„გზავნილი მომავალში“ გრძელდება - თქვენც შეძლებთ, რომ მომავალში წერილი გაგზავნოთ! - კვირის პალიტრა

„გზავნილი მომავალში“ გრძელდება - თქვენც შეძლებთ, რომ მომავალში წერილი გაგზავნოთ!

ძვირფასო მკითხველო! „კვირის პალიტრის“ პროექტის „გზავნილი მომავალში“ მორიგი, 2025 წლის სკივრის გახსნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 2000 წელს ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეწერა წერილი, რომელსაც ადრესატი, გზავნილის ავტორის სურვილისამებრ, მიიღებდა და მიიღებს 5,10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ. წერილები განთავსდა სპეციალურ სკივრებში და ინახება ეროვნულ არქივში. სკივრი გაიხსნა 2005, 2010 წლებში და ახლახან - 2025 წლის 10 მარტს.

„კვირის პალიტრის“ რედაქციაში უკვე მრავალი ადამიანი მივიდა კუთვნილი წერილის წასაღებად და ჩვენ თანაზიარები ვართ მათი დიდი ემოციების - სიხარულის და ცრემლების.

თითოეული ადრესატი გაზეთს მადლობას უხდის ამ პროექტისთვის და მათი უდიდესი ნაწილი გვთხოვს, რომ „გზავნილი მომავალში“ გაგრძელდეს. ასევე, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო ზარების საშუალებით არანაკლებ თხოვნას ვიღებთ იმ მოქალაქეების მხრიდანაც, რომელთაც პროექტის შესახებ ახლახან შეიტყვეს. მათაც სურთ, რომ მიეცეთ საშუალება, საყვარელ ადამიანს წერილი მომავალში გაუგზავნონ. უმეტესობა ახალგაზრდაა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

შესაბამისად, „კვირის პალიტრამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის „გზავნილი მომავალში“ გაგრძელების შესახებ. თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ მომავალში წერილი გაგზავნოთ, რომელსაც ადრესატი, ავტორის სურვილისამებრ, 10 ან 25 წლის შემდეგ მიიღებს (2035 ან 2050 წელს).

7fb3432b-dbcc-4f1a-a105-50df507b3109-1743956437.jpg

„კვირის პალიტრის“ 21 აპრილის, 28 აპრილისა და 5 მაისის ნომრებში დაგხვდებათ სპეციალური კონვერტი მომავალში გასაგზავნი წერილისთვის. თქვენი გზავნილი მოთავსდება სკივრში და შეინახება ეროვნულ არქივში, როგორც ეს 2000 წელს მოხდა.

პროექტის „გზავნილი მომავალში“ გაგრძელებასთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ „კვირის პალიტრის“ შემდეგ ნომერში და გაზეთის საიტზე შეიტყობთ.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ საკუთარი თავი www.kvirispalitra.ge -ზე გამოქვეყნებულ სიაში - შესაძლოა, თქვენთვის წერილია, რომელიც 25 წელი გელოდათ.

TOP.GE