"რა აღარ მინახავს, მაგრამ კანონიერ "ბესპრედელს" პირველად ვხედავ..." - ვახტანგ ძაბირაძე ახალ კანონებზე, სალომე ზურაბიშვილზე და ყველაზე ცუდ სცენარზე
"რა აღარ მინახავს, მაგრამ კანონიერ "ბესპრედელს" პირველად ვხედავ", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი გუნდის მიერ ბოლო დროს დაჩქარეული წესით მიღებულ გამკაცრებული რეგულაციებს. "ბესპრედელი" რუსული ტერმინია და ნიშნავს განუკითხაობას და იმას, რომ "ყველაფერი მოსულა". 90-იანელებს კარგად ახსოვთ, როგორ გადაიტანა საქართველომ "მხედრიონისა" და სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების "ბესპრედელი", შემდეგ იყო კახა თარგამაძის დროინდელი შსს-ს "ბესპრედელი"(ნარკოტიკების ჩადება, ფულის გამოძალვა) და ა.შ.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, კანონიერი "ბესპრედელია" ის, რომ მმართველი გუნდი არც შიგნით და არც გარეთ აღარავის უწევს ანგარიშს და ზედიზედ იღებს გამკაცრებულ რეგულაციებს. მაგალითად, ახლახან „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის ამოქმედების შედეგად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. მანამდე მმართველმა გუნდმა პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.
ვახტანგ ძაბირაძე:
- უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ძალიან ფრთხილობენ. ამ შემზღუდავი კანონების გარეშეც შეუძლიათ რეპრესიების დაწყება, მაგრამ მაინც ცდილობენ, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოაქციონ. თუმცა გაუგებარია, ვინ უნდა მიიჩნიოს ეს მოქმედებები კანონიერად, მაშინ, როდესაც ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არც ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ცნობენ და არც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ კანონიერად აკრძალეს ან გაასამართლეს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ან მედიის წარმომადგენელი, ამას არანაირი აზრი არ ექნება. შესაბამისად, მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს საზოგადოება, ერთი მხრივ, დააშინოს, მეორე მხრივ, შეაგუოს რეპრესიებს. სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე დაიწყოს რეპრესიები. ვნახოთ, რამდენს და რამდენ ხანს აიტანს ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს.
- რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ რეპრესიული კანონები, მაშინ, როდესაც ექსპერტების შეფასებით, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ხელისუფლების საპირწონე კონკურენტად საპროტესტო აქციის მონაწილეებიც კი არ მოიაზრებენ?
- დიახ, ხელისუფლების საპირწონე ძალა ოპოზიციაში არავინ არის. დღესაც რომ ჩატარდეს არჩევნები, თანაც - სამართლიანი, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილს დაიკავებს, მაგრამ ეს პირველი ადგილი არ იქნება 76 მანდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ მოახერხებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კობახიძე შეეცდება, ოპოზიციური პარტიები კანონგარეშედ გამოაცხადოს, ქუჩაში გამოსული საპროტესტო მუხტი კი რეპრესიებით ჩაახშოს. ამის შემდეგ შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც კი ჩაატაროს.
უბრალოდ, მმართველ გუნდში ერთ რამეს ვერ იაზრებენ, შეიძლება პარტიები გააუქმონ, მაგრამ მათ ამომრჩეველსაც ხომ ვერ გააუქმებენ? ვერც ახალი ოპოზიციური პარტიების შექმნას აკრძალავენ.
ოპოზიციური ამომრჩეველიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისკენ“ კი არა, ახალი ოპოზიციური პარტიისკენ წავა. ამის შემდეგ კიდევ ერთი არჩევნების გაყალბებას უბრალოდ ვეღარ შეძლებენ და თუ მაინც შეეცდებიან, ეს ისე აღარ დასრულდება, როგორც 2024 წელს დასრულდა. გარდა იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა აღარ შეეგუება არჩევნების გაყალბებას, ამ დროისათვის უკვე ბევრი რამ იქნება გარკვეული საგარეო ვექტორზე, რაც, ასევე, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ სოფელში წავლენ, სულაც არ უნდა ევროპაში სიარული, ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების გამო. ნახეთ, რა მდგომარეობაში არიან, სამთავრობო დელეგაციებმა მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიარეს, ხელმეორედ თუ წავლენ წრეზე, თორემ დასავლელი პარტნიორებიდან კაციშვილი მათ აღარ ელაპარაკება. გარდა ამისა, ნელ-ნელა იკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც არც თუ სახარბიელო ჩანს. ამ ყველაფერში კი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სალომე ზურაბიშვილს. პარტნიორები მას ენდობიან და პატივს სცემენ. თუნდაც ის რად ღირს, საფრანგეთის პრეზიდენტმა პარტიულ შეხვედრაზე ტრიბუნა რომ დაუთმო. აი, ამის გამო არიან გამწარებულები, ფიქრობენ, რომ სანქციები, რომლებიც მათ დაუწესეს და რომელსაც აწი დაუწესებენ, ყველაფერი ზურაბიშვილის „წყალობაა“.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ უცხოეთში ვიზიტით წასული ზურაბიშვილი ქვეყანაში აღარ შემოუშვან. ამ ხელისუფლებისგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.
ყველაფრის მიუხედავად, ზურაბიშვილი დასავლეთში ერთიანი ოპოზიციის ლიდერად აღიქმება.
- რეალურადაც შეიძლება იქცეს ზურაბიშვილი ერთიანი ოპოზიციის ლიდერად, თუ მან ეს შანსი უკვე გაუშვა ხელიდან?
- დასაზუსტებელია, რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიციის ლიდერობა. არა მგონია, რომ მის მიერ შექმნილ წინააღმდეგობის მოძრაობაში გააერთიანოს ოპოზიცია და ეს არც არის საჭირო, იმიტომ, რომ საერთო საქმისთვის წარმატების მომტანი ვერ იქნება. საჭიროა მჭიდრო კოორდანიცია, ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა, მაგრამ არა - გაერთიანება. უნდა იყვნენ პარტნიორები და არა - ერთი მთლიანობა. ეს უკეთესია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ: გასაგებია, დღეს არსებული პროტესტის ფორმა მოსაბეზრებელია და, ერთი შეხედვით, შედეგს არ იძლევა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. უახლოეს მომავალში ეს პროტესტი ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს, თუ ოპოზიციაში ცხელი თავები არ აჩქარდებიან და რადიკალურ ზომებს მიიღებენ.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ უნდა დაველოდოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეაქციებს და მივყვეთ პროცესს. მთავარია, პროტესტი არ შეწყდეს და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდეს. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ მტრის ალყაში მოქცევა და ლოდინი არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა მარტივი. უნდა გავუძლოთ, ახლა ნერვების ომია, ხელისუფლება იღებს რეპრესიულ კანონებს, მაგრამ რეპრესიებს ჯერ ვერ იწყებს. განა არ იწყებს, - ვერ იწყებს... არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას, კობახიძის თამადობით, კარტ-ბლანში მისცა იმ პირობით, რომ ჩააქრობს პროტესტს - რეპრესიებით თუ რეპრესიების გარეშე. თუ კობახიძე ამას ვერ შეძლებს, მაშინ, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ამ პოლიტიკურ ჯგუფს საერთოდ ჩამოაშორებს ხელისუფლებას და რაღაც ახლის შემოთავაზებას შეეცდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სულაც არ არის გამორიცხული, კობახიძემ ისევ ისეთი დარბევები დაიწყოს, როგორც პროტესტის დაწყების პირველ დღეებში იყო. ძალიან ცუდი სცენარია, მაგრამ რეალობა ასეთია.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)