დაიწყება თუ არა ახალი დიდი ომი საქართველოს ყურისძირში?! - კვირის პალიტრა

დაიწყება თუ არა ახალი დიდი ომი საქართველოს ყურისძირში?!

ტრამპის საგარეო პოლიტიკა უკრაინიდან სხვა საერთაშორისო კრიზისებზეც ვრცელდება და ირანს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას აიძულებს. ირანი უარს ამბობს აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვაზე ბირთვული პროგრამის შესახებ, რომელიც "სწრაფად ფართოვდება". ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რაც თეირანის პირველი ოფიციალური პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილზე, რომელიც მანამდე ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა.

ფეზეშქიანის თქმით, ირანის ხელისუფლების პასუხი ტრამპის წერილზე არ გამორიცხავს არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას. "ჩვენ არ გავურბივართ მოლაპარაკებებს. აქამდე ეს იყო დარღვეული დაპირებები. აშშ-მა უნდა დაამტკიცოს, რომ სანდოა", - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ჯერ კიდევ ირანის პრეზიდენტის გამოსვლამდე, დონალდ ტრამპმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ირანი არ მიაღწევს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, "იქნება დაბომბვა ისეთი მასშტაბით, როგორიც ირანს აქამდე არ უნახავს". ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ ირანს სანქციებს გაუმკაცრებს.

მიაღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე, გაჩნდება თუ არა ახლო აღმოსავლეთში ომის ახალი კერა და რა საფრთხეები შეექმნება ირანის სამეზობლოს ჩვენი რეგიონის სახით, ამ საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტს ვასილ პაპავას ვესაუბრეთ.

- ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ზეწოლას ცდილობს, სურს აიძულოს დათანხმდეს მოლაპარაკებაზე ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ, თუ ირანზე დარტყმისთვის ემზადება?

- ტრამპის განცხადებებსა და უკრაინასთან ომის დასრულების ცდებს თუ გავითვალისწინებთ, ირანთან ომის დაწყება სავსებით ალოგიკურია. რუსეთ-უკრაინის ომი ისეთი მასშტაბურია, ორივე მხარეს იმდენი ადამიანია დაღუპული, აპირებდე ისეთი ომის გაჩაღებას, რომელიც გაცილებით სასტიკი და დამანგრეველი იქნება ახლო აღმოსავლეთისთვის და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვის. მსოფლიო ეკონომიკის 70%-მდე მიბმულია ახლო აღმოსავლეთზე, საიდანაც გაედინება ნავთობი და გაზი, რაც ჯერჯერობით მსოფლიო ეკონომიკის გენერატორია. ამ ენერგორესურსების ჩანაცვლების სხვა რესურსი არ არის. აქედან გამომდინარე, ტრამპის განცხადება უფრო კუნთების თამაშს ჰგავს ირანთან ატომური პროგრამის შეჩერების ახალი ხელშეკრულების დასადებად. 2015 წელს ვენაში ირანმა მსოფლიოს ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის პირობებით თეირანს უნდა შეეზღუდა ბირთვული პროგრამა, ხოლო დასავლეთს სანაცვლოდ უნდა გაეუქმებინა ირანისთვის დაწესებული, ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული ეკონომიკური სანქციები. 2018 წელს (ტრამპის ადმინისტრაცია იყო) აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ირანს მკაცრი სანქციები დაუწესა, საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმა. მოლაპარაკება თითქმის 10 წელს გრძელდებოდა და დასკვნაში ეწერა, რომ ირანი ასრულებს იმ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ხელშეკრულებით იქნა გაფორმებული, თუმცა ამერიკის გასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ახლა,

უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში, მეორე, გაცილებით სასტიკი და ხანგრძლივი ომის გაჩაღება ვერ ჯდება ტრამპის ადმინისტრაციის მისწრაფებებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ირან-ამერიკის ომი გამორიცხულია.

ირან-ამერიკას შორის დაიწყება თუ არა კონფლიქტი, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რამდენად ძვირი დაუჯდება ეს ორივე მხარეს. გასაგებია, რომ ირანის სამხედრო მანქანა ვერ გაუმკლავდება ამერიკისა და ისრაელის კომბინირებულ საჰაერო შეტევას, თუ საქმე აქამდე მივიდა, მაგრამ ირანი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა, რომელსაც კარგად გამაგრებული მიწისქვეშა სამხედრო ობიექტებიც აქვს.

- როგორ მოიქცევა ირანი, ტრამპი გახდის იძულებულს წამოიყვანოს მოლაპარაკებაზე?

- ირანი მოდიოდა ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, მაგრამ რაც ამერიკა 2018 წლის მაისში ვენის ხელშეკრულებიდან გავიდა, დაირღვა იმიტომ, რომ იმხანად ევროპა ამერიკაზე იყო მიბმული და ამერიკის გასვლით სანქციების რეჟიმი დაირღვა, მისი შემსუბუქების პოლიტიკა წყალში ჩაიყარა და პლუს მაშინ ამერიკამ გასვლისთანავე ირანს გაცილებით მკაცრი სანქციები დაუწესა. ახლა ალოგიკურად ჩანს, ერთი მხრივ, სამშვიდობო წინადადებები უკრაინის საკითხზე, მეორე მხრივ კი ახლო აღმოსავლეთში ისეთი კონფლიქტის გაჩაღება, რომელიც მთლიანად მოანგრევს ახლო აღმოსავლეთს. ირანს არაბული ქვეყნებისა და თურქეთის შემაკავებელი როლი აქვს. მას არა აქვს ტერიტორიების გაზრდა-შემოერთების პრეტენზია, მაგრამ აქვს სხვა კუთხის ექსპანსიონიზმი - რეგიონში მცხოვრებ შიიტებზე ზრუნვა, მფარველობა და მათზე დაყრდნობით გავლენის გაზრდა (იქნება ეს ლიბანი, ერაყი თუ სხვა ქვეყნები, სადაც შიიტები მრავლად არიან). ისეთ სახელმწიფოს, როგორიც ირანია, საჰაერო დარტყმებით ვერ დაამარცხებ. მსგავსი დაბომბვები გვინახავს ავღანეთში 20 წლის განმავლობაში და მოვიდა ის დაჯგუფება, ვისაც ბომბავდნენ - "თალიბანი" კვლავ ხელისუფლებაშია. ირანში შიიზმი მთლიანად სახელმწიფო ორგანიზმია, მათი რელიგია და მათი მთავარი მქადაგებლები არიან აიათოლები. ამის ჩამოშლა დაბომბვებით შეუძლებელია და ამერიკა მიზანს ვერ მიაღწევს. ამიტომ შემდეგ ბრძოლა ხმელეთზე გადაინაცვლებს, რადგან ამერიკის საჰაერო დარტყმებს ირანი ისე ვერ უპასუხებს, როგორც საჭიროა. ის ამერიკას ძლიერ ჩამორჩება სამხედრო ტექნოლოგიით, მაგრამ ხმელეთზე დიდი შესაძლებლობები, დიდი გავლენები აქვს, მათ შორის ერაყშიც, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია. ირანს აქვს ისეთი ბერკეტები, რაც დასავლეთსაც დააზარალებს - ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. თუ არ ვცდები, სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის გავლით 30% ნავთობი და გაზი გადის, ამიტომ ირანის სახელმწიფოებრიობას საფრთხე თუ დაუდგა, ეს მისთვის ძალიან დიდი ბერკეტია. არ დაგვავიწყდეს რუსეთი და ჩინეთიც, რომლებიც დასავლეთთან კონფრონტაციის ფონზე საეჭვოდ გამოჩნდება, ირანს რომ არ დაეხმარონ, თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ირანი ჩამოშალეს, ჩინეთის გავლენა ძლიერ შესუსტდება. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სწორედ ჩინეთის ხელშეწყობით შერიგდნენ შარშანწინ საუდის არაბეთი და ირანი. თუ სიტუაცია დაიძაბა, რუსეთი ირანს დაეხმარება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მას აწყობს დასავლეთთან დაპირისპირებული ირანი, სირიაში მის გავლენას ძირი გამოეთხარა და მისი ბაზა ჰაერშია გამოკიდებული.

ჩემი აზრით, ტრამპის ასეთი ხისტი მიდგომა დაკავშირებულია იმასთან, რომ თუ ავიღებთ 2015 წლის ვენის ხელშეკრულებას, მთლად დომინანტი ამერიკა არ ყოფილა, ინიციატორი ჩინეთი იყო.

ამერიკას ჩინეთთან ახლა დიდი სავაჭრო ომი აქვს, რუსეთი ჩაფლულია უკრაინასთან ომში, რუსეთის პოზიციები შესუსტდა სირიაში და ამ ყველაფრის ფონზე ირანის ქეისის წამოწევით, როგორც ჩანს, ირანთან იძულებითი პოლიტიკით ტრამპს სურს უკრაინის ანალოგიური სამშვიდობო მისია - ანუ ამერიკა მივიდა დასკვნამდე, რომ არ ღირს ევროპელების ჩართვა ამ საკითხში, ვინაიდან როცა გამოვიდა ვენის ხელშეკრულებიდან, ევროპამ ვერაფერი გააკეთა. ახლა ამერიკა თავის თავზე იღებს ინიციატივას, თვითონ მიაღწიოს ირანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას, როგორც ეს ჩრდილო კორეასთან გააკეთა და ქულებიც დაიწერა.

- ისრაელში წლების წინ იყო ვარაუდი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს იყო. მან თუ ამას მიაღწია, სხვა ისლამური სახელმწიფოებისთვის გახდება მოტივაცია, რომ მათაც დაიწყონ ატომური იარაღის წარმოება?

- ირანს ატომური იარაღი რომ ნდომოდა, არც 2015 წელს ვენის შეთანხმებაში მიიღებდა მონაწილეობას. მაგალითად, ჩრდილო კორეა მსგავს მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა და შექმნა ატომური იარაღი. ის პაკისტანმაც შექმნა და წაუყრუეს, რადგან ინდოეთის საპირწონედ სჭირდებოდათ, სხვა მხრივ ინდოეთი მას გადაყლაპავდა. ირანმა რომ ბირთვული იარაღი შექმნას, მერე ამაზე დაიწყებენ მუშაობას თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ეს რაში აწყობს? ირანი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ახლო აღმოსავლეთში ნაციონალური სახელმწიფოა იმ გაგებით, რომ უწყვეტი სახელმწიფოებრიობა ჰქონდა სხვადასხვა დინასტიის მეთაურობით, ათასწლოვანი სახელმწიფოა და მასთან მუქარით საუბარს აზრი არა აქვს. ადგება და ხელს მოაწერს? ეს აბსურდია. მარტო "ტვიტერზე" კი არ წერს ტრამპი, კულისებს მიღმაც მიდის მოლაპარაკებები და ირანთან მოლაპარაკება თუ ჩაიშალა და ომი გადაწყვიტა, მაშინ უკრაინასთან მიზნის მიღწევაც გამორიცხეთ - ირანთან ფართომასშტაბიან ომს თუ აჩაღებ, უკრაინასთან რისი მომგვარებელი ხარ? ეს ომი ძალიან ძვირი დაუჯდება ორივე მხარეს და უღირთ კი რეგიონის უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლა? ირანს ასე მარტივად ვერ ჩამოშლიან. თუ ტრამპი ისლამს დაეჯახება, სახმელეთო ოპერაცია თეორიულ დონეზეც არ ექნებათ, კატასტროფა იქნება, მთელი ამერიკის ჯარები შეიძლება შეაწყვიტონ. ისიც გაურკვეველია, მიზანს - ირანის ოკუპაციას მიაღწევენ თუ არა, ამას ბევრი ქვეყანა არ დაუშვებს.

- დავუშვათ მართლაც დაიწყო მასშტაბური ომი, რა ელის ირანის სამეზობლოს, კონკრეტულად, ჩვენს რეგიონს?

- პრობლემა იქნება დევნილების დიდი ნაკადი. ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს და ისინი ავღანეთის საზღვრისკენ კი არა, თურქეთისკენ, ერაყისკენ ან კავკასიისკენ წამოვლენ. მეორე - ლტოლვილებს მოჰყვება ეკონომიკური პრობლემები და ასევე, ჰუმანიტარული კატასტროფა.

ირანის ჩამოშლა ახალი განუკითხაობა იქნება მომდევნო 100 წელიწადს. მსგავსი სცენარის განვითარება ძვირი დაუჯდება თვითონ რეგიონს. ბევრი ალოგიკურობა გვინახავს, არაფერია გამორიცხული, მაგრამ უკრაინის ქეისიც ჩაიშლება და აქ ისეთი ხანგრძლივი ომი იქნება, ტრამპის ადმინისტრაცია ვერც დაამთავრებს. ამერიკა ჯერ ზეწოლას ცდილობს და თუ მართლაც დაბომბა ირანი, ირანის რაკეტები, სადაც ისრაელამდე მიაღწია, რეგიონშიც თავისუფლად მისწვდება ამერიკულ ბაზებს - ბაჰრეინი იქნება, ქუვეითი, ყატარი, საუდის არაბეთი თუ ერაყი. იქ უკვე სიმბოლურ დარტყმებს არ დასჯერდებიან. ყველაფერი დამოკიდებულია, რა ტიპის სამხედრო ოპერაცია ჩატარდება (თუ ჩატარდა) და რა ტიპის ზიანს მიაყენებენ ირანს. თუ ამერიკამ ირანს კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაუნადგურა, მაშინ დაპირისპირება ხმელეთზე გადაინაცვლებს და იქ ვინ გაიმარჯვებს, ძნელი სათქმელია.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების გარანტორი არც ერთი სახელმწიფო არაა. უბრალოდ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მას ჩინეთი და რუსეთი დაეხმარებიან. ჩინეთი დიდი შეღავათებით ყიდულობს ირანის ნავთობის 40%-ს. ირანს რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს, მოკავშირეს ვერ დავარქმევ, მაგრამ მტრული დამოკიდებულება არა აქვს. ირან-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ, 2024 წელს დაახლოებით 5 მილიარდს მიაღწია, ხოლო იმავე პერიოდში თურქეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 55 მილიარდს გადასცდა. ამავე დროს, თურქეთი ებრძვის რუსეთის ინტერესებს ლიბიაში, უკრაინაში, ებრძოდა სირიაში, სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე, თურქეთი, რომელიც არც ერთ წერტილში არ ებრძვის რუსეთის ინტერესებს, დიდი შანსია, ამ კონტექსტში რუსეთი ირანს დაეხმაროს - ამის ალბათობა დიდია.