"ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის... ეს რეგულაცია არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია?
3 აპრილს სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
მოგვიანებით სააგენტომ კიდევ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობდით, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშზე აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა:
"სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა. სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს.
შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა", - წერია განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით "სოფლის ნობათი" გამოეხმაურა, მათ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე). გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ" - ვკითხულობთ "სოფლის ნობათის" განცხადებაში.