვირთული ქალაქები მომავალში უფრო გადაიტვირთება.­ ეს კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს სამშობლოს, რომლის სული და გული სოფელშია.

naxati-3-1743367185.jpg

- რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესიად მხატვრობა აირჩიეს?

- ძალიან რთულია რჩევის მიცემა, რადგან მხატვრობაში წარმატება გამართლებაზეც არის დამოკიდებული. ბევრი მხატვარი ვიცი, რომელთაც ძალიან უჭირდაY, მაგრამ ახლა მათი ნახატები მილიონები ღირს და პირიქით, ბევრია სიცოცხლეში დაფასებული მხატვარი, რომლის ტილოები დღეს ბანალური და უინტერესო ჩანს. გარდა ნიჭისა, ჩვენს საქმეში წარმატების მთავარი პირობა დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმია, მარტო ნიჭი ვერ დაგეხმარება, თუმცა ყველა მხატვარს ინდივიდუალური გზა აქვს - გზა, რომელიც რთულია და საინტერესო!

ხათუნა ჩიგოგიძე

TOP.GE