„ქართველებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ავფეთქებულიყავით“ - კვირის პალიტრა

„ქართველებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ავფეთქებულიყავით“

9 აპრილი - დღე, რომელიც ერთდროულად არის ქართველების გმირობისა და შეცდომების მაგალითი. 35 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით პარლამენტის წინ შეკრებილმა აქტივისტებმა უარი თქვეს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნაზე,­ გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი ტრაგედია. "არსად არ წავალთ, ფიცი გვაქვს ნათქვამი!" - ეს შეძახილები საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. საბ­ჭოთა ნაწილების სასტიკმა სადამსჯელო ოპერაციამ 21 ახალგაზრდის, მათ შორის არასრულწლოვნების სიცოცხლე შეიწირა, 2000-ზე მეტი კაცი მოიწამლა დაუდგენელი­ ქიმიური ნივთიერებისგან, რომელიც რუსებმა ქართველი მომიტინგეების დასარბევად ორლესულ ნიჩბებთან ერთად გამოიყენეს. როგორ განსაზღვრა 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს მომავალი და რა გაკვეთილები გამოვიტანეთ ქართველებმა ისტორიის მძიმე გაკვეთილისგან, ამის შესახებ მოსაზრებებს პროცესების უშუალო მონაწილე, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვიზიარებს.

- 9 აპრილი ქართველების გმირობისა­ და შეცდომის მაგალითი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები შიშველი ხელებით ებრძოდნენ ტანკებს, მეორე მხრივ, ამ დღეს ჩვენ დავუშვით შეცდომები, რამაც შემდეგში დაპირისპირება, კონფლიქტები, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვა განაპირობა.

ამბავი კი 3 აპრილს ასე დაიწყო - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრებმა ზურა ჭავჭავაძემ, მე და თამარ ჩხეიძემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტთან გაგვემართა საპროტესტო აქცია და ქაშუეთის ეკლესიასთან შევიკრიბეთ. ჩვენი პროტესტის საგანი იყო აფხაზეთთან დაკავშირებული სიტუაცია. იმ დღეს ამ საკითხებზე­ საპროტესტო აქცია იმართებოდა სამედიცინო ინსტიტუტთან. ჩვენი გეგმა ასეთი იყო: უნდა წავსულიყავით სამედიცინო ინსტიტუტთან, უკან დაბრუნებულებს კი გამოგვეცხადებინა, რომ მთავრობის სახლის წინ გავმართავდით მჯდომარე აქციას, შიმშილობის გარეშე. ასეც მოვიქეცით. მანამდე შევიარეთ თეატრალურ ინსტიტუტში, კონსერვატორიაში, უნივერსიტეტში და თან წავი­ყოლეთ სტუდენტები. უკან დაბრუნებისას­ გეპეის პირველ კორპუსთან ზვიად გამსახურდია შემოგვიერთდა.­ გმირთა მოედანზე ორ ნაწილად გავიყავით, ჩვენ მთავრობის სახლისკენ წავედით, ზვიად გამსახურდია­ - უნივერსიტეტისკენ. ამ გაყოფის მიზეზი იყო ჩვენ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა მთელ რიგ საკითხებზე.­ მაგალითად, ჩვენ ვფიქრობდით­, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სიტუაცია უნდა გაგვეპროტესტებინა, მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ მთავარი იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ჩვენ გვინდოდა საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხები ჩვენგან გაეგო და არა მოსკოვისგან. სამწუხაროდ, ჩვენი ინიციატივა ჩავარდა, საბოლოოდ, აქციების ერთადერთი­ მოთხოვნა გახდა დამოუკიდებლობა. შედეგად დამოუკიდებლობა მივიღეთ, აფხაზეთი და ცხინვალი კი დავკარგეთ. ეს ორი რეგიონი,­ ფაქტობრივად, ნაღმის ფუნქციას ასრულებდა და ქართველებმა ყველა­ფერი გავაკეთეთ, რომ ავფეთქებულიყავით. ასე იყო თუ ისე, 9 აპრილი ნამდვილად არის ქართველი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ისტორია.

- ბევრმა არ იცის, რომ თქვენ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიტპატიმარი, ასევე 1992-დან 1995 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყავით.

- ჩემს ოჯახში ყოველთვის ანტისაბჭოთა განწყობა მძლავრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა პარტიული იყო. სკოლაში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან იმდენად საერთო ინტერესები და ახლო ურთიერთობა გვქონდა, რომ ინსტიტუტში ლექტორების ოფიციალურობა და ზედაპირულობა ძალიან მეუცხოვა. ჯერ მაშინვე­ გამიჩნდა პროტესტი, მერე კიდევ ჩემი სტუდენტობა 70-იან წლებს დაემთხვა: ეს ის პერიოდია, როდესაც შევარდნაძე გამოდის­ ასპარეზზე, მჟავანაძეს წყალი აქვს შემდგარი, ინსტიტუტებში მოდიან ახალი ლექტორები, ძველი ბიუროკრატია იცვლება ახლით... მიუხედავად იმისა, რომ ერთპარტიული სისტემა იყო, ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც აჩენდა ღია დერეფანს, როგორც ობიექტური ინფო­რმაციისთვის, ასევე აზროვნებისთვის და სისტემა მცირე ხნით მაინც არამდგრადი ხდებოდა. პარალელურად ძლიერდება ქართული იდეოლოგია, ლიტერატურის სარბიელზე გამოდიან მაჭავარიანი, ლებანიძე, კალანდაძე... ახალი თაობა მოდის თეატრსა და კინოში. მოგვიანებით იქმნება "ჰელსინკის კავშირი". ასეთ ვითარებაში მეც ნელ-ნელა გამიჩნდა ალტერნატიული ინფორმაციის მიღების სურვილი და საბოლოოდ ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანად ვიქეცი. მერე მეგობრებთან ერთად: ვახტანგ შონიასა და ლევან და დავით ბერძენიშვილებთან ერთად ჩამოვაყალიბე არალეგალური ჯგუფი, რომელსაც რესპუბლიკური პარტია ერქვა. სხვებიც იყვნენ, მაგრამ ეს ოთხეული გაგვასამართლეს. ანტისაბჭოთა მოქმედება ჟურნალ "სამრეკლოს" გამოშვებით დავიწყეთ. 1978 წელს მე იმ მიტინგის აქტიური მონაწილე ვიყავი, რომელიც ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების­ ცდას აპროტესტებდა. ეს იყო პირველი მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც სასურველი შედეგით დასრულდა. ქართული ენა გადავარჩინეთ. მაშინ "ჰელსინკის კავშირი" ახალი დაშლილი­ იყო, მერაბ კოსტავა პატიმრობაში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია - ციხიდან ახალი გამოსული. ვფიქრობდით, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ისიც ვიცოდით,­ თუ ჩვენს პოზიციებს გავასაჯაროებდით, დაგვი­ჭერდნენ და გაგვაჩუმებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ არალეგალურად მოქმედება. სხვათა შორის, დიდი დრო დასჭირდათ ჩვენი იდენტიფიცირებისთვის. 1983 წელს დაგვაპატიმრეს. მე ციხიდან 1987 წელს გამოვედი.

- როგორი იყო საბჭოთა ციხე, რა სირთულეების გადალახვა გიწევდათ დისიდენტებს?

-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისიდან პერმამდე ეტაპით ჩასვლა არ იყო სასიამოვნო, მით უმეტეს, მაგ გზის გავლამ ორჯერ მომიწია.­ 1986 წელს, როდესაც გორბაჩოვმა "პერესტროიკა"“დაიწყო, დისიდენტებისადმი დამოკიდებულება შედარებით ლოიალური გახდა. დეკემბერ-იანვარში თითქმის ყველა გაათავისუფლეს, მთავარი იყო, ანდრეი გრომიკოს სახელზე განცხადება დაგვეწერა: "არ მივიჩნევ, რომ დანაშაული ჩავიდინე". მე არ მივიჩნიე ამის დაწერა საჭიროდ და თბილისში ჩამოყვანილი ისევ პერმში გამაბრუნეს...

- ციხიდან გამოსულს როგორი რეალობა­ დაგხვდათ ქვეყანაში?

- ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი,­ "ჭავჭავაძის საზოგადოება" რომ შეიქმნა.­ მეც მაშინვე მიმიწვიეს, მაგრამ ვიუარე. დრო მჭირდებოდა სიტუაციის გასაანალიზე­ბლად. იმ პერიოდისთვის რესპუბლიკური პარტია აღდგენილი არ გვქონდა. მე ვფიქრობდი, რომ ეროვნული მოძრაობა სხვა­დასხვა პარტიად არ უნდა დაყოფილიყო, ვინაიდან მოსკოვი ამას აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებდა. მოგვიანებით, როდესაც ჯერ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია შეიქმნა, შემდეგ კი ქრისტიან-დემოკრატიული, "მწვანეები" და ა.შ., ვიფიქრე, რომ აზრი აღარ ჰქონდა ერთიანობაზე ფიქრს და რესპუბლიკური პარტია აღვადგინეთ. ჩვენ მაინც ვცდილობდით "ჭავჭავაძის საზოგადოებაში" დავრჩენილიყავით, მაგრამ მერე ესეც აღარ გამოვიდა და დამოუკიდე­ბლად დავიწყეთ საქმიანობა. ერთხანს პარლამენტშიც ვიყავი, მაგრამ 2003 წლიდან გადავწყვიტე, რომ პარტიულ და პოლიტიკურ საქმიანობას აზრი არ ჰქონდა, და პოლიტოლოგიური საქმიანობა უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიე.

- თქვენი პოლიტიკური საქმიანობა სამოქალაქო ომს დაემთხვა. როგორ აფასებთ დღევანდელი გადმოსახედიდან მაშინდელ პროცესებს.

- შეცდომა ყოველთვის იყო და არის ერთი - ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას აღარ უნდა დემოკრატიული­ ინსტიტუციების შექმნა, ყველა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. დაპირისპირებამდე საქმე არ უნდა მისულიყო, მაგრამ როცა ქვეყანაში მეხუთე კოლონა და პოლარიზების მაღალი დონეა, რთულია დაპირისპირების თავიდან არიდება.

- ერთხელ მითხარით, რომ მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციაშიც იყო.

- დიახ, მეხუთე კოლონა მაშინაც იყო და ახლაც არის როგორც ხელისუფლებაში, ასევე, ოპოზიციაშიც. საქართველოში მეხუთე კოლონა ყოველთვის ძლიერი იყო. 1987 წლის დეკემბერში "ჭავჭავაძის საზოგადოების" პირველი აქცია გაიმართა.­ დაახ­ლოებით 60 კაცი ვიყავით. 1988 წლის ნოემბრიდან უკვე მასობრივი აქციები იყო. 1989 წელს რაც მოხდა, უკვე მოგეხსენებათ.­ დროის მცირე მონაკვეთში იმდენი კაცი ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, რომ შეუძლებელია ეს თავისთავად, ბუნებრივად მომხდარიყო. დღევანდელი გადასახედიდან­ მგონია, რომ ეროვნული მოძრაობის დიდი ნაწილი სწორედ მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. მე სწორედ ამის მეშინოდა, როდესაც ვამბობდი, რომ პარტიებად არ უნდა დაშლილიყო ეროვნული მოძრაობა-მეთქი. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარალელურად, პარტიებს შორის ლიდერობისთვის ბრძოლაც დაიწყო. სამწუხაროდ, ახლაც ისეთივე რეალობის წინაშე ვდგავართ. ძალიან მწარე გაკვეთილებითაც ვერაფერი ვისწავლეთ.

35 წლის შემდეგაც დიდად არაფერი­ შეცვლილა, ქვეყნის წინაშე დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე ყოველთვის იყო და დღესაც არის. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთი ანტიდასავლური არ ყოფილა. არც ავტორიტარიზმის ხარისხი ყოფილა ასეთი მაღალი. დემოკრატიული ხელისუფლება არასდროს გვყოლია, მეტიც, ერთი დღეც კი არ მიცხოვრია დემოკრატიულ გარემოში, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ყოვლად წარმოუდგენელია, არც ერთ ხელისუფლებას არ უცდია, რომ საკანონმდებლო ორგანო რეპრესიების ბერკეტად გადაექცია და ოპოზიციური პარტიები კანონით აეკრძალა. დღეს უმძიმესი ვითარება გვაქვს - "ქართულმა ოცნებამ" ზურგით შეგვაბრუნა ევროპისკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დაგვაყენა.

ხათუნა ბახტურიძე