„ემანუელ მაკრონი იმდენ ოდეკოლონს ისხამს, რომ მისი თანაშემწეები პრეზიდენტის მოსვლას მანამდე გრძნობენ, ვიდრე ელისეის სასახლეში შეაბიჯებს. მან ეს მეთოდი ლუდოვიკო XIV-ს მოჰპარა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტს კიდევ ერთი უცნაური წესი აქვს, ძალაუფლების დემონსტრირებისათვის“, - ნათქვამია ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მაკრონის პარფიუმერია ელისეის სასახლეში მის თანაშემწეებზე გამაღიზიანებლად მოქმედებს“ (ავტორი - ჰენრი სემიუელი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ემანუელ მაკრონი ოდეკოლონს Dior Eau Sauvage-ს „სამრეწველო მასშტაბით“ ისხამს და ამას წინასწარგანზრახულად აკეთებს - საფრანგეთის პრეზიდენტისათვის „ტუალეტის წყალი“ ხელისუფლების ატრიბუტს წარმოადგენს“, - წერს თავის ახალ წიგნში სახელწოდებით „ელისეის სასახლის ტრაგედია“ გაზეთ „პარიზიენის“ ჟურნალისტი ოლივიე ბომონი, - "ამ პოპულარული ოდეკოლონით იგი „დღე-ღამის ნებისმიერ დროს სარგებლობს“. 100 მილილიტრი პარფიუმერული წყალი Dior Eau Sauvage დაახლოებით 104 გირვანქა სტერლინგად (134 დოლარად) იყიდება. მაკრონს ყოველთვის აქვს ერთი ფლაკონი Dior Eau Sauvage თავისი მაგიდის უჯრაში. მაკრონი - დღევანდელი ლუდოვიკო XIV „მოუმზადებელი ადამიანები, რომლებიც ელისეის სასახლეში პირველად მოდიან, შეიძლება ყვავილებისა და მუშკის არომატის ტყვეობაში აღმოჩნდნენ - რამდენადაც დახვეწილის, იმდენადვე ძლიერის, რაც იმას მოწმობს, რომ პრეზიდენტი უკვე შენობაშია“, - წერს ავტორი, - „როგორც ლუდოვიკო XIV-მ გადააქცია სუნამო თავისი ძალაუფლების ატრიბუტად, როცა იგი ვერსალის სასახლის გალერეებში დადიოდა, ისევე ემანუელ მაკრონიც იყენებს სუნამოს ელისეის სასახლეში თავისი ძალაუფლების ატრიბუტად“. Sauvage - ყველაზე გაყიდვადი არომატია მსოფლიოში, მისი პოპულარობა უკავშირდება ჯონი დეპს, რომელიც კომპანიის სახეს წარმოადგენს 2015 წლიდან. ემანუელ მაკრონი - „მხეცი თავის ტერიტორიაზე“ ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონს უყვარს ხოლმე თავისი ვაჟკაცობისა და „მაგარი ბიჭობის“ ხაზგასმა: იგი ატარებს ჩახსნილ პერანგებს და სოციალურ ქსელებში შავ-თეთრ ფოტოსურათებს აქვეყნებს, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ შეუსვენებლივ უტყამს მოკრივის ხელთათმანებით სავარჯიშო „მსხალს“. „როცა ემანუელ მაკრონი ოთახში შემოდის, თქვენ უკვე გრძნობთ მის განწყობას - იგი თავის ტერიტორიაზეა“, - ამბობს მისი ერთ-ერთი თანაშემწე, - "ეს არის მისი ხელისუფლების დემონსტრაცია, რომელიც შეიძლება მხეცის ქცევას შევადაროთ, როცა თავისი ბატონობის ტერიტორიას საზღვრავს“. ეფექტი სწრაფად დგება: „რა თქმა უნდა, ეს არცთუ დახვეწილად, მაგრამ სწრაფად ხდება, რაც ნიშნავს: „აბა, მოვდივარ და ფრთხილად იყავით, არ გამაბრაზოთ“. არომატი იმდენად ძლიერია ხოლმე, რომ ხუმრობით ამბობენ, - „შენობაში უკვე პრეზიდენტის სუნია“. „საკმარისია „დიდების ვესტიბიულში“ მიხვიდეთ, რომ მიხვდებით, იყო თუ არა იქ პრეზიდენტი“, - ამბობს ბრუნო რიჟე-პეტი, ემანუელ მაკრონის მთავარი თანაშემწე. „დიორი“ ბერნარ არნოს - ფრანგი ბიზნესმენისა და მილიარდერის იმპერიის ნაწილს წარმოადგენს. იგი ყველაზე მდიდარი ადამიანია როგორც საფრანგეთში, ასევე - მთელ ევროპაში და რაც მთავარია, ემანუელ მაკრონის ახლო მეგობარია. შავი სათვალეები - „ყველა ერთმანეთზე უარესი“ ბრიჯიტი, ემანუელის ცოლი, Louis Vuitton-ის სათვალეებს ატარებს, რომელიც ბერნარ არნოს ერთ-ერთი ბრენდია. წიგნის ავტორის თქმით, 20-წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგაც კი უკვირს, თუ რატომ უსვამენ მას კითხვებს ქმრის პარფიუმერიაზე. თუმცა ჟურნალისტების ინტრიგები, როცა პრეზიდენტი რამდენიმე დღით უცხოეთში მიემგზავრება, მას ხელს არ უშლის ხანდახან ქმრის სუნამო დაისხას... რათა იგრძნოს, რომ „მისი მამაკაცი ყოველთვის მის გვერდით არის“. „ელისეის სასახლის ტრაგედიის“ ავტორი ოლივიე ბომონი ამტკიცებს, რომ ემანუელ მაკრონი თავის თანაშემწეებისაგან ითხოვს, რომ მათ ყოველთვის თან ჰქონდეთ „ძალიან შეუხედავი შავი სათვალეების“ სავსე ჩემოდანი. ამ სათვალეებს პრეზიდენტი სტუმრებს აძლევს, ელისეის ბაღში საუბრისათვის, თუ მათ საკუთარის წამოღება დაავიწყდათ. „მას აქვს ჩემოდანი, რომელშიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის მქონე 20 სათვალეა. არც ერთი არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოდის მოთხოვნებს. ზოგის ჩარჩო ზედმეტად მოღუნულია, ზოგს წითელი ფერის ჩარჩო აქვს... მოკლედ, სათვალეები ძალიან უშნოები არიან. ძალაუნებურად სტუმარმა რომელიმე უნდა ამოირჩიოს, რომ პრეზიდენტთან ყოფნა შეძლოს“, - ნათქვამია წიგნში. რა არის ეს - სიამოვნება უკუღმართობისგან? წიგნში ციტირებულია ერთ-ერთი მინისტრის გამონათქვამი, რომელიც თვლის, რომ „ეს, ყველაფერი, ემანუელ მაკრონის „პატარა თამაშის ნაწილს წარმოადგენს“. „პრეზიდენტს არ სურს, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. ზოგჯერ კითხვა მებადება: იქნებ ემანუელ მაკრონი რაღაც უკუღმართ სიამოვნებას განიცდის იმისაგან, რომ ჩვენ ამგვარი, „მრუდე სათვალეებით“ გვიყურებს? ჩვენ ძალიან სულულურად გამოვიყურებით“, - ამბობს კონფიდენციალურად მინისტრი. და მაინც, ეს ძალიან ეფექტიანია: „როცა მაკრონის სათვალეებს გაიკეთებთ, მიხვდებით, რომ თქვენი სათვალეები შინ არ უნდა დატოვოთ“. წყარო