"ბათუმი ისტორიის, ურთიერთობების ქალაქია და ვინ ჯანდაბას აქვს უფლება, ეს ამოშანთოს?!" - კვირის პალიტრა

"ბათუმი ისტორიის, ურთიერთობების ქალაქია და ვინ ჯანდაბას აქვს უფლება, ეს ამოშანთოს?!"

ვისაც არ უნახავს, რა მომენტალურად შეიძლება იქცეს პატარა ქალაქი ჰაბად, ანუ კონტინენტურ ცენტრად, შეუძლია ბათუმში ჩავიდეს და ნახოს. სულ რამდენიმე წელიწადში აშენებული ცათამბჯენები, ფეშენებელური აპარტამენტები, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი და აერო-საზღვაო ტრანსპორტის დაუსრულებელი რეისები, ამ ყველაფრის ფონზე კი ქალაქის ცენტრი - პატარა, ძველი ბათუმი და აქაურთა შიში, ძველ ბათუმსაც ხომ არ ემუქრება შთანთქმა ცათამბჯენებისაგან?! ამ მრავალჭირნახული, უძველესი ქართული ქალაქის მემატიანე ფოტოგრაფ-პორტრეტისტი გიზო ჩიგოგიძე სწორედ ამ იდუმალ ძველ ბათუმში ცხოვრობს, ჯერ კიდევ როტშილდებისა და ნობელების დროინდელ ფრანგული კრამიტით გადახურულ სახლში. 1935 წელს, როდესაც ამ ქალაქში გიზო ჩიგოგიძე დაიბადა, ქუჩებში ჯერ კიდევ იყო ბათუმის დამბრუნებელთა, გენერალ მაზნიაშვილისა და მისი არმიის სისხლის კვალი. მათ შორის, პირადად ჩემი დიდი ბაბუაც იყო, რაც მეამაყება, ბატონ გიზოს კი ის, რომ 1991 წელს თავად ამოასვენა ასფალტიდან ბათუმის სამშობლოსთვის დამბრუნებლები და მიწას ღირსეულად მიაბარა.

- მთელმა ქალაქმა იცის თქვენი ფოტოატელიე და ფოტოპორტრეტები. თავადაც ისტორია ხართ და არა მხოლოდ ბათუმისათვის.

- ფოტოატელიე მხოლოდ ფოტოების გადასაღები ადგილი არ იყო. ეს იყო პატარა კულტურის ცენტრი, სადაც სულიერების საქმე შენდებოდა. ახლა ისინი ყველგან გაქრნენ, მათ შორის ბათუმშიც. არ ვიცი, მომავალში ეს ისტორია სად ამოტივტივდება, მაგრამ თავად ბათუმი უკვდავია და ვინ იცის ამ უკვდავებაში მეოცე საუკუნეც სადმე აირეკლოს.

1935 წელს ვარ დაბადებული. ჩემს მშობლებს, რომლებიც განათლებული ხალხი იყვნენ, ჩემი მომავალი ფოტოგრაფად არ განუსაზღვრავთ, მაგრამ მე გამოვედი. სხვანაირად არც ახლა ვიფიქრებდი, ისე როგორც ბათუმიდან წასვლა არ მიფიქრია. სად უნდა წავსულიყავი, როდესაც არაერთხელ ბრძოლითა და სისხლით დაბრუნებულ ქალაქში ქართველად დავიბადე! ჩემი დაბადება, ბავშვობა და მთელი ცხოვრებაც იმ დროის სახლში გავიდა, რომელიც ნობელებისა და როტშილდების სახლების დროინდელია. Eამ დიდი მაგნატების სახლები ქალაქში ისევე დგას, როგორც ჩემი სახლი. ისიც ისეთივე პარიზიდან ჩამოზიდული ფრანგული კრამიტით არის გადახურული, როგორც მათი სახლები. ჰოდა, აქედან სად უნდა წავსულიყავი?! ჩემი აზრით, არც ერთი ქართველი არ უნდა წავიდეს, მით უფრო, რაც მეტია უცხოელების შემოსვლა და დამკვიდრება.

- მეცხრამეტე საუკუნის მაგნატების ეს ფრანგულ-ინგლისური ისტორიები არა მხოლოდ ბათუმს ამდიდრებს, არამედ საქართველოს ისტორიაა. ჩვენი ქვეყანა კი ისევ ცდილობს ევროპულ განვითარებას დაუბრუნდეს, საკმაოდ გართულდა ეს მიზანი, მაგრამ მაინც.

- ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგი ქალები ბათუმის ახალ ბულვარში გორგოლაჭებით დაქროდნენ. მას შემდეგ, რაც ბათუმი, როგორც მსოფლიო რუკაზე მონიშნული ნავსადგური, ევროპაში ცნობილი გახდა. ევროპამ ხალისით გადმოდგა ნაბიჯი ბათუმისაკენ. როტშილდმა 10 000 დოლარიც კი ჩადო ბაქო-თბილისის რკინიგზის მშენებლობაში, როდესაც კარგად დაფიქრდა, რას მოუტანდა ეს რკინიგზა, ამ რკინიგზით ბაქოდან ნავთობის ჩამოტანა და მისი გადაზიდვა ევროპაში. სხვათა შორის, ნავთობი ბათუმიდან ევროპაში კასრებით გადიოდა. ასევე იგზავნებოდა ჭიათურის მარგანეციც. ამის შემდეგ ბათუმშიც მოვიდა საბჭოთა ტერორი და ქალაქის განვითარება დიდი ხნით გაჩერდა. თუმცა ამ უბედურებას ერთი დიდი ამბავიც მოჰყვა, რაც საქართველოს ისტორიაში, ჩემი აზრით, დიდი ოქროს ასოებით ჩაიწერა. ეს არის ჩემს დაბადებამდე 14 წლით ადრე, 1921 წელს, ბათუმის ბრძოლით დაბრუნება საქართველოსთვის. მაგ დღეს დიდი სასწაული მოხდა: დანასისხლად გადაკიდებული ქართველები, სისხლიანი ბოლშევიკები და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა გაერთიანდა და ბათუმი თურქეთს წაართვა. ბოლშევიზმით გონებაარეული ქართველებიც მიხვდნენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმს საქართველოსთვის და გენერალ მაზნიაშვილს სთხოვეს, ქვეყანას უშველე, ისევ შეკრიბე მშიერი და შიშველი ქართული არმია და შენთან ერთად ვიბრძოლებთო. 1991 წელს ჩემი ხელით ამოვასვენე იმ ომში დაღუპული 50 კაცი ასფალტიდან, რომლითაც კომუნისტებმა მათი საფლავები ჩააბეტონეს.

- ამ ბრძოლაში დაიღუპა ჩემი დიდი ბაბუა, ოღონდ ბთუმში დაკრძალულ 50 კაცში ვერ იპოვიდით. მამა-შვილი ერთად იბრძოდა იმ დღეს და მამამ წაიყვანა ზემო იმერეთში დასაკრძალად.

- ზუსტად ეგრე წერს გენერალი მაზნიაშვილი: ბათუმში ბრძოლაში 84 კაცი დაგვეღუპა. 50 კაცი ქალაქში დავასაფლავეთ, დანარჩენები ჭირისუფლებმა წაიყვანეს ურმებითო. ბათუმს უფრო მძიმე ჟამიც ახსოვს, როცა 1978 წელს ქართული ენის გაუქმება გადაგვიწყვიტეს რუსებმა. ძირითადად, თბილისის აზვირთებით გადაიფარა ეს ამბავი. უფრო ნაკლები პროტესტი ბათუმშიც არ ყოფილა, აქაც დიდი მიტინგი იყო. გუშინდელივით მახსოვს, როგორ ჩამოვიდა შევარდნაძე, რომელიც მხდალი კაცი არ იყო. ჰოდა, გვითხრა, ნუ გეშინიათ, ქართულ ენას ვერავინ წაგართმევთო და აზვირთებულები დაგვამშვიდა; 5-6 კაცი მისცვივდა, ხელში აიყვანა და ასე ატარა ბათუმის მთავრობის შენობამდე. სხვათა შორის, იმ ხალხში მეც ვიყავი. იმდენად დიდი რისხვა მიტრიალებდა, რომ შევარდნაძის ემოციურმა სიტყვებმა მომენტალურად გამინულა, და საპასუხოდ შევარდნაძეს მეც დავავლე ხელი.

- ბათუმზე გადიოდა ის გზაც, რომელსაც საბჭოთა ნანგრევებში მოყოლილი საქართველო მიჰყვებოდა თურქეთისკენ წვრილმანებზე სავაჭროდ და ამით სულმოსათქმელად.

- ეგ არ იყო კარგი დრო არც საქართველოსთვის, არც ბათუმისათვის. მაშინ შესაძლოა იმდენად მძაფრად ვერ აღვიქვამდით, მაგრამ ადვილი საცქერი არ იყო ხალხი, რომელსაც ნიშნობის ბეჭდებიც კი გაჰქონდა ოჯახების გადასარჩენად, თანაც ჩალის ფასად.M მაგრამ ამ გზამ თავისი როლი შეასრულა, ტვირთი შეგვიმსუბუქა, - რას მიქვია ოქრო და ვერცხლის დაკარგვა, თუ იმაზე გაქვს საქმე მიმდგარი, შვილი როგორ გადაარჩინო! თანაც ამ გზამ გვასწავლა თუნდაც ის, რომ საკუთარ თავშიც უნდა აღმოაჩინო ძალა, რომლითაც არსებობას შეინარჩუნებ. უფრო სწორად, Eეგ ძალა ჩვენმა დამოუკიდებლობამ აღმოგვაჩენინა. დიდმა ხალხმა, რომელიც მსხვერპლად შეეწირა ამ პროცესებს. ბათუმმაც ბევრი რამ გადაიტანა მაგ წლებში, ასლან აბაშიძის ეპოქა იყო თუ სხვა მოვლენები. ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ბათუმი სიზმრადაც კი უნდა ჩაჰყვეს ყველა ქართველს და განსაკუთრებით ხელისუფლებას, ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოში. ბათუმი ის ქალაქია, სადაც დიდი დაფიქრების გარეშე არაფერი არ უნდა გააკეთო, რადგან შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს.

- ამას რაზე ამბობთ?

- იმაზე, რაც დღეს ბათუმში ხდება. ქალაქის ახალ უბანში, სადაც მრავალსართულიანი სახლები ცას სწვდება, ქართულს ვერ გაიგონებთ. რომელი ეროვნება გინდა, იქ რომ არ მკვიდრდებოდეს: თურქი, სპარსი, რუსი და კიდევ ბევრი სხვა. Gგანა ამ ყველაფრის შეჩერებაზე ვლაპარაკობ, უცხოელიც უნდა მოვიდეს, როგორც ყოველთვის მოდიოდნენ ბათუმში, მაგრამ ამას სახელმწიფო კონტროლი უნდა ახლდეს. ყველაზე მეტად მაინც რუსის მეშინია, იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს ზნე და ისტორია ვიცი: ჯერ დასახლდებიან, მერე გამოვა მათი მმართველი პუტინი და იტყვის: ბათუმში ჩემი მოქალაქეები ცხოვრობენ, ვალდებული ვარ მათი ინტერესები დავიცვაო, და მათ `დასაცავად~ შემოგიყვანს ჯარს, რომელიც მუდამ სახორცედ ჰყავს განწირული. ამისთვისაც არის გონება საჭირო, სანამ გვიან არ არის.

- თქვენ ყოველდღე ადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ვხვდები, როგორც განიცდით, ალბათ, ყოველი ძველი სახლის ნგრევას და მის ადგილზე ახალი კორპუსის წამოწყებას.

- როგორც ყველა ძველი ბათუმელი. თუ საშველი აღარ არის, დასანგრევი უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს, მაგრამ გააჩნია: როდესაც მეცხრამეტე საუკუნის იმ სახლს მიადგები ექსკავატორით, რომლის რესტავრაცია შესაძლებელია, ქალაქის მტერი ხარ. ბათუმი მხოლოდ ცათამბჯენების ქალაქი ვერ იქნება. ბათუმი ისტორიის, ურთიერთობების ქალაქია და ვინ ჯანდაბას აქვს უფლება, ეს ამოშანთოს?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს მსოფლიოში ვის გააკვირვებ ცათამბჯენებით?! სამაგიეროდ, ყველას უკვირს და უყვარს ის ძველი ქალაქები, სადაც ისტორია და ადამიანია შენახული. ბათუმიც ასეა, არავინ დადის მრავალსართულიანი კორპუსების სანახავად, ყველა ტკბება ძველი ბათუმით. ამიტომ ყველა ჩვენგანის შთამომავალს, შვილსა და შვილთაშვილს ძველი ბათუმი უნდა შემორჩეს. მეც ერთხანს ვივლი ამ ქალაქში და სანამ შევძლებ, მოვეფერები.

TOP.GE