რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები?! - კვირის პალიტრა

რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები?!

"ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" მიზნების მისაღწევად უფრო ეფექტური ადამიანები სჭირდებათ", - ამგვარად ხსნის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ხელისუფლებაში ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა შეცვალა. კობახიძე ლილუაშვილს ახალშექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს სათავეში მოიაზრებდა, თუმცა სუს-ის ყოფილმა შეფმა შეთავაზება არ მიიღო, მიზეზად კი სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები დასახელდა. ლილუაშვილის უარყოფილი პოსტი თბილისის მერის მოადგილე­ კახაბერ გულედანმა ჩაიბარა. პრემიერისვე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთმა დეპუტატმა, პაატა სალიამ გადაინაცვლა მთავრობაში და იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა. ყველასთვის მოულოდნელად ფეისბუკის პოსტით აცნობა თანამდებობის დატოვება საზოგადოებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და მიზეზად სიახლეების სურვილი დაასახელა.­ დღის ბოლოს მის პოსტზე შსს-ს წარმომადგენელი სულხან თამაზაშვილი წარადგინეს. თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამაც, მის ნაცვლად კი გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს საკადრო ცვლილებები, ამ და სხვა საკითხზე ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

- საკადრო ცვლილებებში უცნაური არაფერია, ერთადერთი, რამაც მცირე­ გაუგებრობა გამოიწვია, ლილუაშვილის უარი იყო რეგიონული განვითარების მინისტრის­ პოსტზე. კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე მეტი განმარტება გაკეთებულიყო. რაც შეეხება რიჟვაძეს, მან სერიოზული ჩავარდნების გარეშე იმუშავა. მისი ამ პოსტზე ყოფნა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ XX საუკუნის შემდეგ ზემო აჭარის წარმომადგენელი პირველად მართავდა ავტონომიას, რომელიც­ პოლიტიკური კატაკლიზმების შემდეგ შეიქმნა. რაც შეეხება ბატონ თამაზაშვილს, ვფიქრობ, ის ძალიან კარგი კანდიდატია იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტებია დაგე­გმილი და კარგად გაართმევს თავს. ვგულისხმობ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას. ეს ძალიან რთული სტრუქტურაა როგორც მშენებლობის, ასევე მისი სტრუქტურული დატვირთვის მხრივ. ასევე დაგეგმილია, რომ არაბული ინვესტიციების დიდი ნაწილი გონიოს შემოგარენს მოხმარდეს. ძალიან რთული პროცესები მოჰყვება ამ ყველაფერს და საჭიროა ეფექტური მმართველი.

კიდევ ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას - რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია რეგიონული მართვის სამინისტროს შექმნა. როგორც ჩანს, რეგიონების განვითარებაში დიდი ფინანსური ნაკადები ჩაიდება.

- კულუარული ინფორმაციით, რიჟვაძის გადადგომა კობახიძისთვისაც მოულოდნელი იყო.

- ჩემი აზრით, ამ საქმეში ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ არის. თავი რომ დავანებოთ იმ პერიპეტიებს, ბოლო დროს რა ფორმა და სახეც მიიღო ქართულმა დემოკრატიამ, ეს ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ავტონომიის ხელმძღვანელის პოზიცია, ასე თუ ისე, ყურადსაღებია ჩვენი აფხაზი ძმებისა და ოსებისთვის. ამიტომ კარგი იქნებოდა, რიჟვაძეს, თუ ეს ნამდვილად მისი გადაწყვეტილება იყო, უფრო არგუმენტირებულად დაესაბუთებინა გადადგომის მიზეზი. იმის თქმა, ავტონომიას 7 წელი ვმართავდი და ახლა უნდა დავისვენოო, საკმარისი არ არის. თუ ამ გადაწყვეტილების უკან კობახიძე იდგა, რომელიც, თავის მხრივ, ივანიშვილის ხელდასხმით იღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ მან უნდა გვითხრას, რა მოხდა და რატომ. თუ ჩვენ არ ვთვალთმაქცობთ, უნდა ვთქვათ ის, რაც ნამდვილად ხდება. მაგალითად, როდესაც "ოცნება" "ნაცმოძრაობის"­ საქმიანობას აფასებს, ეს კარგია, მაგრამ კარგი არ არის "ოცნების" მართვის ფორმა.

- რა მნიშვნელობა აქვს 13 წლის შემდეგ "ნაცმოძრაობის" საქმიანობის შეფასებას?..

- მესმის, დაგვიანებული პროცესია, მაგრამ "ოცნებას" აქვს პასუხი, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია არ უნდოდა და ასრულებდა მოთხოვნას, რომ მათ შორის ურთიერთობა კოჰაბიტაციის ფარგლებს არ გასცდენოდა. მეორე მხრივ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ცოტა ხნის წინ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგა­რეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" რეპრესიებმა და დემოკრატიული უკუსვლის პროცესმა ჩვენი უსაფრთხოების დაქვეითება გამოიწვია. აგერ ჩეხეთის ელჩი ამბობს, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყოო. ამას პასუხი ხომ უნდა გაეცეს?

- ის, რაც ახლა ხდება, არის თუ არა დემოკრატიული პროცესის უკუსვლა?

- რა თქმა უნდა, უკუსვლაა, მაგრამ არც სააკაშვილი­ იყო დემოკრატიის შუქურა. იმ ფაქტმა, რომ ევროპა სააკაშვილის რეპრესიულ მმართველობას ობიექტურად არ აფასებდა, ფასი დაუკარგა ევროპელი­ ლიდერების სიტყვას, განსაკუთრებით, ტრამპის ფაქტორის შემდეგ.

- ფიქრობთ, რომ "ოცნებას" ტრამპთან ურთიერთობის იმედი საბოლოოდ გადაეწურა?

- ასე კატეგორიულად არ ვიტყოდი,­ იმედი გადაწურული არ არის... ერთადერთი პრობლემური საკითხი რაც არის, ჩვენი ოპოზიციის მოკავშირე ჟურნალისტის შეკითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის წერილობითი პასუხია, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოში არსებული ვითარება.

- შეფასებას ობიექტურად არ მიიჩნევთ?

- ეს ვრცელი საუბრის თემაა. ფაქტი­ ის არის, ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში არსებული ვითარება და ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. არის მეორე საკითხიც, რასაც ზაზა შათირიშვილის მანიფესტი მოჰყვა. ეს ამბავი კი იმით დაიწყო, რომ ელჩი დანიგანი ვიცე-პრემიერ დავითაშვილს შეხვდა და სავარაუდოდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ოფიციალური გზავნილი გადასცა. ვფიქრობ, გზავნილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტს და იქ გაფორმებულ ხელშეკრულებას შეეხებოდა. თუ გავითვალისწინებთ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ჩინეთის შესახებ, ყველაფერი ნათელი ხდება. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ პანამის არხის შესასვლელ-გასასვლელთან ჩინური კაპიტალით ჩინური ინფრასტრუქტურა ეწყობოდა, მაგრამ სახელმწიფო მდივან რუბიოს პანამაში ვიზიტის შემდეგ პეკინმა უარი თქვა ჩინელებისთვის პორტების აშენებისა და მართვის უფლების გადაცემაზე. ჩემი აზრით, ამ კონტექსტში იყო ანაკლიის პორტიც. არადა, მაშინ როდესაც ჩვენ დასავლური ინვესტიციებით არ ვიყავით განებივრებული, ჩინეთი რუსეთის ალტერნატივად მოიძებნა. როგორც ჩანს, სწორედ ჩინური ალტერნატივის წინააღმდეგია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და ამას მოჰყვა­ შათირიშვილის მანიფესტი, რომელშიც­ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა გაცხადებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ვითარება ძალიან რთულია და მეტი ძალისხმევა გვმართებს, რომ ჩვენს ნაბიჯებს გამოუსწორებელი შედეგები არ მოჰყვეს. შეიძლება ჩვენ იმაზე არანაკლებ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართვა.

- როგორც კახა კალაძემ განაცხადა,­ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ბევრს საუბრობს­ დიფ სთეითთან ბრძოლაზე, თუმცა­ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.

- დიახ, შათირიშვილისა და კალაძის დასკვნები, რომ ტრამპი დიფ სთეითის ნების აღმსრულებელი გახდა, ცოტა ნაჩქარევი­ მგონია. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ახალი პოლიტიკური ტერმინებით მანიპულირება სიკეთეს არ მოგვიტანს.

- რას გულისხმობთ?

- დიფ სთეითი მანამდე არსებობდა, ვიდრე თავად ტერმინი გაჩნდებოდა.­ ჩვენ ვიცით, რომ მონარქიების დიდი ნაწილის დაცემის შემდეგ დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ხანა დადგა და ამას მოჰყვა დიფ სთეითის გაჩენა. უბრალოდ, ასეთი სახელი­ არ ერქვა. ასე განსაჯეთ, დიფ სთეითი ავტორიტარულ და ტოტალიტარულ ქვეყნებშიც კი არის. შესაბამისად, ამ ცისქვეშეთში­ ახალი არაფერია. სულაც არ იყო გარანტირებული, რომ ტრამპი დიფ სთეითს დაამარცხებდა, რადგან ის ძალიან სერიოზული­ ძალაა. რამდენიმე მთავარი მოტივია, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედაპირულად მოტივტივე ინფორმაციის ოკეანეში აღმოვჩნდებით. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრამპი გლობალისტია და ტრამპიზმი არის გლობალიზმი, რომელიც სულ ახალი და ახალი პრაქტიკების შექმნას გულისხმობს შეერთებული შტატების ჰეგემონობის გადასარჩენად მსოფლიო პროცესებში. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ტრამპი პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის­ პოსტზეც დიფ სთეითის ნაწილი იყო, ისევე­ როგორც ილონ მასკი, ცუკერბერგი და ბევრი სხვა, რომლებიც­ დიფ სთეითიდან გამოსულმა და საპრეზიდენტო მარათონში­ ჩაბმულმა ტრამპმა გადაიბირა და დიფ სთეითს მიაყენა უძლიერესი დარტყმა, მაგრამ დარტყმა ისეთი მაინც არ აღმოჩნდა, რომ დიფ სთეითი ტრამპს დამორჩილებოდა. ეს ყველასთვის ცხადია.

ტრამპი­ შიგადაშიგ იძულებულია უკან დაიხიოს და უარი თქვას წინასაარჩევნოდ გაცემულ მთელ რიგ დაპირებებზე. მას შემდეგ, რაც მასკის მფლობელობაში არსებული "ტესლას"­ გაყიდვების ოფისები და თავად "ტესლას" ავტომობილები გაანადგურეს დემონსტრანტებმა, მასკმა განაცხადა და ტრამპმაც დაადასტურა, რომ მასკი მაისში ადმინისტრაციიდან წავა და თავისი საქმით დაკავდება. ამიტომ დიფ სთეითზე ასეთი საყველპურო და კონიუნქტურული განცხადებების გაკეთება არ შეიძლება.

ხათუნა ბახტურიძე