"გაოცებული ვარ, არ ველოდი, როგორც ჩანს, გრიგოლ ლილუაშვილის მუშაობა აღარ იყო დამაკმაყოფილებელი და ამან გამოიწვია დანარჩენი ცვლილებები", - ამგვარი ვერსიით გამოეხმაურა, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე დღეს განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს. ცნობისთვის: დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს და რეგიონული განვითარების სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. სუს-ის უფროსის თანამდებობას კი პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. პრემიერისვე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთი დეპუტატი - პაატა სალია გადაინაცვლებს მთავრობაში. ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. რა შეცდომა შეიძლება დაეშვა ლილუაშვილს და რა შეიძლება შეცვალოს სუს-ის მუშაობაში ოხანაშვილმა? - ამის შესახებ რამაზ საყვარელიძე თავის ვერსიებს გვთავაზობს: - რატომ გამიკვირდა სუს-იდან ლილუაშვილის გაშვება? იმიტომ, რომ თავის დროზე, ამერიკელები კმაყოფილები იყვნენ ქართული სპეცსამსახურების მუშაობით - ვგულისხმობ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს სუს-ის მუშაობაში რიგი პრობლემები გაჩნდა. ჩემი ვარაუდით, შეიძლება სპეცსამსახურებს გამოეპარათ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ადამიანების ყოფნა ძალოვან უწყებებში. - ალბათ, გდდ-ის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს გულისხობთ, თუმცა, ასევე, უნდა გავიხსენოთ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევა... - შეიძლება მიზეზი ორივე იყოს, თუმცა პრობლემა მხოლოდ პერსონალური არ არის. ბევრი რამ ვნახეთ ისეთი, რაც პოლიციას არ უნდა გაეკეთებინა, მაგალითად, მიწაზე დაწოლილ კაცს სახეში წიხლი რომ ჩაარტყეს. ეს საერთოდ არ იყო საჭირო პოლიციური ამოცანის გადასაწყვეტად. ამ მოქმედებამ მხოლოდ ხალხის აგრესია გამოიწვია, ხელისუფლების მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ ხალხის გაღიზიანების მიზნით, არა ერთი მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მაშხალების გამოყენება დაიწყეს, ხალხის საყვედური უმთავრესად ძალოვნების მისამართით უფრო იყო მიმართული. ზვიად გამსახურდიას მმართველობიდან მოყოლებული, ბოლო დრომდე, არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ძალოვან სტრუქტურებში მყოფ რევოლუციურად განყობილ პირებს ხელი შეუწყვიათ რევოლუციური სიტუაციის შექმნისთვის. მაგალითად, მილიციელმა გია ჭანტურიას პირდაპირ ამერიკული დელეგაციის თვალწინ ესროლა. - თქვენი წარმოდგენით, ანრი ოხანაშვილი რას შეცვლის სუს-ში? - სიმართლე რომ გითხრათ, მიჭირს ამის წარმოდგენა. ერთადერთი, ახლა რაც თვალში აქტიურად მხვდება, ის არის, რომ მამუკა მდინარაძე ძალიან კარგად მუშაობს პიარის თვალსაზრისით. - რას გულისხმობთ? - ყოველდღე გამოდის და ახსნა-განმარტებებს იძლევა. ზოგადად, ყველა პარტია უნდა აკეთებდეს ამას. როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში მამუკა მდინარაძეს ერგო ეს მისია და ძალიან კარგადაც ართმევს თავს. ვფიქრობ, ის საკითხი, რომელიც თქვენ ჩემთან დასვით, მდინარაძის წინაშეც დაისმება ჟურნალისტებისგან და ჩვენ უფრო გაფართოეულ ვერსიას მოვისმენთ. ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)