„ლეკვი“, რომელშიც 5 მილიონი დოლარი გადაიხადეს - ვინ იყიდა კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი - კვირის პალიტრა

„ლეკვი“, რომელშიც 5 მილიონი დოლარი გადაიხადეს - ვინ იყიდა კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი

ცხოველების მოყვარულები სოციალურ ქსელში აზიარებენ უცხოური მედიის ინფორმაციას, რომელსაც თამამად შეიძლება შოკური უწოდო.…ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სინამდვილეში მაინც: ინდოელმა მილიონერმა, სახელად სატიშმა, შეიძინა კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი", რომელშიც 5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ოკამი დღეში 3 კგ ქათმის ხორცს ჭამს და ასაკთან შედარებით ძალიან დიდია: მისი სიმაღლე 75 სმ-ია; წონა კი 75 კგ.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენს სინამდვილეში ცხოველში მსგავსი თანხის გადახდა სიზმრადაც წარმოუდგენელია; თუმცა თანახმაც რომ ვიყოთ და ფულიც გვქონდეს, ისიც საკითხავია, მსგავსი ჰიბრიდი ჩვენში ოდესმე შეიქმნება თუ არა; ან მით უფრო უცხოეთიდან შემოყვანა თუ არის შესაძლებელი. ქართული კანონები ამას მკაცრად არეგულირებს. თუმცა ისიც არის, რომ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, ინდოელი მილიონერი და ძაღლების სელექციის ასოციაციის პრეზიდენტი ამ იშვიათობის დეკლარირებაში საკმაოდ დიდ თანხას შოულობს და თავის მილიონებს კიდევ ზრდის. როგორც უცხოური პრესა წერს, ოკამის ხალხში გამოჩენა თუნდაც ნახევარი საათითაც 2500 გირვანქას აგროვებს: ასეთი საუცხოო ჯიშის ჰიბრიდი ხომ პირველია მსოფლიოში და ცხადია, შემოსავლის მდიდარ წყაროდაც იქცა. ოკამი ამერიკაში დაიბადა. ცხვირ-პირი, ფერი და სიმაღლე მამის აქვს, დანარჩენი - დედის, ცოტა მოჭარბებული აგრესიულობის გარდა. კავკასიური ნაგაზები მოგეხსენებათ, პატრონის უერთგულესი დამცველები არიან, მაგრამ აგრესიულობას არ ავლენენ, როდესაც პატრონი მშვიდად ყოფნას სთხოვს. თუმცა ვინ იცის, მომავალში ვის თვისებებს მეტად გამოავლენს ოკამი. ამ მოვლენის შესახებ საუბარი საგარეჯოს კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენის მეპატრონეს თემურ მიქელაძეს ვთხოვეთ.

temur-mikelaze-da-kavkasiuri-1743973510.jpg

- თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძაღლში ამხელა ფული პირველად გადაიხადეს და ჯიშიც პირველად შეიქმნა, მგლისა და ძაღლის შთამომავლის დაბადება სულაც არ არის გასაკვირი. ორივე ერთი ჯიშის არის და ორივე ძუძუმწოვარია. მეტიც, სელექციონერები გეტყვიან, რომ მგლისა და ძაღლის შეჯვარების შემთხვევები ზოგჯერ ბუნებაშიც ხდება. მგლისა და გერმანული ნაგაზისაგან არის გამოყვანილი სლოვაკური ძაღლი, თუმცა არც ისე წარმატებული­. პატრონსაც ესხმის თავს და მგლის მსგავსად ვერ ეგუება ქალაქში ცხოვრებას, უძლებს სიცივეს და არ მოსწონს ბავშვები.

ნიდერლანდებში, ჰოლანდიელმა სელექციონერმა ლინდერტ ლააროსმა ჯერ კიდევ 1921 წელს მგლისა და ძაღლის ნაშიერი, ლააროსის ძაღლი გამოიყვანა. დიდად არც ეგ ჯიშია წარმატებული. ცოტათი მშიშარა ანუ ფრთხილია და ვერ ეგუება ბავშვებს. ანუ მათში მგლის თვისებები ჭარბობს. სხვათა შორის, ინდოელის ძვირად ღირებულ ლეკვს ვიდეოშიც ეტყობა აგრესიულობა. თუმცა, ულამაზესია. ცხადია, მის მშობლებს ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე არჩევდნენ, უვლიდნენ და შემდეგ სელექცია­შიც დიდი თანხაა ჩადებული. მსგავსი ამბები­ მართლაც დიდ ფულს მოითხოვს. ამ ჯიშის გამოყვანაზე მილიონობით ინდური რუპია დაიხარჯა. დედა კავკასიური ნაგაზი უნდა იყოს. საერთოდ, უმეტესად მსგავსი შეჯვარებისას დედად შინაურ ცხოველს არჩევენ.

- რატომ, უფრო ფრთხილი დედაა?

- უბრალოდ, შინაური ცხოველები დედობას შინაურ გარემოში უკეთესად სწევენ.

- იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სელექცია უზარმაზარ თანხას მოითხოვს, ჩვენში­ ეს, ალბათ, დიდხანს ვერ იქნება მიღწეული.

- გეთანხმებით. ისიც საკითხავია, ჩვენი­ კანონი რამდენად დაუშვებს ასეთ სელექციას. მსოფლიოში მსგავსი რამ აკრძალული არ არის. თუმცა მე უფრო კავკასიური­ ნაგაზის გამრავლებას ვირჩევ, რომელიც ჩემთვის ბევრად ლამაზია, ვიდრე ეს ახალი­ ჯიშის ჰიბრიდი, უფრო ერთგულიც არის. ხომ ხედავთ, როგორ და სად წაიყვანეს შესაჯვარებლად ჩვენი ულამაზესი კავკასიური ნაგაზი, რომელიც სინამდვილეში უძველესმა ქართულმა ტომებმა შექმნეს და მერე რუსებმა დაარეგისტრირეს კავკასიურ ნაგაზად.

პირადად ჩემთვის მათი მოშენება ბავშვობის ოცნება იყო, რაც 20 წელია შევისრულე. საგარეჯოში მაქვს ძაღლსაშენი და ჩემს ბომბორებსაც ძალიან ბევრი ნახვა­ აქვთ ინტერნეტში, არანაკლები, ვიდრე იმ ბომბორა ლეკვს, რომელიც ინდოელმა ბიზნესმენმა იყიდა.

ddz-1744274576.jpg

- კავკასიურ ნაგაზს ჩვენისთანა ხელმოკლე ქვეყანაში ფასი რა აქვს?

- არა მხოლოდ კავკასიური ნაგაზი გვყავს ულამაზესი, ყაზბეგური ქოსაც, ულამაზესი ქართული ნაგაზიც. ერთგული, ჭკვიანი და პატრონზე მზრუნველი. ჩემი ქალიშვილები ამ უსაყვარლეს ბომბორებთან ერთად იზრდებიან. ყიდულობენ თუ არა? კი, ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2.000 ლარამდე მიაღწია სუფთა სისხლის ლეკვების ფასმა, რომელსაც ახალ პატრონთან 14 თაობის გენეალოგიას ვატანთ. წლების წინ კავკასიური ნაგაზები უცხოეთშიც გაჰყავდათ, მაგრამ ცხოველების გაყვანის წესები იმდენად გართულდა და გაძვირდა, რომ ვეღარ ვახერხებთ.

- ბევრი ამბობს, სუფთა სისხლის კავკასიური ნაგაზის მოშენება აღარ გვიღირს, რადგან ძალიან გაძვირდა მათი შენახვაო..

- გეთანხმებით, მაგრამ ჩემისთანები სიყვარულის გამო ამ საქმეს ვერ შეელევიან. კავკასიური ნაგაზიდან და საერთოდ ცხოველის მოვლა-პატრონობიდან სიცოცხლე მოდის, კავკასიური ნაგაზი კი თითქოს ჩვენ გვგავს - ძლიერი, მებრძოლი და ერთგულია. ამიტომ მეტი სიყვარულით ვუვლი და მისთვის არაფერი მენანება.

TOP.GE