“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა “ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალა“
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული, “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილი.“პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, - განაცხადა ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება, შესაძლოა ის დააკავონ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსამართლისა და “ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.“დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ. მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს “ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.
პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა “ვივამედში“ მისი გადაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი“ და ნინო ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან რენტგენის ფოტოს აღება დაავალა.“ვივამედს“ რაც შეეხება, დაკავების შემდეგ ნეკნი მქონდა მოტეხილი. დაკავებული დუშეთის იზოლატორიდან “ვივამედში“ მიმიყვანეს, გადამიღეს რენტგენი და არაფერი არ გჭირსო. თვენახევრის შემდეგ, მივედი ჰოსპიტალში და მითხრეს, რომ დაბეჟილობა კი არ მქონდა, არამედ ნეკნი მქონია მოტეხილი. “ვივამედმა“ ეს მონაცემი დამალა და როდესაც ეს ხმამაღლა ვთქვი გამოხტა “ვივამედის“ ის უცნაური ქალი, დირექტორი და ჩემი რენტგენის ფოტო გამოაფრიალა, ჩემი პერსონალური ინფორმაცია, ამით კი მეორედ დაარღვია ჩემი უფლებები.
შემდეგ მივმართე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და კლინიკა “ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, - ალეკო ელისაშვილმა.
აღნიშნულის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში უფრო ვრცლად დაწერა.“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა "ვივამედი", ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო.
არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო.