„კარგად იყავი, მამიკო, 25 წლით“...
- მამა 2025 წლის იანვარში გარდაიცვალა, მისგან წერილი კი ახლა მივიღეთ. მამას გარდაცვალების შემდეგ მამიდას გაახსენდა, რომ მას წერილი ჰქონდა დაწერილი. დავრეკეთ "კვირის პალიტრაში", რომ დაგვეზუსტებინა და დაგვიდასტურეს, რომ წერილი ნამდვილად იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდით მთელი ოჯახი. გამოქვეყნდა სიები და წერილიც ავიღეთ. ეს ძალიან ემოციური იყო, რადგან მამის გარდაცვალების ტკივილი ჯერ არ გაგვნელებია და უცებ, მისგან წერილი მოდის. დასაწყისშივე წერს მამა - თუ ცოცხალი ვიქნები, ხომ კარგი, თუ არადა, მინდა ჩემი ფიქრები გაგიზიაროო...
წერილში მამა თავის გაჭირვებულ ბავშვობასა და თავის დედაზე მიყვება... სხვისი არაფერი შეგშურდეს, მთელი ცხოვრება სხვების დახმარებაზე იფიქრეო. მისი დიდი სურვილი ყოფილა, რომ ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში ვიარო. საქართველოში არსებულ მაშინდელ მდგომარეობაზე, ეროვნულ მოძრაობაზე მიყვება და დანანებით ამბობს, როგორ ცხოვრობდა მაშინ ხალხი.
ფაქტობრივად, წერილში აღწერილი აქვს, როგორი უნდოდა, რომ ყოფილიყო ჩემი ცხოვრება.
ოჯახი შოკირებული ვიყავით ამ წერილის გამო. ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, თან საოცარი ის არის, რომელ წელსაც დაიღუპა, სწორედ ის წელი ჰქონდა მითითებული წერილის გახსნისთვის.
მამა 48 წლის გარდაიცვალა, სიმსივნით. წელიწადზე მეტი იავადმყოფა. ბევრი ვიბრძოლეთ, ბოლოს თურქეთშიც წავიყვანეთ, მაგრამ იქ ჩასული 3 საათის შემდეგ გარდაიცვალა.
წერილს ნიკას თანხმობით ვაქვეყნებთ და უცვლელად გთავაზობთ:
"ამ წერილს, ჩემო ნიკუშა, მიიღებ 25 წლის შემდეგ, როცა შენ 27 წლის, ხოლო მე 50 წლის ვიქნები. თუ ცოცხალი ვიყავი, ხომ კარგი, თუ არა და, მინდა ჩემი ფიქრები გაგიზიარო....
ამ წუთში 2 წლის და 4 თვის მამიკოზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი ხარ. სისხარტე და სითბო ზომაზე მეტი გაქვს ახლობლების მიმართ. თოთხმეტი წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. ამიტომ, ძალიან რთული იყო ჩემი ცხოვრება. როგორც შენ გიყვარვარ, ასე მიყვარდა ჩემი მამიკო და ასე გეყვარება შენც შენი შვილი.
სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ჩემი მამიკონიკონია მოვიდაო, და გამორბიხარ ჩემ შესახვედრად - მამიკო, რა მომიტანე?
ასეთივე სიყვარული ბევრია, რასაც ამ წერილში ვერ ჩავტევ. მინდა მაყვალა ბებოზეც იცოდე ცოტა რამე, ალბათ, 25 წლის მერე ცოცხალი აღარ იქნება. ის პიროვნებაა, ვისაც უსაზღვროდ უყვარხარ. საამაყო ბებო გყავს, ტანჯული. უმამობა არ მიგრძვნია, ისე გამზარდა. სად არ მუშაობდა იმისათვის, ლუკმა პური რომ არ დაგვკლებოდა. ეგრე შრომისმოყვარე გამზარდა მეც. არ დამზარებია არაფრის გაკეთება. რა არ გამიკეთებია, სად არ მიმუშავია იმისათვის, რომ დედაჩემისთვის არ მეგრძნობინებინა ის ტკივილი, რაც უმეუღლეობით გადაიტანა...
ამას იმისთვის გწერ, რომ შენც ესეთი გაიზარდო და არ შეარცხვინო ის სახელი, რასაც შენი გვარი და მეობა ჰქვია. არაფერი არ დაიზარო, იფიქრე და არ გაგიჭირდება. თუ ცოცხალი არ ვიყავი, გთხოვ, სიგარეტი არ მოწიო, თორემ ნაადრევად მოიკლავ თავს.
ჩემი ლექსების ბლოკნოტი შეინახე, არ დაკარგო, ნაწილობრივ ჩემი ცხოვრებაა აღწერილი. თუ შეძლებ, 3 შვილი გააჩინე მაინც, თუ მეტი არა. ცოლის მოყვანისას, თუ ამ დროს უკვე მოყვანილი არ გყავდა, კარგად დაფიქრდი, ბოლომდე გაიცანი, თუ გინდა ბედნიერი იყო.
სხვისი არაფერი შეგშურდეს. მთელი ცხოვრება სხვების დახმარებაზე იფიქრე. რაც მეტს გასცემ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდება. მამიკო, ისეთი არაფერი გააკეთო, იმ ქვეყანაზე წასულს ღმერთთან შეხვედრისა რომ შეგრცხვეს.
ყველაზე დიდი სურვილი, რაც მაქვს, ის არის, რომ ყოველ შაბათი-კვირა ეკლესიაში იარე. რა საქმეც არ უნდა გქონდეს, გადადე, თუ ღმერთისკენ იქნები, დაგინახავს. აღსარება აუცილებლად ხშირად თქვი, თუ გინდა სული გადაირჩინო. დილის და საღამოს, შვიდგზის ლოცვები იკითხე რეგულარულად. წასულებზე საკურთხი გააკეთე ხოლმე ეკლესიაში.
სულ იმის ცდაში იყავი, რაც შეიძლება ხშირად ეზიარო. ეს იყო, ანდერძით რაც მინდა, რომ იცოდე და გააკეთო.
მოკლედ, სასაცილო ბავშვი ხარ.
არ მასვენებ როცა ვწერ, ხან დედაბუში (ფელამუში) ჭამეო, ხან რასა წერო? ახლა ჩემი ხელი დავხატოთო და გახატვინებ.
საჭმელში ბევრი ფული არ გადაყარო, არ შეგერგება. დანაზოგი ფული შენზე გაჭირვებულებს მიეცი.
ცოტა რამე საერთო ყოფაზეც მინდა გითხრა. ქართველები ახლა ისეთ დღეში არიან, კინაღამ ერთმანეთი დაჭამონ. შუქი, წყალი, გაზი და ბოლო-ბოლო სამუშაო ადგილები არ არის. ხალხი ვაჭრობით ირჩენს თავს. უდიდესი გაჭირვება გადაიტანა ქართველმა ერმა. კორუფციონერებისა და შადიმანების კისერზე იყო.
1989 წლის 9 აპრილი ქართველი ერისთვის სისხლიანი დღე იყო. ხოლო 1990 წლის 9 აპრილს მამაჩემი დაიღუპა. მერე იყო სამაჩაბლოს ომი. მერე აფხაზეთის ომი, რასაც მოჰყვა ორივე ტერიტორიის დაკარგვა. იყო უპურობა, როცა პურის რიგში ღამეებს ვათევდით.
ახლა, მამიკო, აღარ მასვენებ და დავამთავრებ წერას. რამეთუ, აღარ ვიცი ამ მოკლე წერილში რა დავწერო.
ქრისტეშობის 2000 წელი თენდება. დალოცვილი იყავი მთელი შენი შთამომავლობით. ერთ ბიჭს თორმეტი მოციქულიდან, ერთ-ერთის სახელი დაარქვი.
კარგად იყავი, მამიკო, 25 წლით".
მარიამ როინიშვილი