ცოტნე კობერიძემ, ბორის (ჩელე) ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დატოვეს, შესაბამისად ისინი აღარ იქნებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები. მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის სოციალურ ქსელიდან გახდა ცნობილი, სადაც პოლიტიკოსებმა სტატუსები დაწერეს და პარტიიდან წასვლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ. ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და წარმატებები უსურვა. სამივე მათგანი პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს და არ არის გამორიცხული ახალი პარტია შექმნან. ცოტნე კობერიძე: _ძალიან გული მწყდება, მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, სხვა გამოსავალს ახლა ამ სიტუაციაში ვერ ვხედავდი. წამოსვლამდე რა თქმა უნდა ველაპარაკე ზურაბ ჯაფარიძეს, ზურა სხვაგვარად ფიქრობს, ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების ერთად დოგმა არის საჭირო. მე სხვაგვარად ვფიქრობ. ჩვენ ვრჩებით ერთმანეთის გულშემატკივრებად და ყოველთვის ერთმანეთს მივეხმარებით ყველაფერში, რაც დაგვჭირდება. - რა გეგმები გაქვთ? _ ზოგადად მაქვს სურვილი თუ გამოჩნდება ჩემი თანამოაზრე ადამიანები, მათთან ერთად რაღაც ფორმა მივცეთ ამას და გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა, როგორი იქნება ეს, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. მანამდე არ მქონდა ამ დეტალებზე ნაფიქრი. ეს რომ მეფიქრა შეუძლებელი იყო, რადგან იმ პარტიის ნაწილი ვიყავი და პარალელურად ამაზე მემუშავა, ეს არ იყო სწორი საქციელი. აწი უფრო აქტიურად დავიწყებთ მუშაობას ამ კუთხით. _ და ეს ნაბიჯი რამ გადაგადგმევინათ? 31 მარტს გამართული აქცია არ მოგეწონათ? _დავიწყებ ადამიანების მოძებნას, თანამოაზრეების და ეს თუ მიიღებს იმ ფორმას, რომ ადამიანებს პარტია გვქონდეს, ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი, რაც გადავდგი საჭიროდ ჩავთვალე, რომ გადამედგა. _ მაინც რა იყო ყველაზე ბოლო წვეთი? _ მე ამ აქციაზეც მქონდა ჩემი დამოკიდებულება. აქციაზე მე მივედი ადამიანების სანახავად. უბრალოდ თვალნათლივ ვხედავ, რომ პროცესი რაც მიდის, იმ შედეგს არ დადებს, რაზეც ვსაუბრობთ და საერთოდ სხვაგან არის პრობლემა, ამაზე ხმამაღლა საუბარი მიიჩნევა თითქოს ეს რაღაც პროცესს აზიანებს. ეს ჩემთვის იყო დისკომფორტი. ის ილუზიებია, რაზეც საუბარია. მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი არაფერია, ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება მოხდეს. მართლა არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რაზეც საუბარია. სახელიც ასე იცვლება, ხან ფრონტი ჰქვია, ხან პლატფორმა, ასე ერთმანეთს ვაგიჟებთ. მესმის ამაზე არ ვლაპარაკობთ, მსჯელობა და მწარედ ლაპარაკიც მოგვაკლდა, აქედან გამომდინარე არ ვსაუბრობდით რეალურად იმას, როგორც ეს საჭირო იყო. მე ვფიქრობ, რომ არ გამოვა ამ პოლიტიკური სპექტრიდან ერთიანი მნიშვნელოვანი და ღირებული არაფერი, ამ პროცესს აქვს დიდი ხვრელი და ეს თუ არ ამოივსო, მართლა არაფერი გამოვა. მიზეზებზე საუბარი მომბეზრდა, ყველამ ვიცით არ გამოდის აქედან არაფერი. სხვა რამე იყო საჭირო, რაც არ გაკეთდა. თუ მოვძებნი თანამოაზრეებს მაშინ ვიმოქმედებთ. ბორის (ჩელე) ყურუა: _ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო, ორივეს გულწრფელად გვჯერა ჩვენი აზრის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა რამეა გასაკეთებელი დღეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვფიქრობთ რომ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შეკრებილი ერთობა შეძლებს იმ პრობლემების გადაჭრას, რა პრობლემის წინაშე ახლა ვდგავართ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. ამაზე რა თქმა უნდა გვქონდა პარტიის შიგნითაც მსჯელობა და ზურა ჯაფარიძეს განსხვავებული აზრი აქვს, სხვადასხვანაირად ვუყურებთ რაღაცებს, რაზეც ვერ შევთანხმდით. ზურას სჯერა იმის, რომ ახლა ერთობის დრო არის და ერთობა გადაგალახვინებს ამ პრობლემას, ჩვენ ვამბობთ რომ ერთობა არ გამოვა, მითუმეტეს ახლა, ამ საკითხის ირგვლივ. _ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ცვლილებები? _ ნებისმიერ შემთხვევაში ძალის დანახვებით რეჟიმისთვის. უბრალოდ ეს შეიძლება დროში გაიწელოს და სხვადასხვანაირად იქნეს დანახული და განხორციელებული. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ შორს ყურებას უნდა შევეშვათ და ჩვენს ირგვლივ რაც ხდება, იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ ახლა ფიზიკურად გავლენას ვერ მოვახდენთ იმაზე, რაც ხდება ამერიკაში, რაც ხდება ევროპაში, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის არის, რომ აქ ადამიანები გადავარწმუნოთ, არ გავრიყოთ და არ დავტოვოთ ისინი მხოლოდ "ქართული ოცნების" პროპაგანდის პირისპირ. პრობლემები კი არ ვეძებოთ, რაღაც საერთო ვეძებოთ. სპიკერებიდან ჩვენ სამნი წამოვედით, ცოტნე კობერიძე, ბადრი გრიგალაშვილი და მე. ჩვენს სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. არ შეიძლებოდა ერთ პარტიაში ვყოფილიყავით და მერე პარტიის შექმნაზე გვეზრუნა. ეს არ იქნებოდა სწორი. ახლა გადავხედავთ ჩვენს რესურსებს და უახლოეს მომავალში ვიტყვით რა გეგმები გვაქვს. ოპოზიციას შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს, ერთი და იმავეს კეთება იგივე არ შველის. პირველ რიგში შეცდომები უნდა გავიაზროთ, თუ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ, არაფერი არ გამოვა, სხვაგვარად ფიზიკურად შეუძლებელია რაიმე ცვლილება გამოვიწვიოთ ამ კონფრონტაციით. პოლიტიკაში ვრჩებით. შესაძლოა ცალკე პარტია ჩამოვაყალიბოთ. ვხედავთ ისეთი ძვრები არ არის, რაც საჭიროა, ეს ასე რომ ყოფილიყო "ქართული ოცნება" დიდი ხნის წასული იქნებოდა სახლში. ცვლილებებს ვერ მოვახდენთ, თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით. პარტიის შიგნით იყო სხვადასხვა აზრები, შიგნით არ გვქონდა ერთიანი პოზიცია და ამან გამოიწვია ჩვენი პარტიიდან წამოსვლა. ჩვენ ისევ მეგობრებად ვრჩებით, წარმატებებს ვუსურვებთ. მათაც იგივე მიზანი აქვთ, რაც გვაქვს ჩვენ. თუმცა ჩვენ ცოტა სხვაგვარად ვუყურებთ ამას, ამიტომ ყველანაირი კონფლიქტის გარეშე ცივილიზებულად გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით პარტიიდან. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელი სტატუსი დაწერა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმა, მანაც დატოვა პარტია. ბადრი გრიგალაშვილი: _ პირველად გამიჭირდა ასე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გადავწყვიტე დავტოვო "გირჩი", ჩემი მეორე ოჯახი, სადაც გააზრებული ცხოვრების 8 წელი გავატარე. 2018 წელს მარიტა რატიანმა მომწერა, საინტერესო კომენტარებს წერ და მოდი ჩვენთან პარტიის ფეიჯით ელაპარაკე ხალხსო. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები გირჩში. მესამეკურსელ სტუდენტს პარტიის სახელით საუბარი მანდეს. იმ დროიდან მოყოლებული ჯაფარამ ყველანაირი შესაძლებლობა მომცა თავისუფლად მეკეთებინა ის, რისიც მჯეროდა – ამ მხრივ, ეს პარტია ქართულ პოლიტიკაში უნიკალური სივრცე იყო, სადაც ლიდერები ახალგაზრდებს ინსტრუმენტებად არ განიხილავდნენ. აქ ვისწავლე პოლიტიკა, ურთიერთობები, ადამიანების დახმარებით სიამოვნების მიღება, დამარცხება და ფეხზე წამოდგომა. აქ შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც უამრავი თავგადასავალი მაკავშირებს. "გირჩმა" ის ცხოვრება მომცა, რომელიც ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში გეხმარება. ამ საგიჟეთში, ამდენ სირთულეებში, თავისუფალი ადამიანები ერთმანეთის პოვნას ვახერხებდით და დღემდე ამან გაგვაძლებინა. მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია აღარ ვაკეთებთ. ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს. ბუნებრივია, ამ პროცესს ხელი შეუწყო ივანიშვილმაც, თუმცა არც ოპოზიციურ სპექტრს უცდია რეალურად ეპასუხა გამოწვევებისთვის. 12 წელია ერთ წრეზე დავდივართ, ერთიდაიგივე ტაქტიკით ვეთამაშებით მოწინააღმდეგეს და ყველა ჯერზე ერთნაირად ვმარცხდებით. მერე ეს წარუმატებელი სტრატეგია ხალხს ბრალდება და ასე იწყება ახალი, მოჯადოებული წრე. შეცდომის აღიარება არავის უნდა, ეგ რომ გააკეთონ ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ. შედეგად კი, შეცდომებში გაჯიუტებულებს, სერიოზულად აღარავინ აღგვიქვამს. ამ წარუმატებლობაში მეც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც მაქვს და ბოდიშს ვიხდი, რომ მეტი ვერ შევძელი. მოკლედ, მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ ბოლომდე გულწრფელობა მოიგებს. სხვანაირად, ცვლილებისთვის საჭირო რაოდენობის ადამიანებთან ოპოზიცია ნდობას ვერასდროს აღადგენს. თუ რამეს ახლა დიდი საპროტესტო მუხტის აგორება შეუძლია, ეს ისევ ივანიშვილის დაშვებული შეცდომაა. ეს ჩემ გარეშეც მოხდება და პარტიულობის გარეშეც ვიდგები წინა რიგებში. თუმცა, პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის ფუნქცია არ არის სხვის შეცდომას დაელოდოს – ის თავად უნდა ბადებდეს სიახლეს. ამ წუთას ყველგან საპირისპირო ხდება. ნიშნის მოგება, შეურაცხყოფა და გაერთიანებაზე გაუთავებელი საუბარი, მაშინ, როცა იმას უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს - ჩვენ ვინ ვართ, რა გვინდა და რეალურად რით ვართ ივანიშვილზე უკეთესები. ბოდიში თუ ჩემი ამ გადაწყვეტილებით "გირჩელებს"გაწყენინეთ. ბევრ რთულ მომენტში მიგრძვნია თქვენი მხარდაჭერა და მინდა იცოდეთ, რომ თქვენი დამოკიდებულება ჩემთვის ამ დროის მთავარი მონაპოვარია. არსად გაქცევას არ ვაპირებ. ჩემი ბრძოლის გზა ახლა თავიდან მაქვს მოსაძებნი და რამდენადაც შევძლებ, შევეცდები გამოვასწორო დანახული შეცდომები. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის და მჯერა, რომ აქედან უკეთესი ქვეყნის გამოყვანა ჯერ კიდევ შესაძლებელია". თანაპარტიელების გადაწყვეტილებას ასევე "ფეისბუკზე" გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მათ და წარმატებები უსურვა: „მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავით ყველაზე რთულ პერიოდში და ყველა, თქვენი აზრით სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილების დროს. წარმატებები ნებისმიერ ახალ წამოწყებაში“! „ბარიკადებზე ერთად ვიქნებით“, - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)