როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?
ამ 87 წლის ქალბატონს ჩვენში მისი საქმეებით იცნობენ. მუდამ შრომაშია და ნაშრომიც ყოველთვის საუკეთესო აქვს. ევა ოთარაშვილის ჯუჯა კაკლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე კარგა ხანია სახელი გაითქვა.
წლების წინ მიზნად დაისახა, საკუთარი კაკლის ბაღი ჰქონოდა და საწადელსაც ძალიან მალე მიაღწია - საუკეთესო ბაღი გააშენა. ის მხოლოდ მებაღე არ არის, პროფესიით ბიბლიოთეკარი, მეყვავილე და მეფუტკრეც არის, მოკლედ, მრავალმხრივი ადამიანია და ამაში მისი ინტერვიუს წაკითხვისას დარწმუნდებით.ევა ოთარაშვილი:
- დავიბადე და გავიზარდე ახალსოფელში, თიანეთიდან სამი კილომეტრით ზემოთაა ჩემი სოფელი. ტექნიკუმი რომ დავამთავრე, ერთი წელი უმუშევარი ვიყავი და 1960 წელს საყდრიონის ბიბლიოთეკაში დავსაქმდი. მერე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე და დავამთავრე. 1972 წელს საყდრიონში დავოჯახდი. მანამდე, საყდრიონის ბიბლიოთეკაში მუშაობის 11 წლის სტაჟი მქონდა და გოგოებს ვაცინებდი ხოლმე, სირცხვილიც კი იყო, აქ რომ არ გავთხოვილიყავი-მეთქი... საყდრიონში საბიბლიოთეკო საქმიანობა, შეიძლება ითქვას, რომ გავაჩაღე - 500 წიგნამდე ჩავიბარე და ბოლოს 6000 წიგნამდე ავედი. 13 წელიწადი დაქირავებულ ბინაში ვიყავით, ერთი ოთახი გვქონდა. მერე კულტურის განყოფილებამ ფინური კოტეჯი ჩაგვიდგა, იქ დავბინავდით და საქმე იქ გავაგრძელეთ... იმ წლებში დიდი სოფელი იყო (780 მცხოვრები) და 500 მკითხველი სულ ყოველთვის მყავდა. ახლა სოფლის მოსახლეობა შემცირებულია - 200 მოსახლეა. ახალგაზრდობა წავიდა - ზოგი ქალაქში, ზოგი - უცხოეთში.
- ალბათ ბევრ ადამიანს, მათ შორის ბავშვს, შეაყვარეთ წიგნის კითხვა?
- ისე იყო თაროებზე წიგნები განლაგებული, რომ ყველა მოსწავლისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო და თითოეულმა იცოდა, წიგნი საიდან უნდა აეღო და რა წაეკითხა. ლიტერატურა ასევე ეწყო მოზრდილებისთვის - განლაგება ანბანის და ავტორების მიხედვით იყო... მთავარია მკითხველი გიყვარდეს. ისე უნდა იმუშაო, რომ ისინი დააინტერესო და წიგნი შეაყვარო. ჩემს ხელში ბევრი ბავშვი გაიზარდა. თუ რომელიმე წიგნს ისე დააბრუნებდა, რომ წაკითხული არ ჰქონდა, უკან გავატანდი... ერთი მკითხველი წლების მერე გამომიტყდა, - თქვენი ისე მეშინოდა, წიგნი უკან არ გამატანოსო. კი, ბევრი გავზარდე და მეამაყება. მერე უფროსებთანაც მივდიოდი ოჯახებში, რომ წიგნი წაეკითხათ... ერთ მოხუცს ისტორიული წიგნები უყვარდა, რომ წაიღებდა და წაიკითხავდა, მერე მოდიოდა და შინაარსს მიყვებოდა. შთაბეჭდილებას მიზიარებდა. მასწავლებელს მეძახდნენ, მასწავლებელთან ვიყავი გატოლებული. წაიკითხეთ ვრცლად