რა მოხდა 31 მარტს ანუ ვინ ვის მოუწყო პროვოკაცია?! - კვირის პალიტრა

რა მოხდა 31 მარტს ანუ ვინ ვის მოუწყო პროვოკაცია?!

სანამ დედამიწის ზურგზე ერთი ქართველი მაინც ივლის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველი ეროვნული გმირების ხსოვნა მუდმივად იცოცხლებს. დიდება მათ, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ყველაზე მთავარს - ქვეყანას. ეს 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

1989 წლის 9 აპრილის შემდგომი რამდენიმე თვე იყო ეროვნული კონსენსუსის მაგალითი. იმაზე უფრო ერთიანი ვიყავით, ვიდრე თუნდაც 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. მაშინ უკვე პოლარიზაცია დაწყებუ­ლი იყო და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე­ იმასაც ამბობდა, არ მინდა­ ზვიად გამსახურდიას გამოცხადებული დამოუკიდებლობაო. 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ ეროვნული კონსენსუსი არ გვღირსებია.

რას ვგულისხმობთ ეროვნულ კონსენსუსში? - რა თქმა უნდა, იმას არა, რომ ყველანი ერთ აზრზე ვიყოთ და ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ. პოლიტიკური დებატები, აზრთა სხვადასხვაობა, თუნდაც მწვავე დისკუსიები ყველა ნორმალური ქვეყნის შემადგენელი ნაწილია. ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველოში რაღაც დაწყევლილი ხაზივით გაგვდევს - არ არსებობს პოლიტიკური ოპონენტი, არის "მტერი", რომელსაც ქვეყნის დაქცევა უნდა. არის "ერთი მხარე", "მეორე მხარე", "მესამე მხარე", რომლებიც თავის­ მომხრეებს­ უმტკი­ცებენ, რომ ყველა სხვა დანარჩენი მოღალატეები არიან. და აი, ასე დავდივართ­ ბოლო 35 წლის განმავლობაში ერთი ჩიხიდან მეორეში. საკმარისია ოდნავ სიტუაცია დამშვიდდეს და მაშინვე პოლარიზაციის ახალ მორევში უნდა ამოვყოთ თავი.

შემდეგ ქვეყანა უფსკრულის პირას რომ მივა ხოლმე, ვაბრალებთ გარე ძალებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მტერი ოკუპანტი­ გარე ძალა დაინტერესებულია, რაც შეიძლება დიდხანს ვარყიოთ ქვეყანა, რომ იქნებ როგორმე საბოლოოდ ჩამოიშალოს ის, რაც ბოლო 35 წლის განმავლობაში შევაკოწიწეთ. მისთვის იდეალური სცენარი იქნება, თუ ერთმანეთს დავერევით და ამოვხოცავთ, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში. თუმცა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - იმ წითელ ხაზებს თუ დავიცავთ, რომლის იქით ქვეყნის ინტერესებია, ვერანაირი გარე ძალა ვერ მოაწყობს აქ ქაოსსა და არეულობას.

ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ორი ექსპერტი კამათობდა, რამდენი წელი იცხოვრა საქართველომ მშვიდად. თუ არ ვცდები,­ 1-2 წელზე შეთანხმდნენ, რაც არ არის რეალობისგან შორს. მშვიდად ცხოვრებაში იმას არ ვგულისხმობთ, რომ მაინცდამაინც ქუჩებში ტანკები და კრიმინალები არ უნდა დათარეშობდნენ. ვგულისხმობთ, რომ დაძაბულობა არ იყოს ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული, რომელიც როდის "იბუთქებს", არავინ იცის. მშვიდად ცხოვრებაში ვგულისხმობთ­ იმას, რომ ვკამათობდეთ პოლიტიკურ გემოვნებაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და სხვა საკითხებზე და არა იმაზე, ვინ ვისი მტერია და არ ვემუქრებოდეთ ერთმანეთს ციხეში გაშვებით.

ყველა არჩევნების შემდეგ ამ მოჯადო­ებულ წრეში ვხვდებით. საზოგადოების დიდი ნაწილი დაიღალა ამ იწილობიწილოთი და ქვეყანა ახალი საფრთხის წინაშე­ დგება. დიდია ალბათობა, რომ მასობრივი ემიგრაცია კიდევ უფრო გაიზარდოს - თან ახალგაზრდების ხარჯზე. ანუ ის კატეგორია ფიქრობს წასვლაზე, რომელმაც ეკონომიკა უნდა დაქოქოს, ქვეყანა აამუშაოს, გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები განახორციელოს და ა.შ. საბოლოო ჯამში, დიდია საფრთხე, რომ ქვეყანა ტვინისგანაც დაიცალოს და სისხლისგანაც და ახდება იმ მტრის საუკუნოვანი ოცნება, რომლის აგენტობასაც ერთმანეთს ვაბრალებთ.

„წინააღმდეგობის პლატფორმა" ანუ რა მოხდა 31 მარტს?!

ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი საგანგებოდ იქცევა­ ისე, რომ ოპოზიციურად განწყობილ­ ამომრჩეველს იმედი გაუცრუოს. უპირველესად ვგულისხმობთ არასწორი მოლოდი­ნების შექმნას. ამის კლასიკური ნიმუშია ის, თუ რა ხდებოდა 31 მარტის აქციის წინა პერიოდში.

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ 31 მარტი უნდა იყოს უპრეცედენტო ერთიანობის დღე და ამის შემდეგ დიდი გარდატეხა დაიწყება - ანუ ამომრჩეველს შეუქმნეს ასეთი მოლოდინი: ოპოზიცია (ოთხი პარტია) გაერთიანდებოდა (თუმცა რა ფორმით­ და რა სტრუქტურით, ამაზე არაფერს ამბო­ბდნენ). მიანიშნებდნენ, რომ ეს იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის გარშემო და ახალი არჩევნების მისაღწევად გრანდიოზულ გეგმას დადებდნენ. თუმცა პარალელურად სულ სხვა პროცესი მიდიოდა - მაგალითად, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ყველა ტელეეთერში ამტკიცებდნენ, რომ გამორიცხული იყო მათი გაერთიანება რომელიმე პარტიასთან, განსაკუთრებით კი "ნაცმოძრაობასთან". გახარიას პარტიის წარმომადგენლის შემდეგ ტელეეთერში სხდებოდნენ გვარამია-მელიას პოლიტგაერთიანების წარმომადგენლები და ირწმუნ­ებოდნენ, გახარიამ უნდა დაამტკიცოს, ოპოზიციის მოღალატე რომ არ არისო. იქით "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რაღა დროის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობააო. მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები ცდილობდნენ, არც მწვადი დაეწვათ, არც შამფური, თუმცა უფრო ერთიანობას ლობირებდნენ, ვიდრე პირიქით. ამ არასწორი მოლოდინების შექმნაში წვლილი სალომე ზურაბიშვილსაც მიუძღვის თავისი ბუნდოვანი განცხადებებით - ხან ერთიანობაზე საუბრობდა, ხან ამბობდა, ჩვენი მიზანი ერთიანობა არ არისო. თუმცა ამ გადასახედიდან უკვე გასაგებია სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ბუნდოვანება. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოზე (სადაც სალომე ზურაბიშვილი­ და ოპოზიციონერები გეგმებზე მსჯელობენ), სავარაუდოდ, ისარი ხან ერთიანობისკენ გადაიხრებოდა, ხან არაერთიანობისკენ და ზურაბიშვილიც შესაბამისად აკეთებდა განცხადებებს.

31 მარტის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ნამდვილი ესკალაცია დაიწყო "ნაცმოძრაობასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის. უფრო ზუსტად, მიშას პარტიის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილის თამად­ობით თავს ესხმოდნენ სალომე ზურაბიშვილს და ის არ პასუხობდა. გაუხსენეს­ ყველაფერი - დაწყებული აგვისტოს ომზე თავისი პოზიციითა და სააკა­შვილის არშეწყალებით­ დასრულებული. თუმცა რაც მოხდა 31 მარტს, შეიძლება მართლაც პროვოკაცია ეწოდოს. "ნაცმოძრაობა" კი ამტკიცებს, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ეს დამოუკიდებელი აქტივისტების ინიციატივააო, მაგრამ... ალბათ, საკუთარი ნათქვამის თავადაც არ სჯერათ.

ყველამ იხილეთ - სანამ სალომე ზურაბიშვილი მივიდოდა სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნასთან, მანამდე მის უკან მიშას ბანერებიანი აქტივისტები განთავსდნენ. წარმოგვიდგენია, რა ხასიათზე დადგებოდა სალომე ზურაბიშვილი, ამას რომ დაინახავდა (სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ზურგიდან გადაღებული ფოტო დადო, რადგან სხვანაირად მიშას­ ბანერების "გადაფარვა"­ შეუძლებელი იყო). თუმცა საკვირველი ის არის, მეხუთე პრეზიდენტის გულშემატკივ­რებმა ერთი როგორ არ სცადეს, რომ ბანერ­ებიანი ხალხი­ სცენიდან ჩამოეყვანათ. მოკლედ, სააკაშვილის პორტრეტებიანმა აქტივისტებმა­ აქციაზე სიტუაცია დაძაბეს. გააღიზიანეს ის ხალხი, რომელსაც კარგად ახსოვს, რას სჩადიოდა საქართველოში მიშას ხელისუფლება. ამის დანახვაზე, თავის მხრივ, "ნაცმოძრაობის" მომხრეები გაღიზიანდნენ. ამის კულმინაცია კი იყო სალომე ზურაბიშვილის ტექსტი, სადაც, რა თქმა უნდა, არანაირ გეგმაზე და გარდამტეხ ნაბიჯებზე საუბარი არ იყო. ერთადერთი სიახლე (თუ სიახლე შეიძლება ეწოდოს) ის იყო, რომ იქმნება "წინააღმდეგობის პლატფორმა", სადაც პროევროპული პარტიები უნდა გაერთიანდენ. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ამ პლატფორმამ, რაღაც ნაბიჯები უნდა დაგეგმოს თუ მხოლოდ სადისკუსიო სივრცედ იქცეს, ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ანუ აქციაზე შეკრებილებს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ წინასწარ შექმნილი არასწორი მოლოდინი გაუცრუვდათ. კრიტიკის ქარცეცხლი სალომე ზურაბიშვილსაც დაატყდა თავს და ოპოზიციასაც. თუმცა ისმის კითხვა - რისი გაკეთება შეეძლო სალომე ზურაბიშვილს? არ ერთიანდებიან ეს ოპოზიციონერები და მძევლებად ხომ არ აიყვანს?! ასევე, როდესაც დისკუსია ძირითადად იმაზე მიდის, თუ ვინ ვისთან არ დაჯდება, იქ ერთიანი გეგმების დასახვა ცოტა რთულია. ასე რომ, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ყველაზე ნაკლები კრიტიკა სწორედ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

31 მარტის არეული აქცია გამოდგა თუ არა გაკვეთილი ოპოზიციისთვის? რა თქმა უნდა, არა! ახლა იწილობიწილო იმაზე დაიწყო, თუ ვინ რა პირობებით შევა წინა­აღმდეგობის პლატფორმაზე. მაგალითად, გვარამია და მელია ითხოვენ, რომ პარტიებმა ხელი მოაწერონ - არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ მონაწილეობა ადგი­ლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და არ მივიდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, თუ იქ დაიბარებენ. ანალოგიურს ითხოვს "ნაცმოძრაობა". თუმცა სხვა მხარეს არის გახარიას პარტია, რომელიც ამბობს, რომ კომისიაზე თუ დაიბარებენ, მივა და არც ადგილობრივ არჩევნებზე იძლევა საბოლოო პასუხს. და, რა თქმა უნდა, იქვე ამატებს, რომ "ნაცმოძრაობასთან" არანაირ ერთიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

და რა ქნას სალომე ზურაბიშვილმა?­ სავარაუდოდ, გამოსავალი ერთია - ამ "წინააღმდეგობის პლატფორმაზე" ან "ნაცმო­ძრაობა" და გვარამია გაუშვან, ან გახარია. რატომღაც ვეჭვობთ, რომ საკითხი­ მალე ასე დაისმება და ეს თემა თუნდაც სალომე ზურაბიშვილის პირადი განწყობებიდან გამომდინარე, "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ არ გადაწყდება. რაც შეეხება "წინააღმდეგობის პლატფორმას", ალბათ, ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თავისი რეპუტაციის აღდგენა, რომელსაც კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიადგა 31 მარტს და შემდეგ რაღაც პლატფორმებზე ფიქრი.

P.S. ისე, "ნაცმოძრაობას" სალომე ზურა­ბიშვილთან რომ აქვს დიდი გული, რატომ "გაატარა" მელიას სკანდალური განცხადება?! შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ,­ რაც გრიგოლ ვაშაძემ ჩვენება მისცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, ნიკა მელიამ­ სოციალურ ქსელში დაწერა: "გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი... გამახსენა "ქართული­ ოცნება" და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები­ მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ კულუარულად მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს­, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა, ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს".

მელიას ეს მინიშნებები თამარ ჩერგოლე­იშვილმა ასე გადათარგმნა: "ნიკა მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან" გარიგ­ებას­ და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ­ ვაშაძე - სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო"­. მელიას არ უთქვამს, ამას არ ვგულისხმ­ობდიო. არადა, მართლაც სერიოზული წყაროები ადასტურებდნენ, რომ გარიგება­ იმიტომ ჩაიშალა, რომ მიშას ელემენტარულად არ ენდნენ.

ასე რომ, სანამ სალომე ზურაბიშვილს შეუტევენ, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს არ სურთ კითხვები დაუსვან სააკაშვილს და დაინტერესდნენ, ასრულებდნენ თუ არა ისინი პოლიტიკური ვალუტის როლს?!

გიორგი კვიტაშვილი