მკითხველი "კვირის პალიტრის" პროექტის "გზავნილი მომავალში" გაგრძელებას ითხოვს - "გვეუბნებიან,  ამ წერილებმა ჩვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი შეცვალაო და..." - კვირის პალიტრა

მკითხველი "კვირის პალიტრის" პროექტის "გზავნილი მომავალში" გაგრძელებას ითხოვს - "გვეუბნებიან,  ამ წერილებმა ჩვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი შეცვალაო და..."

"კვირის პალიტრის" პროექტი "გზავნილი მომავალში" ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამდენმა ადამიანმა თავისი წარსული მომავალს დაუკავშირა. სამ კვირაზე მეტია, რაც წერილებს გავცემთ და ვერ წარმოიდგენთ, რა ემოციების მოწმეები ვხდებით", - გვეუბნება გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი, რომელსაც უშუალოდ უწევს წერილების ადრესატებთან შეხვედრა. ის მათი სიხარულისა თუ ცრემლების თანაზიარია.

შეგახსენებთ, რომ 2000 წელს გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დაიწყო პროექტი „გზავნილი მომავალში“. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, დაეწერა წერილი, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, მიიღებდა 5,10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ. წერილები განთავსდა სპეციალურ სკივრში და ინახება ეროვნულ არქივში. სკივრი გაიხსნა 2005, 2010 წლებში და ახლახან - 2025 წლის 10 მარტს.

ლია იაკობაშვილი:

- წერილის ავტორების დიდი ნაწილი ძველი თაობის ადამიანები - ბებია-ბაბუები, მშობლები იყვნენ და ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის. ჩვენთან მოსული მოქალაქეებმა ხშირ შემთხვევაში, არ იციან, წერილს ვინ სწერთ. სიურპრიზივითაა, რომელსაც შემდეგ ხან სიხარული და ხან სევდა ახლავს... უმეტესობას ცრემლი ერევა და ტირის...

სიებს როცა ვადგენდით, ვნახეთ, რომ ადრესატების ნაწილი აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები იყვნენ. ვფიქრობდი, ნეტავ, ცოცხლები არიან? სად არიან? მითითებული ჰქონდათ ის ადგილები, სადაც იმ დროისთვის ცხოვრობდნენ - სასტუმროები, საავადმყოფოები... ერთი კაცი მოვიდა, რომელმაც არ იცოდა, წერილი ვისგან იყო. გზავნილი რომ გადავეცით, იმხელა კაცი უცებ გაქვავდა... ვისგან არის წერილი-მეთქი? - ვკითხე. მამისგანო, - მითხრა... გაგრელები ვართ, ქალაქის დატოვებამ მოგვიწია, გალის რაიონში წამოვედით, შემდეგ იქიდანაც მოგვიწია აბარგებაო. თქვა, - წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს წერილი რას ნიშნავსო. მამა სულ ამბობდა, ღმერთო, მომასწარი აფხაზეთში დაბრუნებასო... 2000 წელს დაწერა წერილი და 2004 წელს გარდაიცვალაო... ეს კაცი, ჩვენგან რომ გავიდა, თვალი გავაყოლე - მხრები უთრთოდა, ტიროდა, აქვე, გარეთ იდგა და წერილს კითხულობდა...

საინტერესოა, ასევე, წერილები, როცა ადამიანები ჯერ არ დაბადებულ შვილებს სწერენ ან - ძალიან პატარებს... ერთი ყმაწვილი იყო მოსული, რომელსაც, ღვთის წყალობით, მამაც ჯანმრთელი ჰყავს და დედაც. მის წერილს ეწერა, - „დღე-დღეზე შვილს ველოდები“ და ის „დღე-დღეზე“ დაბადებული შვილი გახლდათ, ძალიან სასიხარულო იყო.

- ალბათ, ეს ყველაფერი თქვენთვის, "კვირის პალიტრის" თანამშრომლებისთვისაც ძალიან ემოციურია....

_ ძალიან... დღის ბოლოს, როდესაც წერილების გაცემას ვასრულებთ, ემოციებისგან სრულად დაცლილები ვართ. თითოეული ადამიანის ტკივილსა და სიხარულს ვიზიარებთ...

ერთ-ერთი ავტორი წერდა, რომ ეს წერილი ჩემს უფროს შვილიშვილს, გოჩას გადაეცითო. მის წასაღებად ქალბატონი მოვიდა. ვიკითხე, - გოჩა სად არის-მეთქი. ჩვენს ოჯახში გოჩა ჯერ არ გაჩენილა, სულ გოგოები გვყავს, ამიტომ, უფროსი შვილიშვილი ვინც არის, ამ წერილს მას გადავცემო. ავტორი კი ცოცხალი აღარ არის.

- როგორც ვიცი, ბევრი მოქალაქე ითხოვს, რომ პროექტი "გზავნილი მომავალში" გაგრძელდეს...

- დიახ, მოდიან, რეკავენ და გვწერენ სოციალური ქსელებით ერთადერთი თხოვნით - მათაც მიეცეთ საშუალება, რომ მომავალში წერილი გააგზავნონ. განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები. გვწერენ, ამ პროექტმა ჩვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი შეცვალაო. ერთ-ერთი მოქალაქე იყო მოსული, რომელმაც წერილი აქვე წაიკითხა და თქვა, რომ, ფაქტობრივად, ბაბუამ ანდერძი დამიტოვა, როგორ უნდა მოვიქცეო... იქნებ ისე გააკეთოთ, რომ მეც დავწერო წერილი და ჩემმა შვილებმა 25 წლის შემდეგ მიიღონო. ვინც წინაპრებისგან გზავნილები მიიღეს, ერთგვარი ვალდებულებაც იგრძნეს, რომ თავადაც დაწერონ წერილი.

ლალი ფაცია

(სპეციალურად საიტისთვის)