"მენატრება აფხაზეთი, ჩემი სოფელი, სახლი, ბაღი, სკოლა... ყველაფერი და ყველა­ იქაური მენატრება. ამ მიწას ძალით მოგვწყვიტეს და დღემდე უკან დაბრუნების საშუალება არ მოგვეცა. ბავშვობის 7 წელი, რომელიც აფხაზეთში გავატარე, იყო უბედნიერესი, მერე ბავშვობა წამართვეს", - ამბობს­ ეტლით მოფარიკავე საუკეთესო­ ქალის ტიტულისა და უამრავი მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს და როგორი ადამიანები აკვირვებენ? - ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ. - ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­ - ცნობილი მსახიობი. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მაშინ ჩემი მთავარი ფიქრი იყო, ცნობილი გავმხდარიყავი, პროფესიას იმდენად მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ძალიან მიყვარდა ფილმები და სურვილიც მქონდა, მსახიობის პროფესია ამერჩია. საბოლოოდ ასე არ მოხდა, მაგრამ შეიძლება­ ითქვას, ბავშვობის ოცნება ნაწილობრივ მაინც ამისრულდა. - ჩემზე ამბობენ... - კეთილშობილი გოგოაო, მაგრამ მყავს­ 2 მეგობარი, რომლებიც ჩემზე ამბობენ, წუწუნააო. - ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - არაფერს შევცვლიდი. - ჩემი პირველი წარმატება... - ეს იყო პირველი მედალი პარაფარიკაობაში, რომელიც კანადაში ავიღე. ცხოვრებისეულ წარმატებას თუ გავიხსენებ, ვიტყვი, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც შეცვლილი მდგომარეობა მივიღე ისეთი, როგორიც იყო, იმ პერიოდს ვგულისხმობ, როცა ეტლით მოსარგებლე გავხდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ დავძლიე. - ჩემი სავიზიტო ბარათია... - თავმდაბლობა. ფარიკაობაში ამბიციური ვარ, მაგრამ ამ სპორტის მიღმა ვცდილობ ყველაფერი ჩუმად ვაკეთო. ადამიანები ცხოვრებაში როგორი წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ, უმთავრესია, დავრჩეთ ადამიანებად. მინდა სულ ვიღიმოდე, რადგან ამით სხვას კარგ განწყობას ვუქმნი, პოზიტივს ვუგზავნი. - თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - არ ვიცოდი, ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, ეს ნელ-ნელა აღმოვაჩინე. - საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე... - როგორ არ უნდა დანებდე. ცხოვრებაში, სპორტშიც დიდი იმედგაცრუების­ შემდეგ მიფიქრია, დავნებებულიყავი, მაგრამ მერე ძალაც მიპოვია და ამ ჭიდილიდან უფრო ძლიერიც კი გამოვსულვარ. - პატიება შემიძლია... - ნებისმიერ შემთხვევაში. შეიძლება­ ადამიანს შეცდომა ვაპატიო და მასთან ურთიერთობა ჩვეულებრივად გავაგრძელო, მეორე შანსი მივცე, დამიმტკიცოს, რომ კარგი მეგობარია, კარგი ადამიანია. არის ისეთი შეცდომებიც, რომელსაც ვპატი­ობ, თუმცა ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს ვეღარაფერი ავსებს. თავად მე მჭირდება, რომ ვაპატიო, არ შემიძლია, ჩემში ნეგატივი დავიტოვო, ეს დამამძიმებს, ცუდად იმოქმედებს, ამიტომ აუცილებელია გავთავისუფლდე და სიმძიმე მოვიხსნა. - ვნანობ... - ბევრ რამეს. არის თემები, რომლებზეც არ ვსაუბრობ, მაგრამ ვნანობ. პირად ურთიერთობებში რაღაცები სწორად ვერ დავინახე. ყველა უნებლიე შეცდომას ვნანობ, დედისთვის თუ ოდესმე მიწყენინებია. - ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ცოტათი გამხდარი. 2 კილოგრამის მომატებაც კი ფსიქოლოგიურად მოსვენებას არ მაძლევს. - წონასწორობიდან გამოვყავარ.. - უსამართლობას. ამ დროს შეიძლება ხმასაც კი ავუწიო. - მეზარება... - ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, ძალიან ვიღლები. ზოგჯერ ვარჯიშიც მეზარება, ვიგონებ მიზეზს ან "ვიმართებ" რამეს, ვარჯიშზე რომ არ წავიდე. ეს იშვიათად, მაგრამ მომხდარა. - სიყვარული ეს არის... - პირველ რიგში, პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ისეთი გიყვარს, როგორიც არის და მისი შეცვლა არ გინდა. სიყვარულია, როცა ადამიანებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, როცა გამოხედვაც კი საკმარისია, მიხვდე რა უნდა, რა აწუხებს, რა უხარია. - პირველად რომ შემიყვარდა... - ეს თინეიჯერობის წლებში იყო, იმ ადამიანს ვაიგნორებდი. მეშინოდა, ჩემს თვალებში არ წაეკითხა, რასაც მისდამი­ განვიცდიდი, მაქსიმალურად­ უხეში ვიყავი, არადა მისი შორიდან დანახვაც კი ადგი­ლზე მაშეშებდა. ახლობ­ლები ჩემი ამ თვისებით ხვდებოდნენ, რომ ვიღაც მომწონდა. - მაკვირვებენ... - ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ემპათია, არ განიცდიან მეორე ადამიანის ტკივილს, არ უცხადებენ თანადგომას. მადლობა ღმერთს, რომ ასეთ გაყინულ ადამიანებთან შეხება ხშირად არ მაქვს. - ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს... - კარგ ფილმს, კარგ წიგნს, მეგობრებს და ჩემი ოჯახის წევრებს. ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს ჩემი მეგობრის შვილი, პატარა ანა-მარია. - ვრისკავ... - ხშირად. ზოგჯერ მიმართლებს, ზოგჯერ - არა. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ვფიქრობ. - ყველაზე დიდი სისუსტე... - ცოტათი მშიშარა ვარ და ეს ზოგჯერ ხელის შემშლელი ფაქტორია. როდესაც რაღაცას იდეალურად ვერ ვასრულებ, ვფიქრობ, მე არ ვარ ისეთი კარგი, როგორიც უნდა ვიყო, ასეთ დროს თითქოს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება.­ ჩემში ამ სისუსტეს სულ ვებრძვი, მაგრამ ზოგჯერ თავს მნიშვნელოვან მომენტებში მაინც იჩენს. - ბოლოს ვიტირე... - ახლახან... დიდი გოგო კი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ვტირი ხოლმე. რაპირით ფარიკაობაში მედალთან ძალიან ახლოს ვიყავი და ისეთ გოგოსთან დავმარცხდი, რომ არ უნდა დავმარცხებულიყავი, შეიძლებოდა მომეგო. მარტო რომ დავრჩი, სინანულის გამო ამეტირა. - როცა საჯაროდ მაქებენ... - მერიდება, მიხარია, მრცხვენია, სიამაყის განცდაც მაქვს. - ხშირად მსაყვედურობენ... - ჩემი დაქალი მეძახის, ქოფაკი ხარო. ნივთს ერთ ადგილზე რომ დავდებ, მინდა იქ დამხვდეს, გადანაცვლება და მოუწესრიგებელი გარემო არ მიყვარს. - ვიტყუები, როცა... - არ მინდა, სიტუაცია გავამძაფრო, ცუდი მატყუარა ვარ, რომ შემომხედო, მიხვდები, რომ ვიტყუები. - თავისუფლება არის... - საკუთარი თავის პოვნა, უკეთესად გაცნობა და გულში ბევრი სიყვარული. ჩემთვის ეს არის თავისუფლება და არა ის, "რაც მინდა ის ვაკეთო". - ინტუიცია... - კარგად მაქვს განვითარებული. პირველივე შეხვედრისას მიგრძვნია, ესა თუ ის ადამიანი როგორი პიროვნებაა, თან ისე, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, ჩემი გონებიდან მოდის ეს შეგრძნება. ჩემი ინტუიცია ხშირად ისე ზუსტად გამართლებულა, ცოტა შემშინებია კიდეც. - ბედისწერის გჯერათ? - ზოგჯერ ცხოვრებაში რაღაცები­ ჩვენ გარეშეც ხდება ისე, რომ ვერ ვაკონტროლებთ და მე ამას ბედისწერას ვუწოდებ. - როცა მარტო ვარ... - ფიქრებით შორს მივდივარ. ჩემი ფიქრები ტრიალებს იმის გარშემო, თუ რა შემიძლია და რა უნდა შევცვალო... სტაბილურობა მიყვარს, არ მინდა, მყუდროება, სიმშვიდე დამერღვეს, ამიტომ მიჭირს ცვლილებების მიღება. ჩემს ამ თვისებაზე ხშირად ვფიქრობ და მარტო რომ ვრჩები, საკუთარ თავზე ვმუშაობ, მქონდეს ცვლილებების მიმღებლობა ისე, რომ პანიკური შიშები არ მაფრთხობდეს. - ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს... - ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემს ქვეყანაში ბავშვები არ იჩაგრებოდნენ, არ შიმშილობდნენ, მათ ბედნიერ მომავალზე ვიზრუნებდი. - მენატრება... - აფხაზეთი, ჩემი სოფელი, სახლი, ბაღი, სკოლა... ყველაფერი და ყველა იქაური მენატრება. ამ მიწას ძალით მოგვწყვიტეს და დღემდე უკან დაბრუნების საშუალება არ მოგვეცა. ბავშვობის 7 წელი, რომელიც აფხაზეთში გავატარე, იყო უბედნიერესი, მერე ბავშვობა წამართვეს. - რა ინფორმაცია გაქვთ, იქ თქვენს სახლში ახლა ვინმე ცხოვრობს? - ჩემი სახლი საერთოდ აღარ არსებობს, ნანგრევებია, იქაურაობა ტყეს ჰგავს.­ ოჩამჩირის რაიონის სოფელი ცაგერა ომის დროს თითქმის სულ დაინგრა. ამ სოფელში­ უმეტესად ლეჩხუმიდან ჩასახლებული ადამიანები ცხოვრობდნენ. ჩემი ბებია-ბაბუაც ლეჩხუმელები იყვნენ. ძალიან ლამაზი პატარა სოფელი გვქონდა, მაგრამ დღეს ნასოფლარია, სადაც მხოლოდ ერთი სახლი დგას. ომის დროს თითქმის ყველა სახლი დაიწვა, აფეთქებები იყო. ამ ნასოფლარზე ახლა ტყეა. - როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს... - სუნთქვის ვარჯიში მშველის. ასეთ დროს მთავარია ჩემგან ნეგატივი გავუშვა. შეიძლება ეს იყოს ერთი დაყვირება, ღრმა ამოსუნთქვა. მეგობრებამდე უკვე დაცლილი და მშვიდი მივდივარ. - დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება... - დედა სულ საკუთარი ცხოვრებით მაძლევდა მაგალითს, სიტყვებით ნაკლებად. მისგან ვიცი, რომ შრომა არასდროს უნდა დამეზაროს. - დაბოლოს გეტყვით... - მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, ეს ჩემთვის პატივია. გთხოვთ, ზედმეტად ნუ გამკიცხავთ. თქვენი არც ერთი ნაბიჯის არ შეგეშინდეთ, შეცდომაც კი შეგიძლიათ გამოცდილებად აქციოთ! თამუნა კვინიკაძე