საკრალური თარიღები ომის შესაჩერებლად - ტრამპისთვის, პუტინისა და ზელენსკისთვის... - კვირის პალიტრა

საკრალური თარიღები ომის შესაჩერებლად - ტრამპისთვის, პუტინისა და ზელენსკისთვის...

უკრაინულ ქალაქ კრივი-რიჰზე ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმის (ისეთივე "ისკანდერ-მ"-ის კასეტური ქობინით, როგორც აგვისტოს ომის დროს ქართული გორის ცენტრზე) შემდეგ, რასაც 18 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა და მათ შორის 9 ბავშვი, ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუს ოკუპანტებსა და მათ ბელადს, პუტინს, ამ საშინელი ომის არათუ დამთავრება, დროებით შეჩერება მაინც სურს? მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და მისი პოლიტიკური გუნდი მაინც ელოდებიან კრემლისგან საპასუხო ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც ომის შეჩერებაზე ვაშინგტონმა უკვე დაიყოლია კიევი, თუმცა...

თუმცა, ეტყობა, თეთრ სახლშიც უკვე ეწურებათ მოთმინება, რაზეც მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ ნატოს შტაბბინაში გასული კვირის ბოლოს გაკეთებული მწვავე განცხადება: "რუსებმა იციან ჩვენი აზრი ომის დასრულების შესახებ და მათი პასუხი ძალიან მალე გვეცოდინება, მართლაც სურთ თუ არა მშვიდობა. თუ ეს მხოლოდ დაყოვნების ტაქტიკაა,… პრეზიდენტი ტრამპი ამაში დაინტერესებული არ არის. თუ ეს ყველაფრის გაჭიანურებაა, პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში", - ამგვარი გაფრთხილება გაუგზავნა მესიჯად ტრამპის გუნდის წევრმა კრემლს.

თეთრ სახლში აღარც მალავენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩქარობს, ძალიან ჩქარობს და აი, რატომ...

პოლიტიკური ლიდერების ზეამბიციები ყოველთვის გადაჯაჭვულია კონკრეტულ საკრალურ თარიღებთან, რომელთა დამთხვევით მათ პირადი იმიჯის ამაღლება სურთ როგორც საკუთარი ქვეყნების ამომრჩევლებში, ისე მსოფლიოში.

გამონაკლისად არც უკრაინის ომი, უფრო სწორად, მისი შესაძლო დაპაუზების ან სულაც საერთოდ დამთავრების თემა იქცა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს სურთ ახლა მიმდინარე მოლაპარაკებებიდან თავისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ, მათ არც უკრაინის პრეზიდენტი ჩამორჩება და სამივე მათგანი ცდილობს კონკრეტულ თარიღებს დაუკავშიროს კონკრეტული გადაწყვეტილებები და მათი შესრულების დრო.

2-tpz-1743962073.jpg
ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც დროებით, ურთულესი იქნება და კიდევ უფრო გაჭირდება "სიჩუმის" მონიტორინგი, რადგან მოწინააღმდეგე მხარეები ყოველთვის ერთმანეთს დააბრალებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას...

ტრამპი 20 აპრილის აღდგომამდე (როდესაც მართლმადიდებლები და კათოლიკეები ერთ დღეს აღნიშნავენ ქრისტიანებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს) ჩქარობს ომის დაპაუზებას, პუტინი 9 მაისს ორმაგი გამარჯვების აღნიშვნას ესწრაფვის, ზელენსკის კი 9 მაისამდე სურს რამდენიმე ოკუპირებული რუსული სოფლის შენარჩუნება.

რატომ შეიძლება იყოს მიბმული სწორედ ამ თარიღებთან უკრაინაში ომის შეჩერება, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის:

პირველი - ტრამპი, რომელიც ქრისტიანობასა და ოჯახის სიმტკიცეს წინამორბედ ბაიდენთან შედარებით ბევრად მაღლა აყენებს (ყოველ შემთხვევაში, ეს იყო მისი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამერიკელი ამომრჩევლისთვის), დაინტერესებულია, რომ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით მისმა ქრისტიანულმა ნაწილმა, აღიქვას როგორც "მსოფლიოს მშვიდობისმყოფელი", რომელმაც შეძლო ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე სისხლისმღვრელი ომის შეჩერება და ისიც სწორედ ქრისტიანებს შორის (თუმცა საინტერესოა, რა პასუხი აქვს ტრამპს იმაზე, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში პირჯვრის გადამწერი პუტინი, რომელმაც თითქოს სპეციალურად ილოცა ტრამპის გადარჩენის გამო, როდესაც მას ტყვიამ მხოლოდ ყური გაუკაწრა, ჯერ ასევე ქრისტიანულ საქართველოს დაესხა თავს, ახლა კი დაუნდობლად ბომბავს ასევე ქრისტიანულ უკრაინას?).

მეორე - პუტინისთვის კი 9 მაისი ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და განსაკუთრებით 2025 წლის 9 მაისი, როდესაც აღინიშნება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წელი და შემთხვევითი არ არის, რომ მას სწორედ ამავე დღეს სურს დაამთხვიოს მეორე "გამარჯვების" გამოცხადებაც - ამჯერად უკრაინაზე...

3-tpz-1743962073.jpg
რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებიდან ჩამოსხმული ნედლი ნავთობის შესყიდვაზე ამერიკული მეორადი ეკონომიკური სანქციების გამკაცრების შემთხვევაში, რუსული "შავი ოქროს" მყიდველი ქვეყნების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება, რაც რუსეთის ბიუჯეტს ძლიერ დაარტყამს და პუტინს ფული "აღარ დარჩება" უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად...

მესამე - ზელენსკისთვის, რომლის არმიასაც რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ, ფაქტობრივად, მისი დატოვება მოუხდა და ახლა მხოლოდ რამდენიმე საზღვრისპირა რუსულ სოფელსღა ინარჩუნებს (ასევე რამდენიმე სოფელს მეზობელ ბელგოროდის ოლქშიც), პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერ პუტინს ჩააშხამოს ჰიტლერის გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავის ძალზე პომპეზურად აღნიშვნა წითელ მოედანზე - რა ეზეიმება პუტინს, როდესაც რუსეთის ტერიტორიის, მართალია, ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც ოკუპირებული რჩება სხვა ქვეყნის სამხედროების მიერ?!

ამ თარიღებამდე მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ ცაიტნოტში უფრო ტრამპია, ვიდრე პუტინი, რადგან სწორედ ის იქადნებოდა რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში ერთი სატელეფონო ზარით შეჩერების შესაძლებლობაზე და მას მოუწევს მრავალმილიონიანი ამერიკელი ამომრჩევლისთვის და მსოფლიოს რამდენიმე მილიარდი მოსახლისთვის პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ შეძლო მან დანაპირების შესრულება თუ არა ერთ დღე-ღამეში, საპრეზიდენტო პირველ ას დღეში მაინც (აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი 100 საპრეზიდენტო დღე 29 აპრილს სრულდება).

ასეთი ცაიტნოტი კი სწორედ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და აი, რატომ - "დროში გაჭედილ" ტრამპს პუტინი სპეციალურად კარნახობს ისეთ სერიოზულ მოთხოვნებს, რაც უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი ხდება, მათ შორის ერთ-ერთ ასეთ პირობასაც უყენებს - უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მთლიანი ოლქები რუსეთის ფედერაციის კუთვნილებად ანუ ისიც, რაც პუტინის საოკუპაციო არმიას ჯერ კიდევ ვერ დაუპყრია უკრაინაში (კაცმა არ იცის, შეძლებს კი ამას), ხოლო კიევმა თურმე უნდა "გადაუფორმოს" მოსკოვს...

ასეთ დროს ჩნდება იმის დიდი საფრთხე, რომ ზეამბიციური და თავმოყვარე ტრამპი წავიდეს იმაზე, რაც ერთხელ უკვე საქვეყნოდ გააკეთა თავის ოვალურ კაბინეტში, როდესაც ეცადა მთელი მსოფლიოს დასანახად დაემცირებინა უკრაინელი კოლეგა მხოლოდ იმიტომ, რომ თუგინდ 20 აპრილამდე მხოლოდ დაპაუზდეს ეს ომი, შეიძლება ტრამპმა ზელენსკიზე უდიდესი ზეწოლა მოახდინოს პუტინის "სურვილების" ასასრულებლად...

თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ზემომოყვანილი განცხადება შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ტრამპსაც აევსო მოთმინების ფიალა, აღარ სურს პოლიტიკური კატათაგვობანას გაგრძელება პუტინთან და მისგან სასწრაფოდ მოითხოვს კონკრეტულ პასუხს - აჩერებს თუ არა კრემლი საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში.

კრემლიდან ისევ ორჭოფული პასუხის მიღების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ნაკლებად პროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით ცნობილმა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკას არჩევს, "თაფლაკვერი" დაივიწყოს და პუტინის "გამათრახება" გადაწყვიტოს.

არადა, პუტინის "გამათრახება" ზელენსკივით ადვილად ვერ გამოუვა, თუმცა აშშ-ის ხელშია რამდენიმე ისეთი ბერკეტი, რაც რუსეთს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის და ეს არ არის ამერიკული ბირთვული რაკეტებით დამუქრება - ასეთები არც რუსეთს აკლია...

პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია უდიდესი ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტს, თუკი მკაცრ მეორად სანქციებს დაუწესებს მსოფლიოს იმ ქვეყნებს, ვინც გააგრძელებს რუსული ენერგომატარებლების შეძენას, ამერიკული სანქციების შიშით კი თვით ჩინეთიც და ინდოეთიც (რუსული ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორები) თავს შეიკავებენ მისი ყიდვისგან, რაც რუსეთის ხაზინას კატასტროფულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. ეს, თავის მხრივ, პუტინს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად და აიძულებს კრემლს ომი შეაჩეროს.

მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა

TOP.GE