ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის წარმომადგენლებმა გაუგებარი ინიციატივები უწოდეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას 31 მარტის აქციაზე. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიით, ხალხს ქმედითი პროცესის დაწყების და ახალი ლიდერების გამოკვეთის იმედი ჰქონდა. რა უნდა ეთქვა და არ თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რამდენად რეალური იყო საზოგადოების მოლოდინი და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება: - მოლოდინი მქონდა, რომ 31 მარტის აქცია იქნებოდა ხალხმრავალი და ეს ასეც იყო. სხვა მოლოდინი არ მქონია, იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. საზოგადოებაში შექმნილი იყო არარეალური მოლოდინი, რას ელოდნენ ზურაბიშვილისგან, რომელსაც არც პოლიტიკური პარტია აქვს და არც - საკუთარი აქტივი. ის ეყრდნობა იმ ოთხ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებსაც ხან ქარტიით მიმართა და ხან სხვა ინიციატივით, ისევე, როგორც არასამთავრო ირგანიზაციებს და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს, მაგრამ ნახეთ რომელიმე კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება?! მე არსად არაფერი მინახავს! - მაშინ რა მიზანი ჰქონდა ამ აქციას? ეს ხომ წინასწარ დაანონსებული პოლიტიკური შინაარსის აქცია იყო და არა - რეფერენდუმის დღისადმი მიღვნილი ჩვეულებრივი ზეიმი? - დიახ, ეს იყო პოლიტიკური შინაარსის ღონისძიება, რომლის მიზანიც გახლდათ, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის ანუ მტერ-მოყვარისთვის იმის ჩვენება, რომ პროტესტი არ ჩამქრალა. ბოლო დროს, გასაგები მიზეზების გამო, რუსთაველზე ბევრი ხალხი აღარ იკრიბებოდა. უბრალოდ, შეუძლებელია ყოველდღიურად 10 000 და 20 000 კაცის შეკრება. შესაბამისად, შეიქმნა ილუზია, რომ პროტესტი მიილია. ჩემი აზრით, ასეთივე დიდი მასშტაბის აქცია უნდა მოეწყოს 9 აპრილისთვის. ასეთი დიდი აქციები საჭიროა ტონის მისაცემად და არა იმისთვის, რომ რადიკალური მოქმედებები დაიწყო. - სალომე ზურაბიშვილის ხელთ არსებული რესურსები და ხალხის მიერ მის მიმართ გამოცხადებული ნდობა იძლეოდა თუ არა საშუალებას, რომ 31 მარტის აქცია ყოფილიყო რაღაც ახლის დასაწყისი და არა - უბრალოდ მტერ-მოყვარისთვის მინიშნება, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ გაბრაზებული და უკმაყოფილოა? - როდესაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს მუდმივად კოორდინირებისკენ და შეთანხმებისკენ მოუწოდებს, მაგრამ შედეგი არასდროს დგება, ასეთ ვითარებაში რა სიახლე უნდა შესთავაზოს ხალხს? ახლაც ის თქვა, მოდი, ევროპული პარტიები დავსხდეთ და შევთანხმდეთო. მე მის ადგილზე სათითაოდ მოვიწვევდი თითოეული პარტიის ლიდერს და რომელიც არ დათანხმდებოდა, პასუხისმგებლობას საჯაროდ დავაკისრებდი. ე.ი. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესი საჯარო უნდა გახდეს. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რომ საუბრობენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე, აქვთ ამის რესურსი?! რესურსის არარსებობის შემთხვევაში დაწყებული პროცესი ხომ პროვოკაცია უფრო იქნება, ვიდრე საქმის კეთება?! - თქვენი ზოგიერთი კოლეგა მთავარ პრობლემად სწორედ იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ პოლიტიკურ ელიტას იწვევს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა -საპროტესტო აქციის მონაწილეების წარმომადგენლებს. - მე მაინც მგონია, რომ პრობლემა დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრებია. ეს ყველაფერი გოდოს მოლოდინს დაემსგავსა, ყველა ამბობს - "კის" და საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავინ არაფერს აკეთებს. პროცესი უნდა გაიხსნას და ხალხმა გაიგოს, ვინ რა პოზიციაზეა. აი, ამის შემდეგ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. ზურაბიშვილი ისეთი ავტორიტეტი არ არის, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო ან თუნდაც სააკაშვილი და ივანიშვილი, ამიტომ ცოტა სხვა ტიპის მოქმედებებია საჭირო. ისიც ობიექტურად არის გასარჩევი, არის თუ არა მზად საზოგადოება რადიკალური ნაბიჯებისთვის?! მე იმ აქტივისტებს კი არ ვგულისხმობ, ვინც ყოველდღიურად რუსთაველზე დგას, არამედ იმათ, ვინც სახლში ზის. ქვეყანაში მოლოდინებია შექმნილი და აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც საშინაო, ასევე - საგარეო ფაქტორები. ჯერჯერობით ვერც ხელისუფლება ახერხებს რუსთაველზე არსებული პროტესტის ჩახშობას და ვერც ოპოზიცია ახერხებს, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება აიძულოს. ფაქტობრივად, ნერვების ომი მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორებიც ისევ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. ამას აზრი აღარ აქვს, იმიტომ, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია და აწი ევროპელმა ლიდერებმა რაც უნდა თქვან, „ქართული ოცნება“ აღარაფერს არ გაითვალისწინებს. ამიტომ საჭიროა კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილიც ამას ელოდება. - კონკრეტულად რა მექანიზმებს გულისხმობთ? - საქართველოს მოქალაქემ საკუთარ თავზე და საკუთარ ჯიბეზე უნდა იგძნოს ამ ხელისუფლების მუშაობის შედეგი. მერე რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც უფრო ადვილი იქნება. ახლა რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნა პროვოკაციაა და სხვა არაფერი. - როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები მეტ რადიკალიზმთან დაკავშირებით და, ასევე, 31 მარტს სალომე ზურაბიშვილის ზურგს უკან გაშლილი მიხეილ სააკაშვილის ბანერები გაუაზრებელი შეცდომაა თუ როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი ირწმუნება - მიზანმიმართული პროვოკაცია? - ძალიან კარგი არგუმენტი მომეცით ჩემი პოზიციის გასამყარებლად. როდესაც საპროტესტო აქციების ორგანიზება ასეთი ქაოსურია, როდესაც ოპოზიციური ლიდერები ერთმანეთს უხერხულ სიტუაციებში აგდებენ, ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ, რა ერთობლივ, ქმედით ნაბიჯებზეა საუბარი?! 12 წელზე მეტია, „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ წყალობით „ბალახობს“. ახლაც ხომ ხედავთ, რა გვითხრა მდინარაძემ?! ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გააუქმოს იმის საფუძველზე რომ „ნაციონალების“ სატელიტები არიან! ამ დროს რას აკეთებენ „ნაციონალები“? - სალომე ზურაბიშვილს ზურგს უკან აუფრიალეს მიშას სურათები. ოპოზიციური პარტიების ამკრძალავი კანონის მიღება აღარც კი სჭირდება მმართველ გუნდს, ამ ინციდენტის შემდეგ პროპაგანდით შეუძლია ოპოზიციის განეიტრალება. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მართლა სჯერათ, რომ ასეთი ქმედებებით სააკაშვილს რამეს უშველიან, ლოგიკასთან ძალიან მწყრალად ყოფილან. სააკაშვილი კი იმდენს ხანს იქნება ციხეში, რამდენი ხანიც ბიძინა ივანიშვილს უნდა. პლაკატები ვერაფერს უშველის, პირიქით, „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევენ, დანარჩენი ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინონ. ამასაც თუ ვეღარ ხვდებიან, მაშინ საერთოდ რა უნდათ პოლიტიკაში? - თქვენ ამბობთ, რომ რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად საზოგადოება მზად არ არის, ოპოზიცია კი ვერაფერზე თანხმდება და ერთმანეთის ჩაძირვით უფროა დაკავებული. ასეთი მოცემულობის ფონზე, პროტესტი მართლაც ხომ არ მიილევა და სამზარეულოში შეიკეტება? - ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება ურთიერთობები რუსეთსა და ამერიკას შორის. საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება არა მხოლოდ იმას, თუ რას იზამს ოპოზიცია, არამედ იმას, თუ რა მოხდება უკრაინაში. ქვეყანაში შიშის ფაქტორიც არის, მაგრამ ეს შიში ივანიშვილს კი არა, რუსეთს უკავშირდება. ამიტომაც არის, „ქართული ოცნების“ ლიდერებს სულ პირზე რომ აკერიათ, ომი გინდათო?! არც ის არის გამორიცხული, რომ გარეფაქტორები იმდაგვარად განვითარდეს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი აპათია გაჩნდეს და პროტესტი მიილიოს, მაგრამ უცებ ისეთი აფეთქება მოხდეს, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ კი არა, ქვეყანაც გადაიყოლოს. ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)