გთავაზობთ ეპიზოდს რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 31 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. ....ის, რაც დღეს ხდება, შეიძლება დიდ კრიზისში გადაიზარდოს. ოპოზიციას გამოჰყავს რამდენიმე ათასი კაცი და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, რომელიც სხვა პრინციპებს უჭერს მხარს, რომ გამოვიდეს და მათ დაუპირისპირდეს,­ ეს რას მოიტანს?! ეს ხომ რევოლუცი­ის საფუძველია? მაშინვე შემოვლენ ძლიერი ქვეყნები და ისევე დავკარგავთ ტერიტორიებს, როგორც დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. პოლიტიკური მონობა განათლების უქონლობის შედეგია. შენ უნდა იყო ჭეშმარიტების მაძიებელი და არა ვიღაცის იდეის გამტარებელი. დაპირისპირებამ, რომელიც ახლა საქართველოშია, შეიძლება უაღრესად მძიმე სიტუაცია შექმნას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედება უნდა იყოს ფიქრზე დაფუძნებული და არა მხოლოდ და მხოლოდ ძალაზე და არამოაზროვნე ადამიანების გადაწყვეტილებაზე. ორივე მხარე ამბობს, მე მინდა ევროპისკენო! და ამ დროს ებრძვიან ერთმანეთს. ამან შეიძლება უმძიმესი მდგომარეობა მოიტანოს, თუკი ჩვენ ოდესმე გვიჭირდა, ყოველთვის ასე ხდებოდა - შიდა დაპირისპირებას მოჰყვებოდა ხოლმე ძლიერი ძალის გარედან გააქტიურება. ეს უნდა გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკაში უნდა ყოფნა. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც პოლიტიკაში ვყოფილვარ ოდესმე, უბრალოდ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მჯერა, რომ გამოსავალი მოლაპარაკებაშია. ადამიანური კულტურა, რომელიც ყოველთვის დამყარებული იყო ზნეობაზე, განათლებაზე, ქრისტიანულ ურთიერთობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და ა.შ. დღეს ისეთი დარტყმის ქვეშ არის, როგორ უნდა გაუძლოს ამას ადამიანმა, არ ვიცი... მე მინდა გუშინდელი თბილისი ვნახო, რომ ჩემი თბილისი ისევ "სიხარულის სახლად" იქცეს, რომ თბილისელი იყოს ის, ვისაც სიხარულის მოტანა შეუძლია სხვისთვის. მე მინდა განათლება, სიკეთე, კულტურა, მიმტევებლობა, ყველაფერი ეს იყოს ის საფუძველი, რითაც დღეს თბილისი და საერთოდ, საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩემი აზრით, განათლების დაბალმა დონემ გამოიწვია ის, რომ პოლიტიკაში ბევრი უცოდინარი ადამიანი მოვიდა, რომელთაც მხოლოდ ქვეყნის მართვა სურთ, მაგრამ როგორ მართონ, არ იციან. ვფიქრობ, პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არც ქვეყნის მართვა იციან და არც საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩვენთან კი ლამის ბავშვები­ იწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას ისე, რომ ამ საქმისა არაფერი გაეგებათ. როცა არ იცი, როგორ უნდა აშენო, ღირებულს ვერაფერს ააშენებ. წაიკითხე ვრცლად