"დიდი მსახიობები და პროფესიონალები თავმდაბალი და მეგობრული ხალხია. მათთან ადვილია ურთიერთობა" - რუსუდან ბოლქვაძის საინტერესო მოგონებები თეატრისა და კი - კვირის პალიტრა

"დიდი მსახიობები და პროფესიონალები თავმდაბალი და მეგობრული ხალხია. მათთან ადვილია ურთიერთობა" - რუსუდან ბოლქვაძის საინტერესო მოგონებები თეატრისა და კინოს ლეგენდებზე

თეატრის მოყვარულები რუსუდან ბოლქვაძის როლებს სპექტაკლებში კარგად იცნობენ, მან კინოშიც არაერთი პერსონაჟი განასახიერა. ამბობს, რომ ფილმებში პატარა და ეპიზოდურ როლებს ასრულებს, თუმცა ყველა მათგანი თავისთავად საინტერესოდ მიაჩნია, ისევე, როგორც სხვადასხვა რეჟისორთან თუ პარტნიორებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ მისი პატარა როლებიც კი დასამახსოვრებელია მაყურებლისთვის. ხომ ამბობენ, დიდი და პატარა როლები არ არსებობსო. ამჯერად, სწორედ კინოზე ვისაუბრეთ, ერთ მულტფილმზე და რეზო გაბრიაძეზე, რომლის ცნობილი სპექტაკლების პერსონაჟებსაც ახმოვანებს.

პირველი ფილმი

- პირველი კინოგამოცდილება იყო სტუდენტური პატარა ფილმი „ბანაკი“, ჩვენმა კურსელმა ნიკო წულაძემ გადაიღო (კინო-სარეჟისოროზე სწავლობდა). მოქმედება ხდებოდა ალპინისტურ ბანაკში, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაემგზავრა უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ალპინიადას. მსახიობისთვის იქ სათამაშო არაფერია, მაგრამ ფილმი ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პირველად აღმოვჩნდი ალპინისტურ ბანაკში, ხდეს ხეობაში. მთაში ადრეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ბანაკის ცხოვრების წესისგან და იმ ურთიერთობებისგან ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მივიღე. იქ ისეთი მეგობრები შევიძინე, რომლებიც მთელი ცხოვრება მომყვებიან და დღემდე ერთად ვართ.

pilmi-akedana-da-shenamde-1744482577.jpg
„აქედანა და შენამდე“

პირველი მხატვრული ფილმი იყო ლეილა გორდელაძის „აქედანა და შენამდე“. მიყვარს ეს ფილმი იმიტომ, რომ თვითონ ქალბატონი ლეილა გახლდათ არაჩვეულებრივი, სუფთა სულის ადამიანი, კეთილი და მეგობრული. ჩემი პარტნიორი - ბადრი კაკაბაძე უკვე პოპულარული კინომსახიობი იყო.

taliko-akedana-da-shenamde-1744482666.jpg

ის ასრულებდა მთავარ როლს, მე რამდენიმე ეპიზოდი მქონდა ფილმის დასაწყისში და ერთიც - ბოლოში. თუ შენი პარტნიორი გემეგობრება, მერე ყველაფერი ადვილია. ეს არის მთავარი და ჩვენ ვმეგობრობდით. ფილმს ქუთაისში ვიღებდით და იქ ვცხოვრობდით ერთი თვე. ძალიან მიყვარს ქუთაისი, ჩემთვის ძვირფასი და დედამიწაზე ყველაზე მაგარი ქალაქია.

რეზო გაბრიაძის სამყარო

- განსაკუთრებული დამოკიდებულება რეზო გაბრიაძის მიმართ გამიჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვმუშაობდით პიესაზე „ჩვენი პატარა ქალაქი“. პატარა როლის მიუხედავად, საოცრად გატაცებული ვიყავი სამუშაოთი, სპექტაკლის ფორმით, პიესის ტექსტზე ვიყავი შეყვარებული. ეტყობა, გაბრიაძეს ჩემი პერსონაჟი იანგაროზა მოეწონა და მისმა ასისტენტმა დამირეკა, ბატონ რეზოს უნდა როლი (ბებია დომნა) გაახმოვანოთო. რა თქმა უნდა, სიხარულით მივედი, მერე კიდევ რამაზ ჩხიკვაძის, კახი და იმერი კავსაძეების და სხვა არაჩვეულებრივი მსახიობების გვერდით რომ დგახარ, ეს ცალკე ბედნიერებაა. ბოლო სპექტაკლი დათო დვალიშვილთან ერთად გავახმოვანე რეზოს სიცოცხლეში.

rezo-gabriais-apishastan-1744482545.jpg

რეზო გაბრიაძეს უზარმაზარი ნიჭიერება და უკიდეგანო ტალანტი მისცა ღმერთმა, რომელსაც თავისთვის, მშვიდად დაატარებდა. ისე ჩუმად ლაპარაკობდა, რომ ყურებდაცქვეტილი უნდა ყოფილიყავი. მორიდებული ადამიანი იყო. როცა პირველად შევხვდი და მესაუბრა, ასე მეგონა, რომ ჩემი ძალიან ახლობელია ან ნათესავი, ბავშვობის მეგობარი ან კლასელი, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე. მოუსვენარი შემოქმედი მუდმივად ძიების პროცესში იყო.

gabriazis-tojina-1744482898.jpg

„ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ ორჯერ დადგა, გადააკეთა-გადმოაკეთა, ვერ ისვენებდა. ზოგჯერ დამირეკავდა: მოდი გოგო, გამომიარე, დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. მომიყვებოდა ახალ ჩანაფიქრს, თავის ახალ მოთხრობას წამიკითხავდა ხოლმე, მქონდა ამის ბედნიერება. თეატრის წინ რა საოცარი კოშკი გააკეთა, საკუთარი ხელით მოხატა და გამოწვა კოშკისთვის საჭირო კერამიკული ფილები. მრავალმხრივი ადამიანი იყო, ნამდვილი დემიურგი - თავისი სამყაროს შემქმნელი.

„სიზმარა“ და სხვა ამბები

- მულტფილმში „სიზმარა“ მხოლოდ ერთ ფრაზას ვამბობ, ამაზე სათქმელიც არაფერია. მაგრამ მახსოვს, ისე მოხდა, რომ როცა რამაზ ჩხიკვაძე ახმოვანებდა თავის გმირს, იქ ვიყავი. ეს იყო რაღაც საოცრება. ისეთი ტემპი ჰქონდა აღებული, მეფე საწოლზე დამაგრებული ღილაკებით სხვადასხვა მინისტრს რომ იძახებს, რამაზი ღილაკზე თითის დაჭერასაც კი ახმოვანებდა. ის იყო ჩანჩქერი, ვულკანი - არ ვიცი, რას შევადარო. მის ტალანტს, ნიჭს, გასაოცარ იუმორს საზღვარი არ ჰქონდა. კარლო საკანდელიძის იუმორი განსხვავებული იყო, ჩუმი - ხითხითა. კარლოსთან დაკავშირებით გავიხსენებ, თემურ ბუტიკაშვილის ფილმში „რა გაცინებს?!“ ერთი სცენაა, სადაც კარლოს მივდევ, ის ადის სახანძრო კიბეზე, მე შარვალში უნდა ვწვდე, რომ დავიჭირო და მას ვითომ სძვრება სპორტული შარვალი. ამის გადაღებაზე ძალიან ბევრს ვიცინოდით. ზოგადად, დიდი მსახიობები და საერთოდ, პროფესიონალები თავმდაბალი და მეგობრული ხალხია. მათთან ადვილია ურთიერთობა.

ამ ფილმში გურამ ფირცხალავა თამაშობდა, რომელიც რაინდული თვისებებით აღსავსე კაცი იყო. არ დამავიწყდება, ერთხელ კინოსტუდიიდან გამოვედი, საშინლად მტკიოდა კბილი. იქ იდგა გურამი, ჯგუფის გადაღებაზე გასვლას ელოდა. შემატყო, რომ არა ვარ კარგად. ჩამსვა მანქანაში, იმათ უთხრა - წადით და მეც მოვალო. 1990-იანი წლებია... წამიყვანა თავის ნაცნობ სტომატოლოგთან პოლიკლინიკაში. აღმოჩნდა, რომ კბილი ამოსაღებია. გვერდით მედგა და ჩემი ხელი ეჭირა, როცა კბილს მიღებდნენ. მერე წამომიყვანა სახლში და მარიგებდა, სოდიანი წყალი გამოივლეო. ძალიან მომიარა.

pilmidan-gmerto-risi-gulistvis-1744482807.jpg
„ღმერთო, რისი გულისთვის!“

კინოსტუდიის ეზოში ხშირად ვხვდებოდი თენგიზ არჩვაძეს. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. დიდ პატივს ვცემდი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი შვილები (ნატო და ნათია) ჩემი მეგობრები არიან და მერე, ჯემალ ბაღაშვილთან კონცერტებში ერთად ვმონაწილეობდით, რა დროსაც დავმეგობრდით. ბატონ თენგიზს და მე, ერთი საერთო სათაყვანებელი ადამიანი გვყავდა - ლილი იოსელიანი. ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით და თენგიზს არც ვიცნობდი, როცა ლილი ლექციაზე ძალიან ხშირად ახსენებდა და მაგალითად მოჰყავდა ის, როგორც ღირსეული პიროვნება, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობიაო. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ გიგა ლორთქიფანიძის სატელევიზიო ფილმზე „ღმერთო, რისი გულისთვის!“, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით.

„ვამეხი მოდის“ - ოთარ ლითანიშვილისა და ოთარ შამათავას ფილმი, შეიძლება ითქვას ქართული ვესტერნია. მაშინ სულ პატარა გოგო ვიყავი და ვთამაშობდი პერსონაჟს, რომელსაც სოფელში მამიდას ეძახდნენ. მამიდის გარდა ყველაფერს ვგავდი, განსაკუთრებით სცენაში, სადაც სასიკვდილოდ დაჭრილი ძირს ვეგდე და თანასოფლელი მეკითხებოდა: როგორ ხარ, მამიდაო და მე ვპასუხობდი - ეეჰ, დავბერდი-მეთქი. არადა, ისეთი პუტკუნა წითელი ლოყები მქონდა, გრიმითაც ვერ მიფარავდნენ. ძალიან მიყვარს ფილმი, ის დრო და მისი გადამღები ჯგუფიც.

„რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“

- ნანა ჯორჯაძის „რობინზონიადა“ იყო ჩემი დიდი შთაბეჭდილება, დიდი მეგობრობა და დიდი სიყვარული გადამღებ ჯგუფთან და პარტნიორებთან. იქ იყვნენ ჟანრი ლოლაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გურამ ფირცხალავა... ჩვენთან ერთად იყო ლიკა ქავჟარაძე - კეთილშობილი, არისტოკრატი თავისი ბუნებით, ფიზიკურთან ერთად არანაკლები სულიერი სილამაზით შემკული. „რობინზონიადას“ სცენარი ირაკლი კვირიკაძეს ეკუთვნის, ის სულ ჩვენთან იყო. უცბად, მოუვიდოდა რაღაც იდეა, ღამე დაწერდა ახალ სცენას და დილას ვიღებდით. მსგავსი სიურპრიზი თითქმის ყოველდღე მეორდებოდა. ფილმს ბათუმში ვიღებდით და გადაღებიდან ღამე ვბრუნდებოდით. იმ დროს სურსათს ვერ იყიდდი, სადღეღამისო მარკეტები სად იყო. ერთხელ ისეთი მშივრები ვიყავით, მთელი ბულვარი დავიარეთ, ერთადერთი კაფე იყო ბულვარში და ღამის 12 საათზე იკეტებოდა. ახლა ეს საკითხი მოწესრიგებულია, გადამღებ ჯგუფს საკვები მიაქვს.

kadri-robinzoniada-1744482490.jpg
„რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“

წესრიგზე და ორგანიზებულობაზე მახსენდება საქართველოში გადაღებული ფრანგი რეჟისორის ჟული ბერტუჩელის ფილმი „მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა“. ეს ახალგაზრდა ქალი ოთარ იოსელიანთან მუშაობდა ასისტენტად. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მიიღო მასთან ურთიერთობით, რომ როცა დამოუკიდებელი ფილმი გადაიღო, მის სახელს გვერდი ვერ აუარა. თუმცა, ოთარი ფილმში არ ჩანს. მოქმედება ხდება საქართველოში 1990-იან წლებში - ვინ რა გზას პოულობდა თავის გადასარჩენად, ამაზეა. მაშინ თვალნათლივ დავინახეთ, რას ნიშნავს გადაღების ევროპული წესრიგი, ეს არის: დროზე მოსვლა-გასვლა, შესვენებები... მახსოვს, გახარებული ვიყავი და სულ ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც ასეთი ორგანიზებული ყოფილიყო პროცესი. ახლა, ნელ-ნელა ვისწავლეთ და კარგია.

ეპიზოდები რეჟისორებზე

- რამაზ გიორგობიანი იყო კეთილშობილი, წესიერი, ნიჭიერი, თავმდაბალი, ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. მის ფილმებს ყოველთვის ჰქონდა პიროვნული სათქმელი და პოზიცია, რითაც უნდა გამოირჩეოდეს ხელოვანი. მასთან ვიმუშავე ფილმზე „მოდი, ვილაპარაკოთ“, მოსამსახურეს ვთამაშობ. თავიდან, ეს როლი სხვანაირად ჩაიფიქრა, გმირს ჰყავდა პროტოტიპი - ანია, რომელსაც მეც ვიცნობდი. რამაზს უნდოდა ის ქალი მეთამაშა. მერე მივხვდით, რომ ასე არ გამოვიდოდა. პერსონაჟი ცოტა გადავაკეთეთ და სახელიც შევუცვალეთ. ძალიან მიყვარს ის სასაცილო და გულუბრყვილო გოგო.

დათო ნაცვლიშვილმა გადაიღო ძალიან საინტერესო ფილმი „ლეონარდო“, მოქმედება 1990-იან წლებში ხდებოდა. მთავარი როლი ბრწყინვალედ ითამაშა რეზო ესაძემ, მოგეხსენებათ როგორი მსახიობი იყო, რეჟისორობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ფილმი არ გახმაურდა ისე, როგორც ეკუთვნოდა. ჩემი გმირი რეზო ესაძის პერსონაჟის მეზობელია. დიდი სიამოვნება მივიღე იმ როლით და გადაღებებით. საბოლოოდ, კარგი ფილმი გამოვიდა.

კარგად მახსენდება ბიძინა ჩხეიძის „არაჩვეულებრივი რეისი“. თუკი ვინმე იყო ქართულ კინოში, ერთიმეორეზე საყვარელი მსახიობი, ყველა იქ მონაწილეობს. სიუჟეტის მიხედვით, სარეისო ავტობუსის მძღოლი გადაწყვეტს ადამიანები მოსწყვიტოს ყოველდღიურობას, დააბრუნოს ბუნებასთან და ამ მიზნით ავტობუსს მარშრუტს შეუცვლის. მძღოლი დაიკარგება, იწყება ხალხის პროტესტი, მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები, ბუნებასთან სიახლოვე და ა.შ. რეჟისორმა ჩვენ, მსახიობებსაც მოგვიწყო სასიამოვნო დღე და კარგი გასეირნება. ძალიან კეთილი ფილმია, ბიძინაა კეთილი კაცი და ფილმებიც ასეთი აქვს.

„ფელიჩიტა“ იყო ნუცა მესხიშვილის პირველი ფილმი. ყველანი მთელი გულით მის გვერდით დავდექით იმიტომ, რომ ძალიან საყვარელი ადამიანია. სათქმელიც პრობლემური იყო, ემიგრანტის ტკივილი. სოფელში ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა იღუპება. მისი მეუღლე კი იტალიაშია სამუშაოდ წასული და იქიდან არჩენს ოჯახს. რადგან ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ცოლი გადაწყვეტს ტელეფონით დაიტიროს ქმარი. სცენარი ეკუთვნოდა არაჩვეულებრივ პიროვნებას და ხელოვანს, ქალბატონ ზაირა არსენიშვილს.

pelichita-1744482442.jpg
„ფელიჩიტა“

გიორგი ოვაშვილმა შემომთავაზა ექსპერიმენტი-იმპროვიზაცია (ასე დავარქმევდი), თუკი შეიძლება ფილმი იმპროვიზაცია იყოს. სულ მქონდა შთაბეჭდილება, როგორც ბავშვობაში ფრთებიან სარკეში ჩახედვისას ბევრ ერთნაირ შენ თავს რომ ხედავ და სადღაც სიღრმეში იკარგები, რაღაც მსგავსი ფილმია. ანუ, ეს არის ფილმი იმაზე, როგორ იღებს რეჟისორი ფილმს. საინტერესო იყო გიორგისთან ურთიერთობა, ძალიან ვისიამოვნე. მას თავისი ესთეტიკა და სათქმელი აქვს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა.

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ტერცო მონდო“

- ბატონი მერაბის სახელით როცა დამირეკეს, სიხარულით წავედი. ის არის ჩემთვის ყველანაირად სამაგალითო, პატივსაცემი პიროვნება და ხელოვანი. არც მიკითხავს რა როლია, სად ვიღებთ, რამდენი გადაღების დღეა?.. ულამაზეს ხადას ხეობაში წავედით ორი დღით, გავითოშეთ და გავიყინეთ, ძალიან დიდი თოვლი იდო. თუმცა ხმას როგორ ამოვიღებდით, როდესაც ამ ხნის კაცი კამერას არ მოსცილებია. ჩვენ ხანდახან მაინც, როცა თავისუფალი მომენტი გვქონდა, ღუმელთან ვთბებოდით, ბატონი მერაბი კი იდგა მთავარსარდალივით დილიდან დაღამებამდე ამ თოვლში და ასეთ მაგალითს იძლეოდა.

merab-kokochashvili-1744482407.jpg

სხვათა შორის, საინტერესო დამთხვევას ჰქონდა ადგილი. ამ ფილმის ერთ ეპიზოდში აღწერილი ამბავი, წლების წინ რეალურად მოხდა და როგორც აღმოჩნდა, ამას შევესწარით ბატონი მერაბი და მე. 1993 წელს, ინგლისიდან თბილისში ჩამოვიდა რეჟისორი, რომელიც საქართველოზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ის გოგონა, ვინც რეჟისორს მეგზურობას უწევდა, ჩემი მეგობარი იყო. თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა იმ დროს თბილისში, ინგლისელს ყველგან დავატარებდით. წავედით ფრიდონ სულაბერიძესთან, არაჩვეულებრივად ცეკვავდნენ ბავშვები. მერე ანზორ ერქომაიშვილთან - „მართვეს“ რეპეტიციაზე.

მახსოვს, შუქი არ იყო, დარბაზი გაყინულია. გარშემო სიბნელე და სიცივეა, ბავშვები ქურთუკებში და ხელთათმანებით დგანან და მღერიან. გადაღებისთვის საკმარისი განათება არ არის და ბიჭებმა ხელში სანთლები დაიჭირეს, პირიდან ორთქლი ამოსდით - ამ საოცარმა სცენამ ისე იმოქმედა ჩემზე, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ბატონმა მერაბმა ეს ეპიზოდი შეიტანა ფილმის სცენარში.

როცა გადაღებაზე მივედი და სცენარი წავიკითხე, ასისტენტს ვუთხარი: რა უცნაურია, ასეთ სიტუაციაში ნამყოფი ვარ-მეთქი. ბატონი მერაბიც თავად შეესწრო ამ ამბავს და იმიტომ ჩასვაო. ასე, ბედის წყალობით აღმოვჩნდი ფილმის იმ ეპიზოდში, ზუსტად იმ პერსონაჟად და მადლობა ბატონ მერაბს. მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და უდიდესი სიყვარულის გრძნობა მაქვს. 21 მარტს 90 წელი შეუსრულდა. მინდა მხნეობა ვუსურვო, დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით და ქართველებს ორიენტირად გვყავდეს იმიტომ, რომ დიდ საქმეს აკეთებს თავისი მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE