"ახალშობილს რაღაც ვირუსი შემხვდა და თვეების განმავლობაში საავადმყოფოში ვიყავი... გზავნილს ძალიან მძიმე პერიოდში წერდა" - 25 წლის წინ გამოგზავნილი წერილი
"სანამ რედაქციაში არ მოვედი, არ ვიცოდი 25 წლის წინ ვინ გამომიგზავნა წერილი"
ხატია რაჭველიშვილი 25 წლის მალე გახდება, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა და სწავლას სხვადასხვა მიმართულებით ისევ აგრძელებს. მუშაობს სადაზღვევო კომპანიაში.
- წერილი მივიღე, მაგრამ მანამდე მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ცოტა ხნის წინ მეგობარმა მომწერა, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ შეგეშინდესო, და სქრინი ჩამიგდო, სადაც ჩემი სახელი და გვარი ამოვიკითხე. მერე პროექტის შესახებ წავიკითხე, რაზე იყო საერთოდ საუბარი...
სანამ რედაქციაში არ მოვედი, არ ვიცოდი 25 წლის წინ ვინ გამომიგზავნა წერილი. კითხვის ნიშნები მქონდა, ვერ მივხვდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო წერილის ავტორი. ვფიქრობდი დედ-მამაზე, უფრო მამაზე ვეჭვობდი, მაგრამ ჩემი ეჭვი გამოირიცხა. დედას თითქოს რაღაც ბუნდოვნად ახსოვდა, მაგრამ ვერაფერს აკონკრეტებდა. ვერ ვისვენებდი, ინტერესი მკლავდა, ვის არ დავურეკე...
2000 წელს ივნისში დავიბადე და მოულოდნელად ჩემი გადარჩენის საკითხი დადგა. ახალშობილს რაღაც ვირუსი შემხვდა და თვეების განმავლობაში საავადმყოფოში ვიყავი. მამაჩემის თვალებზე ცრემლი არ მახსოვს, მაგრამ ჩემი იმ ავადმყოფობის პერიოდს რომ იხსენებს ხოლმე, ყოველთვის ცხარე ცრემლით ტირის. მძიმედ ახსენდება, თან პირველი შვილი ვარ. ოჯახში ჩემ გამო რთული მდგომარეობა იყო...
მოკლედ, სანამ "კვირის პალიტრის" რედაქციაში არ მოვედი და წერილი არ გადმომცეს, ვერაფერი გავარკვიე. იქვე არ გამიხსნია, ტირილი არ მინდოდა, გარეთ გამოვედი, მეუღლე მახლდა და წერილი გავხსენი. გზავნილის ავტორი მამიდაჩემი აღმოჩნდა, რომელიც იმ დროისთვის 16 წლის იყო.
წერილის დასაწყისში წერს, რომ გზავნილს ძალიან მძიმე პერიოდში წერდა, სანთლის შუქზე და იმდროინდელ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, იმედიც არც ჰქონდა, რომ მისი გზავნილი ადრესატამდე მივიდოდა.
წერს ჩემს ბავშვობაზე, როგორი ვიყავი... ყველაფერი გულში ჩამწვდომად აქვს აღწერილი... კითხვისას სულ ვქვითინებდი. როგორც აღმოჩნდა, მამიდამ ჩემს მამიდაშვილსაც მისწერა ძალიან ემოციური წერილი.
წარმოიდგინეთ, მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი, რომ ჩვილ ბავშვს მომწერა, რომელსაც იმ დროს მძიმე დღეები ჰქონდა გამოვლილი. თინეიჯერი მამიდის წერილი ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ეს ამბავი ახლა მამიდამაც გაიგო და წერილი ნახა კიდეც. მახსოვდა, ეგ პროექტი და ვიცოდი, რომ სკივრი უნდა გახსნილიყოო. მერე ამიხსნა, რატომ აირჩია გასაგზავნად 2025 წელი. 50 და 100 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო და შუალედურად 25 ავიღეო.
ძალიან კარგი პროექტია, თან "კვირის პალიტრისთვის" საპასუხისმგებლოც. მარტო ჩემი ამბავი ხომ არ არის, ათასობით ადამიანის წერილია გამოგზავნილი. ეს იმხელა ემოციების მიღების საშუალებას გაძლევს...
ახლა, როცა წერილი მივიღე, წავიკითხე და ემოციებიც ჩაცხრა, იცით, რას ვფიქრობ, კიდევ 25 წლის შემდეგ რომ გაიხსნება, შესაძლოა ადამიანების ნაწილი ცოცხალიც აღარ იყოს. ამიტომ, იქნებ წერილის დაწერის საშუალება მოგვცეთ, რომ 25 წლის შემდეგ კი არა, არამედ რამდენიმე წლის შემდეგ გაიხსნას ახალი წერილები და ახლა უკვე ახალი ადრესატებიც ამ დიდი ბედნიერების ნაწილი გახდნენ.