მსახიობობაზე მეოცნებე გოგომ საბოლოოდ არჩევანი მაინც მუსიკალური მიმართულებით გააკეთა. ამბობს, რომ დიდი შრომით ოცნებები აიხდინა, ახლა მისი მთავარი ოცნებაა ისეთ მასშტაბურ კონკურსზე, როგორიც "ევროვიზიაა" საკუთარი სამშობლო ღირსეულად წარადგინოს. მომღერალი მარიამ შენგელია საკუთარ განცდებზე, ემოციებსა და სამზადისზე თავად გვიამბობს. - მარიამ, ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა შემსრულებე­ლმა­ გამოთქვა. როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც გაიგეთ, რომ საქართველოს ევროვიზიაზე თქვენ წარადგენდით? - პირველ წუთებში აღსაქმელად ცოტა რთული კი იყო, თუმცა როდესაც შემსრ­ულებელი კონკურსზე განაცხადს აკეთებ, შინაგანად ამის მზაობაც გაქვს. რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი სიხარული და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობის განცდა. - "დღემდე ვერაფრით გავბედე საზღვარგარეთ მუსიკალურ კონკურსზე წასვლა,­ ამის უდიდესი სურვილი მაქვს და იმედია როდესმე გავბედავ", - მითხარით ერთ-ერთ ინტერვიუში. ეს ახლა რეალობაა. ყველაზე დიდ მოტივაციას ვინ გაძლევთ? - სულ ასე იყო, მასშტაბურ კონკურსზე­ გასვლის დიდი სურვილი მქონდა, ოჯახის წევრები და ახლობლები კი ყოველთვის გვერდში მედგნენ. მთავარია, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეს - დამეთანხმებით, ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მგონია, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ის ადამიანები დარჩნენ, რომლებიც სულ იქნებიან, აღარაფერი შეიცვლება. - ზოგიერთისგან იმედგაცრუებული დარჩით? - ახლა ამ თემაზე კრიტიკულად ლაპარაკი არ მინდა... - ამსტერდამში ტარდება "ევროვიზიის"­ პრეკონცერტები, ამის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ? - დიახ, ამსტერდამში კონკურსის პრეკონცერტი დიდ არენაზე ტარდება. ევროვიზიის მონაწილეები აქ პირველად ვხვდებით ერთმანეთს და ძალიან ვნერვიულობ... ჩემს კონკურენტებს, როგორც შემსრულებლებს, ვიცნობ. საერთო ჩათი გვაქვს, სადაც ვსაუბრობთ, ერთმანეთს სიახლეებს ვუზიარებთ. - ნებისმიერი შემსრულებლისთვის ასეთ მასშტაბურ კონკურსზე გამოსვლა გამოწვევაა, ცხოვრებაში რამდენად თამამად იღებთ გამოწვევბს? - გამოწვევებს ყოველთვის თამამად ვიღებ, სიახლეები არ მაშინებს და არასდროს ვუფრთხი. მთავარია, შინაგან მზაობას ვგრძნობდე იმ საქმისთვის, რომელსაც უნდა შევეჭიდო. ყოველთვის ვფიქრობ გადავდგა თუ არა კონკრეტული ნაბიჯი, ამას სპონტანურად არ ვაკეთებ. - როდესაც ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდით, ამბობდით, რომ ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, იმდენად ღელავდით, საქმეში ხელიც კი გეშლებოდათ. როგორ დაძლიეთ თქვენში ეს მღელვარება? - საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე, გავაცნობიერე რამდენად ხელს მიშლიდა ემოციურობა და ეს თვისება დავძლიე, მოვიშორე. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასაც, წლების განმავლობაში ეს გამოცდილებაც დამიგროვდა და ახლა უკვე ემოციები ნაკლებად მერევა. - ამ დღეებიდან რა იყო ყველაზე მტკივნეული და ყველაზე სასიამოვნო? - როდესაც გავიგე, "ევროვიზიაზე" ჩემი ქვეყანა უნდა წარმედგინა, ეს ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო. ტკივილზე ლაპარაკი არ მინდა, არ მსურს ამ თემის დრამატიზება, ვთქვა, რომ ბულინგით დაჩაგრული ვარ. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და შესაძლებლობების მაქსიმუმს ჩავდებ, რომ ვასახელო. - შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ დღეებმა პიროვნულად გაგზარდათ? - ძალიან გამზარდა, ეს უდავოა. - ბავშვობაში მსახიობობაზე მეოცნებე გოგონამ არჩევანი მუსიკალურ განვითარებაზე­ გააკეთეთ. თვლით, რომ პატარა მარიამს ოცნებები აუხდინეთ? - დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე. 22 წლის ვარ და ამ ასაკშIი ჩემი შრომით უკვე ბევრი ოცნება ავისრულე. თითქოს ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. პატარა რომ ვიყავი, სულ ვოცნებობდი, სცენაზე ბრჭყვიალა კაბებით გამოვსულიყავი და "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ეს ოცნებაც ამიხდა - ამ კონკურსშიც ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ფინალში მეცეკვა... ახლაც ძალიან ბევრს ვმუშაობ, ამ საპასუხისმგებლო კონკურსზე ჩემი ქვეყანა ღირსეულად რომ წარვადგინო... პატარა მარიამს ბევრ ოცნებას ავუხდენ... - ახლა რაზე ოცნებობს მარიამი? - ახლა იმდენად ვარ "ევროვიზიაზე" კონცენტრირებული, ჩემი გული და გონება­ ამ მიმართულებით ფიქრობს. ევროპიდან რომ დავბრუნდები, ახალ ოცნებებზე შემდეგ ვილაპარაკოთ... - როდესაც ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ საქართველოს "ევროვიზიაზე" თქვენ წარადგენდით, როგორი იყო მათი რეაქცია? ნათქვამი გაქვთ, როდესაც ბებო ეკრანზე მხედავს, მწერს, რომ ჩემით ამაყობსო. - ძალიან გახარებული იყვნენ. ბულინგზე უკვე მათაც იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. ვისარგებლებ შემთხვევით და ოჯახს კიდევ ერთხელ საჯაროდ გადავუხდი მადლობას. ახლახან, ერთ გადაცემაში ბებოს შესახებ რომ ვისაუბრე, მომწერა, ბებო, არ მეგონა, შენს ცხოვრებაში ამხელა­ ადგილი თუ მეჭირა, დიდი მადლობა, ასეთი­ რომ ხარო. ბებო ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. - დედა ემიგრაციაში რომ წავიდა, მასთან იზრდებოდით? - დიახ, ბებო მზრდიდა, ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და როგორ შეიძლება არ დავუფასო, ჩემს გულში გამორჩეული ადგილი არ ჰქონდეს. - ოჯახის წევრები "ევროვიზიაზე" თქვენს გამოსვლას დაესწრებიან? - დიახ, ამ დღეს ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჩემ გვერდით იქნება, მიგულშემატკივრებენ და გამაძლიერებენ. - 15 მაისს მსმენელის წინაშე წარდგებით, 14 მაისს კი დაბადების დღე გაქვთ, ალბათ ყველა წინა 14 მაისისგან განსხვავებული და გამორჩეული. - 14 მაისს არა მხოლოდ ჩემი, მამას დაბადების დღეც არის. წელს ეს დღე, რა თქმა უნდა, გამორჩეული იქნება. საყვარელი ადამიანებიც ჩემს გვერდით იქნებიან. 14 მაისს გენერალური რეპეტიცია მექნება­ და თითქმის მთელი დღე სცენაზე ყოფნა მომიწევს. ალბათ, მოვახერხებთ ღამით, 15 მაისი რომ დადგება, მაშინ აღვნიშნოთ. - 15 მაისს ისეთივე გამოსვლა გექნებათ ევროპელი მაყურებლის წინაშე, როგორიც ოცნებაში წარმოგედგინათ? - კი, იმდენად კარგი სცენოგრაფიაა, ისე მომწონს ყველაფერი, რაც სცენაზე უნდა მოხდეს, მგონია, რომ მაყურებელს კარგი შოუ ელოდება. იმ წითელი კაბით, რომელიც კლიპში მეცვა, არ გავდივარ, ჩემს სასცენო ჩაცმულობაზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა... სცენაზე ჩემთან ერთად ანსამბლ "ერისიონის" 4 არაჩვეულებრივი მოცეკვავე ბიჭი იქნება. როგორც კლიპშია, სცენაზეც ევროპელი მაყურებლისთვის ქართული ელემენტები იქნება ნაჩვენები. - წარმატებას გისურვებთ! შემდეგი ინტერვიუ ჩაგვეწეროს, როგორც "ევროვიზიის" გამარჯვებულთან. - დიდი მადლობა! 18 კონკურსანტს შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებითა და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც ისეთ მასშტაბურ კონკურსზე, როგორიც "ევროვიზიაა", ქვეყნის ეროვნულ იდენტობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. Freedom (თავისუფლება) ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც მარიამ შენგელია კონკურსზე წარადგენს. მუსიკის ავტორი ქეთი გაბისიანია, ტექსტის ავტორი - ბუკა კარტოზია. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო. კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეოკლიპში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" მოცეკვავეები და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. "ევროვიზია 2025" შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 14 და 17 მაისს გაიმართება. მარიამ შენგელია ევროპელი მსმენელის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. თამუნა კვინიკაძე