„სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია ერთიანობაზე საუბრობს,მაგრამ...“
გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში საკადრო ცვლილების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, მის პოსტზე კი კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა, ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა. კობახიძემ ასევე თქვა, რომ იქმნება ახალი სამთავრობო უწყება, რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის პორტფელსაც ლილუაშვილი დაიკავებდა, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ სუს-ის უფროსობიდან წასული ლილუაშვილი მინისტრობას არ დათანხმდა. როგორც ოფიციალურად ითქვა, შეუთანხმებლობის ძირითადი საკითხი ახალშექმნილ სამინისტროში მოადგილეების კანდიდატურები აღმოჩნდა. კობახიძის განმარტებით: "გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით". კობახიძემ ლილუაშვილისთვის შექმნილ სამინისტროში მინისტრად კახაბერ გულედანი დანიშნა. საკადრო ცვლილებებია აჭარაშიც - 4 აპრილის დილას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელით შეიტყო. იმავე დღეს მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. სწორედ ამ საკადრო ცვლილებებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებისგან შორს ვარ და მისი მუშაობის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ კითხვები, თუ ზოგადად როგორ მუშაობენ ეს სამსახურები, მეც მაქვს - ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის აგენტის დაკავების თაობაზე ერთი ინფორმაციაც კი არ გავრცელებულა, დავიჯერო, ასეთი სუფთაა ჩვენი ქვეყანა უცხოური ინტერესებისგან? ერთ-ერთ ვერსიად ყური მოვკარი, ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის გამო გაუშვეს ლილუაშვილიო, არადა, ეგ რა შუაში იყო, მე და თქვენ ვართ ვალდებული ქვეყნის საზღვრები დავიცვათ? ხუმრობა იქით იყოს და, აშკარაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დიდად დაცული არ ჩანს, მაგრამ ვეჭვობ, ამის გამო წასულიყო სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი.
რა მოხდა ლილუაშვილის შემთხვევაში, ზუსტად არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. ჩემი აზრით, ფაქტი ის არის, რომ არჩევნების წინ მიდის განახლება, მათ შორის ისეთ სტრუქტურაში, რომელიც საარჩევნოდ ძალიან სჭირდებათ. მომეწონა ვიქტორ ყიფიანის შეფასება - ყველა იმ პირს, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა თავისუფლების პატარა ხარისხი, ანაცვლებენო... ლილუაშვილი მაინც პიროვნებაა, რომელიც თავის საქმიანობაში, როგორც ჩანს, პატარა თავისუფლების ხარისხით სარგებლობდა, ახლა კი ჩაანაცვლეს ადამიანით, რომელსაც თავისუფლების ნატამალიც კი არ გააჩნია. ეს ყიფიანის მოსაზრებაა, რომელიც ძალიან მენიშნა.
- კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მსურს გავამახვილოთ ყურადღება - 4 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ სოციალური ქსელით შეიტყო. ამ თანამდებობაზე კი წარადგინეს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელიც დღემდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო…
- ბათუმი თბილისის შემდეგ მეორე ოპოზიციური ქალაქია. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ამის აღმოსაფხვრელად უფრო ხისტი მმართველობაა საჭირო, რასაც რიჟვაძემ კარგად ვერ გაართვა თავი, მხოლოდ "ქართული ოცნების" ერთგულება არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა კი იმ ადამიანის იმედი აქვთ, ვინც სიხისტით გამოირჩევა და დასანქცირება ასე დაუფასეს. ესეც საარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, იმ საკადრო ცვლილებებს, რაც დღეს მოხდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, ღრმა ანალიზი სულაც არ სჭირდება.
- როდესაც ბრძანებთ, ეს ცვლილებები არჩევნების ჭრილში უნდა განვიხილოთო, გულისხმობთ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუ უშვებთ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
- კარგი კითხვაა, რაზეც გიპასუხებთ, რომ ხელისუფლება ემზადება ორივე არჩევნებისთვის. ეცდებიან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დანიშნონ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამისთვისაც ემზადებიან, მით უფრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ,
მიხვდნენ, რომ ის, რასაც ელოდნენ ტრამპის ადმინისტრაციისგან, არ მართლდება. თუ "მეგობარი აქტიც" მიიღეს და მასაც მოაწერა ტრამპმა ხელი, მაშინ ხომ სულ წასული იქნება ამათი საქმე. ჯერჯერობით ტრამპს საქართველოსთვის სრულფასოვნად არ სცალია, ის მთლიანად უკრაინაზეა გადართული. ჩემი აზრით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ საქართველოში. ტრამპი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ბოლო იმედი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ამ ეტაპზე გამოიკვეთა, ხელიდან ეცლებათ. ამიტომაც "ქართული ოცნება" ემზადება ორივე არჩევნებისთვის, თუმცა საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით, ნებაყოფლობით ამას არ გააკეთებენ.
ისე, მე ვიმედოვნებდი, რომ ტრამპი ჩვენთვის ამ გაზაფხულზევე მოიცლიდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს გადაიწევს. მას სხვა ბევრი რამ აქვს დასალაგებელი ჯერ, ჩვენამდე რომ მოვიდეს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ველი შეფასებებს, რომ დიფ სთეითმა ტრამპიც დაამარცხა... პირადად მე, გლობალური ომის პარტიასა და დიფ სთეითზე ლაპარაკი დიდი სიბრიყვე მგონია. კალაძემ კი თქვა, ჩვენ დავიწყეთ პირველებმა დიფ სთეითზე ლაპარაკი და ტრამპისგან მადლობას ველოდითო, მაგრამ ცდება კალაძე, ეს ჩვენი იდეოლოგების მოგონილი არ არის, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტერმინია. აშშ-ში ინსტიტუციები ისეთ ძლიერია, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, მათი გავლენა გაითვალისწინოს. შეიძლება მიამიტი ვარ, მაგრამ საერთოდ არ მესმის, რას გულისხმობენ ამ გლობალურ ომის პარტიასა და დიფ სთეითში. ამ ყველაფერზე ლაპარაკი დაიწყეს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმის მერე საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა. იმედი ჰქონდათ, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ტრამპი უკრაინას გადააგდებდა, მაგრამ ესეც არ გამართლდა. პირიქით, მარკო რუბიოს ერთ-ერთი ბოლო განცხადება ნახეთ, ალბათ, რომ აშშ-ის პოლიტიკა მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ, პუტინისგან კი ვერ ვხედავთ ამ სურვილს და ძალიან მალე მოუწევს უპასუხოს კითხვას, მზად არის თუ არა ცეცხლის შესაწყვეტადო, და იქვე დასძინა, პრეზიდენტი ტრამპი არ გაებმება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგშიო... ეს ნიშნავს, რომ პუტინს ძალიან მალე დააყენებენ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე და ამაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც. ყველაფერი შეიძლება ძირფესვიანად, ერთი კალმის მოსმით შეიცვალოს, თუ რუსეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება. ამაზე მეტის თქმა ახლა აღარ მინდა, ცოტა შემდგომი ინტერვიუებისთვის გადავდოთ ეს თემა...
- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილიდან განაახლა სანქცირებული პირების სია, რომელსაც 13 ჩანაწერი დაემატა. ლაპარაკია რიგი პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე. ყადაღა შეეხება მათ ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს. დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ამავე სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. სანქციების დაწესების საფუძვლად ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ ისინი ჩართული იყვნენ და არიან კორუფციულ გარიგებებში. როგორც მურუსიძემ მოგვიანებით განაცხადა, მას სახელფასო ბარათი დაებლოკა.
- მე თუ მკითხავთ, კიდევ ცოტას ასანქცირებენ, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. მართლმსაჯულება აღარ არსებობს ქვეყანაში, მოსამართლეზე გაცილებით თავისუფალი რომ იქნება, მაგალითად, სუს-ის უფროსი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ... თან უვადოდ არიან დანიშნული. კატასტროფაა, რაც ქვეყანაში ხდება! რამდენი წელიწადია ვამბობ, რომ ამას მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ სისხლის სამართლის საქმეებში სრულად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაინერგება.
თუ ასე გაგრძელდა, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ზუსტად ეს მოსამართლეები უკვე იმათ გაასამართლებენ, ვის დავალებებსაც ახლა ასრულებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ეს არის ორმხრივად ბასრი მახვილი, რომელიც შეიძლება იმას შეუბრუნდეს, ვინც დღეს მართავს. ასეთი თამაში სასამართლო სისტემასთან ძალიან სახიფათოა. მოკლედ, რაც მეტად დაასანქცირებენ, იქნებ ამან ცოტა მაინც მოიყვანოს ეს ხალხი გონზე. ვიცი, ამ სისტემაში არიან პატიოსანი მოსამართლეებიც, მეც ვიცნობ რამდენიმეს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან და ამინდს ვერ ქმნიან. მათ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს არ ანდობენ.
ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც - ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ვიდრე სისტემა არ ჩამოიშლება, სულ უფრო და უფრო ხისტი გახდება. პუტინსაც ეგონა, რომ სანქციებს შეუმსუბუქებდნენ, მაგრამ მაგის ნიშან-წყალი არ ჩანს. ძალიან ნელია ევროპა, თითქოს მოუქნელი, მაგრამ საბოლოო ჯამში კლდესავით მაგარი ხდება. ეგონათ, დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის მერე შეიცვლებოდა დამოკიდებულებები, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მკაცრად ექცევიან ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებს.
- პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე უნდა გკითხოთ. რა შთაბეჭდილება გრჩებათ? მოგეხსენებათ, "ქართული ოცნება" პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს - მათი საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წლები) პერიოდით.
- საინტერესოა, რომ გასულ კვირას გიორგი ზერეკიძის საქმეს უსმენდნენ, ბიჭის, რომელსაც 14 წლის ასაკში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს 10-წლიანი, სრულიად არაადეკვატური სასჯელი მიუსაჯეს, შემდგომ დააკავეს მამა, რომელიც ციხეში დაიღუპა. მოკლედ, ეს ძალიან მძიმე ისტორიაა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ბრალეულობა ცხადია, დააშავა წინა ხელისუფლებამ, მაგრამ რა ქნა ამჟამინდელმა? როგორც ირკვევა, მოსამართლე, რომელმაც 14 წლის ბიჭს მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს. თუ ვინმეა ამ საქმეზე დასაბარებელი, ის მოსამართლე უნდა დაიბარონ. ეს არის ცხადი მაგალითი იმისა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, და ასეთი უამრავია. მურუსიძე რას აკეთებდა მიშას ხელისუფლებისას, ან ჩინჩალაძე? ესენი დაკვეთის შემსრულებლები არიან. მათთვის სულერთია, ვინ გასცემს ბრძანებას, მთავარია, მათ კეთილდღეობას არაფერი დაემუქროს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითები იმისა, რომ ადამიანს საკუთარი ღიპი სამშობლოს ურჩევნია. აქედან გამომდინარე, ამ კომისიის მუშაობაც ვერაფრით შეფასდება დადებითად.
ამგვარი კომისიის შექმნა, სულ ცოტა, 10 წლით დააგვიანა "ქართულმა ოცნებამ", დღეს კი მისი მუშაობა ფარსი და სანახაობაა სხვა მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თუ გინდა ამგვარმა კომისიამ იმუშაოს ობიექტურად და იყოს სანდო, ის უნდა დაკომპლექტდეს მიუკერძოებელი პირებით. აბა, რომელია თავმჯდომარით დაწყებული, იქ მიუკერძოებელი? თანაც დღეს ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც ძირფესვიანად შეცვლილები არიან. ის "ნაციონალური მოძრობა", რომელიც დღეს არსებობს, სრულიად განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობისგან",ძალიან დასუსტებულია... მოკლედ, ეს კომისია წმინდა პიარაქციაა. თუ აკრძალეს "ნაციონალური მოძრაობა", იქნებ წაადგეს კიდეც ქართულ პოლიტიკას და, ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციაში გამოჩნდნენ ახალი სახეები.
- დასასრულ მინდა ვისაუბროთ "ერთიანობის პლატფორმაზე", რომელიც სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეიქმნა, თუმცა იქ არ არიან "ნაციონალური მოძრაობა", მისი განაყოფი პარტია "ახლები"...
- მახსენდება ჩემი ერთი მეგობრის სულ სხვა თემაზე ნათქვამი ფრაზა და ახლა გავიმეორებ: "ამბიციები დიდია, შესაძლებლობები პატარა".
ასეთი ერთიანობა უნდა ყალიბდებოდეს ერთიანი ტაქტიკისა და სტრატეგიის გარშემო, არც ერთი ჩანს და არც მეორე ამ პლატფორმის შემთხვევაში. დიდი ხანია ქალბატონი სალომე ერთიანობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ცარიელი ლოზუნგია. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოება, სავარაუდოდ, იმიტომ არ შეუერთდნენ, რომ ისინი დაკარგავენ ლიდერობას, რაც არ სურთ. ამ ერთიანობის ლიდერად ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია თავი და არა გვარამია, მელია ან თინა ბოკუჩავა. მიმაჩნია, რომ ერთიან ფრონტს სჭირდება ერთიანი მმართველი ძალა და ერთიანი კარგად შემუშავებული ტაქტიკა და სტრატეგია. ჩემი აზრით, ამ პლატფორმას დიდი მომავალი არა აქვს - გამიხარდება, თუ შევცდები. ოპოზიციაში სტრატეგიულ აზროვნებასა და პროფესიულ მიდგომებს ვერ ვხედავ, ჩვენი პოლიტიკოსები დილეტანტები არიან.