როგორ აამღერა აბიტურიენტმა გოგონამ ფილოსოფიის დოქტორი - რას ჰყვება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გმირი?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თინეიჯერი გოგონა, აბიტურიენტი - ხატია აბაშიძე, რომელიც მანამდე ტელემაყურებელმა ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, ფილოსოფიის დოქტორ, ბათუმელ გიორგი მასალკინთან ერთად, ყველასთვის ცნობილ სიმღერას - "ისევ მიდიხარ“ არაფორმალურ გარემოში გამორჩეულად კარგად ასრულებს. ვიდეო, რომელიც ხატიამ ასე დაასათაურა: "ერთხელ, ფილოსოფიის დეპარტამენტში", ვირუსულად გავრცელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
AMBEBI.GE გიორგი მასალკინს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- რას გვეტყვით ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა, რომელშიც ხატია აბაშიძესთან ერთად, ცნობილ სიმღერას ასრულებთ...
- მართლაც გასაკვირია, რომ ასე აიტაცეს ეს ვიდეო. არაფორმალური სიტუაციაში ყველასთვის ნაცნობი სიმღერის ერთი კუპლეტის წამღერება დიდად პოპულარული აღმოჩნდა. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა - პირველი - ამ სიმღერის უშუალო შემსრულებელია, 17 წლის ხატია აბაშიძე. მე არანაირი ამბიცია არასდროს მქონია, მემღერა. საერთოდაც არ ვმღერი. ახლა კი მეუღლე მეხუმრება, - შეგიძლია მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობაო. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, - ბატონო გიორგი, რა კარგად მღერითო... არადა, ხატია მღერის კარგად, ის მართლაც უნიჭიერესი გოგონაა.
ამ ვიდეოს პოპულარობის მეორე მიზეზი მისი პოზიტიურობაა, რომელიც ხალხს ასე მოენატრა. კომენტარებს ხომ ვკითხულობ და ყველა ძალიან თბილია, რაც "ფეისბუქისთვის“ ცოტა უჩვეულოა.
ხატია ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში. ჩემი მეგობრის შვილია, მამამისი ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძეა, რომელიც ამჟამად სოფელში ცხოვრობს. დედა დონარი ჭელიძე მასწავლებელია. ჭარნალი ძალიან ლამაზი და ისტორიული სოფელია, იქაურობას ხშირად ვსტუმრობთ.
ხატია ახლა აბიტურიენტია და პედაგოგებთან ბათუმში დადის. ზოგჯერ კი, როცა შესვენება აქვს, ჩემთან გამოირბენს ხოლმე. ხან კომპიუტერი სჭირდება, ხან რაღაცის ამობეჭდვა უნდა. მერე, როცა ჩვენთან ლექციები დასრულებულია, ასე დაჯდება კომპიუტერთან. მე იქ ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვმუშაობ ხოლმე, ჩართავს ტელეფონს და მღერის... ეს ჩვენი მესამე ერთობლივი ნამღერია, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მეკითხებიან, სპონტანური იყოო? არ იყო სპონტანური, ვიცოდი, რომ ტელეფონი ჩართული იყო, მაგრამ არასდროს ვიცი, რას გაუშვებს, როდის გაუშვებს ან რომელ მონაკვეთს. ისე კი, მეგონა, რომ ეს ჩანაწერი მაინც ვიწრო წრისთვის იქნებოდა - ამას არ ველოდი, თორემ უკეთესად მოვემზადებოდი... თუმცა შესაძლოა მომზადებას საქმეც გაეფუჭებინა. ჩანაფიქრი იყო ისეთი, რომ უნდა ავყოლოდი ერთ კუპლეტში, რადგანაც მთელ კუპლეტს ჩემი ხმით ვერ ვქაჩავ. მოკლედ, ასე წავიმღერე. მაგ ვიდეოში კიდევ ერთი კინემატოგრაფიული მომენტია, რაც ხატიამ კარგად გამოიყენა. ბოლოს რომ უბრუნდება მაყურებელს, კამერას უყურებს და იღიმის. მიიღეთ ღიმილით ჩვენგან ის, მანამდე რაც შემოგთავაზეთო. ეს არ არის სერიოზული შესრულება. ჩანაფიქრი იყო ისეთი, როგორიც არის. აქ უშუალობაა მთავარი.
- ხატია, ერთ-ერთი სატელევიზიო, მუსიკალური პროექტის კონკურსანტი იყო... კარგად მღერის...
- კი. ბათუმში მუსიკალურ სასწავლებელში დადის. 24 საათი სულ რაღაცით არის დაკავებული. წერს ლექსებს, უკრავს ფორტეპიანოზე, ეუფლება საოპერო ვოკალს, აბარებს ფილოლოგიურზე. ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ გაიზარდა არა მუსიკალური მიმართულებით, ცხადია. რაც შეეხება პროფესიას, მენეჯმენტს, თუ გარკვეულ საკითხებს, როგორც შემიძლია, რჩევას ვაძლევ. მშობლებიც ხელს უწყობენ, განათლებული, პედაგოგიურად ჩამოყალიბებული ხალხია, რაც ბევრს ნიშნავს. ბავშვი ბევრს მუშაობს, იღლება და აქაც გარკვეულ რჩევებს ვაძლევ, დრო როგორ გადაანაწილოს.
- თქვენზეც ვისაუბროთ. თქვენი გვარი ქართული არ არის, - სადაურია?
- ჩემი გვარი საქართველოში, აბსოლუტურად, ექსკლუზიურია. სლავურია ან ფინოუგორული წარმოშობისაა, რადგან ეს გვარი რუსეთშიც საკმაოდ იშვიათია... მასალკინები საქართველოში XIX საუკუნეში გაურკვეველი მიზეზით ჩამოსახლდნენ და შემდეგ გვარი აქ გაქართველდა. ამჟამად ჩვენს ოჯახში მამაკაცი ოთხნი ვართ - სამი ძმა და ერთი ძმისშვილი. 2 ძმას ორ-ორი ქალიშვილი ჰყავს. მხოლოდ ერთს ჰყავს გვარის გამაგრძელებელი - დავით, დავითის ძე მასალკინი. წაიკითხეთ ვრცლად