„ნარკოპოლიტიკის გამკაცრება პრობლემას ვერ გადაწყვეტს“
"მსოფლიოში წუთში ზედოზირებით 68 კაცი კვდება. ამის მიზეზი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებია. პრობლემა ისაა, რომ მიწაში ჩადებულ ნარკოტიკებში შეიძლება შერეული იყოს ნებისმიერი ნივთიერება, რაც შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს ვეტერინარული ანალგეტიკი და ტრანკვილიზიტორები, ფენტანილი ან ნებისმიერი სხვა ნივთიერება, რომელიც არ კონტროლდება. არავინ ამოწმებს ამ ნარკოტიკების ხარისხსა და შემადგენლობას. ბოლო დღეებში ვკითხულობ ბევრ სტატიას სხვადასხვა ქვეყანაში დარკნეტის მარკეტპლეისების შესახებ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამჟამად ოთხი უზარმაზარი მარკეტპლეისია. ყველაზე დიდი ტრაფიკი დაკავშირებულია მეფედრონისა და ალფა-პვპ-ის დისტრიბუციასთან. ამასთან, დაყენების მეთოდები იხვეწება, ნარკოტიკების ქიმიური ფორმულები იცვლება, რაც კიდევ უფრო ტოქსიკურ კომპონენტებს ამატებს. მიწოდების ტექნიკა სულ უფრო რთული და უსაფრთხო ხდება დილერებისთვის, რაც სამართალდამცავებისთვის პრობლემას ქმნის. მსოფლიო, მათ შორის სააქართველო, ამ გამოწვევას ჯერ ვერ უმკლავდება...", - ეს საგანგაშო სტატუსი თავის ფეისბუქგვერდზე ცნობილმა ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ გამოაქვეყნა. მდგომარეობა უმძიმესია და ხელისუფლება კანონის გამკაცრებას გეგმავს. თუმცა სპეციალისტების დიდი ნაწილის აზრით, მოსალოდნელი ცვლილებები რთულ ვითარებას არ შეცვლის. ჩვენი რესპონდენტია "მანდალას" დამფუძნებელი თემურ ხატიაშვილი, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ნარკომომხმარებლებთან.
- ბოლო წლებია ბაზარზე სიტუაცია უცვლელია, ისევ თავისუფლად ხელმისაწვდომია ყველანაირი ნარკოტიკი. ზოგჯერ აღმავალი და დაღმავალი პერიოდებია, მაგრამ საერთო ჯამში სურათი არ იცვლება, ყველა ტოქსიკური, მავნე ნივთიერება ხელმისაწვდომია. რაც მთავარია,
შესაფერისი სერვისი არ არსებობს, რომელიც მომხმარებელმა უნდა მიიღოს, როცა თავის დაღწევა ან კრიზისის მართვა, ან ჩანაცვლება სურს. უფასო სერვისებზე ლაპარაკიც ზედმეტია...
შემიძლია ჩამოვთვალო, რა ნივთიერებები იყიდება, მაგრამ უფრო ადვილი იქნება იმის ჩამოთვლა, რა არ არის, იმიტომ, რომ თითქმის ყველა ნივთიერება, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანაში იყო, ახლაც ადვილად ხელმისაწვდომია. სულ ორი-სამი ნივთიერებაა, რომლებიც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი მიზეზთა გამო, ერთ-ერთია "კრეკი", დაბალი ხარისხის გადაუმუშავებელი კოკაინი, რომელიც კრისტალური ფორმის არის და ეწევიან ხოლმე. ევროპაში და განსაკუთრებით ამერიკაში, შეიძლება ითქვას, ამ ნივთიერების პანდემიაა, მაგრამ საქართველოში არ იშოვება. მეორეა ფენტანილი, რომელიც ცალკე ნივთიერებად არ არის საქართველოში შემოსული, ევროპაში კი უკვე შევიდა ფენტანილი და ბევრი მომხმარებელიც ჰყავს. ამერიკაში აბსოლუტურად ყველა ფენტანილის მომხმარებელია. ფენტანილი ჩინეთში იწარმოება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გამიზნულად შეიტანეს ამერიკაში. ამაზე ტრამპმაც გააკეთა განცხადებები. საქართველოში ფენტანილის კვალს ზოგჯერ აღმოვაჩენთ ხოლმე კლუბურ ნარკოტიკებში, სტიმულატორებში. ჩვენს ორგანიზაციას აქვს ნივთიერებების ტესტირების სერვისი და ერთ-ერთი ტესტერი ფენტანილისაა. თვე არ გავა, არ აღმოჩნდეს სხვადასხვა ნივთიერებაში ფენტანილი.
- ამბობენ, რომ ვეტერინარული ანალგეტიკები და ტრანკვილიზატორებიც იყიდება.
- ფენტანილი გამოიყენება როგორც ვეტერინარიაში, ასევე ჩვეულებრივ მედიცინაში, საავადმყოფოებში ნარკოზისთვის. უბრალოდ, ეგ ფენტანილი სხვა სახის ფენტანილია, ხოლო ქუჩაში რომ იყიდება ფხვნილად, ის ცოტა სხვა სახისაა. ფენტანილი 50-ჯერ ძლიერია ჰეროინზე. კიდევ არის კეტამინი, რომელიც ნარკოტიკების სიაში ახლა შეიყვანეს, გამოიყენება ასევე ანესთეზიად ცხოველებშიც და ადამიანებშიც. კეტამინი, ფენტანილისგან განსხვავებით, ტოქსიკური არ არის, ზედოზირებას არ იწვევს და სიკვდილის რისკი, ფაქტობრივად, არა აქვს.
- სულ მოუწოდებთ მომხმარებლებს თქვენთან მოვიდნენ და დატესტვის გარეშე არ გამოიყენონ ნივთიერება.
- ბევრი ვერ მოდის რამდენიმე მიზეზით: პირველი - ჩვენი სერვისი არ არის იმდენად მასშტაბური, რომ ქვეყნის გამოწვევა სრულყოფილად დააკმაყოფილოს. მხოლოდ ერთი ორგანიზაცია ვართ, რომელსაც მსგავსი მომსახურება აქვს. დიდი პრობლემაა შიშიც, თუნდაც ცოტა ნიმუში, რომელიც ტესტირებისთვის საჭიროა, თუ აღმოუჩინა პოლიციამ, საკმარისია, რომ რამდენიმე წლით მოხვდე ციხეში. ბევრი გვწერს, რომ სურთ დატესტვა, მაგრამ... კითხულობენ, ხომ არ არის გამოძახების სერვისი, ან თუ შეგვიძლია გარანტია მივცეთ, რომ არ დაიჭერენ, მაგრამ გარანტიას ვერ ვაძლევთ იმიტომ, რომ თავად არა გვაქვს სახელმწიფოსგან.
- მსურველმა ნივთიერება ადგილზე უნდა დატესტოს?
- შეიძლება ტესტერის გატანებაც, მაგრამ სრულფასოვანი კვლევისთვის საჭიროა ნიმუშის ჩვენთან მოტანა.
- ზედოზირებით სიკვდილიანობის შემთხვევები ხომ არ შემცირდა?
- ჩვენ დასვენების დღეებში კლუბებში ვმუშაობთ და ვცდილობთ შევიტანოთ ჩვენი მომსახურება. კვირა არა გავა, ადამიანის გადარჩენამ არ მოგვიწიოს სხვადასხვა გზით, ნალოქსონის მიწოდება ან სხვა პირველადი დახმარების გაწევა. გასულ კვირას გალურჯებული გოგონა ვნახეთ, რომელსაც სუნთქვა გაჩერებული ჰქონდა, და მისი გაცოცხლება მოვახერხეთ. სამწუხაროდ, თვეში ზედოზირებით გარდაცვალების ორი-სამი შემთხვევა მაინც არის. კლუბს ერთადერთი მიზანი აქვს, ოღონდ მის ტერიტორიაზე არ დაიღუპოს ვინმე და გარეთ თუ მოხდება, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ჩვენ მხოლოდ ერთ კლუბში ვახერხებთ მუშაობას. არადა, ხუთი-ექვსი ისეთი დიდი კლუბია, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას მუშაობს.
- ნარკოტიკის შოვნა პრობლემა აღარ არის?
- ნებისმიერს უპრობლემოდ შეუძლია "ტელეგრამის" გამოყენებით, ჩარიცხვა-გადარიცხვითა და მისამართებზე დადების გზით ნებისმიერი ნივთიერების ყიდვა. სხვათა შორის, ეს დიდი პრობლემაა, - ტყეებში, სადარბაზოებსა და სხვა ადგილებში დამალულ ნივთიერებს ხშირად სხვა ადრესატები პოულობენ და არც იციან, რა ნივთიერებაა. ხშირია "გადაგდების" ფაქტებიც. მეტსაც გეტყვით, შედარებით შეჭირვებული მომხმარებლები ხშირად დადიან ისეთ ადგილებში, სადაც დებენ ხოლმე კურიერები ნარკოტიკს და სხვისთვის დადებულის პოვნას ცდილობენ. ჩვენთან მოსული ბენეფიციარების ნახევარი მაინც ნაპოვნი წამლის დასატესტად მოდის.
- ხელისუფლება აპირებს კანონის გამკაცრებას, რა აზრის ხართ ამაზე?
- ცვლილებები ორ მიზანს ემსახურება: ეს არის პოპულისტური ნაბიჯი, ზედოზირების ბევრი შემთხვევაა, ეს იციან და ამ პრობლემას თითქოს კანონის გამკაცრებით უპირისპირდებიან. მეორე მიზანია პოლიციური ბერკეტების მეტად გაძლიერება. პოლიციას მეტი ბერკეტი ექნება ნარკოტიკის ჩადების, ადამიანებზე ზემოქმედების, რაღაცების იძულების და ა.შ.
ნარკოპოლიტიკა უარესად მკაცრი იყო წინა ხელისუფლების დროსაც და დადებითი არაფერი მოუტანია. მე თვითონ გამოცდილი მომხმარებელი ვარ და ამაზე დაყრდნობითაც შემიძლია ვთქვა, როცა ყველაზე მკაცრი იყო მიდგომები, ციხეში რომ სასწაულები ხდებოდა, მაშინაც კი არ შემცირებულა მომხმარებლების რიცხვი. რაღაც ნივთიერებები გაქრა, სამაგიეროდ, აფთიაქში ნაყიდი ტაბლეტებით ვხარშავდით "კრაკადილს", "ვინტს" და ა.შ.
სანამ გამკაცრებული კანონი შევა ძალაში, დღეს ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა - ამაზე მეტი გამკაცრება რა იქნება.
- მაშინ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- როდესაც სახელმწიფო ერთი წლის განმავლობაში 20-30 მილიონს ხარჯავს მომხმარებლების დევნასა და მათ დასჯაში, ხოლო მათ რეაბილიტაციაში 1 და 2 მილიონს, ამ პროპორციითაც ჩანს, რა არის გასაკეთებელი და რას ვაკეთებთ არასწორად. ჩვენი ორგანიზაციის მსგავს მომსახურებას სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი. მინიმუმ, გარანტია ხომ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენთან მოსულ ბენეფიციარს საფრთხე არ დაემუქრება. ჩემნაირი ორგანიზაციების, სამხარაულის ან საექსპერტო დაწესებულებების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი მუშაობით უნდა ვახდენდეთ ნარკობაზრის მონიტორინგს. ყველა საშიში ნივთიერების შემოსვლისთანავე ოპერატიულად უნდა ვახდენდეთ მომხმარებლების ინფორმირებას. რასაც ჩემი ორგანიზაცია აკეთებს, ზღვაში წვეთია, მხოლოდ ინიექციური მომხმარებელი 54000 კაცი გვყავს. ამაში არ შედის კლუბური ნივთიერების მომხმარებელი, რომელიც, უხეში დათვლით, 4-ჯერ მეტია. ცალკე არიან მარიხუანას და ალკოჰოლის მომხმარებლები. მარიხუანას მომხმარებელი უფრო მეტია.
ჩვენი ორგანიზაცია წლიდან წლამდე 3000-4000 კაცს ემსახურება. თავად განსაჯეთ, რამხელა პრობლემაა.
- მარიხუანას მოხმარებაზე რას გვეტყვით.
- მე კარგად ვიცი მარიხუანასგან მიყენებული ზიანის ფასი, მაგრამ იმ ფონზე, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, ვფიქრობ, კიდევ მარიხუანას მოხმარება ჯობია, ვიდრე, მაგალითად, ბიოსი. ბიო რომ აღარ არის პოპულარული, მარიხუანას "დამსახურებაა". ასე რომ, თუ მაინცდამაინც გვინდა გამკაცრების გზით პრობლემის მოგვარება, შეიძლებოდა კონკრეტულად ამფეტამინის ჯგუფის ნივთიერებების გასაღება და მოხმარება გამკაცრებულიყო.
ეს ცვლილებები რომ არ ემსახურება პრობლემის მოგვარებას, ეს იქიდანაც ჩანს, რომ არც ერთი ექსპერტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის სფეროში მუშაობს, არ ყოფილა ამ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული.
ქვეყანაში მკურნალობის რა შესაძლებლობებიც არის, ინფორმირებული ვარ და ვისაც მკურნალობის სურვილი აქვს, ვეხმარები. სახელმწიფო მხოლოდ ორკვირიან რეაბილიტაციას აფინანსებს, მაგრამ ამისთვის წელიწადში ორი-სამი მილიონია გამოყოფილი. დღეს თუ ადამიანს სურს რეაბილიტაციის გავლა, ექვსთვიან რიგში უნდა ჩადგეს. ახლა ლაპარაკია იძულებით მკურნალობაზე, მაგრამ ვინც ითხოვს, იმას ვერ მკურნალობენ.
- სპეციალისტები ეჭვობენ, რომ შესაძლოა საქართველოშიც მზადდება ნარკოტიკული ნივთიერებები.
- მჯერა, რომ ასეა. ამას რთული ლაბორატორია არ სჭირდება. პატარა ჩემოდანში რომ ჩაეტევა, ისეთი ლაბორატორიული მოწყობილობითაც შეიძლება ამ ნივთიერებების დამზადება.
ქალაქში რომ ტარდება ჩხრეკები, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება იმას იწვევს, რომ პრობლემა უფრო იმალება. მომხმარებლები, იმის გამო, რომ ახლა რეიდები დაიწყო, მოხმარებაზე უარს არ იტყვიან. წინა ხელისუფლების დროს აფთიაქში კოდეინის ყიდვა მიჯდებოდა რამდენიმეწლიანი ციხის რისკად, მაგრამ ყოველდღიურად მივდიოდი რისკზე. პირობითებიც გვქონდა, ციხეშიც მივდიოდით, პოლიციაში გვირტყამდნენ, მაგრამ მოხმარება არავის შეუწყვეტია. შენ უნდა გინდოდეს, რომ მიატოვო, უნდა გინდოდეს იმკურნალო.
- ახალბედა მომხმარებლებიც ხშირად გხვდებათ კლუბებში?
- ზედოზირების შემთხვევების უმეტესობა ახალ მომხმარებლებზე მოდის. მათ არ იციან, ამა თუ იმ ნივთიერებას როგორი ეფექტი აქვს, რომ არ შეიძლება მოხმარება ალკოჰოლთან ერთად, რომ სასიკვდილოა. სამწუხაროდ, კლუბებში, გინდაც ფესტივალზე, ყოველ ახალ ივენთზე, ახალი ნაკადი მოდის. ცნობიერების ამაღლების ან ინფორმაციის მიწოდების ღონისძიება შეიძლება ჩაატარო წელს და აღმოჩნდეს ეფექტური, მაგრამ მომავალ წელს ისევ ახალი მომხმარებლები მოდიან. 18 წლის ახალგაზრდები იწყებენ კლუბებში სიარულს და ნარკოტიკებითაც ინტერესდებიან.
ჩვენთან მოსული ადამიანების უმეტესობა არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, იქნება ეს სამედიცინო დაწესებულებები თუ სხვა ტიპის სახელმწიფო უწყებები. პრობლემის ერთ-ერთი სათავე ესეც არის. კი არ უნდა გაამკაცრონ ნარკოპოლიტიკა, ის ისედაც მკაცრია, უნდა უმკურნალონ ნარკოდამოკიდებულებს.