ბრიტანული გაზეთი „დეილი სტარი“ (The Daily Star) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ზელენსკის უჩვეულო ტრანსფორმაცია: როგორ გადაიქცა ნათელსახიანი მოღიმარი ლიდერი ომში გამოწრთობილ მკაცრსახიან გმირად“ (ავტორი - ჰარი თომპსონი). ომი და მძიმე პასუხისმგებლობა, სტრესი და ყოველდღიური დაძაბულობა მძიმე გამოცდაა ადამიანის ორგანიზმისათვის, რასაც ბევრი ვერ უძლებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ომმა დააბერა“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: როცა 2019 წლის 20 მაისს კომიკოსი და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი სენსაციურად აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად, იგი ვერ წარმოიდგენდა, თუ რას უმზადებდა ბედი უახლოეს 6 წელიწადში. იმ თავბრუდამხვევი დღის შემდეგ პრეზიდენტი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა, საშინელ ომში, რომელმაც არანაკლებ 43 ათასი მისი თანამემამულე იმსხვერპლა (თუმცა არაოფიციალურად - ბევრად მეტი). ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო პერიოდის ლიდერად იქცა ყველა მიმართულებით - საგარეო პოლიტიკაში, დიპლომატიაში, ეკონომიკაში... იგი მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ქვეშ მოექცა, მას ემუქრებოდნენ - ვლადიმერ პუტინი, მას უყვიროდნენ - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი... მის მხრებზეა უკრაინის 38-მილიონიანი მოსახლეობისა და მათი სამშობლოს ბედი. ოდესღაც პრეზიდენტის სიცოცხლითა და სიხარულით გაცისკროვნებულ სახეს დღეს გადატანილი უმძიმესი დღეების ანაბეჭდი ადევს. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბიჭივით აზარტულად აღარ გამოიყურება, მისი სახე გმირის ნამდვილ შთაბეჭდილებას ტოვებს. „პრეზიდენტად არჩევის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის ბავშვური სახე ჰქონდა, მისი კანი ნაოჭების გარეშე მოჩანდა, ახლა კი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მას სახეზე ნაოჭები მოუმრავლდა. კანმა, დიდი ალბათობით, სიმკვრივე და ელასტიკურობა დაკარგა. დღევანდელი ვოლოდიმირ ზელენსკი მოწყენილი, მკაცრი და უფრო სერიოზულია, ხოლო ზოგიერთ ფოტოსურათზე - თვალის უპეები ჩაშავებული აქვს. ეს არის ნაადრევი დაბერების ტიპური სურათი“, - ამბობს საიმონ მალიქი, ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, პიროვნებათა ამომცნობი და ფოტორობოტების შემქმნელი. „საინტერესოა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმიკისადმი დაკვირვება - გაქრა ცელქბიჭური ღიმილი, რომელიც მის სახეს ონავრის გამოხატულებას აძლევდა. დღეს პრეზიდენტი პირქუშად გამოიყურება“, - დაამატა მან. დოქტორი გარეტ ნაი, სოლფორდის უნივერსიტეტიდან, ეთანხმება იმ აზრს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის უპირველეს პოსტზე ყოფნის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა: „უდიდესი პასუხისმგებლობა ადამიანს არ კლავს, მაგრამ - სწრაფად აბერებს“. „სტრესი და ტრავმული მოვლენები ადამიანის ორგანიზმზე, მის ფსიქიკაზე და საერთო მდგომარეობაზე უდიდეს ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - ამბობს პროფესორი. „სტრესს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ჰორმონების დონე და ბიოლოგიური სტრუქტურა შეცვალოს, უბიძგოს უჯრედებს, განსხვავებულად იმოქმედონ ან განახლება შეაჩერონ. როცა ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, მატულობს კორტიზოლის ჰორმონის რაოდენობა. ეს კი პირდაპირ უკავშირდება დნმ-ისა და სხვა ბიოლოგიური სტრუქტურების დაზიანების რისკს. უჯრედების გამრავლება ნელდება და განახლება აღარ ხდება, რაც იწვევს დაჩქარებულ დაბერებას. კორტიზოლი აძლიერებს ფარულ ანთებით პროცესებს, რითაც ორგანიზმის უჯრედები კიდევ უფრო მეტად ზიანდება. სტრესის დროს წონა იკლებს. კორტიზოლი ცვლის სახის კანის პიგმენტაციის დონეს. ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკის ვამჩნევთ“, - ასკვნის დოქტორი გარეტ ნაი. წყარო -------------------