„მუსლიმანები ქრისტიანულ ძეგლებს მისტიკური მოკრძალებით ეპყრობიან და მფარველად მიაჩნიათ“
ტარგიმი, ტყობა-ერდი, დელიტე, მაღი, თარგემი, ხოზიტა-მარიამი… - ყველა ესენი, კიდევ უამრავი ქართული ტაძარი და ან მათი ნაშთი ჩრდილოეთ კავკასიაშია, რუსეთის საზღვრებში. მათ, ისევე როგორც სხვა მრავალ სიმდიდრეს, მტერი ნელ-ნელა გვაჭრიდა, ჩვენ კი ვერაფერი შევძელით მათ დასაბრუნებლად. ეს მწარე სინამდვილეა, თუმცა არა დაკარგული იმედი: მსოფლიო იცვლება და არავინ იცის, რა მოხდება. უმთავრესი მრავალსაუკუნოვანი ძეგლების სიცოცხლეა და ხალხიც, რომელიც მათ გარშემო ცხოვრობს: უვლიან თუ ანგრევენ მათ? - ეს კითხვაც მტკივნეულია, მაგრამ…ჩრდილოეთი კავკასია მაგიური სამყაროა: იქაური მუსლიმანები ქრისტიანულ ძეგლებს მისტიკური მოკრძალებით ეპყრობიან და მფარველად მიაჩნიათ... არქეოლოგი, პროფესორი გივი ღამბაშიძე მრავალი წელია შეისწავლის ჩრდილოეთ კავკასიაში ქართულ ძეგლებს.
- ჩრდილო კავკასიის ქრისტიანულ ძეგლებზე ბევრი დაწერილა. საბედნიეროდ, ქართველ მეცნიერებს ბოლო წლებშიც მიეცათ ამ არეალში მუშაობის საშუალება. მათ მიმართ ხალხის დღევანდელ დამოკიდებულებაზე და თავად ხალხზეც მინდა გკითხოთ ახლა.
- ჩვენი მრავალი მეცნიერი მუშაობდა და მუშაობს ამ თემაზე, მათ შორის მეც. ეს სწორედ ჩვენი და ჩრდილოკავკასიელების ურთიერთობის შედეგია. არ იქნება და არც არასოდეს ყოფილა მარტივი იმ ერთიანი სივრცის სამუდამოდ გათიშვა, რასაც კავკასია ჰქვია. კავკასიელები როგორ განიყოფებიან ერთმანეთისაგან, როდესაც 5000 წლის წინ ევროპაში გადაადგილებული მტკვარ-არაქსელების კვალი ევროპაში ისევ ჩანს. თუნდაც ბასკების სახით. მათ ხომ უამრავი საერთო აქვთ ჩვენთან, გვარებიც და სიმღერებიც კი. Mმაქვს ურთიერთობა იმ მეცნიერთანაც, რომელმაც ისრაელში მტკვარ-არაქსის კულტურის აბსოლუტურად იდენტური ნაწილი აღმოაჩინა გათხრების დროს, ზუსტად იგივე ნაგებობები და ყოფის ნიშნები, როგორიც ჩვენს ტერიტორიაზეა. ჩრდილოკავკასიელებთან კი ჩვენ ყველაფერი გვაერთიანებს: გეოგრაფია, ისტორია და გენეტიკაც: ყველანი, კავკასიელები ვართ, ბიბლიური ნოეს შთამომავლები თარგამოსის შტოდან. ამას ამტკიცებდა XI საუკუნეში დიდი ჟამთააღმწერელი ლეონტი მროველიც: "ესე იყო მამა არმანთა, გრიზთა, მოვაკანთა, ჰერთა, ლეკთა, კავკაზთაო". მან, რა თქმა უნდა, დნმ-ის არაფერი იცოდა, მაგრამ ბიბლიურ ცოდნასაც ფლობდა, რასაც ახლა გენეტიკური ანალიზები ადასტურებს. როდესაც ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვს შევხვდი, მან გვითხრა, თარგამოსის სახელზე ჩვენს მთებში სოფელი თარგიმი გვაქვსო. მართლაც ასეა, თარგიმის ეკლესიაც იქ არის აშენებული.
ჩრდილოეთ კავკასიას ბევრი ღირსეული ადამიანი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღირსების შელახვას სხვადასხვა ძალა მუდამ ცდილობა და ეცდება კიდეც. იქნება გამონაკლისიც, მაგრამ კავკასიური ერთობა არ დაიკარგება, არც მათი უდიდეს მოკრძალება ქართული ქრისტიანული ძეგლების მიმართ. უმრავლესობამ ამ ტაძრების აშენების ისტორია არ იცის, მაგრამ თითქოს სისხლით გრძნობს, რომ ისინი მისტიკური ერთობის განუყოფელი ნაწილია. ეს ერთობა მათ ტოპონიმიკასა და მეტყველებაშიც აისახება. იქაურ მთებში უამრავ "სენტს" ანუ ქვის ძეგლს ნახავთ, რომელიც იგივე "სვეტია" და "სვეტიცხოვლის" დასახლებას უკავშირდება. იქაურ ასომთავრულ წარწერებში მელქისედეკ კათალიკოსია მოხსენიებული, სწორედ ის კათალიკოსი, რომლის ნებითაც სვეტიცხოველი აშენდა.
ჩემთვის ჩრდილო კავკასიაში ყოფნის წლები და მუშაობა მუდამ დარჩება სიხარულის განცდად, ეს სამშობლოსთვის გაკეთებული ჩემი საქმეა. სხვათა შორის, თავად მთხოვეს მათთან მემუშავა და ქართული ძეგლები აღმომეჩინა. ეს მწერალ რასულ ჰამზათოვის ძმამ, ჰაჯი ჰამზათოვმა მოინდომა. დღეს ის აღარ არის, მაგრამ მის მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს. ჩემი სამშობლოსთვის უკეთესს, ალბათ, ბევრს ვერაფერს შევძლებდი. ვერ წამოიდგენთ, რამხელა ინტერესი იყო და არის აქ ქართული ისტორიის აღმოჩენებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ საერთო წარსულს ხედავენ. Gმინახავს არტეფაქტებიც, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურია ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების. VIII-IX საუკუნეების სამარხში ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვრები აღმოვაჩინეთ, ერთი წვეთი წყალივით ჰგავს თუშეთის სოფელ შენაქოში ნაპოვნ ჯვარს. დაღესტანში, ხუნძეთში, სეფისკვერის სამი საბეჭდავი ვნახეთ. ქრისტიანობის სხვა დასტურიც რომ სხვა არაფერი გვენახა, სამი საბეჭდავიც დაადასტურებდა, რომ იქ დიდი ქრისტიანული კერა იყო, ქრისტიანული კულტურა იქმნებოდა და როგორი კულტურა: არც მეტი, არც ნაკლები, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, დაღესტანში, ქალაქზე წამომდგარ მთაზე XI საუკუნეში აშენებული 12 მოციქულის ტაძარია, რომლის გალავანზე უმშვენიერესი ქართული ასომთავრულით შესრულებული 16 წარწერაა.
- ეს ხომ ალპური ზონის მიღმაა. ამ სიმაღლეზე როგორ აშენებდნენ მსგავს გრანდიოზულ ნაგებობებს.
- საამისო ცოდნა ჰქონდათ და ამიტომაც აშენდა. გამაოცეს დაღესტნელებმა: ჩვენი ტაძრების უმეტესობა დროსა და ჟამისაგან, დანგრეულია. მათ არ იციან და არც არავინ უკრძალავთ ამ ნანგრევების გამოყენებას, ამიტომ ქვები წაუღიათ და სამშენებლოდ გამოუყენებიათ, სახლების ყველაზე გამოსაჩენ ადგილას აქვთ ჩაშენებული. მერე ამ ქვებზე ძველი ქართული წარწერა რომ მკვეთრად ჩანდეს, ეს წითლად შეუღებავთ. მითხრეს, გვინდა ყველამ დაინახოსო.
მძიმე ამბავია ამ ქვების ასე მიმოფანტვა, მაგრამ მათთვის ეს არავის უთქვამს, წარწერებს კი აღმერთებენ. მეორე ამბავსაც გეტყვით - ერთ ოჯახში ჩვენს ექსპედიციას ხბოს ტყავზე დაწერილი X საუკუნის ქართული ფსალმუნის ფურცლები გადმოსცეს. მთლიანი ფსალმუნი ქალაქ ნაზრანში, მაღის-იერდის სამლოცველოში 1903 წელს უპოვია ინგუშ აბდულვაჰაპ ელჯარკიევს. შემდეგ მამამისს ვინმე რუსი ოფიცრისათვის გადაუცია. მაგრამ წიგნიდან ამოვარდნილი ორი ფურცელი თილისმასავით შეუნახავს. შემდეგ ის კაცი სტალინმა სხვა ინგუშებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლა 1944-დან 1951 წლამდე და სახლიდან გამოსახლებისას ფსალმუნის ორივე ფურცელი ჯიბეში ჩაიდო და თილისმად წაიღო გადასახლებაში. იქ 13 წლის განმავლობაში ატარა, მერე უკან წამოიღო და შვილებს დაუბარა, ეს თილისმა ქართველ მეცნიერებს გადაეცითო.
ბატონ არნოლდ ჩიქობავას ჰყავდა დაღესტნელი მოწაფე სულეიმან მიქაილოვი, რომელიც დიდი მეცნიერი იყო ჩრდილო კავკასიაში. მას ორი ვაჟი ჰყავდა, ორივე თბილისში სწავლობდა. ერთი, რომელსაც ყაზბეგი ჰქვია, დიდი მეცნიერია. ერთ დღეს დამირეკა, ჩემს ვაჟსაც თბილისში ვგზავნი სასწავლებლადო. ერთხანს ბიჭი ჩემთან ცხოვრობდა. მერე კი უკან დაბრუნდა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა. ერთ დღესაც დამირეკა, ძია გურამ, საქართველოს წინააღმდეგ მახაჩყალაში ვიღაც არამზადები შეთქმულებას აწყობენ და ეგებ ჩაერიოთო. მოკლედ, რამდენიმე ცნობილ ქართველთან ერთად ჩავედი და რა გავიგეთ: ვიღაცებს ოფისი მოუწყვიათ და საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდნენ. ეს იყო ურთულესი წლები, დაღესტნელების მონაწილეობა ჩვენზე დარტყმაში უფრო დიდ ტრაგედიას გამოიწვევდა. საბედნიეროდ, როცა ჩავედით, დაღესტნის ლიდერებმა ეს საქმე ჩაშალეს. სხვათა შორის, აფხაზეთის ომში არც ერთი ინგუში და არც ერთი დაღესტნელი არ მონაწილეობდა... ამას წინათ ინგუშებმა გამიმხილეს, რომ ტყობა-იერდის ტაძრის რესტავრაციას აპირებენ და აზრი მკითხეს. მათთვის ეს არავის დაუვალებია, წადით და ამ თემაზე ქართველებს ელაპარაკეთო, მაგრამ ჩამოვიდნენ და რადგან ჩვენი აშენებულია, აზრიც ჩვენ გვკითხეს. კავკასიურ ურთიერთობებს ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი ყურადღება სჭირდება. კავკასიას უდიდესი რესურსი აქვს მსოფლიო პოლიტიკაში, აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.