სერიოზულ შეცდომად და მმართველი გუნდისთვის საბედისწეროდ მიიჩნევს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებას, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა. რაში მდგომარეობს შეცდომა, რის ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს მმართველ გუნდს და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სუს-ის ქმედებებში- - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება: - გრიგოლ ლილუაშვილს უკვე დიდია ხანია, რაც განუკითხაობის სისტემიდან გაძრომა უნდოდა. „იჩალიჩა“ და მოახერხა. მას შემდეგ, რაც მედიის შეზღუდვის და აგენტების შესახებ კანონები მიიღეს, კიდევ უფრო დიდი განუკითხაობა დაიწყება, შესაბამისად, საპასუხისმგებლო პოზიციებს იმ ადამიანებისგან აკომპლექტებენ, რომლებიც მზად არიან ჭაობში ჩასაძირად. ოხანაშვილი ბევრად უფრო შორს წამსვლელია, განუკითხაობის თვალსაზრისით. არ მაქვს ილუზია, რომ ლილუაშვილი უსამართლო გადაწყვეტილებებზე ხელს არ მოაწერს, უბრალოდ, მისთვის ჭაობაში ყოფნა არაკომფორტულია. ასე რომ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში სიამოვნებით გაიწია გვერდზე. რაც შეეხება შეცდომას, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა პოლიტიკური თვალსაზრისით. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი ძალოვანი სისტემაა - სპეცსამსახურია, გარკვეულ წილად სამოქალაქო განზომილების მატარებელია. შესაბამისად, ეს უწყება ვერ მიიღებს ისეთ ფიგურას, როგორიც ოხანაშვილია, ისევე, როგორც თავის დროზე გაერთიანებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მიიღო ახალაია. მაშინაც მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვანო მერაბიშვილის ნაცვლად სისტემაში ახალაია შეუშვა. მის ამ შეცდომას სისტემის შიგნით რყევები მოჰყვა. ვფიქრობ, ახლაც იგივე მოხდება. ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ სუს-ის დეზორგანიზაციას, ბევრად დიდი გაჟონვები იქნება, ვიდრე აქამდე გვინახავს. - რა ნიშან-თვისებების გამო არ მიიღებს სუს-ი ოხანაშვილს ან ახალია რატომ ვერ მიიღო უწყებამ, თავის დროზე? - რიგი მიზეზების გამო, ახლა არ მინდა ამ დეტალებში შესვლა. - ყველაფერზე ხელის მოწერა არც ანრი ოხანაშვილისთვის უნდა იყოს მარტივი, მით უფრო, როდესაც დასავლეთმა უკვე აამოქმედა სანქციები.... - მერე რა? ოხანაშვილს ვინ რას ეკითხება? რასაც ეტყვიან, ის უნდა გააკეთოს, მას სხვა ფუნქცია არ აქვს. ოხანაშვილი არის ჩვეულებრივი მომსახურე პერსონალი, რომელიც შეკვეთას უპირობოდ ასრულებს. თუ შეუკვეთავენ, გვერდით მდგომებსაც გაყიდის. - ეს საკადრო შეცდომა შეიძლება თუ არა, კარგი „სატოპკე“ აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის? - ასეთი კარგი „სატოპკე“ ძალიან ბევრჯერ აქვს მიცემული „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისთვის, მაგრამ რად გინდა? - ოპოზიციის ლიდერები ვერასდროს იყენებენ. დიახ, თეორიულად, ძალიან კარგად შეიძლება „ქართული ოცნების“ ამ შეცდომის გამოყენება, მაგრამ, აბა, ვინ არის ამის გამომყენებელი?! - აქციებისას დაკავებულთა მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მოძრაობა - „ახალი წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება. ფიქრობთ თუ არა, რომ ამან შეიძლება გარკვეული გარდატეხა შეიტანოს საპროტესტო აქციებში? - ჩემი აზრით, ამ პროტესტის მამოძრავებელი ძალა ოპოზიციის პოლიტიკოსები კი არა, ის სოციალური და პროფესიული ჯგუფებია, რომელთა მარშები არა ერთხელ ვიხილეთ. შესაბამისად, თუ ამ სეგმენტში კოორდინაცია გაჩნდება და პოლიტპატიმრების ოჯახებიც ჩაერთვებიან საქმეში, ბევრად უფრო სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, ვიდრე - ყველა ოპოზიციური პარტია ერთად. თუმცა ნებისმიერ ფორმირებულ სისტემას პოლიტიკური გონი სჭირდება. საქმე ეხება სხვადასხვა რესურსს, ფინანსებით დაწყებული, ინტელექტუალური რესურსებით და პოლიტიკური გამოცდილებით გაგრძელებული. ამიტომ თუ პოლიტიკური კლასის და სხვადასხვა სოციალური და პროფესიული ჯგუფების კონსოლიდირება მოხდება, ეს აუცილებლად გააჩენს ახალ სინერგიას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთ ნიშნებს ვერ ვხედავ. ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)