მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩი - რას უნდა ველოდოთ მეორე ბრძოლაში?
დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მორიგი ბრძოლა დააანონსა. ამჯერად, ქართველის მოწინააღმდეგე, მის მიერ წარსულში უკვე დამარცხებული ყოფილი ჩემპიონი - შონ ომალი იქნება. შონ ომალის უკანასკნელი მოწინააღმდეგე სწორედ მერაბი იყო, ვისთანაც იგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. თავად დვალიშვილმა კი მასთან ქამრის მოპოვების შემდეგ, ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან წარმატებით დაიცვა და სამივე მსაჯის აზრით დაამარცხა დაღესტნელი.
განვიხილოთ მათი პირველი შეხვედრა და გავიგოთ თუ რას გვასწავლის ეს ბრძოლა მერაბისა და შონის ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ.
პირველი რაუნდი ორივე მებრძოლმა საკმაო სიფრთხილით დაიწყო, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო მერაბის მხრიდან გდების საფრთხისაგან, ხოლო ომალის მხრიდან ადრეული ნოკაუტის შესაძლებლობის გამო. ომალი ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, ცდილობდა დისტანციის დაცვას, რის ფარგლებშიც რაუნდის პირველი ნახევარი უკანა ფეხზე გაატარა. ამან საგრძნობი უპირატესობა მიანიჭა ქართველს. ეს ტენდენცია ომალის ბრძოლის სტილში რამდენიმე ხარვეზს ქმნის. პირველ რიგში, მოჭიდავესთან ბრძოლის შემთხვევაში, ამერიკელს უკან დახევის დროს უჭირს ეფექტური თავდასხმების განხორციელება, ვინაიდან და რადგანაც კრივის ან კიკბოქსინგის კომბინაციების დროს მოწინააღმდეგე დაუცველი რჩება ფეხში შესვლისა და გდებისაგან. ეს გდებები კიდევ უფრო მარტივია, როდესაც ომალი ან უკან იხევს ან გალიასთანაა მიბჯენილი. დაახლოებით ამ სცენარით დამარცხდა ის მერაბთან.
მერაბის სტრატეგია მუდმივი წნეხითა და წინსვლით ხასიათდება, ის უფრო ეფექტურად ახერხებდა დისტანციის შემოკლებას, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე თავდაცვას. ყოველ შემთვევაში ამ პროცესში წინ ის მიდიოდა, ხოლო შონს უკან დახევას აიძულებდა. სწორედ ამ წინსვლის დროს მოახერხა მან ამერიკელის დაგდება, მისი დაზიანება და კონტროლის დროის მოპოვებაც. მერაბისა და ომალის ბრძოლის მეორე რაუნდი,იმდროინდელმა კონტენდერმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობით მოიგო. მან გდება რაუნდის დასაწყისში, ამჯერად კომბინაციათა გაცვლის დროს შემოგვთავაზა დარჩენილი დროის განმავლობაში კი მოწინააღმდეგეს ფეხზე ადგომის საშუალება არ მისცა. აქ ჩანს "შუგას" ბრძოლის სტილის კიდევ ერთი ხარვეზი. ის ზედმეტად მარტივადაა კონტროლირებადი მიწაზე და ძალიან უჭირს ფეხზე ადგომა. ანალოგიურ ვითარებაში დააგდო ის მეორე რაუნდში პიოტრ იანმაც და ანალოგიურადვე შეუშალა ხელი ფეხზე ამდგარიყო. როგორც ვხედავთ შონი დაუცველია გდებებისგან გალიასთან, აგრეთვე უკან დახევის და კომბინაციათა გაცვლების დროს, ხოლო როცა ის ძირსაა კარგ გრეპლერთან, მას უჭირს ფეხზე წამოდგომა. მიუხედავად ამისა ომალის გრეპლინგი საკმარისად კარგია რომ გადაურჩეს საბმიშენს(ამ შემთხვევაში გილიოტინის არაერთ მცდელობას მერაბისაგან), თუმცა არც თვითონ მერაბი გამოირჩევა ბრძოლის დროზე ადრე დასრულების სურვილით, ის ეფექტურად იყენებს საკუთარ უპირატესობას სუნთქვისა და ძალების მალე აღდგენის მხრივ. მისი მიზანი ისიც კი არაა, რომ დაასრულოს ყველა გდება, არ ცდილობს დაანოკაუტოს მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ან იპოვოს მახრჩობელა ილეთი, არამედ მისი მიზანია, რომ დაღალოს ოპონენტი მუდმივი წინსვლით, გდების მცდელობებითა და წნეხით, მიიყვანოს ბრძოლა საჩემპიონო რაუნდებამდე, სადაც თვითონ ანალოგიური ზეწოლით გაანადგურებს უკვე დაღლილ ნებისმიერ მებრძოლს. ეს მიდგომა შედეგიანი აღმოჩნდა, მით უმეტეს ხუთრაუნდიან შერკინებებში, როგორც ომალისთან, ისე იანთან და ნურმაგომედოვთან. გააგრძელეთ კითხვა