პარადოქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისისა და შეხედულების საწინააღმდეგო მოსაზრებას, რითაც ჩვენი ცხოვრებაც აღსავსეა, მაგრამ უფრო ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში, პირველ რიგში კი, ომებში ხდება... ამ მხრივ გამორიცხული არც რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომია, რომელიც თუ არ შეაჩერეს, მალე მეორე მსოფლიო ომს დაეწევა ხანგრძლივობით... ამ ომმა უკვე ძალიან ბევრი პოსტულატი უარყო და გადააგდო, რითაც მანამდე ამა თუ იმ ქვეყნის გენშტაბში ხელმძღვანელობდნენ - როგორც ამბობენ, გენერლები უკვე გადახდილი ომების მიხედვით ემზადებიანო... რუსეთ-უკრაინის ომში კი ბევრი ისეთი სიახლე გამოჩნდა, გინდ სტრატეგიულ და გინდაც - ტაქტიკურ დონეზე ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებისას, რასაც ბევრი ზეპროფესიონალი სამხედროც კი ვერ წარმოიდგენდა და ერთ-ერთ ასეთ პარადოქსად იქცა... არტილერიის მიწაში „ჩაფლვა“ ანუ დაბრუნება პირველი მსოფლიო ომის ტაქტიკასთან! რა მოხდა ისეთი, რომ „ომის ღმერთმა“-არტილერიამ მანევრირებას მიწაში რაც შეიძლება ღრმად ჩასანგრება ანაცვალა? მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე არტილერია გამოჩნდა, აქტუალური გახდა კონტრსაბატარეო ცეცხლი ანუ მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარების საცეცხლე პოზიციების აღმოჩენა, მათი კოორდინატების გათვლა და შენი არტილერიის საპასუხო ცეცხლით მათი დაზიანება-განადგურების მცდელობა. მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარების ცეცხლის აღმოსაჩენად კი თავიდან გამოიყენებოდა ვიზუალური დაზვერვა, სანამ ზარბაზნები ჯერ კიდევ ახლო მანძილზე ისროდნენ და ყოველი გასროლისას თავისი პოზიციის დემასკირებას ახდენდნენ, დამწვარი დენთის კვამლითა (მაშინ ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა უკვამლო დენთი) და გასროლის ხმაურით. მაგრამ მას შემდეგ, რაც არტილერისტებმა დახურული პოზიციებიდან „ჩაკიდებული“ ტრაექტორიით დაიწყეს ჭურვების სროლა, რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორიდან, მათი დანახვა ყველაზე მძლავრი ჭოგრიტითაც კი შეუძლებელი გახდა. ამის შემდეგ საარტილერიო დაზვერვის აღჭურვილობაში გამოჩნდა სპეციალური აკუსტიკური ხელსაწყოები, რომლებიც გასროლის ხმებით ადგენდნენ მოწინააღმდეგის ქვემეხების პოზიციების მიმართულებას, ოღონდ - არა დიდი სიზუსტით. კონტრსაბატარეო ცეცხლის სიზუსტემ მას შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა, როდესაც არტილერისტების არსენალში გამოჩნდა სპეციალური რადიოლოკატორები, რომლებიც მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ჭურვის ფრენის ბალისტიკური ტრაექტორიის რამდენიმე წერტილს აფიქსირებდნენ. კომპიუტერი წამებში გამოითვლიდა მათი ადგილსამყოფელის ზუსტ კოორდინატებს და 3-5 წთ-ში იხსნებოდა კონტრსაბატარეო ცეცხლი რამდენიმე ათეული მეტრის სიზუსტით. რადიოლოკატორებით გაზრდილ კონტრსაბატარეო ცეცხლის სიზუსტეს კი არტილერისტებმა თავისებურად უპასუხეს - მათ ბუქსირებადი არტილერია თვითმავლად გადააკეთეს ანუ თუკი მანამდე საცეცხლე პოზიციაზე ჰაუბიცა ბუქსირზე ჩაბმული მიჰყავდათ, ახლა თავად მობილურ დანადგარზე - მუხლუხებიანზე და ბორბლებიანზე განთავსდა ქვემეხი და ჰაუბიცა, რამაც არტილერისტებს მოაგებინა რამდენიმე წუთი იმ 5-10 წუთიდან, რაც საჭირო გახლდათ საცეცხლე პოზიციიდან საარტილერიო დანადგარების ისევ სატრანსპორტო მდგომარეობაში გადასაყვანად, გამწევის ბუქსირზე ჩასაბმელად და ამ საცეცხლე პოზიციის სასწრაფოდ დასატოვებლად, რომ არ გამხდარიყვნენ მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო ცეცხლის „ლუკმა“. ეს რუსული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი МСТА-С[U1]-ი მაინც ვერ გაექცა უკრაინული FPV-დრონის ოპერატორს -დღემდე უკრაინის ფრონტზე 229 ასეთი განადგურებული რუსული „მსტა-სია" დაფიქსირებული... ტენდეცია -ბუქსირებადი არტილერიის თვითმავალზე გადასაყვანად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება, რაც სრულიად ლოგიკურად მოჩანდა, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოს ისტორიაში „დრონების ომად“ არ შევიდა... სხვადასხვა დანიშნულების დრონებმა 21-ე საუკუნის ამ, ყველაზე ფართომასშტაბიან ომში ძალიან ბევრი რამ შეცვალეს (რასზეც ამ ბლოგში შემდგომში რამდენიმე საინტერესო სტატიას კიდევ შევთავაზებ ერთგულ მკითხველს) და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესნი გახდნენ. უკვე ჩამოყალიბებული და გამტკიცებული მოსაზრების -ბუქსირებადი არტილერიის მზე დიდი ხანია, ჩაესვენა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები რაც შეიძლება მანევრირებადი უნდა იყვნენ, რომ დროულად განერიდონ მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო ცეცხლს - უარყოფა, პარადოქსული დასკვნით: გასროლების შემდეგ არტილერისტებმა გაქცევით კი არ უნდა უშველონ თავს მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო ცეცხლისგან, არამედ - იქვე მიწაში კარგად, ღრმად ჩაიმალნონო... ასეთი პრაქტიკული დასკვნა გინდ უკრაინელმა და გინდაც რუსმა არტილერისტებმა მძიმე საბრძოლო გამოცდილებით მიიღეს, მას შემდეგ, რაც არა ერთხელ მწარედ დარწმუნდნენ -ბორბლებიანი და მით უმეტეს - მუხლუხებიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, შეიძლება, დროულად ტოვებდნენ საცეცხლე პოზიციებს და არ ხვდებოდნენ მოწინააღმდეგის არტილერიის კონტრსაბატარეო ცეცხლში, მაგრამ ისინი ვერანაირად ვერ გაურბოდნენ... კამიკაძე-დრონებს! ბუქსირებადი ჰაუბიცის გამოგორება დაცული კაპონირიდან, რამდენიმე გასროლის მოსწრება და ისევ კაპონირში შეგორება -არტილერისტების „ახალი ძველი“ ტაქტიკა რუსეთ-უკრაინის ომში... FPV-დრონის ოპერატორისთვის სულ ერთია, რუსული მუხლუხებიანი „აკაცია“ 40 კმ/სთ სიჩქარით „გარბის“ თუ უკრაინული ბორბლებიანი „ბოგდანას“ მძღოლი 70 კმ/სთ-მდე „კრეფს“ - კამიკაძე-დრონი ორივე მათგანს უპრობლემოდ დაეწევა, „საპატიო წრესაც“ დაარტყამს და რომელი მხრიდანაც სურს, იქიდან შეუტევს, თავისი კუმულაციური ქობინით გარანტირებულად გაარღვევს მათ სუსტ ჯავშანს (თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ჯავშნის სისქე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ტანკებისას), რასაც მოჰყვება გაუსროლელი საარტილერიო ჭურვებისა და მათი მუხტების საშინელი ძალით დეტონირება... მოკლედ - თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ისევე, როგორც ვერც ერთი სამხედრო ან სულაც სამოქალაქო საავტომობილო ტექნიკა, ვერანაირად ვერ გაექცევა 80-140 კმ/სთ-ის სიჩქარით მფრენ (FPV-დრონის ფრენის სიჩქარის ბოლო რეკორდმა 480 კმ/სთ შეადგინა) და მაღალი მანევრირების მქონე FPV-დრონს... ხელით გაშვებული FPV-დრონები შიშის ზარს სცემენ კარგად დაცული ტანკების ეკიპაჟებსაც კი, რითაც საერთოდ შეცვალეს თანამედროვე ბრძოლების ტაქტიკა... მაშინ სად არის გამოსავალი? ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს - მიწაში, რაც შეიძლება ღრმად და საფუძვლინად უნდა ჩამალვა, რათა კონტრსაბატარეო ცეცხლისას ჭურვების აფეთქებას გადაურჩნენ... ამისთვის კი გზების გასწვრივ გაშენებულ საქარე-სატყეო ზოლებში (საწყალი ხეები მესამე სეზონია, უმოწყალოდ ნადგურდებიან), რაც დამახასიათებელია ფრონტის ხაზის დონბასის მონაკვეთისთვის, ითხრება ღრმა კაპონირები, თავისი გადახურვით, რომლებშიც მთლიანად იმალებიან ათიოდე მეტრის სიგრძისა (ლულასთან ერთად) და სამიოდე მეტრის სიმაღლის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები - ცეცხლის გახსნის წინ ისინი ამოჰყავთ კაპონირიდან, ისვრიან რამდენიმე ჭურვს და მერე სასწრაფოდ აბრუნებენ იმავე კაპონირში, ხოლო ჩასასვლელს აფარებენ ბადეს, რომ მტრის FPV-დრონი კაპონირის შიგნით არ „შეუძვრეთ“... ეს კი არის მეტ-ნაკლები გამოსავალი FPV-დრონის თავდასხმისგან დასაცავად (თუმცა მოწინააღმდეგის 152,155 და 203 მმ კალიბრის ჭურვის პირდაპირი მოხვედრა ამ კაპონირის გადაფარებაზე, თვითმავალი საარტილერიო დანადგარის დაზიანების გარეშე მაინც არ ჩაივლის), მაგრამ რამდენი მიწის ამოთხრა და შემდეგ ამ კაპონირის შენიღბვა უწევთ არტილერისტებს? ამას ხომ ბევრად აჯობებდა, თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე ბევრად უფრო მოკრძალებული გეომეტრიული ზომების ბუქსირებადი ჰაუბიცის დამალვა, რომელსაც იგივე ლულა უყენია და იმავე სიშორეზე ისვრის, როგორც თვითმავალი დანადგარი და რომლისთვისაც ბევრად უფრო მცირე ზომის კაპონირის გამზადება იქნებოდა საჭირო და მისი შენიღბვაც გაადვილდებოდა?! სწორედ ასე უბრუნდება რუსეთ-უკრაინის ომი ერთი საუკუნისწინანდელ პირველ მსოფლიო ომში არტილერიის გამოყენების ტაქტიკას, რაშიც „დამნაშავე“ 21-ე საუკუნის „აღმოჩენა“ - FPV-დრონები არიან...