"მსოფლიო სავაჭრო ომი" - რა ელის საქართველოს?! - კვირის პალიტრა

"მსოფლიო სავაჭრო ომი" - რა ელის საქართველოს?!

რას ნიშნავს ტრამპის სატარიფო პოლიტიკა თითოეული ადამიანისთვის და მათ შორის, რა გავლენა ექნება ქართულ ეკონომიკაზე პირდაპირ თუ ირიბად, ამ საკითხებზე ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ.

- ტრამპის გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურია, რადგან მასში ეკონომიკური გათვლები რთულად მოიძებნება. თავად ტრამპი კი ამბობს, ისევ ამერიკის ეკონომიკას ვაძლიერებო, მაგრამ ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგან ამან უკვე გამოიწვია ამერიკაში მთელ რიგ პროდუქტებზე ფასების ზრდა და როდესაც ტარიფები სრულად ამოქმედდება, ფასების ზოგადი დონე უფრო მოიმატებს, მიუხედავად იმისა, პროდუქტი ამერიკული იქნება თუ იმპორტირებული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფთა ამერიკულ პროდუქტს რასაც უწოდებენ, მაგალითად, "ტესლას" ავტომობილიც კი გაძვირდება, იმიტომ, რომ უამრავ ნედლეულს იყენებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინიც ტარიფების ქვეშ მოექცევა და გაძვირდება.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ტარიფებს შეუძლია ის უარყოფითი გავლენა იქონიოს, რომ მეორადი ავტომობილები, რომლებიც ამერიკიდან შემოგვყავს, სავარაუდოდ, გაძვირდება.

ამას გარდა, მსოფლიო ვაჭრობის შემცირება 3-დან - 1%-მდე გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკის შესუსტებასაც, რამაც შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე მოახდინოს პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. ზოგადად გლობალური ეკონომიკის შემცირება უარყოფითად აისახება, პირველ რიგში, ტურიზმზე. რა თქმა უნდა, ვაჭრობასა და სხვა საკითხებზეც, მაგრამ ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად ტურიზმი გვაინტერესებს.

- როგორი იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგები როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევროპის ცალკეული ქვეყნებისთვის?

- ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაურთულდებათ ამერიკის ბაზარზე მოხვედრა, რადგან გაძვირდება ფასი და შესაბამისად, შემცირდება მოთხოვნა მათ პროდუქციაზე. თუმცა მეორე მხარეც გასათვალისწინებელია, ევროპელებიც და არა მხოლოდ ევროპელები, ამბობენ, რომ თვითონაც აპირებენ საპასუხო ტარიფების დაწესებას, რაც უფრო უარეს დღეში ჩააგდებს არა მარტო ამერიკის, არამედ ევროკავშირის ეკონომიკასაც, იმიტომ, რომ ესკალაცია რაც უფრო გაძლიერდება და ამ ტარიფების საკითხი იქნება უფრო და უფრო მეტად შემოტანილი, საბოლოოდ მით უფრო იზარალებს ყველა.

როგორც ტრამპი ამბობს, ტარიფების გზით ამერიკის ბიუჯეტში მეტი თანხა შევა და ეს მართალია, მაგრამ ვის ხარჯზე და ვის გაურთულებს ცხოვრებას, ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ტრამპის მხრიდან ეს, გარკვეულწილად, დასჯის მექანიზმიც არის, რათა დასაჯოს მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის, გასაკვირია, მაგრამ თავისივე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიც, მაგალითად, ბრიტანეთი, კორეა, იაპონია. ჩემი აზრით, და არა მარტო ჩემი, ცოტა გასაკვირი გადაწყვეტილებაა, თუმცა არის ძალაუფლების ჩვენების მკაფიო გამოვლინება.

- ამ პოლიტიკური ძალაუფლების ჩვენება აზარალებს გლობალურ ეკონომიკას და მათ შორის თავად ამერიკის ეკონომიკასაც, ხომ? ამით ტრამპი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა სარგებელს ნახავს არა მხოლოდ ეკონომიკურად, თუნდაც პოლიტიკურად?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. მხოლოდ ეკონომიკურადაც რომ შევაფასოთ, გარდა იმისა, რომ რაღაც პოლიტიკური ძალაუფლების ჩვენება უნდა, არ ვიცი, რაზეა გათვლა.

- თავად თქვა, რომ სურს წარმოების ამერიკაში დაბრუნება და ამიტომ აწესებს ტარიფებს. ამ პირობებში წარმოების დაბრუნება შესაძლებელი იქნება?

- ფორმალურად კი ამბობს ამას, მაგრამ რომ დაბრუნდეს, ჯერ ერთი, უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე, მაგალითად, ჩინეთში. წარმოება მიდის იქ, სადაც თვითღირებულება ნაკლებია და ამ პირობებში, როდესაც მისი პოლიტიკა ნედლეულის გაძვირებას ითვალისწინებს, როგორ უნდა დაბრუნდეს? რომ დაბრუნდეს, იქნება გაცილებით ძვირი, ვიდრე ახლაა და მერე ვინ იყიდის მათ პროდუქციას?

- გამოდის, ახალი წონასწორობა უნდა ჩამოყალიბდეს და ვიდრე ეს მოხდება, იქნება მუდმივი ტურბულენტობა, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური?

- კი, ნამდვილად მოსალოდნელია.

წაიკითხე ვრცლად

TOP.GE