"მალე 2 წელი გახდება, რაც ბებია გარდაიცვალა. ერთხანს ვფიქრობდი, რომ წერილს ერთად გავხსნიდით" - 25 წლის წინ ბებოს გაგზავნილი წერილის ამბავი - კვირის პალიტრა

"მალე 2 წელი გახდება, რაც ბებია გარდაიცვალა. ერთხანს ვფიქრობდი, რომ წერილს ერთად გავხსნიდით" - 25 წლის წინ ბებოს გაგზავნილი წერილის ამბავი

ვაგრძელებთ წერილების ადრესატების ისტორიების თქვენ წინაშე წარმოდგენას, რომელთაც გზავნილი 2000 წელს გამოუგზაცნეს.

32 წლის გიორგი ხვედელიძემ, ექიმმა ოტორინოლარინგოლოგმა, წერილი მამის დედისგან, ლილი ბარბაქაძე-ხვედელიძისგან მიიღო.

1000001724-1743956437.jpeg

- ბებიამ წერილი მე და ჩემს დას, შვილიშვილებს და "კვირის პალიტრას" მოგვწერა. თავის მემკვიდრედ მომიხსენიებდა და მთავარი მის წერილში მაინც მე ვარ და შემდეგ დანარჩენი შვილიშვილები.

წერილის შესახებ ვიცოდი, 6-7 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, ბებია როგორ წერდა და როგორ გამოგზავნა... მას მერე სულ მაინტერესებდა, რა მოგვწერა.

მალე 2 წელი გახდება, რაც ბებია გარდაიცვალა. ასაკოვანი იყო, 90 წლის, არადა, ერთხანს ვფიქრობდი, რომ წერილს ერთად გავხსნიდით. წერილი საინტერესოც აღმოჩნდა და სახალისოც... ასევე მნიშვნელოვანია მისი მაშინდელი ფიქრებისთვის თვალის გადავლება. წერს, ამ წერილს როცა მიიღებთ, ჩემი შვილიშვილები მოდით ბებია-ბაბუის საფლავზე, სანთლები დაანთეთო... ვარაუდობდა, რომ 25 წლის შემდეგ ცოცხალი არ იქნებოდა.

"კვირის პალიტრას" კი მადლობას უხდის, რომ საშუალებას აძლევს, წერილი დაწეროს. გაზეთის რედაქციას მოკითხვას უთვლის იმისთვის, რომ არსებობს - ძალიან მოსწონდა "კვირის პალიტრა".

სხვა სურვილებიც ჰქონდა, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობა...

მე და ჩემმა დამ ერთად გავხსენით და წარმოუდგენელი ემოციები გვქონდა. 25 წლის წინ გადავვარდით. მახსოვს, ბებია მაშინ როგორი იყო, მაგრამ ამ წერილით მისი აზრები სხვანაირად აღვიქვით. აკადემიური წერილია, რომელსაც ოჯახის არქივში შევინახავ.

werili-1743956437.jpg

ლილი ხვედელიძის წერილი:

"ძვირფასო პალიტრელებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს და დამდეგ ათასწლეულის დასაწყისს... ღმერთმა არ მოგაკლოთ მშვიდობა, დღეგრძელობა და ბედნიერი ცხოვრება. მე ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი და შეძლებისდაგვარად ვკითხულობ.

პატივისცემით ლილი ხვედელიძე

თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივულოცო ჩემს შთამომავლობას მესამე ათასწლეული. ღმერთმა დალოცოს ჩემი შვილები და შვილიშვილები. იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში, ჰქონდეთ მუდამ მშვიდობა, უღრუბლო ზეცა (ჩვენ ვცხოვრობთ მრავალტანჯვა გამოვლილ მესხეთ-ჯავახეთში). ჩემი სურვილია, ყველა ამ კუთხის მომავალ თაობას აღარ ენახოს ის ტანჯვა, წამება, რაც აქაურ ქართველებს.

ჩემს მემკვიდრე გიორგის!

ჩემო საყვარელო შთამომავალო, შევთხოვ მაღალ ღმერთს, გაიზარდე სასახელო ქართველი, შენი ერის საამაყო შვილი. რაც არ უნდა გამოხვიდე და სადაც არ უნდა წახვიდე, შენი სამშობლო და შენი გამზრდელი კუთხე არ გაცვალო სხვა ქვეყნის სამოთხეზე. კიდევ და კიდევ ღმერთს ვთხოვ, არ დაგჭირდეს სათქმელად, რომ რაც არ უნდა მტანჯოთ, მაწამოთ, მაინც ვიქნები ქართველი. ღმერთო, ისმინე ჩემი ვედრება და ჩემი ქართველი ერის მომავალი მუდამ ბრწყინავდეს.

მე ბედნიერი ვიქნები, თუ 2025 წელს ჩემი შვილიშვილები - გიორგი, სოფიკო, ლევანი, ლალი და ლია მოხვალთ თქვენი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, დაანთებთ თითო სანთელს და იტყვით, ჩვენ ბედნიერად ვიყოთ და თქვენ, ჩვენო წინაპრებო, ნათელში იყავითო.

თქვენი ბებია ლილი"