ოსური ოპოზიცია ითხოვს ქართველი გენერლებისა და „სამხედრო დამნაშავეების“ ცხინვალისთვის გადაცემას
ცხინვალში ოსი სეპარატისტები "ქართული ოცნების" საპარლამენტო კომისიის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართველი გენერლებისა და პოლიტიკოსების პირდაპირ ეთერში დაკითხვისა და ამ ომში სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთხელ დადანაშაულების გამო სიხარულს არ მალავენ. ტელეგრამარხებზე იწერება, რომ "ქართული ნიურნბერგის" შემდეგ გამოძიება ცხინვალშიც უნდა ჩატარდეს და ქართულ გამოძიებაზე დაყრდნობით მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ საქართველომ 2008 წელს ოს ხალხს გენოციდი მოუწყო. უფრო მეტიც, ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ითხოვს, დე ფაქტო ხელისუფლებამ დააყენოს საკითხი, რომ ცხინვალს გადაეცეს გენოციდის ხელშემწყობი ქართველი გენერლები და "სამხედრო დამნაშავეები".
"ქართული ოცნების" მიერ საჯარო დაკითხვებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ქართველ გენერლებს "სამხედრო დამნაშავეებს" უწოდებს და მათ დასჯას მოითხოვს. "ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოსი ხალხის გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ".
ადგილობრივი ოპოზიციური ტელეგრამარხი "ბონვაერნონი" წერს, რომ "ცხინვალის საგარეო პოლიტიკის" ქვაკუთხედი უნდა იყოს 2008 წლის აგვისტოს დანაშაულების საერთაშორისო აღიარებაზე მუშაობა. მეტიც, გამოცემა ითხოვს, რომ ცხინვალმა თბილისს სამხედრო დამნაშავეების გადაცემა უნდა მოსთხოვოს. "სანამ საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ დაჰკითხავს სამხედროებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება ცხინვალის მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვის შესახებ, სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ოფიციალური პროტესტი ან საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა. სად არის საერთაშორისო სამართალში ოსი ხალხის გენოციდის ფაქტის დაფიქსირების მცდელობები?... რატომ არ იწყებს სამხრეთ ოსეთი გამოძიებას 2008 წლის აგვისტოს დანაშაულებზე, რომელშიც ჩართული იქნებიან ექსპერტები, სულ მცირე, იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა? არის თუ არა მზად რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, მოსთხოვოს თბილისს ომის დანაშაულში დამნაშავეების ექსტრადირება? ან სამხრეთ ოსეთი თავად ჩამოაყალიბებს თავისი ტრაგედიის ნარატივს, ან ამას სხვები (ქართველები) გააკეთებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად", - წერს გამოცემა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ გამოძიება ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის მონანიება კი არ არის, არამედ ეს არის "ოცნების" მიზანი, მოედნიდან საბოლოოდ ჩამოაშოროს ყველაზე საშიში პოლიტიკური კონკურენტი და საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს მისი საქმიანობა. ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუ საქართველოს მმართველ პარტიას სურს დაგვარწმუნოს მშვიდობაში, მაშინ ამის საუკეთესო გზაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და საზღვრების დემარკაციაში მონაწილეობა. არაფორმალურ დონეზე ჩვენამდე მოვიდა წინადადებები მოსკოვის გარანტიით კონფედერაციის შექმნის შესახებ. თუმცა, კონფედერაცია შეუძლებელია გაერთიანებული სახელმწიფოების სუვერენიტეტებისა და საზღვრების ურთიერთაღიარების გარეშე", - აღნიშნავს ოსი "ოპოზიციონერი".
ერთ-ერთმა ოსმა ექსპერტმა საგამოძიებო კომისიის საჯარო დაკითხვები შეადარა პოლიციის ტექნიკას, როდესაც "ბოროტი" გამომძიებლის "კარგით" ჩანაცვლება ხდება. "შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ახლა თვალს ვადევნებთ ივანიშვილის გეგმის პირველ მოქმედების - მე-20 საუკუნის ბოლოდან არსებული ქართული პოლიტიკის მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს მიხეილ სააკაშვილზე და შემოგვთავაზოს დიალოგის დაწყება სუფთა ფურცლიდან. თუმცა ეს არ იმუშავებს. მებრძოლი ნაციონალიზმის პოლიტიკა სააკაშვილამდე დაიწყო. ახლა არ დავუბრუნდებით 1920-იანი წლების გენოციდს და საბჭოთა იძულებითი ასიმილაციის პოლიტიკას. საქართველოს დაშლა დაიწყო არა ცხინვალში ან სოხუმში, არამედ თბილისში, როცა ახალი სახელმწიფოს სუვერენიტეტის თანაბარი უფლებების მატარებლებად არ გვაღიარეს და საქართველოს ფარგლებში ეროვნული ავტონომიის უფლებაც კი არ გვიღიარეს. კიდევ რა გვექნა მას შემდეგ, რაც გამსახურდია დაგვპირდა, რომ საქართველოდან რკინის ცოცხით გაგვყრიდა, კათოლიკოსმა ილია IIII-მ კი ცხინვალს სატანის თავშესაფარი უწოდა, რითაც ოსების მკვლელობები ღვთიური საქმედ დალოცა? შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა!" - წერს ექსპერტი.
ზურაბ ბენდიანიშვილი, "კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - სულ იყო პროპაგანდა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, თუმცა ცხინვალში მეტ-ნაკლებად იყვნენ პირები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მთლად ასე არ ყოფილა და რუსეთის როლიც არანაკლები იყო. ახლა კი,
რაც საპარლამენტო კომისიაზე ხდება, ამით ოსებს შთაბეჭდილება ექმნებათ, რომ იგებენ გარკვეულ დაფარულ ინფორმაციას, რაც საქართველოს პოლიტიკურ კულუარებში ხდებოდა, თან ეს ამ კომისიაზე ისეა დახატული, რომ ქართული აგრესია ჩანდეს. ეს ძალიან აზიანებს და ანგრევს საქართველოს, თუნდაც ნდობის აღდგენის თვალსაზრისით.
ოს საზოგადოებაში, ვისაც პოლიტიკის ინტერესი აქვს, აგენერირებს განწყობებს, რომ თურმე ქართველებს ოსების განადგურების განზრახვა მართლა ჰქონიათ, და აყენებს საკითხს, რომ აგერ, საქართველო აღიარებს ოსების გენოციდს და ჩვენც ჩვენი გამოძიებითა და აქტიურობით ხელი უნდა შევუწყოთ ამას და ყველა უნდა დაისაჯოს. ოსები გაფაციცებით ცდილობენ ყველა განცხადებაში მოძებნონ ხელჩასაჭიდი სიტყვები, რომლებიც მათ გენოციდის აღიარების საშუალებას მისცემს. თუმცა არის მცირე ნაწილი, ვისაც ანალიზის უნარი აქვს და რეალურად აფასებს ამ პროცესს, ხედავს, რომ ეს არის საქართველოს პოზიცია-ოპოზიციას შორის შიდაპოლიტიკური ბრძოლა და აგვისტოს ომის ფაქტების დადგენასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
- ოსებმა უკვე მოთხოვნებიც წამოაყენეს, თბილისმა "სამხედრო დამნაშავეების" გადაცემა და დემარკაციაზე მუშაობა დაიწყოს. საინტერესოა, რომ 2024 წელს რუსეთმა სამ ოს პოლიტიკოსს ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა დემარკაციაზე საუბრის გამო, ახლა კი ეს თემა ისევ აქტუალური გახდა.
- ამ სამ ოს პოლიტიკოსს რუსეთის მოქალაქეობა იმიტომ ჩამოართვეს, რომ 2024 წელს წინასაარჩევნოდ რუსეთს აკრძალული ჰქონდა საზღვრებზე საუბარი, საქართველოში სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, და "ქართულ ოცნებას" ხელი არ შეშლოდა. ის ოსი პოლიტიკოსები არსებული ე.წ. საზღვრების კიდევ უფრო გადაწევას ითხოვდნენ. კომისიაც შექმნეს და ამტკიცებდნენ, რომ დღეს ცხინვალის რეჟიმის მოხაზული ე.წ. საზღვრები არასწორია და ოსებს გაცილებით მეტი ტერიტორია ეკუთვნით, ამ პრეტენზიით კი რუსები კონფლიქტში უნდა შესულიყვნენ საქართველოსთან და ახალი ტერიტორიები მიეტაცებინათ, თან ეს მოსკოვთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამან მოსკოვი გააღიზიანა. ახლა კი ჟენევაში ბოლო შეხვედრისას რუსეთმა ისევ დაიწყო საუბარი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა მოხდეს ე.წ. საზღვრების დემარკაცია. სავარაუდოდ, დემარკაციის საკითხის ასე გაღიზიანებით წამოყენება იმან განაპირობა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება ვერ შეძლო და იმ საკონსტიტუციო მუხლებში ვერ შევიდა ჩასწორება, სადაც ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური კურსი საქართველოს პრიორიტეტია, რასაც მოსკოვი ელოდებოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ თავის ოფიციალურ განცხადებაშიც ახსენა, საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჩანაწერი ჩვენს ურთიერთობას ხელს უშლისო, და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ჟენევის დისკუსიებზე საზღვრების დემარკაციის თემაც.
- თრუსოსა და გუდაურის ხეობებზეა საუბარი?
- თრუსო კიდევ სხვა თემაა. აქ საუბარი იყო რამდენიმე კვადრატული კილომეტრით უფრო მეტ ტერიტორიაზე, რომელიც ვითომ 1922 წლის დეკრეტით არის მონიშნული, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. დღეს ეს ტერიტორიები საქართველოს კონტროლირებადია და მოიცავს ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებას, ნაწილობრივ დუშეთსაც. ონის მიმართულებითაც არის რაღაც ტერიტორია. რაც შეეხება თრუსოს და გუდაურის ხეობებს, ცხინვალის რეჟიმი ამბობს, რომ ისტორიულად ეს მათი ტერიტორია იყო. ეს საქართველოსთვის არის კიდევ ერთი დამოკლეს მახვილი რუსეთისგან, რადგან აქ რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი ინტერესია გამოკვეთილი. თრუსოს ხეობა საქართველოს გადაჭრის კობის მონაკვეთთან და ყაზბეგის რაიონი მთლიანად იკარგება. თუ რუსეთს დასჭირდება, ამ თემასაც გაააქტიურებს.
- ოსებმა გაიხსენეს ისიც, რომ 2008 წლის ომის გარდა, საქართველოსთან მათ პრეტენზიები აქვთ 1920 წლის "გენოციდისა" და 1991 წელს ზვიად გამსახურდიას დროინდელი პოლიტიკის გამო.
- 1920 წლის ამბები უკავშირდება რუსეთის გასაბჭოების პერიოდს, როდესაც რუსი კომუნისტები საბჭოებს ქმნიდნენ, სადაც ხელი მიუწვდებოდათ. ეს ხდებოდა ოს მოსახლეობაშიც. საქართველოში ოსები ხიზნების სტატუსით სარგებლობდნენ, არ იყვნენ მდიდრები. ოსი მოსახლეობა ყოველთვის რუსების ერთგული იყო. მათ იციან, რომ თავიანთი არსებობისთვის რუსეთის მადლიერები უნდა იყვნენ არა მხოლოდ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის არსებობის გამო, არამედ ჩრდილოეთ ოსეთიც დიდწილად ყაბარდოსა და ინგუშეთის ხარჯზეა შექმნილი, და რუსები რომ არ იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ დიდი პრობლემები შეექმნებოდათ. მეორე მხრივ, ეს იყო რუსებისადმი ლოიალურობის დადასტურება. გამოსვლები 1918 წელს დაიწყეს, 1920 წელს კი - მასშტაბური აჯანყება. 8 ივნისს შეიკრიბნენ ოსები და ცხინვალსა და მის შემოგარენში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ამას მოჰყვა საქართველოს მენშევიკური მთავრობის რეაგირება. აჯანყების ჩასახშობად ქართული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი გაგზავნეს და ის ოსებისთვის ყველაზე საძულველი ადამიანია. აჯანყება სასტიკი იყო, ტყვედ აიყვანეს 100-ზე მეტი გვარდიელი, თვალები დათხარეს ქართველებს, მათ შორის თავად მაჩაბელს. ქართველები ასე სასტიკ დაპირისპირებას არ ელოდნენ, ამიტომ პასუხიც ძალიან მწვავე იყო. მთელი ოსური სოფელი აყარეს და კავკასიის ქედს იქით გადაასახლეს. გადასახლებისას გზაში ბევრი დაიღუპა. ოსები ამბობენ, რომ ქართველები სახლებში კეტავდნენ მოსახლეობას და გარედან უკიდებდნენ ცეცხლს. ვალიკო ჯუღელი საბჭოთა ხელისუფლებამ 1924 წლის აჯანყების მომზადების გამო დახვრიტა.
გამსახურდიას კი, ოსებს გავყრიო, არასოდეს უთქვამს. თუმცა მაშინ როგორ ცუდად ექცეოდნენ მათ საქართველოში, მიუთითებდა ოსებისადმი დამოკიდებულებაზე.
პატრიარქს რაც შეეხება, ეს აშკარად პროპაგანდის ამბავია. მან გამოსცა დეკრეტი, რომლითაც ქართველებს აუკრძალა ქართველების დახოცვა. ეს კი ისე ინტერპრეტირდა, ოსების მიერ ქართველების დახოცვა არ შეიძლება, ესე იგი, ოსები დახოცეთო. ოსები ამ ძველ ამბებს უფრო მწვავედ იხსენებენ, ვიდრე 2008 წლის ომს, ახლა კი ამ საპარლამენტო კომისიით მათ ვუბრუნებთ იმის რწმენას, თითქოს ჩვენ მართლაც რაღაცას ვგეგმავდით.
ეკატერინე ბასილაია