"მამამ წერილი რომ მომწერა, დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო" - კვირის პალიტრა

"მამამ წერილი რომ მომწერა, დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო"

ანი ვახანია 24 წლისაა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავს. ამ ეტაპზე კლინიკური კვლევების კოორდინატორად მუშაობს.

"კვირის პალიტრის" ამ პროექტის შესახებ მამისგან გაიგო და წერილიც მისგან მიიღო.

- პატარა რომ ვიყავი, მამამ მითხრა, 20 წლის რომ იქნები, წერილს მიიღებო, არასწორად ახსოვდა. მოკლედ, ეს ამბავი მერე ორივეს გადაგვავიწყდა. რამდენიმე დღის წინ გაზეთში სტატიას წავაწყდი, გზავნილების ადრესატების სია იყო გამოქვეყნებული, სადაც ჩემი თავი აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა. მამაჩემსაც მაშინვე ვაცნობე, წერილი არ დაკარგულა და მისი გამოტანა შეგვიძლია-თქო.

- წერილი რომ დაიწერა, მაშინ დაბადებული არ იყავით?

- არა, დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო... როგორც მამას წერილში უწერია და რომელიც უკვე წავიკითხე, დღე-დღეზე მელოდნენ.

2001 წლის 22 იანვარს ვარ დაბადებული. მამა წერილში აღწერდა თავის ამბავს და იმ მოლოდინის შესახებ საუბრობდა, რომ რამდენიმე დღეში უნდა დავბადებულიყავი - 25 იანვრამდე გოგონა უნდა დაიბადოსო. ჩემთვის ანი ან ელენე უნდა დაერქმიათ. ამ წერილს რომ წერდა, დედას ამას უმალავდა, უნდოდა მისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა...

სამწუხაროდ, დედა 45 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. პროფესიაც სპეციალურად ავირჩიე ისეთი, მინდა დედას დაავადებაც შევისწავლო... მოკლედ, ეს წერილი ჩვენთვის კიდევ უფრო ემოციურია.

მამას გაუხარდა, როცა გაიგო, წერილი რომ გამოვიტანე. მისი წაკითხვისას ტირილი დავიწყე. მკითხა, რა გატირებს, შეცდომები რომ მაქვს დაშვებული და გადახაზული რომაა რაღაცებიო?.. წერილის ბოლო ნაწილი ძალიან ემოციური იყო, გარდა იმისა, რომ მისურვებს კარგად ყოფნას, მისი ერთ-ერთი მთავარი სურვილი იყო, მეცხოვრა ისეთ საქართველოში, სადაც არ მეცოდინებოდა, რა იყო უშუქობა... მოლოდინი აქვს, რომ საქართველო 25 წლის შემდეგ, როდესაც ამ წერილს წავიკითხავდი, გაბრწყინებული იქნებოდა...

ისეთი სასიამოვნო იყო ამ ტექსტის წაკითხვა, რომ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას მსგავს პროექტში, თუკი "კვირის პალიტრა" კიდევ გააგრძელებდა... ალბათ, დიდ ემოციას გამოიწვევდა, რომ ჩემი თავისთვის წერილი მიმეწერა, წლების შემდეგ კი წამეკითხა, რამდენად მექნებოდა შესრულებული დასახული მიზნები.