1992 წლის 14 აგვისტო და 2008 წლის 8 აგვისტო: რა საერთოა ამ ორ, საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ტრაგიკულ თარიღებს შორის? ის, რომ აფხაზეთის ომისა და აგვისტოს ომის მხოლოდ საბედისწერო შედეგებია ჩვენთვის ცნობილი! ამ ორი მოვლენის შემდეგ, შესაბამისად, ოცდაცამეტი და ჩვიდმეტი წელი გავიდა, თუმცა კვლავ უამრავი კითხვა, ცოტა პასუხი და ძალზე ბევრი დეზინფორმაცია არსებობს. ყველაზე მთავარ კითხვებად კვლავ რჩება: რატომ გავებით ორჯერ რუსეთის ხაფანგში? შეიძლებოდა, თუ არა რუსეთის პროვოკაციების თავიდან ისე აცილება, რომ სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარიყო? პოლიტიკოსებისა და სამხედრო პირების მიერ მიღებული მრავალი არასწორი გადაწყვეტილება შეცდომა იყო თუ - ღალატი? ომსაც ცოდნა უნდა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს და "სამხედრო სტრატეგს" რატომღაც არ უნდოდათ მაშინ იმ უბრალო ჭეშმარიტების დაჯერება, რომ სანამ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საზღვრებს რუსეთთან, მანამდე სეპარატისტების უზრუნველყოფა სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით, სამწუხაროდ, შეუფერხებლად მოხდება. ამ პირობებში ჩვენი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი სამხედრო ძალები საბოლოო მიზნის მიღწევას - ტერიტორიების დაბრუნებას, ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის პირობების შექმნას ვერ შეძლებენ. ასე რომ, კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარება იმ ეტაპზე, მარცხისთვის წინასწარ იყო განწირული. მრავალი საკითხი კვლავ ბურუსითაა მოცული და პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ მრავალია. და რაც ყველაზე მეტად დამაფიქრებელია: დღემდე არ მომხდარა ამ ორი ტრაგიკული მოვლენის სიღრმისეული და ობიექტური შესწავლა-გამოძიება. აფხაზეთის ომის შემდეგ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, მთავარი სამხედრო პროკურორი, იუსტიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა. ინტენსიური მუშაობის შემდეგ, დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში, ამ საგამოძიებო ჯგუფმა მრავალი საინტერესო ფაქტი დაადგინა, თუმცა დიდი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გამოძიება ჯერ შეფერხდა, ხოლო 1994 წლის 31 ივლისს, ალექსანდრე შუშანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, აფხაზეთის ომის მიზეზებისა და შედეგების გამოძიება ფაქტობრივად შეწყდა. დანაშაულის ნაკვალევს კი წლები შლის. .. ალექსანდრე შუშანაშვილი სულ სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო აგვისტოს ომის წინ: კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების საკითხი, რუსეთის ფაქტორის გამო, უტოპიური გახლდათ. ევროპას ცივი ზამთრისა და გაზმომარაგების პრობლემები უფრო აღელვებდა და რუსეთთან ღია დაპირისპირება არ აწყობდა. არც აშშ იქნებოდა "ბათქაბუთქით" გახარებული: 2008 წელს სხვა პრობლემებიც (გლობალური ეკონომიკური კრიზისი, კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები და სხვ.) თავზესაყრელად ჰქონდა. ამიტომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორი ქვეყნები მრავალჯერ აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, არ გაბმულიყო „რუსეთის ხაფანგში“. პუტინმა კი საქართველოს წინააღმდეგ ადრევე აამოქმედა "ჰიბრიდული ომის" ყველა ღილაკი: სამხედრო-სადაზვერვო, ეკონომიკური, დეზინფორმაციული და ა.შ. უკვე დროის საქმე იყო, როდის და სად გაგვაბამდა "ხაფანგში". 2006 წლის ზაფხულში კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება და პროვოკაციის ადგილად ცხინვალის რეგიონი შეარჩია. მიზეზები შემდეგი იყო: აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში არ იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციები გაცილებით შედეგიანი იქნებოდა; რუსეთი სეპარატისტებთან ერთად მოახდენდა ახალგორის რაიონზე კონტროლის დამყარებას; ოს სეპარატისტებთან ერთად რუსული სამხედრო შენაერთები ჩაატარებდნენ ცხინვალის ირგვლივ მდებარე ქართული სოფლების ეთნოწმენდას და შემდეგ მიწასთან გაასწორებდნენ მათ კარ-მიდამოს (როგორც შემდეგ დავინახეთ, მათ ძალზე ოპერატიულად გადაწვეს და დაანგრიეს ქართველების სახლები); პარალელურად, რუსეთი მოახდენდა კონტროლის დამყარებას კოდორის ხეობაზეც. ამასთან ერთად, "საქართველოს აგრესიის" ხელშემწყობად აშშ უნდა წარმოჩენილიყო. ეს იყო რუსეთის ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილები და არა - შემდეგ, მოვლენათა განვითარების კვალობაზე სპომტანურად მიღებული გადაწყვეტილებები! რუსეთის სტრატეგიული გეგმის შესრულებისთვის საჭირო იყო იმპულსური (სხვათა შორის, ეს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის შეფასებაა) მ. სააკაშვილის "ცხინვალის ხაფანგში" შეტყუება და სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება. რუსეთის ხლისუფლებამ დაიწყო მ. სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დეზინფორმირება: თუ პუტინი და მედვედევი, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრებოდნენ და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს მათთვის არანაირი ძალა არ ექნებოდა, საშუალო დონის რუსი დიპლომატები და სამხედროები (უპირველესად, პოპოვი და კულახმეტოვი) "გულდაწყვეტით" უხსნიდნენ ქართველ კოლეგებს, რომ კოკოითს ვერ აკონტროლებდნენ და ის, თურმე, მათ გარეშე უხსნიდა ცეცხლს ქართულ სოფლებს, თან ორაზროვნად მიანიშნებდნენ, რომ ეს კოკოითი უკვე ყელში ამოუვიდათ და ცუდი არ იქნებოდა, თუ ვინმე ჭკუას ასწავლიდა. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას პირადად ვლადიმერ პუტინი იღებდა და იღებს. რით დავიმსახურეთ მისი "დიდი სიყვარული", ეს ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ რუსეთისგან მოსალოდნელი პროვოკაციების პროგნოზირებისას აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული პუტინის მმართველობის სტილი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და პირადი დამოკიდებულება საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან. აგვისტოს ომი არ იყო მოულოდნელი და წლების მანძილზე (განსაკუთრებით 2006 წლის დასაწყისიდან) ეს ერთგვარ "გამოცხადებულ ომის ქრონიკად" იქცა: ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ომზე საუბრობდნენ მოსკოვში, ვაშინგტონში, თბილისსა და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში. რუსეთის ხელისუფლება, დიპლომატიური გზების გამოყენებით, თანმიმდევრულად ცდილობდა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების დარწმუნებას საქართველოს საომარ მზადებასა და მილიტარისტულ მიზნებში. პირდაპირ ვთქვათ: მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები (რომლებიც სულ რაღაც ორი-სამი წლის მოსულები იყვნენ ქუჩიდან პირდაპირ კომფორტულ კაბინეტებში, დიდი არაპროფესიონალიზმით და უფრო დიდი - ამბიციებით გამოირჩეოდნენ) სრულიად მოუმზადებელნი იყვნენ, როგორც განათლება-გამოცდილებით, ასევე - პიროვნული თვისებებით. მათთვის სამშობლოს სიყვარული საკუთარი "კომფორტის ზონიდან" იწყებოდა და მთავრდებოდა. აქ პირად მაგალითს მაშინდელი პრეზიდენტისგან იღებდნენ. განა რუსეთის პროვოკაციებისგან მუდმივად გაწამებულ პატარა ქვეყანას იმის ფუფუნება აქვს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს რგოლებში (ჯარი, უშიშროება და დიპლომატიური სამსახური) ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაპროფესიონალები ჰყავდეს? კადრების სისტემატური ცვლა მ. სააკაშვილის პირად ხუშტურებზე იყო დამოკიდებული. მაგალითი უამრავია, თუმცა საუბრის თემიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთზე შევჩერდეთ. 2004-2008 წლის აგვისტომდე რუსეთში საქართველოს ელჩები იყვნენ: ზურაბ აბაშიძე (რომელიც მ. სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე გაათავისუფლა), კოტე კემულარია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი. იმ ქვეყანაში, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემა გაქვს, ელჩების ასეთი სწრაფად ცვლა პრეზიდენტის არასერიოზულობაზე (რბილად, რომ ვთქვათ) მიუთითებს. ამ პირობებში საელჩოს მუშაობის რა ეფექტიანობაზე შეიძლება საუბარი? რა კრიტერიუმებით ნიშნავდა ან ათავისუფლებდა მაშინდელი პრეზიდენტი მინისტრებსა და ელჩებს, ეს, ალბათ, მხოლოდ მან იცის. ვისთან უხდებოდათ მოსკოვში ღია და ფარული ბრძოლა ახლადგამომცხვარ ქართველ "დიპლომატებს"? ტყუილის თქმის რუს "მგლებთან": ივანოვთან, ლავროვთან, კარასინთან, პოპოვთან და ა.შ. უილიამ ბერნსი ამ რამდენიმე წლის წინ WikiLeaks-მა ბევრი დოკუმენტი გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ. კერძოდ, საიდუმლო მასალები ასახავდა ამერიკელი დიპლომატების (საქართველოში აშშ-ის ელჩების - ჯონ ტეფტის და ჯონ ბასის, ასევე, რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის) მიმოწერას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე, 2006-2008 წლებში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან მათი შეხვედრების ანგარიშებს. განსაკუთრებით საინტერესოა 2021–2024 წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, 2005-2008 წლის მაისამდე რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის დოკუმენტების გაცნობა. 2006 წლის ივლისში უ. ბერნსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნა დაშიფრული შეტყობინება, სადაც ამგვარად აღწერს რუსეთში საქართველოს ელჩთან - ირაკლი ჩუბინიშვილთან გამართული საუბრის შინაარსს: "ჩუბინიშვილმა გაგვაცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ... 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დენისოვთან შეხვედრაზე, მდგომარეობის განმუხტისთვის, შესთავაზა მუშაობის დაწყება ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისთვის. ეს იდეა რუსეთმა წამოაყენა (13 ივნისს სააკაშვილმა განუცხადა პუტინს, რომ ამისთვის შესაფერისი მომენტი ჯერ არ დამდგარიყო). ანთაძე და დენისოვი ასევე შეთანხმდნენ, რომ 7 სექტემბერს მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს საქართველოს ნატოში შესვლის სურვილის შესახებ" (ციტატის დასასრული). ფაქტია, რომ რუსეთს სურდა, ტერორიზმთან ბრძოლის კეთილშობილური იდეებით ახალი სადაზვერვო-დივერსიული საბრძოლო დანაყოფის შექმნის მცდელობა შეენიღბა და ანტიტერორისტული ცენტრის სპეციალისტების "კომუფლიაჟით" მზვერავები ჩამოეყვანა საქართველოში. თითქოს, ისე გვაკლდა მათი აგენტურა! საქართველოს ნატოში შესვლის საკითხის განხილვაც (გასაგებია, რას მოითხოვდა რუსეთი) უდიდესი დათმობა იყო რუსეთისადმი. საპასუხოდ რას მიიღებდა საქართველო? 2006 წლის ივლისში უ. ბერნსი სახელმწიფო დეპარტამენტს გაკვირვებული ატყობინებდა: "შთამბეჭდავია, რომ ყველა რუსი, მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დარწმუნებული არის, რომ საქართველო ემზადება სამხრეთ ოსეთში ომის დასაწყებად და მათ აშშ აქეზებს" (ციტატის დასასრული). 2006 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვს. მეორე დღეს ის რუსეთში აშშ-ის ელჩ უილიამ ბერნსს ეწვია და წინადღის საუბრის შინაარსი გააცნო. "რუსეთის მხარემ პირდაპირ განუცხადა ბეჟუაშვილს: ისინი ეჭვობენ, რომ საქართველო აპირებს სამხედრო მოქმედებების ჩატარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, რუსეთი სამხედრო ძალით უპასუხებდა საქართველოს და ამ შემთხვევაში რუსეთს ნაკლებად ანაღვლებდა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. ივანოვმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსეთი არ ენდობა ქართულ მხარეს და გარანტიები მოითხოვა უმაღლეს დონეზე, ხოლო კითხვა, იყო თუ არა ბეჟუაშვილის სიტყვები გარანტია მათთვის, ივანოვმა უპასუხა -არა. ბერნსმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსები არ ხუმრობდნენ და სიმშვიდის შენარჩუნება იქნება უფრო მეტად მომგებიანი ქართული მხარისთვისო", - აცნობებდა ბერნსი ვაშინგტონს. ფრანტიშეკ გაგორი WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზის დროს, ჩვენს ექსპერტ-პოლიტოლოგებს „რატომღაც“ გამორჩათ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა 2008 წლის 13 აგვისტოს ვარშავაში პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ფრანტიშეკ გაგორის ( Franciszek Gagor - 1951-2010) პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ატაშესთან საუბრის შინაარსს. პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ფრანტიშეკ გაგორმა გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი იმის გამო, რომ მან რეალურად რუსეთის საქმე გააკეთა, გაანადგურა თავისი არმია და დაასამარა საქართველოს ნატოში შესვლისთვის მაპ-ის მიღება. პოლონეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ სააკაშვილით მანიპულირებდნენ რუსეთის აგენტები - შესაძლოა, მისი მრჩევლების წრიდან... საქართველომ პოლონეთს სთხოვა საჰაერო თავდაცვის სისტემა "გრომის" რაკეტები და გამშვები დანადგარები, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა "ფაგოტები". "თუ პოლონეთი დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს, მაშინ ის მიმართავს აშშ-ს, საქართველოში მათი ტრანსპორტირებისათვის", - განაცხადა გაგორმა. ფრანტიშეკ გაგორის სიტყვები ძალზე დამაფიქრებელია და რამდენიმე სტრიქონიდანაც კი ჩანს, რომ ის საქართველოს გულშემატკივარ პიროვნებას ეკუთვნის, რომელიც ემოციებს ვერ მალავს. ის პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე გამოხატავს საკუთარ შეშფოთებას. საინტერესოა, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა პოლონელი გენერალი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ რუსეთის აგენტურაზე მიუთითებდა? სამწუხაროდ, ამ და სხვა კითხვებზე გენერალი გაგორი პასუხს ვეღარ გასცემს, რადგანაც ის 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ პირებთან ერთად. სწორედ ამ კითხვებზე პასუხში იმალება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი. (პირველი ნაწილის დასასრული)