ზელენსკი პუტინისთვის 9 მაისის ჩაშხამებას აპირებს?! - ბრძოლა ბელგოროდში - კვირის პალიტრა

ზელენსკი პუტინისთვის 9 მაისის ჩაშხამებას აპირებს?! - ბრძოლა ბელგოროდში

პუტინისთვის 9 მაისის ჩასაშხამებლად ზელენსკი რამდენიმე რუსული სოფლის ოკუპაციის შენარჩუნებას ეცდება...

„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე, სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან.

ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის რამდენიმე საზღვრისპირა სოფლის მიდამოებში საბრძოლო მოქმედებები ერთ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს, კიევი აქამდე ოფიციალურად არ აღიარებდა. თუმცა არ უარყოფდა, რომ ასევე რუსეთის კურსკის ოლქის საზღვრისპირა სოფლებში უკრაინული ქვედანაყოფები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოზიციებს.

ფაქტია, რომ კურსკის ოლქის ნაწილის შვიდთვიანი ოკუპაციის ისტორია თითქმის დამთავრდა და საზღვრისპირა რამდენიმე სოფელზე „ჩაბღაუჭებას“ რაღა აზრი უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც უკრაინელებს აღმოსავლეთ ფრონტზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებები აქვთ დასაცავი, პუტინის საოკუპაციო ძალების მუდმივი შეტევებისგან?

მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ კიევის ამ მოქმედებებს მაინც აქვს ერთგვარი აზრი, როგორც სამხედრო, ისე -პოლიტიკური თვალსაზრისით...

პირველი - სამხედრო კუთხიდან თუ შევხედავთ, ის, რომ უკრაინის არმია ცოცხალი თავით არ თმობს კურსკის ოლქის რამდენიმე რუსულ სოფელს და ამასთან, პირიქით, იქ შეუტია, მეზობელ ბელგოროდის ოლქში, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსული სამხედრო დაჯგუფება „სევერის“ შენაერთებისა და ქვედანაყოფების მოქმედების არეალის „გაწელვის“ მიზნით, რათა ამ რუსულმა საარმიო დაჯგუფებამ ვერ შეძლოს კონცენტრირება და კურსკის ოლქიდან უკანდახეული უკრაინელი მებრძოლების „მხრებზე“ კვალდაკვალ შეაღწიოს უკრაინის სუმის ოლქში, მით უმეტეს, რომ რუსული დანაყოფების ნაწილი უკვე გადასულია სუმის ოლქის ერთ უკრაინულ საზღვრისპირა სოფელთან.

ფრონტის ხაზის ამ, ჩრდილოეთი მონაკვეთის „გაწელვით“, როდესაც რუსულ მხარეს უწევს უკრაინული კონტრიერიშების მოგერიება, როგორც კურსკის, ისე - ბელგოროდის ოლქების საზღვრისპირა მონაკვეთებზე, რუსეთის გენშტაბს ხელი ეშლება, თავად განახორციელოს მიმართული შეტევები უკრაინის სუმის ოლქის სიღრმეში ან, სულაც, თავად ხარკოვზეც კი.

მეორე - წმინდა სამხედრო მიზნების გარდა, საზღვრისპირა რამდენიმე რუსული სოფლის ოკუპაციის გაგრძელებას კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში, აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, რაც უკავშირდება მოახლოებულ 9 მაისს...

9 მაისი რუსებისთვის და, პირველ რიგში, პრეზიდენტ პუტინისთვის განსაკუთრებული საკრალური თარიღია, როდესაც აღინიშნება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე და გამონაკლისი არ იქნება 2025 წლის 9 მაისიც, როდესაც ამ გამარჯვების 80 წლისთავი დგება...

პუტინს განსაკუთრებულად სურს ამ თარიღის აღნიშვნა, მათ შორის - „ორი გამარჯვების“ ხელოვნურად დამთხვევაც, რომ 9 მაისს მოსკოვში, კრემლის წინ, წითელ მოედანზე, რუსეთს და მთელ მსოფლიოსაც აუწყოს, რომ ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 80 წლის შემდეგ, მისი პრეზიდენტობის დროს უკვე რუსეთმა „გაიმარჯვა“ მეზობელ უკრაინაზე ანუ პუტინს სურს, რამენაირად სტალინს გაეტოლოს...

პუტინმა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უთანასწორო ბრძოლაშიც კი, საბედნიეროდ, ვერ შეძლო ვერც უკრაინის დედაქალაქის - კიევის დაპყრობა და ვერც უკრაინის ტერიტორიის 20 %-ზე მეტის ოკუპაცია მოახერხა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსულ პროპაგანდას მაინც შეუძლია ამაში რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის „დარწმუნება“...

და ამ დროს, როდესაც პუტინი სტალინს ედრება და ახალ „სამამულო ომში“ უკრაინაზე გამარჯვების პომპეზურად აღნიშვნას აპირებს... უკრაინას თავად აქვს ოკუპირებული რუსეთის თუნდაც რამდენიმე სოფელი!

ეს კრემლის პოლიტიკურ იმიჯზე უდიდესი დარტყმა იქნება და ამიტომაცაა, რომ რუსეთის შეირაღებულ ძალებს მიეცათ სპეციალური დავალება, რომ 9 მაისამდე ყველა ღონე იხმარონ და უკრაინელი სამხედროები „გაყარონ“ რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან...

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის, ასევე, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ხდება, რომ სწორედ 9 მაისისთვის უკრაინული არმია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რჩებოდეს და აკონტროლებდეს თუნდაც რამდენიმე რუსულ სოფელს, რათა ამ საშინელი ომის წამომწყებ პუტინს „ჩაუშხამოს“ 9 მაისს სტალინთან „გატოლება“...