სტატია, რომელიც პუტინს გაამწარებს - "გაიღვიძა" თუ ბრიტანეთში მეომარმა სულმა ანუ როგორ განადგურდება რუსეთი?! - კვირის პალიტრა

სტატია, რომელიც პუტინს გაამწარებს - "გაიღვიძა" თუ არა ბრიტანეთში მეომარმა სულმა ანუ როგორ განადგურდება რუსეთი?!

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა უძლეველია: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შეძლებენ კიევის დახმარებასა და ომში გამარჯვებას - დონალდ ტრამპთან ერთად თუ მის გარეშე“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი - პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გაზაფხულის მშვენიერი დღეები დგას, მსოფლიო კი თითქოსდა უღიმღამოდ გამოიყურება, არსახარბიელო სიტუაციის გამო. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს მსოფლიო ეკონომიკას ძირი გამოუთხაროს - დევიზით „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“.

უკრაინაში ომი ბობოქრობს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი აბსოლუტურად არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს მშვიდობის დამყარებისათვის - იგი კლავს მშვიდობიან ადამიანებს ომის დევიზით და თანაც ამას აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქში - კრივოი როგში. როგორც ჩანს, იგი ფიქრობს, რომ ომში იმარჯვებს.

მაგრამ ყველაფერი მთლიანად ისე განწირული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის იმედს გვაძლევს დორსეტის საგრაფო - ლოურენს არაბის (თომას ლოურენსის - ცნობილი ბრიტანელი მოგზაურის, ოფიცრისა და დიპლომატის) სამშობლო, რომელმაც უფრო მეტი იცოდა საომარ პერიოდში მშვიდობისმყოფლობაზე (პირველი მსოფლიო ომის პერიოდში), ვიდრე დღეს იცის აშშ-ის პრეზიდენტმა. რატომ დორსეტი? იმიტომ, რომ აქ არის დისლოცირებული სამეფო ჯავშანსატანკო კორპუსი და არის სატანკო მუზეუმიც, სადაც გასულ კვირაში უკრაინის არმიის წარმატებების ამსახველი გამოფენა გაიხსნა, გენერლისა და დიპლომატის ვალერი ზალუჟნის თაოსნობით.

გამოფენაზე, რომლის ექსპონატებს უკრაინული იარაღი (და დამსხვრეული რუსული) ტანკები წარმოადგენდნენ, გენერალი ვალერი ზალუჟნი ზომიერი და სახელმწიფო მოღვაწისათვის შესაფერისი სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ უკრაინა აგრძელებს აღმოსავლელი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლას და მანამდე იბრძოლებს, სანამ საჭირო იქნება. მისი გამოსვლა მკვეთრად განსხვავდებოდა თეთრ სახლში მჯდომი პიროვნების ტრაბახისა და ბლეფისაგან, რომელიც მოსყიდვებით ცდილობს „უკრაინის საშინელი ომის“ დასრულებას. გენერალმა ნათლად აღნიშნა, თუ რა დიდი როლი მიუძღვის დიდ ბრიტანეთს ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წრთვნასა და აღჭურვაში. ამისათვის მან მადლობა გადაუხადა როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ისევე ამჟამინდელს - კირ სტარმერს, რომელიც ევროპას კრემლის ტირანის წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებს.

უკრაინა დიდი ბრიტანეთისა და „დახმარების მსურველთა კოალიციის“ სხვა წევრების დახმარებით თავისი არმიის საკადრო პრობლემებს წარმატებით წყვეტს, ფრონტზე კარგად მომზადებულ ჯარისკაცებს გზავნის - განსხვავებით რუსეთისაგან, რომელიც მოუმზადებელ ახალწვეულებს სასიკვდილოდ ომის „ხორცსაკეპში“ ერეკება.

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 150 ათასი ახალგაზრდის ჯარში გაწვევის თაობაზე შეიძლება მისი ყველაზე განამანადგურებელ სტრატეგიულ შეცდომად იქცეს. როცა კრემლი ომის დაწყებისას ანალოგიური მობილიზაციის გამოცხადებას შეეცადა, ქვეყნიდან ათასობით რუსი „პატრიოტი“ გაიქცა. თუ ბოლო ინფორმაციებს დავუჯერებთ, რუსეთში თანდათან აქტიურდება ორგანიზაცია „რუსი დედები“, რომლის წევრები - რუსი ქალები, რომელთა შვილები ფრონტზე იბრძვიან - დიქტატორ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან.

ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ სწორედ ჯარისკაცების დედებმა აიძულეს საბჭოთა მთავრობა უკან დაეხია ავღანეთში 1980-იანი წლების პირველ ნახევარში განცდილი მარცხის შემდეგ, თუმცა, ცხადია, არავის აქვს იმის იმედი, რომ უკრაინაში სავარაუდო მარცხის შემდეგ დიქტატორი მშვიდობიანად გადადგება.

გენერალ ვალერი ზალუჟნის გამოსვლა იმედის ჩამნერგავია იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროპა შეძლებენ რუსეთზე გამარჯვებას დონალდ ტრამპთან ერთად თუ მის გარეშე. ევროპა სერიოზულად ფიქრობს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. დონალდ ტრამპის ანტიევროპულმა განცხადებებმა ევროპა ძილისაგან გამოაფხიზლა. ევროპელი სპეციალისტები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, მისი წრთვნისა და აღჭურვის ახალი პროგრამის შემუშავებასა და რეალიზებაში. ასევე მზადების პროცესშია სამშვიდობო ძალების (მშვიდობისმყოფლების) კონტინგენტიც.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაუმჯობესებას 140 ავიაგამანადგურებლის მეშვეობით და „უპილოტო“ (არასაფრენი) ზონების შექმნას ფრონტის ხაზის ზემოთ, საჰაერო სივრცეში.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები - ისევე როგორც რუსების საზღვაო ფლოტი და სახმელეთო არმია - ამჟამად ისეთ არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებან, რომ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გაერთიანებული ძალები საკმარისი უნდა იყოს მათი შეკავებისა და უკუგდებისათვის - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკელები უარს იტყვიან სანგრებიდან ამოსვლაზე, როგორც მათი წინაპრები ხშირად აკეთებდნენ [პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს].

წყარო