პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა - კვირის პალიტრა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კუპრაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 2 აპრილს, 13:00 საათზე არის ჩანიშნული. საქმეს კი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.

„ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ“,- წერს „ფეისბუქზე“ კუპრაძე და დასძენს: „არცერთი ნაბიჯი უკან!“.

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება დღეს, 1-ელ აპრილს წარუდგინა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.

"ინტერპრესნიუსი"