9 აპრილი რუსებისთვის - აგვისტოს ომში საიდანაც გვბომბავდნენ, ახლა ის დაბომბეს
როდესაც შენ ესვრი, ერთია, ხოლო როდესაც შენც გესვრიან,სულ სხვაა - ეს მართებულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჰაერო დარტყმების საფრთხეს იგრძნობენ ისინიც, ვინც გახარებულნი აყოლებდნენ თვალს ქართული ქალაქებისა და სოფლების დასაბომბად აფრენილ რუსულ ბომბდამშენებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს...
9 აპრილის გამთენიისას უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა სხვადასხვა ტიპის კამიკაძე - დრონების საშუალებით, რაზეც მეტყველებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თითქოს მათ შეძლეს 158 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება და ეს ასეც რომ იყოს, კიდევ რამდენი ვერ ჩამოაგდეს?!
ამჯერად უკრაინული კამიკაძე-დრონების მთავარი სამიზნეები რუსული სამხედრო აეროდრომები გახდნენ, მათ შორის თვით ორენბურგის ოლქშიც კი,რომელიც 1 200 კმ-ზე მეტადაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან, თუმცა ჩვენი ყურადღება უფრო იმან უნდა მიიპყროს, რომ საჰაერო შეტევები ასევე განხორციელდა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე მოზდოკის სამხედრო აეროდრომზეც...
მოზდოკის სამხედრო აეროდრომი ჩრდილოეთ ოსეთში - ალანიაში მდებარეობს და იქიდან პირდაპირი ხაზით ცხინვალამდე მხოლოდ 180 კმ-ია, თბილისამდე კი - 220 კმ და აგვისტოს ომის დროს სწორედ ეს აეროდრომი გამოიყენებოდა აქტიურად, რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსაჭრელად და ქართული სოფლებისა და ქალაქების დასაბომბად.
მოზდოკის აეროდრომი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დიდ როლს თამაშობდა საბჭოთა სტრატეგიული ბირთვული ტრიადის სიძლიერეში, რადგან აქ დისლოცირებული 182-ე მძიმე ბომბდამშენების საავიაციო პოლკის Ту-95МС ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გაშვება აშშ-ის ძირითადი მეგაპოლისების მიმართულებით ევალებოდათ - მოზდოკიდან აფრენისა და ჰაერში რამდენჯერმე საწვავით გაწყობის შემდეგ აზორის კუნძულების ან სულაც გრენლანდიის რაიონიდან...
მაგრამ 1992 წლის დასაწყისში, როდესაც ოსებისა და ინგუშების დაპირისპირება სერიოზულ შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, კრემლში შეეშინდათ, რომ კონფლიქტის ზონასთან სიახლოვეს მდებარე მოზდოკის აეროდრომზე მდგომ სტრატეგიულ ბომბდამშენებსა და მათ ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებს შეიძლებოდა, რამე საფრთხე დამუქრებოდათ და ამიტომაც უზარმაზარი Ту-95МС-ები სასწრაფოდ სარატოვთან, ენგელსი-2-ის აეროდრომზე გადააფრინეს.
1993 წლის მარტში ეს სტრატეგიული ბომბდამშენები კი დააბრუნეს მოზდოკში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ ენგელსში გაგზავნეს, რადგან ამჯერად ჩეჩნეთის პირველი ომი იწყებოდა და მოზდოკის აეროდრომი კრემლს იმ საფრონტო ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების პოლკებისთვის დასჭირდა, რომლებმაც მოზდოკიდან ჩეჩნური აულების დაბომბვა დაიწყეს...
მას შემდეგ მოზდოკის აეროდრომი მუდმივად გამოიყენებოდა კრემლის ერთგვარ „საჰაერო ხელკეტად“, ჯერ - ჩეჩნების, შემდეგ კი - ქართველების წინააღმდეგ ომებში - აგვისტოს ომის დროს სწორედ მოზდოკიდან აფრენილ Су-25 მოიერიშეებსა და Су-24М საფრონტო ბომბდამშენებს, ისევე, როგორც შორი მოქმედების Ту-22М3 რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს, არაერთი ბომბი ჩამოუგდიათ და რაკეტა გამოუშვიათ ქართული დასახლებული პუნქტების მიმართულებით...

მას შემდეგ 17 წელი გავიდა და რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი Ту-22М3-ები ახლა უკრაინის ქალაქებისკენ სისტემატურად უშვებენ Х-22 და Х-32 ტიპის ზებგერით ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით, მაგრამ გადააქვთ 960 კგ მასის (აქედან 630 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება) საბრძოლო ქობინი, დიდ ნგრევასა და მსხვერპლს იწვევენ უკრაინის დასახლებულ პუნქტებში აფეთქებისას.
2024 წლის 10 ივნისის ღამეს ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც ოცდაათიოდე კმ-ში კატასტროფა განიცადა რუსულმა Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენმა, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა, თუ რატომ აღმოჩნდა ამ თვითმფრინავის ეკიპაჟი ისეთ მთაგორიან რაიონში, სადაც არცერთი რუსული სამხედრო აეროდრომი არ არის...
როგორც ახლა ირკვევა, კატასტროფაგანცდილი რუსული საფრონტო ბომბდამშენის ეკიპაჟმაც ღამით განგაშზე ააფრინა ეს თვითმფრინავი მოზდოკის აეროდრომიდან, რადგან ამ აეროდრომზე უკრაინული საჰაერო თავდასხმის საშიშროება შეიქმნა (მანამდე ორი დღით ადრე, 8 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც აფრენილი რუსული Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენები სისტემატურად უშვებენ Х-22 და Х-32 ტიპის ზებგერით ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქების მიმართულებით, პირველად გახდა უკრაინული კამიკაძე-დრონების შურისმაძიებელი საჰაერო თავდასხმის სამიზნე), მაგრამ ეკიპაჟმა სავარაუდოდ, დაკარგა ორიენტაცია და სამხრეთ მიმართულებაზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, მთის კალთას შეასკდა.
ომის მეოთხე წლის დასაწყისში უკრაინის მხარემ შეძლო სხვადასხვა ტიპის კამიკაძე-დრონების სერიული წარმოების დაწყება და ნაკლებადაა დამოკიდებული ამერიკული ბალისტიკური თუ ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების გადაცემის „ხვეწნაზე“.
მართალია ამ უკრაინულ-კამიკაძე დრონებს ბევრად ნაკლები სიმძლავრის საბრძოლო ქობინები გადააქვთ, ვიდრე ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, მაგრამ მათი გამოყენების ინტენსივობა აკომპენსირებს ამ ტექნიკურ ფაქტორს.
9 აპრილს რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური საჰაერო იერიშის მიტანა ორ ასეულამდე უკრაინული კამიკაძე-დრონით ერთგვარად სიმბოლურია იმასთან მიმართებაში, რაც 36 წლის წინ,1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას საქართველოს კრემლიდან დაგვმართეს...