"პაატა ბურჭულაძემ სიმღერა რომ დაიწყო, კვიპაროსის ხიდან ციყვი ჩამოვიდა, თითქოს ხელებაწეული" გაჩერდა და ისე უსმენდა" - ალექსანდრე სურმავას მოგონებები გამოჩენილ ადამიანებზე
შემოდგომაზე 80 წელი შეუსრულდება, სავსეა ენერგიით და რამდენიმე სამეცნიერო თემაშია ჩართული: ერთგან ხელმძღვანელია, მეორეში - კოორდინატორი, მესამეში - კონსულტანტი... ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - ალექსანდრე სურმავა თავისი ცხოვრების განმავლობაში არაერთ საინტერესო და გამოჩენილ პიროვნებას შეხვედრია. ზოგმა მის პროფესიულ არჩევანზე მოახდინა გავლენა, ზოგთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა და ა.შ. როგორც ფიზიკოსებს სჩვევიათ, მის მონაყოლ ამბებს იუმორი არ აკლია.
ამბები მამაზე
- მამა - ალექსანდრე ივანეს ძე სურმავა სამამულო ომის დროს მონაწილეობდა ყირიმის დაცვაში და ქერჩის სრუტე გადაცურა. ის იყო ასეულის ხელმძღვანელი, მისმა პოლიტხელმა, სომეხმა კაცმა ცურვა არ იცოდა და მამაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ ის კაცი მან გადაარჩინა, დასვა მანქანის გაბერილ კამერაზე და თვითონ ცურვით მიჰყვებოდა გვერდით. ნოემბრის თვე იყო, მამა გავიდა ნაპირზე და დაეცა, უკვე გრძნობას კარგავდა, როცა ვიღაცამ წამოაყენა... შეხედა და თავისი ტანკისტი ბიძაშვილი იცნო. 1943 წელს დონბასი გაათავისუფლეს და მამაჩემი, როგორც სამთო მშენებელი-ინჟინერი დონბასში დატოვეს შახტების აღსადგენად. სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ, ტყვარჩელში გადმოიყვანეს ახალი შახტების გასახსნელად. გავიდა რამდენიმე წელი, დაიწყო ე.წ. მეგრელიზაცია და მამა დააპატიმრეს, 10 წელი მიუსაჯეს. მამაჩემთან მუშაობდნენ პატიმრები და გერმანელი ტყვეები. დედას ეცოდებოდა ისინი და დროდადრო ხან კარტოფილს, პურის ნაჭერს, ან სხვა საჭმელს აძლევდა. ერთ ტყვეს მადლიერების ნიშნად, წითელი ხის ნაჭრებისგან (ტყვარჩელში არის წითელი ხეების ტყე) ლამაზი ტაბურეტი დაუმზადებია და დედასთვის უჩუქებია. დაჭერის საბაბად მიზეზი რომ ვერ ნახეს, ბრალდების საქმეში ჩაწერეს, რომ ანტისაბჭოთა ქმედებასთან ერთად, მას სახლში აქვს ხელით გამოთლილი წითელი ხის სკამი-ტაბურეტი.
სხვებისგან გავიგეთ, მოსამართლეს უთქვამს მამაზე: ეს კაცი ყველაფერში მართალია და როგორ გავასამართლოო. ის გააფრთხილეს - იცოდე, ათ წელს ათი დღეც რომ დააკლდეს, იმის ნაცვლად ციხეში შენ წახვალ, ბრძანება უნდა შეასრულოო.
ორი წლის მერე სტალინი გარდაიცვალა და ბერიამ ყველა გაათავისუფლებინა, მათ შორის, მამაჩემიც.
სკოლიდან სკოლაში
- მარტვილის რაიონის სოფელ ბობოთში შევედი დაწყებით სკოლაში, მაგრამ ორი თვის შემდეგ მამაჩემი თბილისში გადმოიყვანეს ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობის დასაწყებად. პირველი კლასი თბილისში დავამთავრე. მერე მამა ტყიბულში გაუშვეს და მეხუთე კლასამდე იქ ვსწავლობდი. შემდეგ გელათში იყო შახტები ასაშენებელი და მამა ქუთაისში გაგზავნეს. მეხუთიდან მეათე კლასის ჩათვლით ვიყავი ქუთაისის 23-ე სკოლის მოსწავლე. ჩემს დროს გაკვეთილებს დაამატეს შრომითი სწავლება და კვირაში ორი დღე ორი წლის განმავლობაში ქუთაისის ავტოქარხანაში ვმუშაობდი. მოსწავლეები მივდიოდით, როგორც ჩვეულებრივი მუშები, გვყავდა ოსტატი, რომელიც გვასწავლიდა საქმეს, მე ზეინკლის მე-5 კატეგორია მომცეს. ვამზადებდი ბრტყელტუჩებს, ქუთაისის ავტოქარხნის „კამაზის“ კარის სახელურებს და სიჩქარის გადასართველ ღერძებს. მახსოვს პირველი ხელფასი - 20 მანეთი მომცეს. ხელფასი ავიღე და შუადღეს წავედი პირველად მუშათა სასადილოში. სხვათა შორის, ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებდნენ და იაფიც იყო. 40 კაპიკად კარგად დანაყრდებოდი. ისე მოვახერხე, რომ ჩემი ოსტატის თანხაც მე გადავიხადე. ჯერ მის უკან ვიდექი, მაგრამ გადახდის დროს უცბად წინ გადავედი. თავი მოიკლა, მაგრამ რაღას იზამდა, მაკოცა და მადლობა გადამიხადა. ოსტატი ძალიან თბილად მექცეოდა, მოვწონდი. დიდი ტანისა არ ვიყავი, სპეციალურად სკამიც კი გამიკეთეს და ჩარხთან დამიდგეს. დღეს თუ რამე შემიძლია სახლში გავაკეთო, იქ რაც ვისწავლე მაშინ, იმის დამსახურებაა. ქუთაისი ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქალაქია. რადგან მამაჩემი ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოიყვანეს, ბოლოს თბილისის 22-ე სკოლა დავამთავრე.

მშობლიური ინსტიტუტი
- თსუ დავამთავრე და იმ წელსვე ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში მიმიყვანა შესანიშნავმა პიროვნებამ შალვა წიწუაშვილმა, ფრიადოსანი სტუდენტი ვიყავი. ბატონი შალვა თავად მოვიდა განაწილების დროს და მოინდომა ჩემი წაყვანა. სიმართლე გითხრათ, თეორეტიკოსი ფიზიკოსი ნაკლებ საინტერესოდ ვთვლიდი მეტეოროლოგიას. თუმცა ინსტიტუტში ისეთი საოცარი სითბო ვიგრძენი, რომ არ დამავიწყდება და ასე გრძელდება დღემდე. ამ ინსტიტუტმა შემაყვარა არამარტო მეცნიერება, თვითონ ხალხი. მაშინ დირექტორი იყო ბრწყინვალე ადამიანი ვასილ პავლეს ძე ლომინაძე, რომელიც ინსტიტუტს ისე უვლიდა, ზოგი კაცი თავის ოჯახს ვერ მოუვლის. მუშაობა დავიწყე და გავიგე, რომ ყველას რბილი ჩუსტებით უნდა გვევლო იმიტომ, რომ ახლად დაგებული პარკეტი არ გაგვეფუჭებინა, რომელიც ლამაზად პრიალებდა, თავად შენობაც გაკრიალებული იყო. ქალებს არ ჰქონდათ უფლება მაღალი და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ეტარებინათ. ეს მოთხოვნა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა.
ერთხელ, საერთო კრებაზე ბატონი ვასო მოყვა ასეთ ამბავს:
ობნინსკში მას დაათვალიერებინეს ლაბორატორიები და აღმოჩნდა, რომ ოთახში შესვლისას დირექტორს ყურადღებას არავინ აქცევს, ყველა თავჩარგული მუშაობს და არც აინტერესებთ, ოთახში ვინ შემოვიდაო. ეს თქვა გახარებულმა. ეტყობოდა, უნდოდა, რომ ჩვენც ამ რეჟიმით გვემუშავა. ერთ დღესაც, შემოვლაზე დადის ლომინაძე, ასე ხშირად იქცეოდა და ამ დროს თანამშრომლები ერთმანეთს შიდა ტელეფონზე ვურეკავდით - ვაგებინებდით. ოთახში გივი რობიტაშვილთან ერთად ვიჯექი. როცა დარეკეს, მოდისო, გივი ოთახში არ იყო. ჩემ მაგიდაზე დავდე გადაშლილი წიგნები, ავიღე კალმისტარი და ვწერ რაღაცას, მეორე ხელი შუბლზე მივიდე. ვიფიქრე, ლომინაძეს გულს გავუხარებ-მეთქი. გავიგე კარის გაღების ხმა, თავი არ ამიწევია. მესმის: ის სად არის? ვითომ ვერ გავიგე, ჩაფლული ვარ კითხვაში... უფრო ხმამაღლა მეკითხება, ისევ არ გავეცი პასუხი. ჩუმად მიიხურა კარი და დერეფანში ეუბნება თანმხლებ პირებს: კაი ბიჭია, ეს მამაძაღლი, ხომ იციო?!
ინსტიტუტში უნდა ვყოფილიყავით 9-ის ნახევარზე და ბატონი ვასო ძალიან განიცდიდა, როცა ვინმე იგვიანებდა. შესასვლელ კართან რიგითობით იდგნენ: პირველი - ბატონი ლომინაძე, შემდეგ - მისი მოადგილე, მერე პარტკომი, პროფკომი და ბოლოს, კომკავშირის მდივანი. ჩავუვლიდით მათ, შევიდოდით ოთახებში და ვიწყებდით მუშაობას. მაგრამ ჩვენ ერთი გზა გამოვძებნეთ. გვერდით შენობას, სადაც დანადგარები იდგა, ინსტიტუტში შემოსასვლელი კარი ჰქონდა. ამ კარის ერთი მხარე გავწიეთ, გავაფართოვეთ და თუ გვაგვიანდებოდა, იქიდან შემოვდიოდით. ეს ნახა ბატონმა ვასომ, ის საერთოდ ყველაფერს აკვირდებოდა და ერთხელაც, ამოქოლილი დაგვხვდა გასასვლელი.
ძალიან მომთხოვნი კაცი იყო, თუმცა გულისხმიერიც. დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა მეცნიერებს.
ციმბირში
- მე და ნოდარ ბეგალიშვილი ლომინაძემ გაგვაგზავნა ციმბირში, ნოვოსიბირსკის აკადემ-ქალაქში, სადაც 8 წელი ვმუშაობდი აკადემიკოს გური მარჩუკის განყოფილებაში (გამოთვლით ცენტრში). ის იყო შესანიშნავი პედაგოგი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის უკანასკნელი პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. მისი კვლევების თემა იყო გამოთვლითი და გამოყენებითი მათემატიკა, ატმოსფეროსა და ოკეანის ფიზიკის პრობლემები და სხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მას შესთავაზეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობა, მაგრამ უარი თქვა. სხვათა შორის, მარჩუკს ქართველები უყვარდა. მე და ნოდარი რომ მივდიოდით, მარჩუკთან წერილი გაგვატანა რეზო ნოზაძემ (ერთად სწავლობდნენ ასპირანტურაში). კონვერტი როცა გადავეცით, წაიკითხა, გაეცინა და გვითხრა - მოგაქცევთ ყურადღებასო და მართლაც, არ მოგვკლებია მისი ყურადღება.
„შვილმა მითხრა: მამიკო, შენ დაბერდიო?“
- სამი შვილი მყავს - ვაჟი და ორი გოგონა. უმცროსი ქალიშვილი - ეკა, ბალერინა გახლავთ. საბალეტო დასში ნინო ანანიაშვილმა მიიღო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრებისთანავე. სკოლაში დადიოდა ქართული ცეკვის წრეზე, მისმა პედაგოგმა გელა წერეთელმა გვირჩია, რომ საბალეტო სასწავლებელში მიგვეყვანა.
ვირსალაძის სახელობის სტუდიაში მაშინვე ჩარიცხეს და ერთი წლით წინ დასვეს. მერე, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიღეს. ნინო ანანიაშვილმა პირველად რომ ნახა, ისე მოეწონა, მივიდა ბავშვთან და თბილი სიტყვები არ დაიშურა. ეკა იმდენად აღელდა, 38 გრადუსი სიცხე მისცა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ეკა ასრულებდა წამყვან პარტიებს. ახლა გერმანიაში ცხოვრობს, დორტმუნდის თეატრის სოლისტია.
ცოლი გვიან შევირთე, 40 წელს ვიყავი გადაცილებული... შემოდგომაზე 80 წლისა გავხდები, ასაკს ვერ ვგრძნობ და არც ენერგიას ვუჩივი. დაახლოებით 20 წლის წინ, მე და ეკა ერთ საღამოს მოვდივართ რეპეტიციიდან.
უცებ მეუბნება: შენ, ცოტა, ხომ არ დაბერდიო? რატომ მამიკო-მეთქი?
ადრე, როცა გვერდით ლამაზი ქალი ჩაგვივლიდა, თვალს გააყოლებდი და ახლა, რატომღაც არავის უყურებო.
„სმენად მხეცნი მოვიდიან...“
- მარტვილში, ჩემს სახლში მეგობრებს და ახლობლებს ხშირად ჩამოჰყავდათ სტუმრები. ერთხელ იყვნენ პაატა ბურჭულაძე, მედეა ამირანაშვილი და სხვები. პაატა ჩემი დეიდაშვილის მეგობარი იყო (სამწუხაროდ, დეიდაშვილი გარდაცვლილია) და სამეგრელოს დასათვალიერებლად ჩამოიყვანა. ჩემს ეზოში, სახლის წინ, კვიპაროსის ორი ხე დგას, მათ უკან კი ლამაზი ყვავილების ხეივანია. სტუმრები სუფრის ერთ მხარეს ისხდნენ, პირდაპირ უყურებდნენ კვიპაროსებს და მდინარე აბაშის ხეობის სილამაზეს. პაატამ დაიწყო სიმღერა... ამ დროს, კვიპაროსის ხიდან ციყვი ჩამოვიდა, დადგა ხეებს შორის, თითქოს „ხელებაწეული“ გაჩერდა და ისე უსმენდა.
ამის დანახვაზე მედეა ამირანაშვილმა თქვა: ახლა კი მჯერა, რუსთაველი რომ ამბობდა - „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, / მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, / ისმენდიან, გაკვირდიან...“.
ჩვენს სუფრას მეზობლებიც შემოემატნენ, ისინი კარგად მღეროდნენ და ასე გაგრძელდა მხიარული სუფრა.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)