რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად
ამჯერად შეკითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს.
ჩემი მეუღლე წლებია განქორწინებულია. გვყავს საერთო შვილი, წინა ქორწინებიდან მას ჰყავს შვილი, რომელიც არასრულწლოვანია და როცა გახდება 18 წლის, მის მფლობელობაში გადავა ბინა. აქვს თუ არა უფლება მეუღლეს, რომ გაყიდოს ეს ბინა მანამდე, სანამ ბავშვი სრულწლოვანებას მიაღწევს, როცა ბინა მის სახელზეა. გაყიდვის შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება ჩემს მეუღლეს, რომ წილი ჩვენ საერთო შვილსაც მისცეს?
- თუ ბინა ყოფილი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო განქორწინებიდან გასულია 3 წელზე მეტი, მეუღლეს არა აქვს უფლება მოითხოვოს აღნიშნული ქონების წილი, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრემ. პირს, რომელიც ბინის მესაკუთრეა, აქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს თავისი ქონება, ამდენად მის სურვილზეა დამოკიდებული შვილს გაუფორმებს ბინას თუ გაასხვისებს (გაყიდის) მას.
მყავს მევალე, რომელიც წლებია არ მიბრუნებს ჩემს ფულს, მინდა მის ქონებას დავადო ყადაღა. თავისი ქონება თვალთმაქცურად გადაფორმებული აქვს შვილის სახელზე. რა შეიძლება გავაკეთო?
- ვინაიდან სესხის დაბრუნების დრო დადგა წლების წინ და არ აბრუნებს, უნდა შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. რაც შეეხება ქონების ნაწილს, უნდა მოითხოვოთ როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილობა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში ქონების გასხვისების აკრძალვა.
ვცხოვრობდით იტალიურ ეზოში, რომელიც იყიდა ინვესტორმა, უნდა აეშენებინა კორპუსი და ჩვენთვის ბინები მოეცა. დაანგრია ჩვენი სახლები და უკვე 15 წელია უშედეგოდ ველოდებით პირობის შესრულებას. გაპარტახებულია იქაურობა, არც კორპუსი ააშენა. რა შეიძლება გავაკეთოთ მოსახლეობამ? როგორც გავიგეთ ეს ქონება ჩადებული იყო ბანკში.
- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სახის ხელშეკრულება გქონდათ გაფორმებული, პირობები როგორი იყო, როდის უნდა შეესრულებინა მოთხოვნა, გასულია თუ არა ხანდაზმულობის ვადა, ხოლო შემდეგ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა მოითხოვოთ სასამართლოს გზით.
თანხა მაქვს გასესხებული და ვერ ვიბრუნებ. მინდა სასამართლოში შევიტანო საჩივარი. აქვს თუ არა მნიშვნელობა წლებს, როდის გავასესხე?
- დიახ, მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა, მოთხოვნის დადგომიდან არ უნდა იყოს გასული სამ წელზე მეტი.
"ფეისბუქზე" ვაგინე ერთ ტიპს, ოღონდ მისთვის პირადად არც მიმიწერია და არც ამ სტატუსზე მომითაგავს ის. გავიდა რამდენიმე დღე და რეკავს ვიღაც, რომელიც ამბობს, პოლიციიდან ვარო და მემუქრება საქმის აღძვრით. თუმცა არ დავუბარებივარ დაკითხვაზე და ისიც არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა პოლიციელი. მაინტერესებს, ვიღაცის გინებას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, რაც თავისუფალი აზრის გამოხატვაა, ითვალისწინებს 151-ე მუხლი? ამ კომენტარის საფუძველზე რამდენად აქვს უფლება ვინმეს საჩივარი შეიტანოს. როგორ მოვიქცე? აქვე განვმარტავ, რომ ეს არ იყო მუქარის შემცველი ტექსტი.
- პირველ რიგში გეტყვით, რომ გინება არ არის თავისუფალი აზრის გამოხატვა, თუმცა ვერც მუქარად ჩაითვლება, ის სიტყვიერი შეურაცხყოფაა. აღნიშნული საფუძვლით საქმეს ვერ აღძრავენ. საჩივრის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი საფუძვლით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჩივარი რელევანტური იქნება და მას მოჰყვება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის შესრულების საფუძვლიანი შიში.
როცა მოდის მისამართზე წერილი სასამართლოდან და თუ არ ჩაიბარებ, რა მოხდება? მე არა ვარ საქართველოში, ფოსტამ კი მოიტანა წერილი, რომელიც არ ჩაიბარა ჩემმა ოჯახის წევრმა. სავარაუდოდ, სასამართლოზე ვარ მოწმედ დაკითხვაზე დაბარებული, დამეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა?
- გააჩნია წერილის შინაარსს, თუ თქვენ გამოგეგზავნათ სარჩელი და არ ჩაიბარეთ, მეორედაც გამოგეგზავნებათ, თუ მაინც არ ჩაიბარებთ, შესაძლოა სასამართლომ პოლიციას დაავალოს მისი ჩაბარება ანდა საჯარო გამოცხადების წესით სასამართლო შენობასა და სასამართლო საიტზე გასაჯაროების გზით ჩაბარებულად გამოაცხადოს, რის შემდგომაც თქვენ მიმართ დადგება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სრულად. თუ მოწმედ ხართ დაბარებული, მაშინ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი კატეგორიის საქმეზე, ვისი მოთხოვნით უნდა დაიკითხოთ მოწმედ. თუ განჩინებით ხართ დაბარებული, მაშინ დაჯარიმდებით, თუ მხარემ მოგიწვიათ, მაშინ არ დაგეკისრებათ ჯარიმა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე ხართ დაბარებული, მაშინ გამოცხადება სავალდებულოა.
ორი წლის წინ გარდაიცვალა მამა და ქონება მაშინ არ გადმოგვიფორმებია, რადგან არ ვიცოდით, რომ 6 თვეში საჭირო იყო ქონების გადაფორმება. ახლა სასამართლოში გვთხოვენ საბუთების შეტანას, სხვა გამოსავალი თუ არსებობ?
- როდესაც გასულია კანონით დადგენილი სამკვიდროს გახსნის 6-თვიანი ვადა იმისათვის, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღოს, აუცილებელია დაადგინოს სამკვიდროში შემავალი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი სასამართლოს გზით. უნდა მიმართოთ სასამართლოს.
ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და ყოველგვარი განმარტების გარეშე გაგვათავისუფლეს მე და რამდენიმე თანამშრომელი, ვითომ რეორგანიზაციის აბსურდული მიზეზით. ჯერჯერობით არ მიმიღია წერილობითი განმარტება. ვიცით, რომ ამის მიზეზი იყო აქციებზე სიარული. მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია, ან აქვს თუ არა სასამართლოში ჩივილს აზრი?
- რეალურად რეორგანიზაცია ხდებოდა თუ არა და ამან განაპირობა თუ არა სამუშაო ადგილების შემცირება, არის კონკრეტული ფაქტი და უნდა დადასტურდეს სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება პერსპექტივას, აღნიშნული იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის მტკიცებულებები გაქვთ თქვენ მიერ დასახელებული ფაქტის დასადასტურებლად. გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება უნდა მიგეღოთ წინასწარ.
ყოფილი მეუღლე დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით სიტყვიერად, არა მაქვს მტკიცებულება. როგორ მოვიქცე? ვგრძნობ, საფრთხე რეალურია.
- უნდა მიმართოთ 112-ს და მოითხოვოთ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ან მიბრძანდეთ თქვენს საცხოვრებელთან ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში და უამბოთ მომხდარი. თუკი ისინი ჩათვლიან, რომ მუქარა და შიში რეალურია, გამოწერენ შემაკავებელ ორდერს და მეუღლეს აეკრძალება თქვენთან მოახლოება.
ჩემმა ახლობელმა გაყიდა მიწის ნაკვეთი. როცა რეესტრში მივიდა, გაიგო, რომ მის შვილს ვალი ჰქონია, რომელიც ნაკვეთის თანამემკვიდრეა. აქვს თუ არა უფლება მამას გაყიდოს მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული?
- თუ მამის სახელზე არის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მამას სურს გაყიდვა, მაშინ მას აქვს გაყიდვის უფლება, ხოლო იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის თანამესაკუთრეც შვილია, მამას შეუძლია მხოლოდ მისი წილის გაყიდვა.
ყოფილ მეუღლესთან მაქვს დავა. გავშორდით ერთმანეთს და წავედი უცხოეთში. რომ ჩამოვედი, გავიგე, რომ ჩემი ბინა გაუყიდია და იმ ფულით სხვა უყიდია. უარს ამბობს ჩემს ჩაწერაზე იმ ბინაში და არც წილს მაძლევს. მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო წილი?
- განქორწინებიდან 3 წლის ვადაში გაქვთ უფლება მოითხოვოთ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, ხოლო თუ ქონება გასხვისებულია, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ თანხის ნახევარი, რა ფასადაც მან გაასხვისა ქონება. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოთ მისი ახალი ბინის გასხვისების აკრძალვა.
მე და ჩემი მეუღლე ვართ განქორწინებული, გვყავს ორი სრულწლოვანი შვილი. ყოფილმა მეუღლემ მოიყვანა ცოლი, რომელთანაც არა აქვს ხელი მოწერილი, და მასთანაც ჰყავს შვილი. ჩემი დედამთილის გარდაცვალების მერე ბინა გადაეცა მემკვიდრეობით ჩემს ყოფილ ქმარს. ეკუთვნით ჩემს შვილებს იმ ბინიდან წილი?
- შვილებს მამის სამკვიდროდან წილი ეკუთვნით მამის გარდაცვალების შემდგომ.
ვყიდულობ ბინას, რომელიც გაქირავებულია და თანხას გამგეობა იხდის. ბინაში მობინადრე ცხოვრობს. გამოსახლების პრობლემა ხომ არ იქნება ან სხვა პროცედურა ხომ არ არის ჩასატარებელი?
- თუ დამქირავებელი ნებით არ გამოვა ბინიდან, მაშინ უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემა. თუ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომაც არ გამოვა ბინიდან, მაშინ უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
ახალგაზრდამ, რომელიც შემოსავლების სამსახურში შეყვანილია აკრძალულ პირთა სიაში და აკრძალული აქვს თამაშები, მეგობრის ექაუნთით მაინც შეძლო თამაში. წააგო საკმაოდ სოლიდური თანხა და ეს თანხა მოიჭრა იმ ახალგაზრდის საბანკო ანგარიშიდან, რომელსაც აქვს აკრძალული თამაშები. არის თუ არა ეს აზარტული თამაშის ობიექტის მიერ დაშვებული დარღვევა? აქვს თუ არა აზრი დავას სასამართლოში? რამდენად მაქვს წაგებული თანხის დაბრუნების შანსი?
- დარღვევა განხორციელდა იმ პირის მიერ, რომელიც იყო აკრძალულ პირთა სიაში და აკრძალული ჰქონდა აზარტული თამაშები. შესაბამისად, მან შეიყვანა შეცდომაში აზარტული თამაშების ობიექტი და ამდენად ის ვერ მოითხოვს თანხის დაბრუნებას.
- ამბობენ, მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაიზარდაო. რა წესები შეიცვალა და სად შემიძლია ამაზე კონკრეტული ინფორმაცია მოვიძიო? როგორ და სად შემიძლია მოვიპოვო მშენებლობის ნებართვა..
- მშენებლობის წესების დარღვევისათვის სანქციებსა და ყველა ცვლილებას გაეცნობით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში, ხოლო საქართველოში სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში - სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო. ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვას გასცემენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის" შესაბამისად.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები