"ვიმედოვნებდი, რომ ტრამპი საქართველოსთვის ამ გაზაფხულზევე მოიცლიდა, მაგრამ..." - რატომ მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე, რომ ხელისუფლება ახალი არჩევნების - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებდი, რომ ტრამპი საქართველოსთვის ამ გაზაფხულზევე მოიცლიდა, მაგრამ..." - რატომ მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე, რომ ხელისუფლება ახალი არჩევნებისთვის ემზადება

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში საკადრო ცვლილების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, მის პოსტზე კი კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა, ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა. კობახიძემ ასევე თქვა, რომ იქმნება ახალი სამთავრობო უწყება, რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის პორტფელსაც ლილუაშვილი დაიკავებდა, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ სუს-ის უფროსობიდან წასული ლილუაშვილი მინისტრობას არ დათანხმდა. როგორც ოფიციალურად ითქვა, შეუთანხმებლობის ძირითადი საკითხი ახალშექმნილ სამინისტროში მოადგილეების კანდიდატურები აღმოჩნდა. კობახიძის განმარტებით: "გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით". კობახიძემ ლილუაშვილისთვის შექმნილ სამინისტროში მინისტრად კახაბერ გულედანი დანიშნა. საკადრო ცვლილებებია აჭარაშიც - 4 აპრილის დილას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელით შეიტყო. იმავე დღეს მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. სწორედ ამ საკადრო ცვლილებებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებისგან შორს ვარ და მისი მუშაობის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ კითხვები, თუ ზოგადად როგორ მუშაობენ ეს სამსახურები, მეც მაქვს - ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის აგენტის დაკავების თაობაზე ერთი ინფორმაციაც კი არ გავრცელებულა, დავიჯერო, ასეთი სუფთაა ჩვენი ქვეყანა უცხოური ინტერესებისგან? ერთ-ერთ ვერსიად ყური მოვკარი, ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის გამო გაუშვეს ლილუაშვილიო, არადა, ეგ რა შუაში იყო, მე და თქვენ ვართ ვალდებული ქვეყნის საზღვრები დავიცვათ? ხუმრობა იქით იყოს და, აშკარაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დიდად დაცული არ ჩანს, მაგრამ ვეჭვობ, ამის გამო წასულიყო სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი.

რა მოხდა ლილუაშვილის შემთხვევაში, ზუსტად არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. ჩემი აზრით, ფაქტი ის არის, რომ არჩევნების წინ მიდის განახლება, მათ შორის ისეთ სტრუქტურაში, რომელიც საარჩევნოდ ძალიან სჭირდებათ. მომეწონა ვიქტორ ყიფიანის შეფასება - ყველა იმ პირს, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა თავისუფლების პატარა ხარისხი, ანაცვლებენო... ლილუაშვილი მაინც პიროვნებაა, რომელიც თავის საქმიანობაში, როგორც ჩანს, პატარა თავისუფლების ხარისხით სარგებლობდა, ახლა კი ჩაანაცვლეს ადამიანით, რომელსაც თავისუფლების ნატამალიც კი არ გააჩნია. ეს ყიფიანის მოსაზრებაა, რომელიც ძალიან მენიშნა.

- კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მსურს გავამახვილოთ ყურადღება - 4 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ სოციალური ქსელით შეიტყო. ამ თანამდებობაზე კი წარადგინეს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელიც დღემდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო…

- ბათუმი თბილისის შემდეგ მეორე ოპოზიციური ქალაქია. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ამის აღმოსაფხვრელად უფრო ხისტი მმართველობაა საჭირო, რასაც რიჟვაძემ კარგად ვერ გაართვა თავი, მხოლოდ "ქართული ოცნების" ერთგულება არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა კი იმ ადამიანის იმედი აქვთ, ვინც სიხისტით გამოირჩევა და დასანქცირება ასე დაუფასეს. ესეც საარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, იმ საკადრო ცვლილებებს, რაც დღეს მოხდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, ღრმა ანალიზი სულაც არ სჭირდება.

- როდესაც ბრძანებთ, ეს ცვლილებები არჩევნების ჭრილში უნდა განვიხილოთო, გულისხმობთ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუ უშვებთ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?

- კარგი კითხვაა, რაზეც გიპასუხებთ, რომ ხელისუფლება ემზადება ორივე არჩევნებისთვის. ეცდებიან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დანიშნონ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამისთვისაც ემზადებიან, მით უფრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ,

მიხვდნენ, რომ ის, რასაც ელოდნენ ტრამპის ადმინისტრაციისგან, არ მართლდება. თუ "მეგობარი აქტიც" მიიღეს და მასაც მოაწერა ტრამპმა ხელი, მაშინ ხომ სულ წასული იქნება ამათი საქმე. ჯერჯერობით ტრამპს საქართველოსთვის სრულფასოვნად არ სცალია, ის მთლიანად უკრაინაზეა გადართული. ჩემი აზრით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ საქართველოში. ტრამპი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ბოლო იმედი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ამ ეტაპზე გამოიკვეთა, ხელიდან ეცლებათ. ამიტომაც "ქართული ოცნება" ემზადება ორივე არჩევნებისთვის, თუმცა საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით, ნებაყოფლობით ამას არ გააკეთებენ.

ისე, მე ვიმედოვნებდი, რომ ტრამპი ჩვენთვის ამ გაზაფხულზევე მოიცლიდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს გადაიწევს. მას სხვა ბევრი რამ აქვს დასალაგებელი ჯერ, ჩვენამდე რომ მოვიდეს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ველი შეფასებებს, რომ დიფ სთეითმა ტრამპიც დაამარცხა... პირადად მე, გლობალური ომის პარტიასა და დიფ სთეითზე ლაპარაკი დიდი სიბრიყვე მგონია. კალაძემ კი თქვა, ჩვენ დავიწყეთ პირველებმა დიფ სთეითზე ლაპარაკი და ტრამპისგან მადლობას ველოდითო, მაგრამ ცდება კალაძე, ეს ჩვენი იდეოლოგების მოგონილი არ არის, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტერმინია. აშშ-ში ინსტიტუციები ისეთ ძლიერია, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, მათი გავლენა გაითვალისწინოს. შეიძლება მიამიტი ვარ, მაგრამ საერთოდ არ მესმის, რას გულისხმობენ ამ გლობალურ ომის პარტიასა და დიფ სთეითში. ამ ყველაფერზე ლაპარაკი დაიწყეს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმის მერე საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა. იმედი ჰქონდათ, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ტრამპი უკრაინას გადააგდებდა, მაგრამ ესეც არ გამართლდა. პირიქით, მარკო რუბიოს ერთ-ერთი ბოლო განცხადება ნახეთ, ალბათ, რომ აშშ-ის პოლიტიკა მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ, პუტინისგან კი ვერ ვხედავთ ამ სურვილს და ძალიან მალე მოუწევს უპასუხოს კითხვას, მზად არის თუ არა ცეცხლის შესაწყვეტადო, და იქვე დასძინა, პრეზიდენტი ტრამპი არ გაებმება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგშიო... ეს ნიშნავს, რომ პუტინს ძალიან მალე დააყენებენ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე და ამაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც. ყველაფერი შეიძლება ძირფესვიანად, ერთი კალმის მოსმით შეიცვალოს, თუ რუსეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება. ამაზე მეტის თქმა ახლა აღარ მინდა, ცოტა შემდგომი ინტერვიუებისთვის გადავდოთ ეს თემა...

წაიკითხე ვრცლად