შემთხვევით ნაყიდი ვენახიდან დაწყებული საქმე
"კარდანახში სულ შემთხვევით ნაყიდი ვენახიდან დავიწყეთ და დღეს არაფერს ვყიდულობთ: ღვინო, მურაბები, კომპოტები, ჩირი, ჩურჩხელა, ტყემალი, მწნილეული ჩვენი გვაქვს. ამდენად, თბილისიდანაც შეგიძლია ძლიერი სოფელი გქონდეს", - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო ჩართვების კოორდინატორი თათა შენგელია. ორი შვილის დედა გვიამბობს, როგორია დღეს მისი ცხოვრება თბილისიდან სოფლად და უკან.
- 26 წელიწადია რაც პირველ არხზე ვმუშაობ და ბოლო ოთხი წელია, სოფლის მეურნეობას მე და ჩემი მეუღლე სერიოზულად მოვეკიდეთ, დაუღალავი შრომით მივყვებით ამ საქმეს. დიდი იმედი მაქვს, მოვა დრო და ამ მხრივ ჩვენს სათქმელს ვიტყვით...
თუ სოფელში გინდა ბევრი რამ გააკეთო, ეს თბილისიდანაც არის შესაძლებელი. ქალაქში მე და ჩემს მეუღლეს ორ-ორი სამსახური გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვასწრებთ.
თათა შენგელია:
სოფელ კარდანახში ვენახს პესტიციდების გარეშე ვუვლით, მეუღლე ბალახს ელექტროცელით თიბავს. გვერდით არაჩვეულებრივი მეზობლები შეგვხვდა, ჩალათაშვილების ოჯახი, დღემდე გვასწავლიან, რა არის საჭირო ეზოში, ბაღში, ვენახში... ერთ გრამ შხამქიმიკატსაც არ ვიყენებთ. ჩათვალეთ, რომ მხოლოდ წვიმით, სარწყავი წყლით იზრდება, რაც ჩვენთან მოდის... სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ჯგუფში პოსტებს სულ ვდებ, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაცია იყოს, მეტი სტიმული სოფელში რამის გაკეთების. ცუდი მდგომარეობაა დღეს, ყველგან ყველაფერი მიტოვებულია - სახლები, ვენახები, ყანები... ვინც ქალაქში ცხოვრობს და სოფელში თუნდაც პატარა მიწა აქვს, კარგი იქნება, თვითონ მოუაროს, ახალი ხეხილი დარგოს, ზაფხულში რომ ჩავა, თავისი ხილი რომ ჰქონდეს...
ჩემი მეუღლე მანგლისელია და მანგლისის რაიონის სოფელ არხოტში ვიყიდეთ ნაკვეთი, სადაც საფუტკრე გვაქვს, შედეგად კი ჩვენი თაფლიც. ასევე პატარა სახლი ავაშენეთ, რომელსაც ეკოტურიზმისთვის ვიყენებთ. ნაკრძალის ტერიტორიისკენ არის, მდინარე ალგეთთან ახლოს, საიდანაც ტურისტები შემდეგ სოფელ არხოტში აგვყავს...
კარდანახში შემთხვევით ნაყიდი ვენახიდან დავიწყეთ და დღეს არაფერს ვყიდულობთ: ღვინო, მურაბები, კომპოტები, ჩირი, ჩურჩხელა, ტყემალი, მწნილეული - საზამთროს, ნესვის, ლობიოს, ჩვენი ეზოს კიტრის და პომიდვრის მწნილი. ამდენად თბილისიდანაც შეგიძლია ძლიერი სოფელი გქონდეს.
- როგორ შექმენით ეს ყველაფერი?
- 2021 წლის გაზაფხულზე შემთხვევით სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ახლობელი ვენახს ყიდდა კარდანახში. მე და ჩემს მეუღლეს დიდი სურვილი გვქონდა სოფელში ვენახი და პატარა სახლი გვქონოდა. წავედით, ვნახეთ ვენახი, საიდანაც საოცარი ხედი იშლებოდა. ვენახი გასასხლავი, მიტოვებული იყო, ხუთ წელიწადს იქ ხელი არაფერს ჰქონდა დაკარებული. იქაურობა ძალიან მოგვეწონა, შევიძინეთ ვენახი და მოვლა-პატრონობა დავიწყეთ. შემდეგ თელაველმა მეგობარმა მკითხა, ვენახი იყიდეთ, მაგრამ მოსავალს რომ მოიწევთ, სად დაწურავთო. ვიფიქრეთ, რომ ყურძენს მანგლისში წავიღებდით დასაწურად ან თბილისში სადმე ახლობელთან. თუმცა მივხვდით, რომ ორივე შემთხვევაში შეცდომა იქნებოდა... ერთ თვეს ვეძებდით სახლს კარდანახში და ვნახეთ ისეთი, როგორიც გვინდოდა. პატარა მარანი ჰქონდა, თუმცა ესეც 16 წლის უცხოვრებელი სახლი იყო და ძალიან მისახედი. გადავწყვიტეთ, ეს სახლიც შეგვეძინა და ნელ-ნელა მიხედვა დავიწყეთ, დროთა განმავლობაში კიდევ ერთი ვენახი შევიძინეთ. შემდეგ ჩვენ თვითონაც გავაშენეთ 500 ძირი რქაწითელი და ამ ვენახიდან პირველ მოსავალს ველოდებით წლეულს.
სახლს დიდი ეზო ჰქონდა, 1200 კვმ-მდე, ძალიან ბევრი ხეხილით და მეც დავრგე 22 სახეობის ხილი. ორი წლის შემდეგ აუარებელი ხილი მოდიოდა - ვაშლი, ატამი, ქლიავი, კარალიოკი... კი ჩამოგვქონდა, ვარიგებდით ახლობლებში, მაგრამ მაინც ბევრი იყრებოდა და მეც ლეღვისა და ქლიავის ჩირის მომზადება დავიწყე. ჩირის კეთებას თავისი წესი აქვს. ერთ კვირას ეზოში ვერ დატოვებ, შეიძლება ქარმა და წვიმამ სულ გაგინადგუროს. ამიტომ ჩემმა მეუღლემ თავისი ხელით ამიწყო საჩირე აპარატი. ასე დავიწყე ჩირეულის გაკეთება - ჩემი ეზოს შეუწამლავი ხილითა და ჩვენი მოწეული უსასუქო ბოსტნეულით.
- ბოსტნეულის ჩირიც?
- დიახ, პომიდვრის, ნესვის, საზამთროსი... ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა პომიდვრის ჩირმა ორეგანოთი, რომელიც თეთრ ღვინოს საოცრად უხდება... ნელ-ნელა მოსავალიც გაგვეზარდა და მეღვინეობა დავიწყეთ. რაღაც ნაწილს ბოთლებშიც ვასხამთ. წლეულს მეორე წელიწადი იქნება, რაც ჩვენი მოსავალი დაიწურება... შარშან უკვე ხუთი სახეობის ყურძენი დავწურეთ და ხუთი სახეობის ღვინო გვაქვს. წარაფის და ვარდისფერი რქაწითელი, კაბერნე სოვინიონი, საფერავი... სოფელი კარდანახი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც სამი ადგილმდებარეობის წარმოშობის - კარდანახი, წარაფისა და ახოების ვენახებია. განთქმულია წარაფის რქაწითელი.
მარანში ძველ ქვევრებს ვაკეთებთ და ვგეგმავთ, ქვევრის ღვინოც დავაყენოთ... სოფელში გვაქვს მსხვილმარცვალა სუფრის ყურძენი, რომელსაც გლეხები ჩეხდნენ, რადგან საბაზრო ღირებულება ძალიან დაბალია. ძალიან დამენანა ვენახის გაჩეხა და საცდელად ამ ყურძნით ბადაგი დავწურე. საოცარი გამოვიდა, რითაც ჩურჩხელების გაკეთება დავიწყე. როცა ჩემს ნათესავებს, თანამშრომლებსა და მეგობრებს გავასინჯე, გაგიჟდნენ, ამ გემოებით ყველა მათგანი ბავშვობაში დავაბრუნე. შემდეგ ჩურჩხელების გაკეთება ჩემი ჩირეულით დავიწყე, რომელმაც ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
- ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ყველაფერი შეუწამლავია..
- დიახ, ჩვენი ვენახებიც უჰერბიციდოა, არ ვიყენებთ ბალახის წამალს. ხილ-ბოსტნეულიც ასევე უწამლია. გავურბივართ შხამქიმიკატების გამოყენებას, რადგან ირგვლივ იმდენად დიდი რაოდენობაა ონკოპაციენტებისა, შიში დამჩემდა.
- მოსავლის რეალიზაციას არ ფიქრობთ?
- თუ ამინდი ხელს შემიწყობს, მინდა მოსავლის ნაწილი გავყიდო. ვისაც სურვილი ექნება, ჩემთან სოფელში ჩამოვიდეს და თავისი ხელით დაკრიფოს. ბევრი სახეობის პომიდორი მექნება, კიტრი, ლობიო, სალათის ფურცლები, მწვანილი, ტარხუნა, ხილი... აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეიძინონ ჩვენი უგემრიელესი სუფრის ყურძენი და ჩირეული.