პუტინი საქართველოზე: "აბა, როგორ გრძნობს თავს დემოკრატიის შუქურა?" - კრემლის ხაფანგი ქართველებისთვის და როგორ ცდილობდნენ ამერიკელები ომის თავიდან აცილ - კვირის პალიტრა

პუტინი საქართველოზე: "აბა, როგორ გრძნობს თავს დემოკრატიის შუქურა?" - კრემლის ხაფანგი ქართველებისთვის და როგორ ცდილობდნენ ამერიკელები ომის თავიდან აცილებას

ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი საზღვრები, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტი და ა.შ. აქვს თუ არა უფლება საქართველოს, ძალისმიერი მეთოდებით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და „კონსტიტუციური წესრიგი“ სეპარატისტულ რეგიონებში? - რა თქმა უნდა აქვს!

თუმცა ეს ურთულესი და მრავალწახნაგოვანი პრობლემაა და მხოლოდ ჩვენზე არც იყო და არც არის დამოკიდებული. სოხუმ-ცხინვალში შევარდნა და მერე გამოვარდნა არ არის მთავარი, როგორ შევძლებთ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას? – ეს საკითხია გადასაჭრელი. აქ კი „ცხრათავიანი გველეშაპია“ ჩასაფრებული, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შერიგება არ მოხდეს.

„აგვისტოს ომი“ უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო: სწორედ 2008 წლის აგვისტოში აჩვენა პუტინმა მსოფლიოს, რომ ის საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ხელშეკრულებებს არად დაგიდევთ საკუთარი იმპერიული ამბიციების (რომელსაც ის „რუსეთის კანონიერ ეროვნულ ინტერესებს“ ეძახის) აღსრულების გზაზე. რუსეთის იმპერია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში დაზვერვა-დამკვიდრებას, რისთვისაც ჯერ საქართველოს მუდმივად ურთიერთმოქიშპე სამეფო-სამთავროებში შემოიპარა „ერთმორწმუნე, მეზობელი და მეგობარი“ სახელმწიფოს „ქურქით“ , შემდეგ კი ყმებად აქცია ეს მიმნდობი ხალხი. გასულ საუკუნეში საბჭოთა კავშირი განა რუსეთის იმპერია არ იყო? სწორედ სამხრეთ კავკასიაში დაკარგული გეოსტრატეგიული პოზიციების დასაბრუნებლად დაიწყო რუსეთმა ჯერ „აფხაზეთის ომი“, ხოლო შემდეგ კი - „აგვისტოს ომი“. პროვოკაციული სცენარი ორივე შემთხვევაში ანალოგიური იყო: რუსეთის აგენტურამ და „სასარგებლო იდიოტებმა“ ყველაფერი იღონეს, რომ დღეს არსებული შედეგი დამდგარიყო!

საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვისაც ნათელი იყო, რომ "ცხინვალში შესვლა", რუსეთთან ომს ნიშნავდა. რატომ ვერ ან არ გათვალა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ წლების მანძილზე ჩასაფრებული რუსეთი საბაბს ეძებდა საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება-დარჩენისთვის და საკუთარი გლობალური სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად არაფერს მოერიდებოდა. ქვემოთ დაინახავთ, რომ პუტინი აშშ-ის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროსაც არ მალავდა საკუთარ გეგმებს.

რატომ ვერ ან არ გაითვალისწინა სააკაშვილის ხელისუფლებამ ის რისკები, რაც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარების კარდინალური შეცვლის მცდელობებს მოჰყვებოდა? რამდენად იყო გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული რესურსების (დიპლომატიური, სამხედრო, სპეცსამსახურები, ეკონომიკა, „საინფორმაციო ომი“ და ა.შ.) მზადყოფნა-მომზადება ყველაზე ნეგატიური სცენარისთვის? კითხვები მაშინაც და ახლაც მრავალია.

უკანასკნელ წლებში ბევრი დოკუმენტი გამოქვეყნდა, დაიბეჭდა იმ მოვლენებში უშუალოდ მონაწილე პოლიტიკოსების მემუარები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ცხინვალის ხაფანგში" სააკაშვილს "მწვანე შუქი" თავად რუსეთმა აუნთო და იქ შეტყუება, მისი უზომო პატივმოყვარეობიდან და კომპლექსებიდან გამომდინარე, არ გასჭირვებია.

სააკაშვილის ახლოგარემოცვაში მოქმედი რუსეთის აგენტურა და „სასარგებლო იდიოტები“ სხვადასხვა მოგონილი “არგუმენტით” არწმუნებდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ “პატარა, სწრაფი და ძლევამოსილი ომი” მას საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დაუმკვიდრებდა “ეროვნული გმირის” კვარცხლბეკზე ადგილს.

დღეს ძველი რუსული დეზინფორმაციის გაცოცხლება (რომელსაც ახლა საქართველოში „მეხუთე კოლონა“ იმეორებს), - თითქოს ამერიკელებმა მოახდინეს „აგვისტოს ომის“ პროვოცირება, მიზნად ისახავს მტერ-მოყვარის გარკვევაში ამ, ბოლო დროს ისედაც დაბნეულ ქართველ საზოგადოებას, კიდევ უფრო არასწორი აზრი შეუქმნას ჩვენს მართლაც მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე. ამის დასტურად მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ.

ამერიკელები პუტინის პროვოკაციებს კარგად შიფრავდნენ და ცდილობდნენ, დაეოკებინათ “სააკაშვილის გმირული ვნებები”. 2021-2024 წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, 2005-2008 წლის მაისამდე რუსეთში აშშ-ის ელჩი უილიამ ბერნსი მემუარებში აღნიშნავს, რომ 2006 წლიდან, ქართულ-რუსული დიპლომატიის კრიზისის პერიოდში, ამერიკა ყოველთვის ცდილობდა, შეერბილებინა არსებული დაძაბულობა და გაექარწყლებინა აზრი, თითქოსდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა “მწვანე შუქი“ აუნთო სააკაშვილს ცხინვალის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის გზაზე. ბერნსი მემუარებში იხსენებს, რომ 2006 წლის 21 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავად ბერნსი კრემლში ორი საათის განმავლობაში ელოდნენ, როდის ინებებდა პუტინი მათ მიღებას. ის შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ პუტინისა და რაისის საუბრის მთავარი თემა საქართველო ყოფილა. ბერნსი წერს, რომ იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტი განსაკუთრებით აგრესიული და ცინიკური იყო.

“აბა, ახლა როგორ გრძნობს თავს თქვენი დემოკრატიის შუქურა”? – ასე “ეხუმრებოდა” პუტინი კონდოლიზას. ბერნსი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობდა პუტინი “შუქურაში”- საქართველოს თუ სააკაშვილს.

თავის მხრივ, კონდოლიზამ რუსეთს მოუწოდა, შეეწყვიტა პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ და არ დაეშვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია. პუტინი მოთმინებიდან გამოვიდა, სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტად მოიხსენია, ფეხზე წამოხტა, რაისს თავზე დაადგა და თითი დაუქნია: თუ სააკაშვილი “სამხრეთ ოსეთში" ძალას გამოიყენებს, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ ის ამისთვის ემზადება, ეს იქნება სერიოზული შეცდომა და ყველაზე მეტად ქართველები დაზარალდებიან. თუ მას ომი უნდა - მიიღებს... თუ საქართველო სისხლს დაღვრის “სამხრეთ ოსეთში", მე იძულებული ვიქნები, ვაღიარო “სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ძალა გამოვიყენოო. ამის გაგონებაზე თავად კონდოლიზაც ფეხზე წამოდგა, პუტინს ზემოდან დახედა და მკაცრად გაუმეორა: შეწყვიტეთ პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგო!

picture2-1744098590.jpg

კონდოლიზა რაისი და ვლადიმერ პუტინი

პუტინის ეს რიტორიკა იმ ერთიანი პროვოკაციული გეგმის ნაწილი იყო, რომელიც საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ კულისებში გამართულ მოლაპარაკებებზე სააკაშვილი ცდილობდა, ორ უმნიშვნელოვანეს დათმობაზე (ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა და ნატოსთან დაახლოებაზე უარის თქმა) წასულიყო, რუსეთისთვის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად მაინც "ცხინვალის ხაფანგი" რჩებოდა: მათი გათვლებით, ამ "ხაფანგში" სააკაშვილის შეტყუებით ნატოში საქართველოს შესვლა ისედაც გაურკვეველი ვადით გადაიწევდა, ატც აღარც დასჭირდებოდათ (უკვე მთელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გახდებოდა მათი სამხედრო ბაზა) და "სეპარატისტულ ნაღმსაც" შეინარჩუნებდნენ. კარგი „ნადირობაა“ ხომ?! - სამი "კურდღელი" ერთი პროვოკაციით...

აშშ-ის ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი სამხედრო ბაზების დასაბრუნებლად და გავლენის გასაძლიერებლად ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდოდა და ამიტომ მკაცრად აფრთხილებდა სააკაშვილს, არ გადაეკვეთა „წითელი ხაზი“. ამერიკელები ხედავდნენ, რომ რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დარწმუნება, რომ რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა. პრეზიდენტმა ბუშმა 2008 წლის 19 მარტს, თეთრ სახლში ვიზიტისას, პირდაპირ განუცხადა სააკაშვილს: „რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს ვერ მოერევი და მე ვერ დაგიცავ - გეოგრაფიის გამო“.

2008 წლის 9 ივლისს, საღამოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თბილისში ჩამოვიდა. მეორე დღეს ჯერ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, შემდეგ კი - საქართველოს პრეზიდენტს. მან სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, სხვა შემთხვევაში, ის მარტო დარჩებოდა და ეს სააკაშვილის დასასრული იქნებოდა.

კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს ამ სიტყვებით მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, რაც უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება, რამე სულელური გაგაკეთებინოთ. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ". 2011 წელს დაბეჭდილ მემუარებში რაისი წერს: „ ეს ვუთხარი მკაცრად და ჩემი სიტყვები ცალსახად არაორაზროვანი იყო - ეს აუცილებელი იყო, რათა თავი ამერიდებინა არასწორი ინტერპრეტაციისათვის, რომ ამერიკა საქართველოს იარაღით ხელში დაიცავდა... ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, რომ რუსები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროვოცირებას მოახდენდნენ და ის კი მათ პროვოცირების საშუალებას მისცემდა... ქართველები არანაირად არ არიან დამნაშავე, რუსებს უნდოდათ ეს ომი... მათ ყველაფერი გააკეთეს, ცდილობდნენ ქართველების პროვოცირებას. ეს ომი სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მოკავშირეების მიერ ქართული ქალაქების დაბომბვამ გამოიწვია " (ციტატის დასასრული).

ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი წერს: „მახსოვს, იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა, სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა: სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ (სააკაშვილმა – ბ.ა.) საჭიროდ ჩათვალეს, ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს.“ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ მრავალჯერ, მკაცრად და მკაფიოდ გააფრთხილა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ძალისმიერი გზით კონფლიქტების მოგვარების არაპერსპექტიულობაში.

2008 წლის 18 სექტემბერს, ვაშიგტონში, მარშალის ფონდში გამოსვლისას, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში წინასწარ დაგეგმილ შეჭრას საფუძველი რამდენიმე თვით ადრე ჩაუყარა, თუმცა ისიც თქვა, რომ:

”რა თქმა უნდა, საქართველოს ლიდერებს შეეძლოთ, უკეთესად ემოქმედათ სამხრეთ ოსეთში გასულ თვეს მომხდარი მოვლენების დროს, ამაზე თვალის დახუჭვა არავის არგებს. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ რუსეთი მათ ანკესზე წამოაგებდა და ეს მხოლოდ მოსკოვს მისცემდა ხელს. მაგრამ რუსეთის ლიდერებმა ეს გამოიყენეს საბაბად, რათა დაეწყოთ ის, რაც როგორც ჩანს, იყო დამოუკიდებელი მეზობლის დაპყრობის წინასწარ დაგეგმილი მცდელობა. რუსეთის ლიდერებმა ამ სცენარს საფუძველი თვეების წინ ჩაუყარეს - რუსული პასპორტების საქართველოს სეპარატისტებს შორის გავრცელებით, მათი მებრძოლების წვრთნითა და შეიარაღებით და შემდეგ საქართველოს საზღვრის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო წვრთნებით.”

პუტინის მრავალწლიანი ფარული გეგმები ჯერ „ცხინვალის ხაფანგში“ საქართველოს გაუწონასწორებელი და უზომოდ პატივმოყვარე პრეზიდენტის შეტყუებას, შემდეგ - ფართომასშტაბიან ომს, ბოლოს კი -სეპარატისტული რეგიონების „დე იურე“ აღიარებას გულისმობდა. სამწუხაროდ ეს გეგმები განახორციელა კიდეც.

picture1-1744098590.jpg

ჯონ მაკკეინი ამერიკელ და ქართველ სამხედროებთან ერთად კრწანისის სასწავლო ცენტრში, 2017 წლის 2 იანვარი.

დღეს კი სააკაშვილის საბედისწერო შეცდომების ამერიკელებზე გადაბრალება – ეს რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციის ერთ-ერთი ნაწილია. 2018 წელს გარდაცვლილი საქართველოს დიდი მეგობარი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: "დღეს ყველა ქართველები ვართო", პუტინის მიერ "ნომერ პირველ" მტრად იყო მიჩნეული. მაკკეინს ახლა რუსეთის „მეხუთე კოლონა“ არ ასვენებს საფლავში: 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო და „აგვისტოს ომის“ დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული . ჯონ მაკკეინი, რომელიც რესპუბლიკიური პარტიის თვალსაჩინო წევრი გახლდათ, არასდროს ყოფილა ე.წ. ნეოლიბერალი, უფრო -პირიქით. მოგონებების წიგნში, რომელიც 2019 წელს გამოიცა, ჯონ მაკკეინი წერს: „მოკლედ რომ ვთქვათ, აგრესორი და ომის გამომწვევი რუსეთი იყო, მაგრამ მიშას გაბრიყვების, კრემლის მახეში გაბმის და პუტინისთვის სამხედრო ინტერვენციის საბაბის მიცემის გარეშე ეს არ მოხდებოდა... მიშა საკმარისად წინდახედული უნდა ყოფილიყო, რომ სცოდნოდა, რა შეცდომის დაშვებას ელოდებოდა მისგან კრემლი და არ დაეშვა იგი“ (ციტატის დასასრული). აი ესაა რეალური ფაქტები და არა - რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია!

2008 წლის 6 და 7 აგვისტოს უზომოდ ეგზალტირებული მ. სააკაშვილი ურეკავდა კონდოლიზა რაისს, ნატოს ხელმძღვანელობას, მეგობარი ქვეყნების მეთაურებს და ქართული სოფლების დაბომბვისა და როკის გვირაბთან რუსული სამხედრო ნაწილებისა და ტექნიკის კონცენტრაციაზე ინფორმაციას აწვდიდა. პასუხი ერთი იყო: ცხინვალის რეგიონში რუსების ძალების შემოსვლა გამიზნული პროვოკაციაა და მაქსიმალურად ეცადე, არ წამოეგო, თორემ ჩვენ ვერ დაგეხმარებითო!

ამის მიუხედავად, 7 აგვისტოს, გვიან ღამით, სააკაშვილმა საბედისწერო ბრძანება გასცა.

იყვნენ თუ არა მზად საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საპასუხო ზომების მისაღებად? არსებობდა თუ არა რაიმე სტრატეგია ომის დაწყების წინ? როგორი იყო საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედების ეფექტიანობა "აგვისტოს ომის" წინ და ომის პერიოდში?

პ.ს. საინტერესოა, რომ 2013 წლის ივლისის ბოლოს, სტენფორდის უნივერსიტეტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დროს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც მაშინ ამ უნივერსიტეტის პროფესორი იყო, საქართველოს ახალ ხელისუფლებას შესთავაზა დახმარება და მხარდაჭერა, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე - კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობის სფეროში, თუმცა...

(მეორე ნაწილის დასასრული)

TOP.GE