რძის სკანდალი - ექსპერტების პასუხი კითხვებზე: არის თუ არა საშიში ქართული რძის პროდუქტების მიღება და როგორ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება
ქათმის ნარჩენებით ძროხების გამოკვების შემდეგ რძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავი გავრცელდა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირებისას რძის ნიმუშებში აფლატოქსინის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინა. საზოგადოება შეშფოთებულია, რძესა და მისგან წარმოებულ პროდუქტს ხომ ყოველდღიურად ვყიდულობთ და მოვიხმართ, მათ შორის ბავშვებისთვის. სახელმწიფო მაკონტროლებელმა უწყებამ პირდაპირ თქვა, რომ რძეში აღმოჩენილი ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიშია და მომხმარებელს მოუწოდა არ გამოიყენოს ეს პროდუქტი. თუმცა არავის უთქვამს, აფლატოქსინით დაბინძურებული რამდენი ასეთი რძის პროდუქტი გაიყიდა უკვე ბაზარზე. "კვირის პალიტრა" რძის სკანდალსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებზე სპეციალისტებს ესაუბრა.
"ეს სკანდალი პირველი რგოლის ბრალია"
ირაკლი არაბული, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი: - აფლატოქსინს წარმოქმნის ობის სოკო ასპერგილუსი პროდუქტის არასათანადო პირობებში (მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა და სხვ.) შენახვის შედეგად. აფლატოქსინის პირველი ფორმაა B1 ჯგუფი. როდესაც ცხოველი მიიღებს B1 აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს, შემდეგ ის მის ორგანიზმში გარდაიქმნება M1 სახეობის აფლატოქსინად. თავის მხრივ, M1 აფლატოქსინი გადადის რძეში, შემდეგ კი იმ პროდუქტებში, რომლებიც რძისგან იწარმოება. ყველაზე საშიში B1 სახეობაა.
- პირველ დარტყმას ცხოველი იღებს?
- დიახ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რას აჭმევს ფერმერი ცხოველს. თუ ცხოველმა დაბინძურებული პროდუქტი შეჭამა, მისგან წარმოებული პროდუქტიც დაბინძურებული იქნება. ასეთი გამოთქმა არსებობს: "სურსათის უვნებლობა არის ჯაჭვი, რომელიც იწყება ფერმიდან და მთავრდება სუფრაზე". ამ ჯაჭვში შემავალ თითოეულ რგოლს თავისი როლი აკისრია...
- ყველაზე მთავარი როლი, ალბათ, ჯაჭვის პირველ რგოლზე მოდის...
- დიახ, ეს სკანდალიც ზუსტად პირველი რგოლის ბრალია - ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერმას. საკვები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რომელიც იქნება უვნებელი როგორც ცხოველისთვის, ასევე (შემდეგ მისგან წარმოებული პროდუქტი) ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო პრეპარატებსაც, რომელსაც იღებს ცხოველი. მაგალითად, მათ უტარდებათ გეგმური აცრები ბრუცელოზსა და სხვადასხვა დაავადებაზე. აბსოლუტურად ყველა ძროხა იცრება, ყურზე ნომრიანი ყვითელი ნიშანი უკეთიათ, რომელიც მათი პასპორტივითაა. როცა ამ ნომერს უფლებამოსილი პირი შეიყვანს ბაზაში, ჩანს, რა პერიოდულობით რა აცრები აქვს ჩატარებული ცხოველს.
თუ პირველადი წარმოების დროს ფერმერმა დაარღვია რომელიმე წესი, საქართველოში იმდენად ბევრი ბერკეტი არ არსებობს, რომ ეს გაკონტროლდეს. კონტროლდებიან შემდეგი რგოლები, მაგალითად, რძის პროდუქტების წარმოების ან რეალიზაციის დროს. ამ შემთხვევაში უფრო ბევრი ბერკეტია ბიზნესოპერატორის გასაკონტროლებლად. არ არსებობს წესი, რომელიც არეგულირებს პირველად მწარმოებელს. მაგალითად, არავინ აკონტროლებს, ფერმერმა სასუქები რა რაოდენობით გამოიყენა. ნორმა დადგენილია, რომ ვთქვათ, ჰექტარზე ესა და ეს ქიმიური საშუალება ამ დოზით მოიხმარება, მაგრამ გაკონტროლება რთულია, ეს ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. საქართველოში მხოლოდ პურის საცხობი 26 000 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული და სააგენტო წელიწადში საშუალოდ 11 000 ინსპექტირებას ახდენს.
თუ დაირღვა პირველადი წარმოება, ის შემდეგმა რგოლმა უნდა გააკონტროლოს, მაგრამ ამ ფაქტმა გვიჩვენა, რომ პირველმა რგოლმა ვერ გააკონტროლა მეორე.
- როდესაც რძეს ყიდულობენ პროდუქტის წარმოებისთვის, ხომ უნდა შეამოწმონ?
- მოწმდება.
- მაშ, რატომ აღმოაჩინეს აფლატოქსინი?
- ეს ფაქტი უკვე იმ ბიზნესოპერატორის დაუდევრობაა, რომელსაც ეს გამორჩა. ალბათ, არ გააკეთა ყველა პარტიის სრულყოფილი ანალიზი. თითო პარტიიდან თითო ნიმუში უნდა შემოწმდეს. შეიძლება პარტიაში იყოს 10 000 ბოთლი რძე. იმ პარტიიდან თუ ერთიც დაბინძურებულია, ე.ი. ყველა დაბინძურებულია. როგორც ფაქტმა აჩვენა, პარტია არ შემოწმებულა.
- ვართ დაზღვეულები, რომ მხოლოდ ერთი პარტია იყო დაბინძურებული და თვეების განმავლობაში არ ვიღებდით ასეთ რძეს?
- როგორც სააგენტომ აღნიშნა, შარშანაც შემოწმდა და შარშანწინაც. 2022 წლიდან დაიწყო სახელმწიფო კონტროლი და არც ერთ წელს არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა, მხოლოდ ახლა მოხდა. თუ ერთი პარტიიდან ნიმუში დაბინძურებულია, ბიზნესოპერატორს ევალება გაანადგუროს მთელი პარტია. თუ მომწოდებელი გაწვდის დაბინძურებულ რძეს, ან უნდა გააფრთხილო, ან უნდა შეწყვიტო თანამშრომლობა.
- ამ შემოწმებებს შორის ვიღებდით თუ არა დაბინძურებულ პროდუქტს, არ ვიცით?
- არა. თუ აქამდე რძეს სახელმწიფო წელიწადში ერთხელ ამოწმებდა, ახლა კვარტალში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. ყველა ბიზნესოპერატორი 3 თვეში ერთხელ მაინც უნდა კონტროლდებოდეს. ეს შეეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების რძეს.
თუ ყველა რგოლმა დაიცვა სტანდარტი, ჯაჭვს რომ მივყვეთ ფერმიდან სუფრამდე, მაღაზიამდე მივიდა ჯანსაღი პროდუქტი, მაღაზიამაც დაიცვა მიღების წესი, მაშინვე მაცივარში განათავსა, მოახდინა მაშინვე ტემპერატურის კონტროლი, მერე მოვიდა ბოლო რგოლი - მომხმარებელი, რომელმაც იყიდა, ვთქვათ, მაწონი, ჩადო მანქანაში და მთელი დღე ატარა მანქანა 40 გრადუს სიცხეში, მიიტანა სახლში და ამჟავებული იყო, ეს მომხმარებლის ბრალია. მომხმარებელმაც უნდა დაიცვას წესები - ნებისმიერი მალფუჭებადი პროდუქტი შეძენიდან 2 საათის განმავლობაში უნდა მივიტანოთ შინ. ასევე თუ მომხმარებელმა დახლზე ვადაგასული პროდუქტი აღმოაჩინა, აუცილებლად უნდა აცნობოს სურსათის უვნებლობის სამსახურის ცხელ ხაზზე 1501 და სახელმწიფო განახორციელებს კონტროლს. სურსათის უვნებლობის სამსახურმაც უნდა გაახშიროს ინსპექტირება. ყველაზე მთავარია ჯარიმები უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ბიზნესოპერატორს შეეშინდეს.
- ახლა რამდენია ჯარიმა?
- აფლატოქსინით დაბინძურების შემთხვევაში არ არის ცნობილი, თუ რა ფორმით დაჯარიმდა ბიზნესოპერატორი. 500 ლარით დააჯარიმეს ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის და პარტია გამოიწვიეს დახლებიდან. ვადაგასულ პროდუქტზე პირველ ჯერზე არის 500 ლარი, შემდეგ - 3000. სანქციები გასამკაცრებელია.
"ეს უმნიშვნელო დარღვევაა და განგაშის საფუძველს არ იძლევა"
ეკა ქურდაძე, თსსუ ასისტენტ-პროფესორი, კლინიკური ტოქსიკოლოგი: - აფლატოქსინი ნამდვილად ტოქსიკურია, ნედლ რძეში მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი არ უნდა იყოს, მაგრამ მწვავე ინტოქსიკაციას აღმოჩენილი მაჩვენებლით ვერ გამოიწვევს. მსოფლიოში არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება, რომ ამ მაჩვენებელს მწვავე მოწამვლა გამოეწვიოს. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ კანცეროგენთა კატეგორიაში გადის და ბავშვები დიდი რაოდენობით გამოიყენებენ, შემდგომ ეტაპზე, მომავალში, მათი კუმულაცია არ გახდეს რისკ-ფაქტორი. ამიტომ კუმულაცია ჩამოიწია დაბლა და გახდა 0,05 მგ/კგ-ზე. ძალიან მინიმალურია და დარღვევა მინიმალური იყო. სურსათის სააგენტო მუდმივად ამოწმებს და ამ შემთხვევაში რადგან გაჩნდა დარღვევა, კონკრეტული პროდუქცია ამოღებული იქნა მოხმარებიდან.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ პედიატრებისა და ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით ნედლი რძე, რომელიც არ მოწმდება, შეიძლება რისკფაქტორი იყოს. განსაკუთრებით რეგიონში - როდესაც ადამიანი არ არის ინდმეწარმე, შესაძლოა გაცილებით სარისკო იყოს მისი წარმოებული რძის მიღება, რომელიც არ მოწმდება. ამ შემთხვევაში კლინიკური გამოვლინებით დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, რომც გამოვლინდეს, დროული მიმართვიანობის საფუძველზე აღმოფხვრა და მკურნალობა შესაძლებელია. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი ნამდვილად არა გვაქვს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლები მიდიან კლინიკებში და ლაბორატორიულ კვლევებს უტარებენ ბავშვებს. ამგვარი ბრმა ლაბორატორიული კვლევების საჭიროება ნამდვილად არ არის. ვერც აფლატოქსინის აღმოჩენა მოხდება, მით უმეტეს, M1 ფრაქციის, რომელიც ნაკლებად ტოქსიკური და პრობლემურია. ბუნებრივია, კანცეროგენია და სურსათის სააგენტოც ამიტომ ამოწმებს, ამიტომ არსებობს რეგულაციები, რომ შემდგომში მისმა ხანგრძლივმა, წლობით გამოყენებამ არ გამოიწვიოს პრობლემა. თუმცა ვიმეორებ, ეს უმნიშვნელო დარღვევაა და საკვებად ვინმეს რომ გამოეყენებინა, განგაშის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
- არც იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად იღებდა, გარკვეული ხნის განმავლობაში?
- ამ მაჩვენებლით ერთი წელიც რომ გამოგვეყენებინა, არ იქნებოდა პრობლემა. თუმცა თუკი გვაქვს საშუალება, რომ აღმოვაჩინოთ და არ მივიღოთ, ძალიან კარგია.
"აშშ-სა და ევროპაში ეს კონცენტრაცია არ ითვლება საშიშად"
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:
- აფლატოქსინები სხვადასხვანაირია. ყველაზე ძლიერი B1 ტიპისაა. ის ძლიერი კანცეროგენია, მაგრამ ძროხის ღვიძლში გადამუშავდება და რძეში ისევ ტოქსინის, მაგრამ ნაკლებად ტოქსიკური M1-ის სახით გადადის.
- რას იწვევს?
- თუ მიიღეს დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად, ყველაზე უფრო ღვიძლს აზიანებს, ჰეპატოტოქსიკურია, მაგრამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზეც. რადგან რძეზე ვსაუბრობთ, ქართული კანონმდებლობა ევროკავშირთან გათანაბრებულია და იგივე ნორმები გვაქვს. ევროპაში არის 0,05 მიკროგრამი კილოგრამზე, ამერიკული ან იაპონური 0.5 მიკროგრამი კილოგრამზე. იგივე რძე ამერიკაში ან იაპონიაში არ დაიწუნებოდა. სწორად მოიქცა სურსათის უვნებლობის სააგენტო - რადგან ქვეყანაში მოქმედი ნორმა დარღვეულია, ასეთი პროდუქტი უნდა ამოღებულ იქნეს ქსელიდან. ატყდა ერთი ამბავი, ლაპარაკობენ ანგაჟირებული პირები, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ ამ საკითხზე, მაგრამ მე გული იმაზე დამწყდა, რომ ზოგიერთმა ისეთმა იკადრა ხალხის შეშფოთება და დაზაფვრა... ნორმა დაირღვა, მაგრამ საშიში ვერ იქნება, იმიტომ, რომ აშშ-სა და ევროპაში ეს კონცენტრაცია არ ითვლება საშიშად.
- არც იმ შემთხვევაში, თუ თვეების განმავლობაში ვიღებდით?
- თვეების განმავლობაში ამერიკელი და იაპონელიც ხომ შეიძლება სვამდეს? ანუ ზღვრულად დასაშვებზე ბევრჯერ მეტი უნდა მიიღო, რომ რამე ცუდი გამოვიდეს.
- როგორ უნდა შემოწმდეს რძე ამ ფაქტის შემდეგ?
- სპეციალური სამსახური არსებობს, რომელთაც აქვთ წესები და მუშაობენ. ჩემი საქმეა, გიპასუხოთ, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ეს იმოქმედებს თუ ვერა. გპასუხობთ: ვერ იმოქმედებს! ხალხის დაშინების, დაზაფვრის საფუძველი არ არსებობს. ძალიან ცუდია, რომ დარღვეული იყო ნორმა და ამიტომაც აღმოჩენისთანავე მიიღეს ზომები. ბევრ ქვეყანას ევროკავშირისგან განსხვავებული ნორმა აქვს. ვინც ვერ ერკვევა, ჰგონია, დალია რძე და საშინელება მოუვა. მსგავსი არაფერი მოხდება!